“მიხეილის ციხის ამბები”  შვილისმკვლელი დედის შემაძრწუნებელი აღსარება

“მიხეილის ციხის ამბები” შვილისმკვლელი დედის შემაძრწუნებელი აღსარება

მაკა მოსიაშვილი ჟურნალისტია, რომელიც 2007 წლის 19 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დააპატიმრეს... მართალია, მაკას დანაშაული არ უღიარებია, მაგრამ საპყრობილეში ხუთი წელი გაატარა - “მატროსოვის ციხე”, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვადამდე დატოვა... ისე, ჟურნალისტის დაპატიმრება შეიძლება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებადაც ჩაითვალოს - დაპატიმრებამდე მაკა მოსიაშვილი მაღალჩინოსანი კახელი “ნაციონალების” შავ-ბნელ საქმეებს იძიებდა... საგულისხმოა, რომ საქმეში სააკაშვილის “მარჯვენა ხელი”, ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს... “ქართული სიტყვა” აგრძელებს ამონარიდების გამოქვეყნებას მაკას ციხის დღიურიდან... სხვათა შორის, სამი შვილის დედის ციხეში დაწერილი დღიური მალე წიგნად გამოვა, რომელსაც ასე ერქმევა - “ამბები მიხეილის ციხიდან”...

სასამართლოს დარბაზში ადვოკატი მურმან ჯიშკარიანი ჩაფიქრებული იჯდა და ფიქრებით შორს, აშშ-ში იყო - აგერ, უკვე მერვე წელია, მისი ერთადერთი ვაჟი, ვახტანგი ოკეანისგაღმაა, ჯერ სწავლობდა, ახლა თან კვალიფიკაციას იმაღლებს, თან შრომობს. ოჯახი ერთადერთი შვილის ლოდინით აღამ-ათენებს. მშობლებს შვილთან “სკაიპით” ლაპარაკი არ ჰყოფნით, მაგრამ შვილს ხათრს ვერ უტეხენ და სამშობლოში დაბრუნებაზე არაფერს ეუბნებიან, თუმცა მურმანი დარდობს, შვილი არ გადამისხვაფერდეს და ამერიკელებივით ცივი არ გახდესო...

ფიქრებში წასულმა ადვოკატმა ვერ შეამჩნია, თუ როგორ შემოვიდა დარბაზში მოსამართლე ნინო ცერცვაძე. ნინო მისი სტუდენტობის მეგობარი იყო - ერთმანეთთან წლები აკავშირებდათ, თუმცა სასამართლო დარბაზში მეგობრობას ივიწყებდნენ და ლამის მეტოქეები ხდებოდნენ.

- მურმან, როგორ ხარ?! - ჰკითხა ნინომ.

- კარგად, შენ როგორ ხარ?

- ბავშვი მადარდებს - დღე-დღეზე უნდა იმშობიაროს... ბებია გავხდები... ველოდები... მგონი, დავბერდით...

- რა ვიცი, სიბერეს ვერ გატყობ.

- შენი ბრალდებული რას აპირებს, დღეს მაინც მოგვცემს ჩვენებას? - საუბრის თემა შეცვალა ნინომ.

- არ ვიცი, გუშინ ვნახე და მითხრა, სასჯელის შემსუბუქებას არ ვითხოვ, სხვა სათხოვარი მაქვს მოსამართლესთანო.

- ამდენი ხანი სად არის ბადრაგი, მოსეირნობს?! - მოსამართლემ მანდატურს  მკაცრად შეხედა. ის იყო, მანდატურმა რაცია პირთან მიიტანა, რომ ბრალდებული - ბადრაგმა ხანშიშესული ქალი შემოიყვანა, რომელიც გისოსებიან სადგომში თავჩაღუნული დაჯდა... მოსამართლემ ხმამაღლა წარმოსთქვა:

- ბრალდებული მზია ხუციშვილი.

- დიახ, მე გახლავართ, - ბრალდებული ფეხზე ადგა.

- დაბადებული 1950 წლის 12 მაისს...

- დიახ...

- მცხოვრები ქალაქ თბილისი, ზემო ვაკის ქუჩა ¹97-ში, საშუალო განათლების მქონე, უმუშევარი. წარდგენილი გაქვთ ბრალი სსკ-ის 108-ე მუხლით. კერძოდ, ბრალად გედებათ თქვენი ვაჟიშვილის, სოსო ხუციშვილის განზრახ მკვლელობაში.

- კი, ვიცი, - ბრალდებული თავს მაღლა არ სწევს.

- ბატონო პროკურორო და ბატონო ადვოკატო, შუამდგომლობა ხომ არ გაქვთ?

- არა...

- თქვენ, ბრალდებულო ხუციშვილო, გაქვთ შუამდგომლობა მოსამართლესთან?

- ბატონო მოსამართლე, არ ვიცი, თუ რას ნიშნავს შუამდგომლობა... მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს...

- გისმენთ, ხუციშვილო, - გაეღიმა მოსამართლეს.

- ჩემს სიცოცხლეში არასოდეს მივსულვარ მღვდელთან, არც აღსარება მითქვამს, არც მონათლული ვარ, თუმცა შინ სამი ანგელოზი შვილიშვილი დავტოვე - მზია, ელენე და თომა. სამივენი დღეს სრულწლოვნები არიან. წინასწარი გამოძიების დროს, არ მიმიცია ჩვენება. ჩემს ამბავს მხოლოდ ერთხელ მოვყვები ამ დარბაზში, სრულად და გადაჭარბების გარეშე. ოღონდ ერთი სათხოვარი მაქვს: ჩემი შვილიშვილები აქ უნდა იყვნენ. თავის მართლებას არ ვაპირებ, უბრალოდ, მინდა, მათ ყველაფერი იცოდნენ. ამიტომ, გთხოვთ, მოიწვიოთ ისინი. მე ჩემსას ვიტყვი, თქვენ კი ისე გადაწყვიტეთ, როგორც კანონი მოითხოვს. არ ვაპირებ თავის მართლებას, უბრალოდ, მინდა, ბავშვებს მოვასმენინო ჩემი ცხოვრების ურთულესი გზის ისტორია. მხოლოდ ამას გთხოვთ...

პროკურორმა ხელი ასწია.

- გისმენთ, ბატონო პროკურორო, - მიმართა მოსამართლემ.

- შვილიშვილები საქმის არსთან კავშირში არ არიან და არ ვარ თანახმა.

ხელი ადვოკატმაც ასწია: - ბატონო მოსამართლე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ითხოვს არც გამართლებას, არც - შემსუბუქებას. თუ სურს, შვილიშვილების თანდასწრებით მოგვცეს ჩვენება, ეს არ უშლის ხელს სასამართლოს არც წარმოებას, არც - განაჩენის დადგომას. ბრალდებული ქალია და უფლება აქვს, ჩვენც და ოჯახსაც სიმართლე უთხრას... ბატონი პროკურორის პოზიცია არაა არგუმენტირებული.

მოსამართლე გაჩუმდა. მერე, თემიდას ჩაქუჩი მოიმარჯვა და ბრალდებულს მიმართა:

- ხუციშვილო, მაინტერესებს, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თქვენი შვილიშვილების აქ მოყვანას?!

- ვერ გავიგე კითხვა, ბატონო მოსამართლე...

- სიმართლეს შვილიშვილების თანდასწრებით იტყვით?

- მათთვის მოვყვები სიმართლეს და არა - ჩემთვის!

მოსამართლემ მაგიდაზე ჩაქუჩი დაარტყა:

- სხდომა გადაიდოს 2011 წლის 28 ივლისამდე. ბატონო პროკურორო, თქვენ კი სასამართლოს დაეხმარებით, რომ მზია, ელენე და თომა ხუციშვილები შემდეგ სხდომას აუცილებლად დაესწრონ.

ბრალდებული გაიყვანეს. მოსამართლე ადვოკატს მიუბრუნდა და ჰკითხა:

- მურმან, ეს ქალი მკვლელს საერთოდ არ ჰგავს. მიკვირს, შვილი როგორ მოკლა?!

პროკურორი დარბაზიდან გასვლას აპირებდა, გაჩერდა და მოსამართლეს უპასუხა:

- ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი არ გინახავთ?

მოსამართლე ახალგაზრდა, შვილზე უმცროსი ბიჭის გამომეტყველებას დააკვირდა და მიუგო:

- კი, მინახავს... ცხვრის ტყავში გადაცმული მგელიც მინახავს და ძაღლის ტყავში გადაცმული ქალამანა და ამებაც...

პროკურორი ვერ მიხვდა, მოსამართლე რას გულისხმობდა... მურმანი სიცილით იგუდებოდა:

- ოჰ, ნინო... ისევ ის ნინო ხარ, რაც სტუდენტობის დროს იყავი. გახსოვს, მთელი ღამე საკურსოს წერდი, ლექციაზე უძილო მოხვედი, მთელი დღე გამთქნარებდა...

- ჰო, გამახსენდა. ანჩხლი გვყავდა ქართული სამართლის ისტორიის ლექტორი. მგონი, ებრაელი იყო... რომ მითხრა, ცერცვაძე არ გადამყლაპოო, ხომ მიიღო პასუხი, არა, პატივცემულო, ღორის ხორცს არა ვჭამ-მეთქი.

- ჰოდა, “დაისაჯე” კიდეც - კომკავშირიდან გაგრიცხეს...

- ჩემო მურმან, ის დრო ჯობდა... ამ დილას ქალი პატიმარი მყავდა პროცესზე, გადავადებას ითხოვდა. ვეკითხები ადვოკატსა და სასჯელაღსრულების წარმომადგენელს, შეგიძლიათ, აუხსნათ ბრალდებულს განაჩენის აღსრულების ვადა ვადების შესახებ შუამდგომლობაა თუ აუცილებელი მოთხოვნა-მეთქი. მიყურებს ორი დოყლაპია - ვერ გავიგეთ შეკითხვაო. გაბრაზდა მსჯავრდებული და მომაძახა, ამათ რას ეკითხებით, მე გეტყვით, ეს არ არის იმპერატიული მოთხოვნა. ეს მხოლოდ მოსამართლის შინაგანი რწმენით გამოსატანი განჩინებაა და ვიცი, რომ თქვენი შინაგანი რწმენა გეუბნებათ, შინ არ გამიშვათო...

-  ასე გითხრა პატიმარმა?

- ჰო, მურმან, გავვოცდი. დღეს პატიმარი უფრო დიდი და ძლიერი იურისტია, ვიდრე - პროკურორი, გამომძიებელი და ადვოკატი. ძალიან მაშინებს ხვალინდელი დღე ასეთი უცოდინარი თაობით.

- მართალი ხარ, ნინო, მაგრამ ხომ იცი, ქართველები ვართ და არ წავიქცევით!

- ღმერთი იყოს შენსკენ, ჩემო მურმან. ახლა წავედი, 28-ში შევხვდებით.

 

2011 წლის 28 აპრილი

ყველაფერი ჩვეულებრივ დაიწყო, აი, ისე, როგორც სასამართლოს სჩვევია და... დადგა ბრალდებულის დაკითხვის დროც. ბრალდებული ფეხზე წამოდგა, სახით მოსამართლისკენ არ დამდგარა, დარბაზში მყოფ შვილიშვილებს მიაშტერდა, ცრემლები გადმოსცვივდა და თხრობა დაიწყო:

- კახეთში ერთი დიდი სოფელია, მატანი, იქ გავიზარდე. დაბადებით კი, ხევსურეთის ერთ-ერთ ნასოფლარში დავბადებულვარ. იქიდან ჩვილი ბავშვით ჩამოსულან დედაჩემი და მამაჩემი ბარში, მატანში, სადაც 16 წლამდე ვცხოვრობდი. დედაჩემი ულამაზესი და უპატიოსნესი ქალი იყო. მამა მშრომელ, მუყაით გლეხად ითვლებოდა. ჩემს გარდა შვილი არ ჰყავდათ. რვა კლასი რომ დავამთავრე, გადაწყვიტეს, „საფერშლოზე“ ჩამებარებინა. დედას ჩემი ქალაქში გამოშვება არ უნდოდა, მაგრამ გული არ დამწყვიტა... თბილისის ერთ-ერთ ტექნიკუმში ჩავაბარე. მშობლებმა ბინა მიქირავეს... არაფერს მაკლებდნენ: არც - ჩაცმას, არც - ფულს და არც - ჭამას. ძალიან გათამამებული ბავშვი ვიყავი. ავლაბარში ვცხოვრობდი...

ერთხელ, ჩემი თანაკურსელის დაბადების დღეზე წავედი... სუფრაზე თბილისელი “ავარა” ბიჭები იყვნენ, დაცინვა დამიწყეს, სოფლელი ხარო. ერთს ღვინო შევასხი და მივაძახე, მე თუ „ჯო“ ვარ, მაშინ შენი „ტო” ვატირე-მეთქი. ამ ამბიდან, სამი თვის განმავლობაში, ჩვეულებრივ ვცხოვრობდი - დილით ლექციებზე მივდიოდი, საღამოს - საავადმყოფოში, პრაქტიკაზე. შინ გვიან ვბრუნდებოდი... გაზაფხული იყო... ათი საათი იქნებოდა. სახლისკენ მიმავალ ბილიკს დავადექი... უცებ, სიბნელიდან, ოთხი ბიჭი გამოვიდა. წრე შემომარტყეს, ჯერ დამცინეს, მერე, შემაშინეს. მერე... ოთხივემ ნამუსი ამხადა... ეს საშინელება იმ ღამეს არ დამთავრდა - ის ღამე მთელი ცხოვრება აჩრდილივით დამყვება. შინ შემოფლეთილი ტანისამოსით მივედი. “ხაზეიკამ” მეორე დღეს ავტობუსს წერილი გაატანა და ჩემი მშობლები ჩამოვიდნენ... მამამ საჩივარი არ შეიტანა, ორმაგ სირცხვილს ვეღარ გადავიტან, ქვეყანას ვერ გავაგებინებ, ნამუსახდილი გოგო რომ მყავსო... მშობლებმა ხელი მომკიდეს და სოფელში წამიყვანეს... ორი თვის მერე მივხვდი, ფეხმძიმედ ვიყავი. ეს არ იყო სიხარული, ეს იყო მეხის გავარდნა. ველოდი შვილს და არ ვიცოდი, ვინ იყო შვილის მამა. დედამ და მამამ ერთობლივად გადაწყვიტეს, ნაყოფი მომეშორებინა. მათთვის რომ დამეჯერებინა, იქნებ, ცხოვრებაში გამმართლებოდა... მამამ მითხრა, თუ აბორტს არ გაიკეთებ, ჩემი სახლიდან  წახვალ და აღარასოდეს მნახავო. დედაჩემს 720 მანეთი მოვპარე და სახლიდან გავიპარე. თბილისში ჩამოვედი, ბინა ვიქირავე და ახალი ცხოვრება დავიწყე... ნუ მომაყოლებთ, თუ როგორ მეზრდებოდა მუცელი. ყველა „ხაზეიკა“ ჩემს მუცელს და უპატრონობას ეჭვით უყურებდა და ბინიდან მაგდებდა. მერე, ერთი მკითხავი ქურთი გავიცანი, რაია. იმასთან დავდექი მდგმურად. მხოლოდ იმ ქალმა შემიკედლა და ბოლომდე მიპატრონა.

ვიმშობიარე... ბიჭი მეყოლა... რაია ისე მივლიდა, როგორც - შვილს... შვილი ბაღში მივიყვანე, მუშაობა ქარხანაში დავიწყე... სოსო შვიდი წლის მყავდა, როცა დედაჩემმა მომაგნო... ყველა მძულდა - დედაც, მამაც, ხალხიც. მიყვარდა მხოლოდ ორი ადამიანი - სოსო და რაია. სოსოს მივუძღვენი ჩემი ცხოვრება. დედა შავებში ჩაცმული, გატანჯული და დაბერებული იდგა ჩემს წინ და პატიებას მთხოვდა.

- მამაჩემი სად არის? - ვკითხე უნებურად.

- მამა მოკვდა. შენ რომ სახლიდან წახვედი, ორ თვეში გული გაუსკდა...

- მე შვილი მყავს, დედა...

- სად არის?

- მოვა, სკოლაშია...

- მაჩვენებ?

- ინანა მამამ ჩემი მიტოვება? - ამაყად შევეკითხე უბედურ დედაჩემს...

ის ატირდა.

- არა, სამარადისოდ დაგწყევლა!.. ყველგან გეძებდი. კაცის წყევლა მისავალიაო, გამიგია და... შენი დაკარგვის მეშინოდა... ძლივს გიპოვე.

დედას ვაპატიე... სოსოს ბებია შეუყვარდა, მიეკედლა და... მალე სოფელში, მასთან გადავიდა საცხოვრებლად... დღე და ღამეს შრომაში ვასწორებდი, ბინა მივიღე, ფეხზე წამოვდექი. ერთ დღესაც, სოსომ მკითხა, მამაჩემი ვინ არისო? ეს დღე იმ დღეს ჰგავდა, ნამუსი რომ ამხადეს. ეს ის დღე იყო, რომელიც წუთისოფელმა სასჯელად მომივლინა.

- გაიზრდები და გეტყვი! - ამ პასუხით ვიშორებდი შვილს წლების განმავლობაში.

ბრალდებული დაიღალა. მოსამართლეს „ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი“ შეეცოდა. შესვენება გამოაცხადა. ბადრაგმა პატიმარი გაიყვანა, დარბაზი დატოვა მოსამართლემაც და... კაბინეტში პროკურორი და ადვოკატი მიიწვია.

- მობრძანდით, საქმის არსზე გადავალ. ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება მეუბნება, რომ პატიმარი არ ტყუის.

- ჯერ დანაშაულზე არ ულაპარაკია, - სიტყვა მოუჭრა პროკურორმა მოსამართლეს.

- ჩემო კარგო, ამ ოთახშიც მოსამართლე ვარ და იქ, დარბაზშიც. ასე რომ, როცა ვლაპარაკობ, მოთმინება იქონიე და ყურადღებით მომისმინე. პატიმარი გულწრფელია - ის სიმართლეს სასამართლოს კი არა, შვილიშვილებს ეუბნება... ბატონებო, სასჯელის ზომაზე რას ფიქრობთ?

- აღიარების შემთხვევაში, შემსუბუქებას მოვითხოვ, - თქვა ადვოკატმა.

- არ გეთანხმებით, დანაშაული სახეზეა და ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს აღიარებას, გნებავთ, მონანიებას. საპროცესო გარიგება არ იქნება და მორჩა. რაც მთავარია, სისხლის სამართლის პოლიტიკა არ არის ლიბერალური, განსაკუთრებით, ძალადობრივ დანაშაულზე. დედამ შვილი, რომელიც მოკლა, ჩვენი აგენტი იყო. ბევრი ნარკოტიკებთან დაკავშირებული საქმე სწორედ ცხონებული ხუციშვილის დახმარებით აღიკვეთა. პროკურატურა ამაზე, რა თქმა უნდა, ხმამაღლა არ ილაპარაკებს, მაგრამ დამნაშავე დედის დასჯას უმკაცრესად მოითხოვს... მე თხუთმეტ წელს მოვითხოვ, - მჭევრმეტყველ პროკურორს ღიმილით უსმენდა ადვოკატი...

ბოლო სიტყვა მოსამართლეს ეკუთვნოდა:

- კარგია, როცა შენნაირი ახალგაზრდები მიზანდასახულად ასრულებთ დავალებას, მითითებებს, თუმცა მე „თემიდა“ ვარ, კანონი და სამართალი ერთი და იგივეა ჩემთვის. პატიმარს ბოლომდე მოვუსმენ, რადგან ის აღსარებას უფრო ამბობს, ვიდრე - ჩვენებას.

ყველანი დარბაზში დაბრუნდნენ. შვილისმკვლელმა დედამ თხრობა განაგრძო:

- წლები გადიოდა. შვილი ჩემგან პასუხს ელოდა, მე კი, თავს ვარიდებდი. სოსოს თანაკლასელი შეუყვარდა. ვიცოდი, რომ გოგოსაც უყვარდა. ერთხელ, შინ დაღლილი დავბრუნდი, სადარბაზოსთან იმ გოგოს მშობლები დამხვდნენ, მიყვირეს, სად არის შენი ბიჭიო. სოსო და თავისი შეყვარებული გაპარულიყვნენ... მივხვდი, დედაჩემთან, სოფელში იქნებოდნენ. წავედით... მართლაც, იქ დაგვხვდნენ. მშობლებმა გოგო გვერდზე გაიყვანეს, დაელაპარაკნენ და... შვილი თან წაიყვანეს. ჩემი ბიჭი არ უშვებდა, გოგოს თვალებში შესცქეროდა და პასუხს სთხოვდა. შეყვარებულმა უპასუხა, მამამ მითხრა, თუ ამ “ნაბუშართან” დარჩები, დღესვე თავს მოვიკლავო. სამი დღე და ღამე ჩემი ერთადერთი შვილი თვალით არ მინახავს - სახლიდან წავიდა. სამი დღის მერე დაბრუნდა და პირველად ვნახე მისი გაბოროტებული თვალები, მითხრა, მთელი ცხოვრება ველოდი, სიმართლე გეთქვა. ახლა შენგან აღარ ვითხოვ სიმართლეს. ბებო მეტყვის, ვისი შვილი ვარო... ის და დედაჩემი ოთახში შეიკეტნენ. გათენებამდე ლაპარაკობდნენ. გამთენიისას შვილი თავზე დამადგა, მიყურა, მიყურა და იცით, რა მითხრა?

- მაშინ მოტყუვდი, როცა გადაწყვიტე, რომ გაგეჩინე და იცი, რატომ? ამით იმ ოთხ “ახვარს” სამაგიერო გადაუხადე. მათგან ერთ-ერთის შვილი ვარ და მისი სისხლი მიჩქეფს ძარღვებში. შენ კი, ბუნებრივია, მამაჩემი გეზიზღება. მას ვერ გაუსწორდი, სამაგიეროდ, მე გამისწორდი - მის შვილს და ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციე. არ იდარდო, ამ ჯოჯოხეთის დედოფალი შენ იქნები!

იმ დღიდან ჩემი ცხოვრება, მართლაც, იქცა ჯოჯოხეთად...

ჩემმა შვილმა ყველაფერს მიაღწია - ისწავლა, განათლება მიიღო, კარგ ადგილებზე მუშაობდა, ცოლი მოიყვანა, შვილები ეყოლა. იდეალური ქმარი და მამა იყო, მაგრამ... იყო დაუნდობელი, ბოროტი და სადისტი შვილი. იმ დღის მერე, მისგან სითბო აღარ მიგრძვნია. მხოლოდ მცემდა და „სოფლის ძუკნას“ მეძახდა. მხოლოდ ერთს ვთხოვდი, ცოლისა და შვილებისთვის არ მოეყოლა სიმართლე. არ მინდოდა, შვილიშვილებს შევზიზღებოდი. ამქვეყნად მხოლოდ ამ სამ ანგელოზს ვუყვარდი. მინდოდა, კეთილი მოხუცი ვყოფილიყავი და არა - ავი დედაბერი.

იმ დღეს ნასვამი დაბრუნდა, ბავშვები შინ არ იყვნენ. მცემა - თითქმის ძვლებში დამამტვრია. კარზე ზარის ხმა გაისმა - მზია და ელენე დაბრუნდნენ. კარი მამამ გაუღოთ, ბავშვები კისკისით შემოვიდნენ. მამამ კი მკაცრად ჰკითხა:

- სად დაეთრევით?

მზია თამამი მყავს, მიუბრუნდა და უპასუხა:

- მაგ ტონით შვილებს არ ელაპარაკებიან, მასე ქუჩის ქალებს ეუბნებიან.

ჩემმა შვილმა საშინელება თქვა:

- ნუ განიცდი, არისტოკრატი არ ხარ, ქუჩის ქალის შთამომავალი ხარ!

მახსოვს, ელენიკომ მიაძახა:

- დედაჩემს ნუ აყენებ შეურაცხყოფას!

ჩემმა ვაჟმა შვილებს მშვიდად ჰკითხა:

- გინდათ, გითხრათ, რა თესლის ნაყოფები ხართ?!

ვეღარ მოვითმინე, პურის საჭრელი დანა ზურგში სამჯერ ჩავარტყი, მერე არ ვიცი, რას ვაკეთებდი. უკანასკნელი კადრი მახსოვს - ელენიკოსკენ წავედი, ის გულშეწუხებული ძირს ეგდო, მზია კიოდა და მეუბნებოდა, არ მომეკარო, არ მომეკაროო... გონს ციხეში მოვედი..

სასამართლო დუმდა...

შვილიშვილები ტიროდნენ...

ბებიას თვალზე ცრემლი გაშრობოდა...

პროკურორმა სასჯელის უმაღლესი ზომა მოითხოვა...

ადვოკატმა - შემსუბუქება...

თემიდამ რვა წელი მიუსაჯა - სასჯელის მინიმუმი...

ერთ კვირაში მოსამართლე გაათავისუფლეს, სამ დღეში კი, შვილიშვილი შეეძინა და ქალბატონი მოსამართლე ბებო გახდა.

ხუციშვილს “ზონის” ეზოში “ამანათის დამტარებელმა” ამანათი, ყვავილები და მისალოცი ბარათი მიუტანა. ბარათზე ეწერა:

„შენ ყველაზე დიდი გმირი ბებო ხარ, გილოცავთ დაბადების დღეს. შენი შვილიშვილები - მზია, ელენე და თომა ხუციშვილები!“

ერთ საათში, “პაემანზე” გავიდა პატიმარი. ბებოსA და შვილიშვილებს არ ულაპარაკიათ, Mმხოლოდ ტიროდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ.

მას მერე მწამს, რომ უსიყვარულოდ შექმნილი არსება საშიში, დაუნდობელი და ბოროტია, რადგან ღმერთია თავად სიყვარული...