„კავასუს ონლაინის“ თანამშრომელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით, For.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის 27 ოქტომბრის არჩევნებზე ნაცმოძრაობის კანდიდატის - დავით ბაქრაძის საარჩევნო კამპანიას სწორედ „კავკასუსი“ აფინანსებდა ე.წ. შავი ფულით. სწორედ ამიტომაც ორი თვის მანძილზე „კავკასუსში“ ხელფასების გაცემა დაგვიანდა. დღეს „კავკასუსი“ ისევ ნაციონალების ხელთაა და სასამართლო პროცესების გაჭიანურებითაა დაინტერესებული, რადგან ამ პერიოდში მილიონობით თანხის ოდენობის ქონებას უკანონოდ ითვისებენ. ეს კი საფრთხეს ქმნის, რომ „კავკასუსის“ პირვანდელ და რეალურ მფლობელს - მამია სანადირაძეს გაკოტრებული კომპანია შერჩება ხელში.
დღესაც საქალაქო სასამართლოში „კავკასუსის“ დამფუძნებლის - მამია სანადირაძის მიერ ოფშორულ კომპანია „ნელგადოს“ წინააღმდეგ,(რომელიც „კავკასუს ონლაინის“ აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელია) საქმის მორიგი განხილვა გაიმართა. დღევანდელი პროცესის მთავარი ინტრიგა იყო, რომ პროცესს თავად მამია სანადირაძე ესწრებოდა, ბიზნესმენი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის „ძალისხმევით“ ქონება მიზერულ ფასად დაათმობინეს და საქართველოდან უცხოეთში გახიზნეს. მის საქმეს კი დღეს არა მარტო სასამართლო, არამედ პროკურატურაც განიხილავს. კონკრეტულად, საქმე ეხება ფარულ აუდიოჩანაწერებს, სადაც ასახულია, როგორ ემუქრებოდნენ „კავკასუსის“ დამფუძნებელ მამია სანადირაძეს ქონების დათმობის მიზნით სიცოცხლის ხელყოფით. აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში ჩართული იყო მთელი სახელმწიფო მანქანა - სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის, უგულავას თაოსნობით, ასევე კერძო სტრუქტურები -„სილქნეტი“ გიორგი რამიშვილი(იგივე „ზარალა“),“GMS ჯგუფი“ - შარანგიების კლანი, ლევან ყარამანიშვილისა და ხვიჩა მაქაცარიას მეთაურობით).
დღევანდელ პროცესზე მოსარჩელე მხარის - მამია სანადირაძის ადვოკატმა ციცინო დევრისაშვილმა წარმოადგინა მტკიცებულებები. კერძოდ, საქმეში დევს ჩანაწერი, სადაც დაფიქსირებულია მოწინააღმდეგე მხარის მუქარა მამია სანადირაძის მიმართ. ასევე, წარდგენილია სამხარაულის საექსპერტო ბიუროს დასკვნა ჩანაწერების შესახებ.
გარდა ამისა, დღევანდელ პროცესზე წარდგენილ იქნა ის ფოტომასალაც, რომელზეც ასახულია, როგორ ებრძოდნენ მამია სანადირაძის კომპანიას და როგორ მასიურად ჭრიდნენ მის კაბელებს.ზეწოლის საბოლოო მიზანი კი მამია სანადირაძის იძულება იყო, რათა მას ხელი მოეწერა „კავკასუსის“დათმობის შესახებ.
ერთ-ერთ მტკიცებულებად მამია სანადირაძის ადვოკატმა, ასევე, წარადგინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებები ყოველ მეორე თვეს მამია სანადირაძის კომპანიის სოლიდური თანხით დაჯარიმების შესახებ, რაც მასზე ზეწოლის მორიგი მექანიზმი იყო. უფრო მეტიც, საერთო ჯამში, 11 მილიონით დააჯარიმეს მამია სანადირაძის კომპანია. თუმცა მას შემდეგ, რაც ბიზნესმენს იძულებით ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, ყველასთვის „ამოუცნობ“ მიზეზთა გამო, აღნიშნული ჯარიმები მოუხსნეს.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე დაინტერესდა, კომუნიკაციების კომისიიდან ვინ იყო ის კონკრეტული პირი, ვინც ზეწოლას ახორციელებდა მამია სანადრაძეზე და პროკურატურაში თუ იყო სარჩელი მის წინააღმდეგ შეტანილი. გაირკვა, რომ პროკურატურაში მამია სანადირაძის მიერ სარჩელი დიდი ხანია შეტანილია.
მოპასუხე მხარე ცდილობდა, ფაქტები ისე წარმოეჩინა, თითქოს „კავკასუსი“ „ნელგადოსთან“ არანაირ შემხებლობაში არ ყოფილა და თითქოს „ნელგადო“ უცხოური კომპანია იყო, თუმცა, როგორც გაირკვა, სინამდვილეში, სწორედ „ნელგადოსა“ და „კავკასუსის“ მფლობელები ერთი და იგივე პირები არიან - ლევან ყარამანაშვილი და ხვიჩა მაქაცარია.
მამია სანადირაძის ადვოკატი ციცინო დევრისაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სასამართლომ მათ მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება მიიღო, რაც იძულებით დადებული გარიგებების ბათილად ცნობას შეეხებოდა.
„მამია სანადირაძის კომპანია დაახლოებით ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების გახლდათ. იმ ჩანაწერებში, რომელიც სასამართლოს გადავეცით, მოწინააღმდეგე მხარე აცხადებს, რომ ეს გახლავთ 160 მილიონის ღირებულების კომპანია. ამ დროს კი საკმაოდ ძვირადღირებული კომპანიის საფასურად მოწინააღმდეგე მხარემ ღირებულების მეათედზე ნაკლები გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ შპს. „ნელგადოს“ დირექტორი გახლავთ ლევან ყარამანაშვილი. ამდენად, იმის მტკიცება, რომ თურმე „ნელგადო“ არაფერ შუაში არ არის და საქმის კურსში არ გახლავთ, მცდარია. უფრო მეტიც, „ნელგადოს“ დამფუძნებელები არიან ლევან ყარამანაშვილი და ხვიჩა მაქაცარია. ამიტომ ისეთნაირად წარმოჩენა, თითქოს ეს უცხოური კომპანიაა, ყოვლად უსაფუძვლოა და მხარეს სჭირდება მხოლოდ პროცესის გასაჭიანურებლად,“- აღნიშნა ციცინო დევრისაშვილმა.
„კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელი მამია სანადირაძე კი აცხადებს, რომ იგი იბრძვის ორი მიმართულებით - სისხლის სამართლის კუთხით, რაც პროკურატურაში გამოძიების წარმოებას გულისხმობს და სამოქალაქო სასამართლოს გზით. მისივე განმარტებით, მას, როგორც „კავკასუსის“ ყოფილ დირექტორსა და მფლობელს, ამჟამად უწევს იმის მტკიცება, რომ ხელშეკრულება მუქარის ქვეშ დაადებინეს და იგი უნდა გაუქმდეს. ამის პარალელურად კი, მოწინააღმდეგე მხარე პროცესის უსაშველოდ გაწელვას და კომპანიის ძარცვას ცდილობს.
„კომპანიას როცა ჩავიბარებთ, ის უკვე განადგურებული და დაზარალებული იქნება. ამ საქმეში ჩართული იყო მთელი სახელმწიფო აპარატი-ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, თბილისის მერია, მარეგულირებელი კომისია, საგადასახო კომისია. ყველანი ჩემს იძულებაზე მუშაობდნენ, ბოლოს კი ამ „კამპანიას“ შეუერთდნენ სააკაშვილის ბიზნესმენები - შარანგიების კლანი, ყარამანაშვილი და მაქაცარია, რომლებმაც გადაიფორმეს ჩემი კომპანია. დამატებით ამ ნგრევაში მონაწილეობას იღებდნენ „სილქნეტის“ თანამშრომლები, მისი ხელმძღვანელის გიორგი რამიშვილის (ზარალას) ორგანიზებით. ამდენად, ეს იყო სახელმწიფო მოხელეების მიერ ორგანიზებული, ჯგუფური დანაშაული. პროკურატურაში სარჩელი შეტანილი გვაქვს ყველა ამ პიროვნების წინააღმდეგ. ეს დანაშაულებრივი დაჯგუფება უნდა გამოაშკარავდეს. ზარალი უნდა ანაზღაურდეს და იძულებით გადაფორმებული ფირმა დამიბრუნდეს“,-აცხადებს მამია სანადირაძე.
ამასთან, For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ძველი კადრებით დაკომპლექტებულ პროკურატურაში ვერ მოხერხდა საქმის ადგილიდან დაძვრა, თუმცა განახლებული პროკურატურის იმედი აქვს. მისი თქმით, ამჯერად დაიწყეს ამ საქმის გამოძიება და იგი იმედოვნებს, რომ დაიკითხებიან და დაისჯებიან დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები.
რაც შეეხება „კავკასუსის“ წართმევის მოტივს, მამია სანადირაძე აცხადებს, რომ მოტივი იყო როგორც პოლიტიკური ისე ფინანსური. მმართველ ძალას სურდა, ინტერნეტის საშუალებით ეკონტროლებინა საზოგადოება - როგორც მათი მოწინააღმდეგეები, ისე, მათივე მომხრეები. ამდენად, ინტერნეტი საკმაოდ ძლიერი იარაღია უნამუსო ადამიანის ხელში.
„მოსმენების წინააღმდეგ წავედი და კონფლიქტიც ამიტომ დაიწყო. გარდა ამისა, ჩვენი კომპანია იყო ძვირადღირებული და პერსპექტიული. ცხადია, ფინანსური ინტერესი ჰქონდათ, რომ კაბელების გადაჭრით, ნგრევით თუ სიცოცხლის მოსპობის მუქარით ამ კომპანიას დამათმობინებდნენ, უცბად გადაყიდდნენ და თან თავის სასარგებლოდ ამუშავებდნენ. ასეც მოხდა და უკვე სამი-ოთხი წლის განმავლობაში „კავკასუს ონლაინში“ მუშაობენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, ზონდერები. კომპანიას აქტიურად წველიდნენ, მისგან დიდი თანხები გაედინებოდა. ამით ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ უდიდესი ფინანსური სარგებელი ნახა.“
ამასთან, მამია სანადირაძე განმარტავს, რომ საქართველოში მთავრობა რომ არ შეცვლილიყო, არანაირი აზრი არ ჰქონდა სასამართლო პროცესებს. დღეს კი გაჩნდა საშუალება, ჩვენს ქვეყანაში სამართალს მივაღწიოთ. უფრო მეტიც, მოსამართლეების სინდისზეა დამოკიდებული სიმართლის დადგენა და არიან სინდისიერი მოსამართლეები, რომლებიც სამართალს აღასრულებენ.
ცნობისთვის, თავის დროზე მამია სანადირაძე დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს “აიტივი.გე“-ს და „პრესა. გე“-ს აფინანსებდა და, ცხადია, იგი ნაციონალების „გემოვნების“ კრიტერიუმში ვერ ჯდებოდა.
მომდევნო პროცესი 26 დეკებერს 10.00 საათზე ჩაინიშნა.