ახალი წლიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისათვისა და დამოუკიდებლობისთვის, საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმინობის განხორციელებისას გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები ყოველთვიურად 500 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ. ეს ცვლილება საქართველოს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში 2014 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში.
ცვლილების თანახმად, ფულადი დახმარება დაენიშნებათ ასევე, საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ, 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22-24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. მარჩენალდაკარგული ოჯახების დახმარებაზე განმარტებები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ლომიძემ გააკეთეს.
მათ დააკონკრეტეს გარდაცვლილი სამხედროს ოჯახის თუ რომელ წევრებზე ვრცელდება კანონში შეტანილი ცვლილება. კომპენსაცია, პროპორციული განაწილების წესით, გარდაცვლილის ოჯახის შემდეგ წევრებს დაენიშნებათ: მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები.
„ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 500 ლარიან და შემდეგ 2015 წლიდან 1000 ლარიან ყოველთვიურ კომპენსაციას დაღუპულთა ოჯახები მიიღებენ. ასეთი ოჯახები ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა აღრიცხა. მათი რაოდენობა დაახლოებით 2500-ზე ცოტა მეტია. თუმცა, მათ სოციალურ მუშაკებთან რეგისტრაცია უნდა გაიარონ, იმისთვის რომ კომპენსაცია დაენიშნოთ“ - აღნიშნა თამარ ქაროსანიძემ.
მოქალაქეებმა, რომლებიც აღნიშნულ კატეგორიას მიეკუთვნებიან, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებით უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს და შესაბამისი დოკუმენტები წარადგინონ.
500 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია