ჩორჩანას მკვიდრი: საგუშაგოს ჩადგმამ ჩვენი მოსახლეობა ძალიან დააზარალა. საგუშაგოს ჩადგმამდე იმ ტყით ვსარგებლობდით, ჩავდიოდით მდინარემდე, ხმას არავინ გვცემდა

ჩორჩანას მკვიდრი: საგუშაგოს ჩადგმამ ჩვენი მოსახლეობა ძალიან დააზარალა. საგუშაგოს ჩადგმამდე იმ ტყით ვსარგებლობდით, ჩავდიოდით მდინარემდე, ხმას არავინ გვცემდა

სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნამ ჩვენი მოსახლეობა ძალიან დააზარალა, – ამის შესახებ ჩარჩანის მკვიდრმა, არჩილ ლომიძემ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 2019 წელს საგუშაგოს გახსნის შემდეგ დაიკარგა სოფლის 120 ჰექტარი ტყე.

„ჩორჩანასთან საგუშაგოს ჩადგმამ ჩვენი მოსახლეობა ძალიან დააზარალა, ძალიან დავზარალდით. ჩვენს და ოსურ დასახლებას შორის გადიოდა მდინარე, რომლის ზემოთ იყო სოფლის ტყე. საგუშაგოს ჩადგმამდე იმ ტყით ვსარგებლობდით, ჩავდიოდით მდინარემდე, ხმას არავინ გვცემდა. საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ რუსები ამოვიდნენ, 1,5 კილომეტრით ზემოთ ამოიწიეს და დაარჭვეს თავიანთი დროშები, ახლა პოსტიც აქვთ ჩადგმული, საგუშაგო. 120 ჰექტარი ტყე, ჩვენი სოფლის საკოლმეურნეო ტყე დავკარგეთ. ეს იყო იმ საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ“, - აღნიშნა ლომიძემ.

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.

აღნიშნულ საკითხზე იმდროინდელ შს მინისტრს, გიორგი გახარიას საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ იბარებენ.

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე ტაბატაძე და კახი კახიშვილი უკვე გამოიკითხნენ.

2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საკითხებს 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითი კომისიაც სწავლობს. საგამოძიებო კომისიამ აღნიშნული საკითხი 11 ივნისს განიხილა.

სხდომაზე გამოკითხვაზე მისულმა, ჩორჩანას მკვიდრმა, ელგუჯა ხარაზიშვილმა განაცხადა: „გაიხსნა ეს საგუშაგო თუ არა, გავიდა ცოტა ხანი და სოფელ წაღვლის ტერიტორიაზე შემოვიდნენ და რუსებმა გააკეთეს საგუშაგო. გაკეთდა რუსების საგუშაგო და წაიღეს სოფელ წაღვლის ტყე, შემოვიდნენ დაახლოებით კილომეტრნახევარი. ვერანაირად ვეღარ შევდივართ, 2019 წლის 24 აგვისტომდე შევდიოდით.“