შალვა ფიფიამ წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

შალვა ფიფიამ წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

როგორც მინისტრმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკა დარგის მაქსიმალურად მცირე დროში განვითრებისკენაა მიმართული.

„ხელისუფლება სისტემურად ახორციელებს ისეთი ტიპის ცვლილებებს, რომელმაც გლეხებსა და ფერმერებს, სოფლის მეურნეობის დარგში ჩართულ მეწარმეებს მეტი სტიმული უნდა მისცეს. სოფლის მეურნეობის განვითარებამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა შეასრულოს. ყველა იმ პროექტით, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, ჩვენ შევძელით გლეხებისა და ფერმერებისთვის, მეწარმეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაგვეხადა ფინანსური რესურსი; ჩვენ ეტაპობრივად ვქმნით ისეთი საკანონმდებლო ბაზას, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან მაქსიმალურად დაახლოებს სოფლის მეურნეობის დარგის მარეგულირებელ ეროვნულ კანონმდებლობას; ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქვეყანაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის გაზრდასა და უსაფრთხოებაზე; ვმუშაობთ საექსპორტო ბაზრების გაზრდის მიმართულებით. ჩვენ უნდა შევძლოთ ქართული პროდუქტი ევროპის ბაზარზე გავიტანოთ. ყოველი ზემოაღნიშნული ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს სოფლის მეურნეობის დარგი გავხადოთ მიმზიდველი როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.

2013 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დასახული მიზნის მისაღწევად არაერთი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი განხორციელდა. ესენია:

„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“, რომლის ფარგლებშიც 710 385 ბენეფიციარმა 195 545 543 ლარის ღირებულების პირდაპირი დახმარება მიიღო სასოფლო-სამეურნეო ბარათების სახით; აქედან ნომინალური ბარათებით, მცირემიწიანმა ფერმერებმა უსასყიდლოდ მიიღეს სასუქი, პესტიციდი, სათესლე მასალა, სასოფლო ინვენტარი, ვეტ. პრეპარატები, ხოლო კომბინირებული ბარათებით დამუშავდა 207,322 ჰა მიწის ფართობი.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომლის ბიუჯეტი 29,600,000 ლარით განისაზღვრა და რომელიც დღეისათვის უკვე ექვს კომპონენტს მოიცავს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, 8,052 ბენეფიციარზე გაცემულია 220,082,428.88 ლარის ოდენობის კრედიტი. მათ შორის დაფინანსდა 53 ახალი საწარმო. ამჟამად დამუშავების პროცესშია მე-7 კომპონენტი: შეღავათიანი აგროკრედიტი თანმხვედრი გრანტით დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის.

მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა სარწყავი და სადრენაჟე არხების რეაბილიტაციისთვის. ამჟამად, საქართველოს მასშტაბით სარწყავი სისტემების პრაქტიკულად ყველა დიდი მაგისტრალური არხი და გამანაწილებელი გაწმენდილია. საქართველოში წყალუზრუნველყოფილი გახდა 74.3 ათასი ჰა სავარგული. სადრენაჟე სამუშოები მიმდინარეობს 4635 ჰა ფართობზე. სარწყავი და დამშრობი სისტემების ექსპლუატაციის და რეაბილიტაციის შედეგად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება 40-50%-ით გაიზრდება.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლებისა და ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით გაწეული სამუშაოების შედეგად, 2013 წელს ღვინის ექსპორტმა 48 ქვეყანაში 44,654,359 ბოთლი შეადგინა, რაც 96%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აქედან რუსეთის ბაზარზე უკვე ექსპორტირებულია 21,784,510 ბოთლი ღვინო.

ევროკავშირთან თანამშრომლობით შემუშავდა და 2013 წელს დაიწყო ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD), რომელიც საქართველოში სურსათის წარმოების ზრდისა და სოფლად სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროექტით საქართველო მიიღებს 40 მილიონი ევროს გრანტს სოფლის მეურნეობის სექტორის გასავითარებლად.

შეიქმნა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებამ ხელი უნდა შეუწყოს სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას; თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას; მიწების გამსხვილება-კონსოლიდაციას; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციასა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას. სააგენტომ მოსამზადებელი სამუშაოები და რეგიონებში შეხვედრები ფაქტობრივად დაასრულა და 2014 წლის იანვრიდან სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისთვის კოოპერატივების სტატუსის მინიჭების პროცედურებს დაიწყებს.

წარმატებით ჩატარდა რთველი 2013. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელა სუბსიდიისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა. სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 40 თეთრს, ხოლო 1კგ საფერავზე 25 თეთრს შეადგენდა. სახელმწიფომ საბანკო სექტორთან ერთად, მეღვინეობა-მევენახეობის სექტორს ყურძნის შესასყიდად 15 თვიანი ვადით არაუმეტეს 6 %-ისა ლარში შეღავათიანი სესხი შესთავაზა, რომლის ფარგლებში 48 ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოზე გაიცა 52,370,629 ლარის ოდენობის კრედიტი; მთლიანად კახეთის რეგიონის მოსახლეობამ ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლის სახით მიიღო დაახლოებით 100 მლნ ლარზე მეტი.

ხელისუფლებამ წელს უპრეცედენტო რაოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო ციტრუსის სუბსიდირებისთვის. სახელმწიფო 13,800,000 ლარს დახარჯავს - 1კგ სტანდარტულ მანდარინში 15 თეთრს, ხოლო არასტანდარტულში - 10 თეთრს გასცემს. დღეს მანდარინის ჩამბარებელი 36 პავილიონი ფუნქციონირებს. ქობულეთის გადამამუშავებელი ქარხანა მოსახლეობისგან 2-ჯერ მეტ (20,000 ტონამდე) არასტანდარტულ მანდარინს ჩაიბარებს. დღეის მდგომარეობით ქვეყნიდან 23,000 ტონაზე მეტი ციტრუსია ექსპორტირებული.