„ფიჭის ტარიფი“ კიდევ შემცირდება

„ფიჭის ტარიფი“ კიდევ შემცირდება

გაისად მობილიურ ტელეფონზე საუბრის ტარიფი ისევ კლებისკენ წავა. შეიძლება ეს უშუალოდ სატარიფო შეთავაზებაში არ აისახოს, მაგრამ სხვადასხვა აქციის ფარგლებში ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები მომხმარებელს სიახლეს შესთავაზებენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილურ კომპანიებს ურთიერთჩართვის ახალი (შემცირებული) ზედა ზღვრული ტარიფი დაუდგინა.

კომისიის გადაწყვეტილებით, 2014 წლის 1-ლი მარტიდან, დღგ-ს და აქციზის ჩათვლით, “მაგთისა” და “ჯეოსელის” ტარიფები ერთ წუთზე არსებული 8 თეთრის ნაცვლად, 6 თეთრი გახდება, “ბილაინისთვის” კი 11 თეთრის ნაცვლად - 7 თეთრი. წლის ბოლომდე, კერძოდ, სექტემბრამდე ტარიფები კიდევ ერთხელ გადაიხედება და სამივე კომპანიისთვის 5 თეთრამდე შემცირდება.

შესაბამისად, გაჩნდა მოსაზრება, რომ 2014 წლიდან მობილური სატელეფონო მომსახურებაც გაიაფდება. ეს ლოგიკურიცაა, რადან ამჟამად 8 და 11-თეთრიანი ტარიფი მოქმედებს, რომელიც უკვე გაისად ერთბაშად შეიცვლება. თუკი ფიჭური კომპანიები ამ პირობებში ახერხებენ დაბალი ტარიფის შენარჩუნებას, შემდგომში კიდევ უფრო მეტად უნდა წაახალისონ მომხმარებელი. ეს მათი აბონენტების რიცხვსაც გაზრდის და სასაუბრო დროსაც.

თუმცა ასე არ ფიქრობენ ფიჭის კომპანიები. “მობილურ ბაზარზე ურთიერთჩართვის ახალი ზედა ზღვრული ტარიფის დადგენა საცალო ფასზე არ აისახება, - აცხადებს კომპანია “ბილაინის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თეონა ბაღდავაძე, - ამ დადგენილებასთან დაკავშირებით კომპანია თავის დამოკიდებულებას მოგვიანებით გაავრცელებს. თუმცა, ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ დათვლის სისტემასთან დაკავშირებით მარეგულირებელ კომიასთან კითხვები გვაქვს და ამ კითხვებასაც გამოვაქვეყნებთ”.

მისივე თქმით, იმის მოლოდინი, რომ მობილურის ტარიფებმა დაიწიოს, აღარც არის, რადგან ისედაც საკმარისად დაბალი ტარიფებია.

“მობილური კომუნიკაცია ერთადერთი სფეროა ბოლო პერიოდში, რომელზეც ფასების ასეთი რადიკალური შემცირება შეიმჩნევა. შესაბამისად, ამ მოლოდინთან დაკავშირებით ურთიერთჩართვის ტარიფის ცვლილებას ნამდვილად არავითარი კავშირი არ აქვს.

ჩვენ კითხვები და დაზუსტებების სურვილი გვაქვს მარეგულირებელ კომისიასთან დაკავშირებით. როდესაც პოზიციაზე შეჯერდებიან ჩვენი თანამშრომლები და იურისტები, შემდეგ უფრო კონკრეტული პოზიცია გაჟღერდება”, - აღნიშნა ბაღდავაძემ.

მობილური კომპანიების ურთერთჩართვის ტარიფი ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ ადრე ურთიერთჩართვის ტარიფი 22,8 თეთრს შეადგენდა, მოგვიანებით, უფრო ზუსტად, 2010 წელს ის 14 თეთრამდე შემცირდა. უფრო მოგვიანებით კი კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ტარიფი კიდევ უფრო შეამცირა. დღეს კი ირკვევა, რომ ურთიერთჩართვის ტარიფი კიდევ უფრო დაიკლებს და მომავალი 2 წლის განმავლობაში 3,5 თეთრამდე ჩამოვა.

დღეს მოქმედი ზედა ზღვრული ტარიფი კომისიამ 2010 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით დაადგინა. ამჟამად “მაგთიკომისა” და “ჯეოსელისთვის” ერთი წუთის ღირებულება 8 თეთრია, ხოლო “ბილაინისთვის” - 11 თეთრი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უფლებამოსილია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გამოავლინოს მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მქონე ოპერატორები და თავისი გადაწყვეტილებით დააკისროს მათ სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის, დაუწესოს ზედა ზღვრული ტარიფები.

“კომისიამ ბოლო ათი წლის განმავლობაში მასშტაბური კვლევა-ანალიზის ჩატარების შედეგად არაერთხელ გადახედა მობილური საბითუმო ბაზრის ურთიერთჩართვის ტარიფს და 22.8 თეთრიდან ეტაპობრივად 3.5 თეთრამდე ამცირებს. სამივე მობილურ ოპერატორს კომისიის გადაწყვეტილებით ახალი ურთიერთჩართვის ტარიფის ძალაში შესვლამდე ერთი თვით ადრე საკუთარ ვებ-გვერდებზე შეცვლილი სატარიფო გეგმების გამოქვეყნებაც ევალებათ”, - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.