დღეს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობასა და მუნიციპალიტეტების კიდევ უფრო დაშლაზე. კანონპროექტი უკვე შეტანილია პარლამენტში და კულუარებში მიმდინარეობს განხილვა. კულუარებში-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ამ კანონპროექტის მიღება მხოლოდ 'რესპუბლიკელებსა' და 'ნაციონალებს' აწყობთ, ანუ ისინი დაძვრებიან კომიტეტიდან კომიტეტში და ცდილობენ, დეპუტატები დაიყოლიონ. მეტიც, ეს არის კანონპროექტი, რომელიც მიმართულია ახალი მთავრობისა და პირადად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ ამ 'შეთქმულებაში' რამდენიმე მინისტრიც არის გარეული და ნებით თუ უნებლიეთ, 'ნაციონალების' წისქვილზე ასხამს წყალს.
ამჯერად მინისტრებს დავანებოთ თავი, პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე, ანუ ვისაუბროთ იმაზე, რა მიზანს ემსახურება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაშლა. პირველი - კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, მუნიციპალიტეტების დაქუცმაცება შედის ისეთი პოლიტიკური სუბიექტების ინტერესებში, რომლებსაც აქვთ დაბალი რეიტინგი და შედარებით ძლიერი ადგილობრივი სტრუქტურები ('რესპებმა' 'ქართული ოცნების' ხარჯზე ეს მოახერხეს, ხოლო 'ნაცებს' ისედაც ჰქონდათ რეგიონებში ძლიერი სტრუქტურები). თუ მუნიციპალიტეტებს მარტივ მამრავლებად დავშლით, ამ შემთხვევაში ურეიტინგო პარტიები ადვილად მოახერხებენ თავიანთი წარმომადგენლების დანიშვნას ადგილებზე და ბუნებრივია, ხმებსაც ადვილად გადაითვლიან. მაგალითისთვის, თუნდაც ჩემი სოფელი ჯუგაანი ავიღოთ, სადაც ამჟამად დაახლოებით 2500 კომლი ცხოვრობს. თუ სოფელს გავყოფთ 3 მუნიციპალიტეტად, 'რესპები' და 'ნაცები' მოითხოვენ, რომ ორში მათი წარმომადგენელი დაინიშნოს ხელმძღვანელად. ალბათ, ხვდებით, რა მოხდება არჩევნებში, თუკი სოფლის დიდ ნაწილს ესენი ჩაიგდებენ ხელში, ხომ?
მეორე - კულუარული ინფორმაციის თანახმად, კოალიციაში შემავალი პარტიები უარს აცხადებენ (და სამართლიანადაც), მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში, ამიტომ 'რესპუბლიკური პარტიის' ლიდერებმა მიმართეს 'ნაციონალებს', მხარი დაუჭირონ. აი, ამას უკვე არა მხოლოდ ღალატის სუნი უდის, არამედ რეგიონებში ხავერდოვანი გადატრიალების მცდელობის სუნიც!
მესამე - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მოდით, იმაზეც ვილაპარაკოთ, რა ფინანსურ დარტყმას მიაყენებს ქვეყანას რეგიონების დაშლა-დაქუცმაცება? მაგალითად, დღეს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გახლავთ 7,9 მილიონი ლარი, ანუ თითქმის 8 მილიონი. მოსახლეობის რაოდენობა - 70 ათას 600. აქედან ქალაქ თელავში ცხოვრობს 21 ათას 800. თელავის რაიონში შედის 29 სოფელი და 16 თემი. 'რესპებისა' და 'ნაცების' დავთრების მიხედვით, ეს უნდა დაიყოს საშუალოდ 3 ზონად - დასავლეთი, აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი. შესაბამისად, ბიუჯეტიც უნდა გაიზარდოს სამჯერ. აქ გავითვალისწინოთ ისიც, რომ არ არსებობს ადმინისტრაციული შენობები ახალი მუნიციპალიტეტებისთვის.
კიდევ ერთი პრობლემა: როგორ გგონიათ, სოფლების დაყოფას არ მოჰყვება გაუგებრობები და შეხლა-შემოხლა? როგორ გინდათ, ახლა ასე უცებ დავანაწილოთ ტერიტორიები და მისხალ-მისხალ ჩამოვურიგოთ მუნიციპალიტეტებს? მაგალითისთვის ავიღოთ თელავის რაიონში შემავალი მრავალრიცხოვანი სოფელი ყარაჯალა. თუ ჩვენს ფინანსებს მოსახლეობის რაოდენობაზე გადავანაწილებთ, მაშინ ყარაჯალა თითქმის მთლიანად წაიღებს თანხებს და თქვენ წარმოიდგინეთ, აქ დღის წესრიგში დადგება მუნიციპალური ცენტრის საკითხიც. ერთი სიტყვით, სანამ კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით 'რესპუბლიკელებისა' და 'ნაციონალების' მიერ შემოგდებულ კანონპროექტს, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ქვეყნის დაშლის მოღალატური გეგმა, რაც აუცილებლად გამოიწვევს რეგიონებში კონფლიქტების გაღვივებას.
როგორც 'ალიასთვის' ხდება ცნობილი, 'რესპუბლიკელები' პარლამენტში სპეკულირებენ, თითქოს ეს არის ევროპული მოდელი და სოფლებში შემავალ მმართველობებს უნდა მიენიჭოთ საზოგადოებრივი საბჭოების სტატუსი (კი, მაგრამ საბჭოები ხომ უკვე ვნახეთ?). მეტიც, კანონპროექტში ჩადებულია ისეთი ნაღმები, რომლებიც პარლამენტში დამტკიცებისთანავე დაიწყებს აფეთქებას. მაგალითად, პროექტის მიხედვით, ყველა ქალაქს, რომლის მოსახლეობაც აღემატება 15 ათასს, ავტომატურად ენიჭება თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. მუნიციპალიტეტებთან შექმნილ საზოგადოებრივ საბჭოებს ენიჭებათ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საბჭო იქნება არა საკონსულტაციო ორგანო, არამედ მუნიციპალიტეტთან დაპირისპირებული რაღაც გაუგებარი წარმონაქმნი.
ახლა კი მივადექით იმ თემას, რაზეც დღეს არავინ ლაპარაკობს და ამის შესახებ არავინ იცის: ვინაიდან მუნიციპალიტეტების დაშლა შეუძლებელი ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ანუ 2014 წლის მაისამდე (დროის უკმარისობის გამო), 'რესპუბლიკელები' და შესაბამისად, 'ნაციონალებიც' არჩევნების გადატანას ითხოვენ 2014 წლის შემოდგომისთვის, კონკრეტულად, ოქტომბრისთვის, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. გარდა ამისა, აქ კარგად ჩანს 'ნაცებისა' და 'რესპების' ვირეშმაკობა - სააკაშვილის ხროვას დღეიდან ლამის 1 წლით კიდევ უხანგრძლივდება თვითმმართველობის ორგანოებში ყოფნა და სულის მოთქმა. წესით, ამ უჯიშოების სურვილმა ქართული საზოგადოების აღშფოთება უნდა გამოიწვიოს... პრინციპში, აღშფოთება ცოტაა, ქართველმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, საით მივყავართ პარლამენტში მომჯდარ 'რესპუბლიკელებს'. ჩემი აზრით, გაზაფხულზე არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს, არამედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც, ჩვენს მოსახლეობას საამისო მიზეზები საკმარისზე მეტი აქვს.
რატომ მანიპულირებენ 'რესპუბლიკელები' ევროპით? მათ სჩვევიათ ბუზის გადაქცევა სპილოდ, შეიძლება ერთ ადამიანს იცნობდნენ ამერიკაში და მთელი ქვეყანა დააჯერონ, რომ დიდი გავლენა აქვთ შეერთებულ შტატებში. ასე მოატყუეს ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნების წინ, როცა თინიკო ხიდაშელი თავის მამიდაშვილთან დაპრაკუნობდა ამერიკის რომელიღაც პროვინციაში. მართალია, ამჟამად ცოტა სხვა სიტუაციაა, მაგრამ ესენი ცდილობენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაარწმუნონ, რომ ყველაფერი ევროპელ ექსპერტებთან თანხმდება და მოდელიც დასავლურია. როდესაც 'რესპუბლიკელებს' კულუარებში ეკითხებიან, რა არის ამაში ევროპული, ისინი მხოლოდ დაშლა-მოშლაზე იწყებენ ლაპარაკს, ამაზე შორს უკვე ვეღარ მიდიან. არადა, ევროპული გამოცდილება ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტის ზომის რაიმე სტანდარტი არ არსებობს.
არსებობს თუ არა საფრთხე ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, არსებობს. თუ ჩვენ ქვემო ქართლის სოფლებს კიდევ უფრო დავაქუცმაცებთ, სადაც ძირითადად აზერბაიჯანული ეროვნების მოსახლეობაა, შეიძლება ისეთ პრობლემებს წავაწყდეთ, რაზეც აქამდე არასოდეს გვიფიქრია. ან, ვინმე იძლევა გარანტიას, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ჯავახეთის სომხური მოსახლეობა ავტონომიას არ მოითხოვს? კანონპროექტის ავტორებს ან საერთოდ არ აქვთ გაცნობიერებული, ან კარგადაც აქვთ გაანალიზებული, რა საფრთხე შეიძლება შეექმნას ქვეყანას უშიშროების თვალსაზრისით. სხვათა შორის, საერთაშორისო ორგანიზაცია 'უნდ'-მა ჩაატარა კვლევა საქართველოს რეგიონებში და აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სოფლების დაშლის წინააღმდეგია. ამ მონაცემებსაც ასაიდუმლოებენ 'რესპუბლიკელები' (როცა ვამბობ 'რესპებს', ავტომატურად ვგულისხმობ 'ნაცებსაც').
დასკვნა: კოალიციაში მოღალატეთა ერთი ჯგუფი ცდილობს, ქვეყანაში გაააქტიუროს შიდა კატაკლიზმები, რათა აღარავინ იფიქროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ფონზე მოხდეს აღიარება. ასევე, ეს ჯგუფი ცდილობს, ქვეყანას შეუქმნას ფინანსური პრობლემები და მზაკვრული გეგმის წყალობით ხელში ჩაიგდოს ადგილობრივი თვითმმართველობები, რათა შემდგომში დედაქალაქსაც წაეპოტინოს. ამ ჯგუფმა ძალიან კარგად იცის, როგორ 'დაითრიოს' ხელისუფლება ათასნაირი მაქინაციით, როცა მოსახლეობაში არანაირი რეიტინგი არ გააჩნია და გააბითუროს ხალხი დასავლური ღირებულებებით. მაშინ, როცა რუსეთისა და მთელი მსოფლიოს ყურადღება გადატანილია უკრაინაზე, საქართველოში შიდა ძალები იწყებენ ქვეყნის დაქუცმაცებასა და რღვევას. იმედია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და საღად მოაზროვნე ადამიანები 'რესპ-ნაცების' ერთობლივი გეგმის განხორციელებას არ დაუშვებენ და სახელმწიფოს არ მიიყვანენ კატასტროფამდე...