ნატოს სამეკავშირეო ოფისი კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების სემინარს მასპინძლობს. სასწავლო კურსი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გეგეჭკორმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში უილიამ ლაჰიუმ და საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა, პრიიტ ტურკმა გახსნეს.
ირაკლი გეგეჭკორი სემინარის მონაწილეებს მიესალმა და ესტონელ ექსპერტებს კიბერ და უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბებაში თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.
სამდღიანი სემინარი თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრისა და NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ერთობლივი ძალისხმევით ტარდება. სემინარის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების სფეროში მომუშავე ესტონელი ექსპერტები ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
სასწავლო კურსის პირველი დღე კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიულ დონეზე მომუშავე სხვადასხვა სამთავრობო უწყების თანამდებობის პირებს დაეთმო. მასში სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე კიბერ და ინფორმაციულ სფეროში მომუშავე კერძო სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. სამი დღის განმავლობაში, ქართველი და ესტონელი ექსპერტები საერთაშორისო კიბერ სივრცეს, კიბერ დანაშაულს, ეროვნულ კიბერ უსაფრთხოებას, ინფორმაციული ომსა და უსაფრთხოების სხვადასხვა განზომილებას - ინდივიდუალურ, ორგანიზაციულ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე განიხილავენ, ასევე ჩამოაყალიბებენ საერთო ხედვასა და აღნიშნული სფეროს განვითარების პერსპექტივებზე შეჯერდებიან.
საქართველოში კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების სემინარი მეორედ ტარდება. კიბერ საფრთხეებთან ბრძოლა თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საქართველოში კიბერ უსაფრთხოების თემატიკამ აქტუალურობა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერ შეტევის შემდეგ შეიძინა.