"სოსო ჯაჭვლიანის ადგილას გია ბარამიძეს უფრო კარგად გავლახავდი. ამას მარტო ბარამიძე კი არა, "ნაციონალური მოძრაობის" ყველა წევრი იმსახურებს, რომლებმაც ქვეყანა გაყვლიფეს, გააუბედურეს და ახლა მაღალი ტრიბუნებიდან სხვებს მორალს უკითხავენ. ამ ხალხს ოდნავ მაინც შერჩენილი რომ ჰქონდეს სინდის-ნამუსი, თავად ჩასხდებოდნენ ციხეებში! ქუჩაში ცხვირის გაყოფას ვერ უნდა ბედავდნენ! სულ უთავმოყვარეო უნდა ვიყოთ, ის რომ შევარჩინოთ, რაც ქართველ ერს დამართეს. ნახევარი საქართველოს კაცები ხომ გააუპატიურეს, ნახევარი გაუპატიურების მოლოდინში იყო, ცოლები გაუბახეს, ფიზიკურად გაანადგურეს, ქონება წაართვეს, ციხეებში აწამეს და მეტი რაღა უნდა ექნათ, კაცო?!" - აცხადებს ყოფილი შს მინისტრი კახა თარგამაძე "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "გატყობთ, ქართველები ისევ ვერ მოსულხართ ჭკვაზე!" / "ციხეში უნდა ჩაყარონ ეს მართლა "ჩმორები" / "ეს ნაძირალები და არაკაცები ახლა ისევ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ლაპარაკობენ და კიდევ უნდა ავიტანოთ?!" / "დიახ, თამაზ თამაზაშვილს გენერლობა მე მივანიჭე!"
"ახლა ეს ნაძირალები და არაკაცები ისევ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ლაპარაკობენ და კიდევ უნდა ავიტანოთ?! ლინჩის წესით გასამართლება რომ არ მოხდეს, სწორედ ამიტომ სამართალდამცავებმა ციხეებში უნდა ჩაყარონ ეს მართლა "ჩმორები". წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესი ქუჩაში გადაინაცვლებს. გაიგეთ, ქართველი ერი გამწარებას არავის შეარჩენს, არა! სააკაშვილმა 9 მილიარდი დოლარი მოიპარა, წავიდა და "გულაობს". ეს არის სამართლიანობის აღდგენა?! ვის აინტერესებს მისი მხარდაჭერა უკრაინაში?! საკუთარი ხალხის დამბეჩავებელი სხვა ქვეყნის ხალხს მხარდაჭერას როგორ გამოუცხადებს?! როგორც ვატყობ, "ნაციონალები" ამ გაუბედურებულ საქართველოს კიდევ არ დაანებებენ თავს და უარესსაც დამართებენ. მე არ ვფიქრობ, რომ ბრძოლა დასრულებულია. ნუ გეგონებათ, რომ ქვეყნის მტერი ეს პოლიტიკური ძალა წარსულს ჩაჰბარდა. მე რომ არ გითხრათ, თავად ვერ ხვდებით? ე.ი. კიდევ ვერ მოსულხართ ჭკვაზე! ამ ბოროტების მანქანის მსახურებმა ქალიან-კაციანად ყველას ნამუსი ახადეს. კიდევ რა ვიდეოფირი უნდა გაჩვენონ, რომ სწორად შეაფასოთ ის, რაც ხდებოდა? მხოლოდ სამართლიანობის აღდგენაა ერთადერთი გამოსავალი, ამ ჯგუფმა კიდევ რომ არ დათესოს ბოროტება!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა თარგამაძე.
"ყველაზე საზიზღარი კრიმინოგენული სიტუაცია სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო. არადა, ამტკიცებდნენ, კრიმინოგენული მდგომარეობა გაუმჯობესებულიაო. მაშინ რატომ ჰყავდა 42 ათასი პატიმარი ქვეყანას, ამას რატომ არავინ ამბობს?! თუ მათი ერთი ნაწილი უდანაშაულო იყო, როგორც ახლა ირკვევა, პასუხი არავინ უნდა აგოს?! ჩემი მინისტრობის პერიოდში 6 ათასი პატიმარი გვყავდა... რა ქურდები, რის ქურდები?! სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: შსს მართავდა ციხეს, ის აკონტროლებდა ყველაფერს. როცა შსს-მ ქვეყანაში თავის საქმიანობაზე კონტროლი დაკარგა, მაშინ გახდა ის სააკაშვილის ნების აღმსრულებელი აპარატი. ამის შემდეგ დედა ეტირა ქვეყანას! საერთაშორისო სამართალში ტერმინი - "ქურდული სამყაროს წევრობა" არ არსებობს. შესაძლოა, საუბარი იყოს ორგანიზებულ დანაშაულზე, სადაც ვიღაცას მართავენ, რაღაცას ერთად აშავებენ და ა.შ. ეს სხვა საკითხია. მაგრამ ის, რომ ადამიანს უთხრა, აღიარე, რომ ქურდის ამხანაგი ხარ და ამის საფუძველზე დაგიჭერო, ასეთი რამ ყველა სხვა ქვეყანაში წარმოუდგენელია", - განაგრძობს ყოფილი შს მინისტრი.
"ჯერ კიდევ სტალინის დროს ვიშინსკიმ შექმნა ასეთი თეორია "აღიარება მტკიცებულების დედაა". ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ვიშინსკის თეორიაც, და ასეთი სახე მიიღო "აღიარება არაფერს არ ნიშნავს". რა თქმა უნდა, აღიარება არაფერს ნიშნავს, თუ მას არ ახლავს მტკიცებულება. კაცს რომ დაიჭერ და ცოლ-შვილის გაუბედურებით დაემუქრები, ყველაფერს აღიარებს, რასაც მოსთხოვ. რა, არ აღიარეს ჯაშუშობა თქვენმა ფოტორეპორტიორებმა?! სჯერა ვინმეს, რომ ისინი ჯაშუშები იყვნენ?" - დასძენს კახა თარგამაძე.
"საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებ. საქართველოდან წასულები სამშობლოში ვეღარ ბრუნდებიან და ინვესტიციას ვერ ახორციელებენ - სხვების მაგალითზეც ვამბობ, ჩემთვის არავის არაფერი წაურთმევია. რა მქონდა, რომ წაერთმიათ? ხომ გაიძახოდნენ, კახა თარგამაძეს კორუფციის წყალობით დიდი ქონება აქვსო?…სად წავიდა ის ქონება? საქართველოში ქართველები მანამდე არ დაბრუნდებიან და არც ინვესტიციები ჩაიდება, სანამ სამართლიანობა არ აღდგება. ეს არის მთავარი. მე პირადად შეურაცხყოფილი ვარ იმის გამო, რომ ჩემი ერი შეურაცხყვეს და ვინც ეს გააკეთა, პასუხი არ უგიათ", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის სიმამრთან, თამაზ თამაზაშვილთან ხომ გაქვთ კარგი ურთიერთობა?" - პასუხობს:
"როცა შს მინისტრი გავხდი, თამაზ თამაზაშვილი დავაწინაურე და კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსად დავნიშნე. გენერლობაც მე მივანიჭე. სწორედ მაშინ დავახასიათე ის ძალიან დადებითად და დღემდე ამ ადამიანზე ასეთი აზრი მაქვს. ამ ხნის განმავლობაში საქართველოში ორჯერ რამდენიმე დღით ჩამოვედი და მასთან შეხვედრის დრო არ მქონია. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, მინდა წარმატება ვუსურვო. მასთან მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს, მინდა, სამართლიანობა აღადგინოს. სხვაგვარად ქვეყანაში სიმშვიდე ვერ დაისადგურებს"