„საქართველოში ძალიან ბევრი ჰესი უნდა აშენდეს“

„საქართველოში ძალიან ბევრი ჰესი უნდა აშენდეს“

გთავაზობთ ინტერვიუს ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტთან ირაკლი ლექვინაძესთან

რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში და რამდენად ეფექტიანი იქნებოდა კერძო სექტორი. როგორ სჯობია, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელოს სახელმწიფომ თუ კერძო სექტორმა?

- რა თქმა უნდა იდეალურია, როცა კერძო სექტორი აშენებს. სავსებით ცხადია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ინვესტორი დაიწყებს ჩადებული ინვესტიციების ამოგებას. სახელმწიფო ხშირად გამოყოფს ფინანსურ რესურსს და გამოცდილ კომპანიებს გადასცემს ამა თუ იმ პროექტის განხორციელებას. ან იდეალურ შემთხვევაში, ახერხებს კონკრეტული ინვესტორის მოზიდვას, რომელიც საკუთარი ინვესტიციებით უზრუნველყოფს ამა თუ იმ პროექტის რეალიზებას.

როდესაც ინვესტორი აკეთებს ინვესტიციას და ფიქრობს, რომ ამონაგებს გააკეთებს გარკვეული პერიოდის მერე, ეს იდეალურია სახელმწიფოსთვის, რადგანაც ის ზოგავს საბიუჯეტო რესურსებს და ინვესტორის ფულით იღებს იმ სიკეთეს, რომელიც შეიძლება მისი ხარჯით გააკეთოს. მართვის ეფექტურობითაც და ფინანსური რესურსების დაზოგვითაც სახელმწიფოსათვის ეს იდეალური ვარიანტია.

მოდით, განვიხილოთ საკმაოდ მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი ხუდონჰესი. მოგეხსენებათ, რომ მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია კონკრეტულ ერთ პროექტში ფაქტობრივად არც ყოფილა საქართველოში. ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ამ თემაზე დისკუსიები. გავაცნოთ მკითხველს ის ეფექტი, რაც შეიძლება ახლდეს ამ პროექტის განხორციელებას.

- გლობალურად რომ შევხედოთ, ეს არის დიდი არჩევანის თემა ჩვენს საზოგადოებაში და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაკეთოთ არჩევანი. რა გვსურს - განვითარება და განვითარების პერსპექტივა, თუ ვიდგეთ ერთ ადგილზე და ვიძახოთ, ჩვენ გვაქვს ლამაზი ბუნება და ყველაფერი დავტოვოთ ისე, როგორც დღეს გვაქვს. ჩვენ არა ვართ ნავთობით მდიდარი და რაღაც განსაკუთრებული ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა, რომ მათი გამოყენებით შეგვეძლოს კონკურენტული უპირატესობის მოპოვება რეგიონში, ან ასევე გარკვეული როლის დაჭერა მსოფლიო ეკონომიკაში. ორი სტრატეგიული სექტორია საქართველოს ეკონომიკაში: ეს არის ლოჯისტიკური მიმართულება, ანუ ის კვანძი, რომელიც ჩვენ გეოგრაფიულად გვაქვს - სატრანსპორტო დერეფანი, სადაც შეგვიძლია საკმაოდ ბევრად აქტიურები ვიყოთ, ვიდრე დღეს ვართ და მეორე ეს არის ენერგეტიკა. საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში არის მეორე ადგილზე წყლის რესურების მიხედვით, რაც იძლევა ძალიან დიდ შესაძლებლობებს, რომ ეს პოტენციალი ჩვენთან ათვისებული იქნას. ხსენებული პოტენციალი საქართველოში შეფასებულია 80 მილიარდ კილოვატსაათად და ეს ოთხჯერ და ხუთჯერ აღემატება იმ მოხმარებას, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს.

რაც შეეხება თვითონ საკითხს, საქართველოში არა მარტო ხუდონჰესი, არამედ ძალიან ბევრი ჰესი უნდა აშენდეს, იმისათვის რომ ჩვენ ეს პოტენციალი გამოვიყენოთ უკეთესად და ამ კუთხით ვიქცეთ რეგიონში ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორად. სხვა შანსი ჩვენ უბრალოდ არა გვაქვს. საკითხი ბევრად უფრო მეტად არის გაზვიადებული, ვიდრე ეს რეალობაშია და აქ იკვეთება გარკვეული ჯგუფების ინტერესები. ეს ჯგუფები შეიძლება იყოს პოლიტიკური, ან ეს ინტერესი შეიძლება იყოს ფინანსური, რომელსაც გარკვეული საგრანტო რესურსის მოზიდვა სურს. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ამ საკითხზე მთელი აჟიოტაჟია. ყველაზე მთავარი, რაც ამ დისკუსიაშია, არის იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც იქ ცხოვრობენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არიან ჯგუფები, რომლებსაც აქვთ თავიანთი კონკრეტული ინტერესები. მათ საკითხი გააზვიადეს და ცდილობენ საერთოდ პოლიტიკურ ჩარჩოებს გასცდნენ და რაღაც სამხედრო ჭრილშიც გადაიტანონ. ესენი არიან გარკვეულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფები, რომლებიც აპროტესტებენ ყველაფერ სიახლეს და არა მარტო ხუდონჰესთან დაკავშირებით.

4 ძირითად კომპონენტზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც ეკონომიკური ეფექტის კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი. შევეცდები წარმოვაჩინო ის ეკონომიკური სარგებლობები, რაც ამ პროექტს გააჩნია:

პირველი ეს არის მზარდი ეკონომიკა ჩვენს ქვეყანაში. ქვეყანაში რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკა, ელექტროენერგიის მოხმარება იქნება მზარდი. თქვენ წარმოიდგინეთ, პრაქტიკულად საქართველოში ინდუსტრია არის 12-13 პროცენტი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ინდუსტრია მინიმალურ დონეზე გვაქვს. თუნდაც იმ დონეზე რომ მივიდეთ, საბჭოთა კავშირის დროს რომ იყო, ამას სჭირდება რამდენჯერმე მეტი ელექტროენერგია.

მეორე საკითხი არის მოთხოვნის ზრდა ჩვენს რეგიონში - თურქეთი არის ერთ-ერთი მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა რეგიონში, რომელსაც დღემდე აქვს ელექტროენერგიის დეფიციტი. სეზონის გარკვეულ პერიოდში ის ჩვენგან ყიდულობს ელექტროენერგიას. თუმცა, ჩვენც არა გვაქვს საკმარისი ოდენობა, რომ მისი მთლიანი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ამიტომ პერსპექტივაში ეს არის ქვეყნისათვის საექსპორტო შემოსავალი. ჩვენ შეგვიძლია პოტენციალის გამოყენება და დაახლოებით ოთხჯერ მეტი ელექტროენერგიის წარმოება.

მესამე საკითხი ეს არის ადგილობრივი ეკონომიკური ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია იმ რეგიონების განვითარებასთან, სადაც ჰესების ინფრასტრუქტურა იქნება განვითარებული. ეს ნიშნავს ადგილზე იმ რაიონებისა და მუნიციპალიტეტების დამატებით შემოსავლებს გადასახადების სახით, დასაქმებას და განვითარებას იმ რეგიონებში. იმ პირობებში, როდესაც რეგიონებში უმუშევრობის ძალიან მაღალი დონე გვაქვს და ჰესებზე ძირითადი სამუშაო არ ითხოვს ძალიან მაღალ კვალიფიკაციას, ვგულისხმობ მომსახურე ტექნიკურ პერსონალს და არა რაღაც საინჟინრო საქმიანობაში ჩართულ ადამიანებს. ბუნებრივია, ეს არის დასაქმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.

დასაქმებასთან დაკავშირებით გავარკვიე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც როგორც წესი, პრობლემა ხდება ხოლმე, როდესაც ინვესტორი არის უცხოელი. ამ პროექტზე როგორც მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის ეტაპზე დასაქმებულების 90 პროცენტი იქნება ადგილობრივი. ეს არის ვალდებულებაში ჩადებული, ოფიციალურადაა დადასტურებული ინვესტორის მხრიდან. ინვესტორი აპირებს და მემორანდუმიც არსებობს, 25 ახალგაზრდა გააგზავნოს კვალიფიკაციის ასამაღლებლად უცხოეთში.

და კიდევ ერთი საკითხი, ეს არის იაფი ელექტროენერგია და ბიზნესკონკურენტუნარიანობა. დღეისათვის ქართული ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ძვირი ენერგომატარებლები. ანუ ჩვენ გვაქვს დაბალი გადასახადები რეგიონში და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა, თუმცა ამას აბალანსებს ძვირი ენერგომატარებლები. როდესაც ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ეს აბსოლუტურად პირიქითაა. რაც უფრო მეტი მოცულობა და რაც უფრო მეტი ადგილობრივი რესურსის პოტენციალი გვექნება, ეს ნიშნავს უფრო იაფ ენერგომატარებლებს ადგილობრივი ბიზნესისათვის, რაც პირდაპირ კავშირშია ადგილობრივი ბიზნესის კონკურენტუნარიანობასთან. თუნდაც ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი მსგავსი ტიპის პროექტების რეალიზება.

ბატონო ირაკლი, მცირე და დიდი ჰესების ალტერნატივებზე საუბრობდით. არის თუ არა გამოსავალი მცირე ჰესების ჩანაცვლება. მაგალითად, ხუდონჰესი რომ ავიღოთ, რამდენად სრულფასოვნად ჩაანაცვლებს ეს იმ პოტენციალს, რომელიც მცირე ჰესებიდან შეგვიძლია მივიღოთ?

- მცირე და საშუალო ჰესების ნაკლი ის არის, რომ მთელი წლის განმავლობაში ვერ ხერხდება მათი ფუნქციონირება და ზამთრის პერიოდში ისინი ელექტროენერგიას ვერ გამოიმუშავებენ. არადა, ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ხუდონჰესი რომ არ აშენდეს, დაახლოებით 300-350 მცირე და საშუალო ჰესის აგება იქნება საჭირო. მცირე და საშუალო და მსხვილი ჰესების ორივე პროექტი უნდა აუცილებლად გაგრძელდეს. არჩევანი ჩვენთან ასე არ დგას და არც უნდა დადგეს. ჩვენ გვჭირდება მაქსიმალურად ბევრი ამგვარი ინფრასტრუქტურა, რომელიც შექმნის ამ ენერგიას. კიდევ ერთი უპირატესობა - ეს არის ეკოლოგიური მიმართულებით - კერძოდ, ჰიდრორესურსების უპირატესობა იგივე თბოსადგურებზე და ატომურ სადგურებზე არის ის, რომ ეს არის ეკოლოგიურად სუფთა ენერგია. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც არ აბინძურებს გარემოს და არ ქმნის ზემოქმედების იმ მექანიზმებს, რომლებიც შეიძლება უფრო უარესობისკენ იყოს მიმართული.