მე-20 საუკუნეში ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა წინა საუკუნესთან შედარებით დაახლოებით 30 წლით გაიზარდა და 2000 წლისთვის აშშ-ში 77 წელი შეადგინა. ხანდაზმულთა ხვედრითი წილის მნიშვნელოვანმა ზრდამ საზოგადოებაში თვისებრივი ცვლილებები მოითხოვა. ასაკოვანი ადამიანებისადმი ღირსეული დამოკიდებულების ჩამოყალიბებით მსოფლიოში გამოირჩევიან და მოწინავე პოზიციებს იკავებენ იაპონია და გერმანია, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, შესამისად - 81 და 78 წელი. მნიშვნელოვანი წარმატებები აქვთ სხვა განვითარებულ ქვეყნებს და, რაც მთავარია, ყველგან იგრძნობა სერიოზული მიდგომა ამ საკითხებისადმი.
საქართველოში ასაკოვანი ადამიანებისადმი ტრადიციულად მოკრძალებული დამოკიდებულებისა და ხშირ შემთხვევაში მათი განსაკუთრებული როლის მიუხედავად (რასაც ადასტურებს, თუნდაც ოჯახის უფროსის, მთიან რეგიონებში კი უხუცესთა ინსტიტუტის გავლენა და სხვ.), სამწუხაროდ, ეიჯიზმის მხრივ გასულ საუკუნეში სერიოზული პრობლემები წარმოიშვა, ბოლო ათწლეულში კი იმძლავრა განსაკუთრებით მახინჯმა, დამღუპველმა ფორმებმა და უახლოეს მომავალში რაიმე სერიოზული პოზიტიური ცვლილებების პერსპექტივა არ შეიმჩნევა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2012 წელს უმუშევრობის დონე კიდევ უფრო გაიზარდა 40-44 და 55-59 წლების ასაკობრივ ჯგუფებში. ამავე მოხსენებაში ვხვდებით ასეთ ბრძნულ დასკვნას: “65+ საპენსიო ასაკია და მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის დასაქმებული, არ ეძებს სამუშაოს და, შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება”.
სტატისტიკის სამსახურის მოხსენებაში ამგვარი ზერელე დასკვნების შემდეგ, გასაკვირი არ არის, რომ “გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკური კომისიის 2011 წლის მონაცემების” მოშველიებით საქართველო ლატვიასა და ხორვატიას შორის განუთავსებიათ უმუშევრობის 15 პროცენტიანი მაჩვენებლით.1
საქართველოში, სხვადასხვა მონაცემებით, სიცოცხლის ხანგრძლივობა დააახლოებით 67 წელია, ქვეყანაში 840 ათასამდე პენსიონერია და 600 ათასი დაქირავებით დასაქმებული, რაც პენსიის სიმცირის ერთ-ერთი მიზეზია. თუ ახალი სამუშაო ადგილები არ შეიქმნა, ამ ვითარების გამოსწორება ვერ მოხერხდება.
სწორედ ასაკობრივი დისკრიმინაციის საკითხებზე გვსურს ყურადღების გამახვილება, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პრესაში და ინტერნეტსივრცეში პერიოდულად ვრცელდება პუბლიკაციები ასაკობრივი დისკრიმოინაციის შესახებ, ეს საკითხი იჩრდილება სხვა, ასევე აქტუალური პრობლემატიკით და ვფიქრობთ მოითხოვს უფრო მეტ ყურადღებას და დეტალურ გამოკვლევას, რადაგან აქ დაგვიანება პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილის საფრთხის შემცველია ათეულ ათასობით დამსახურებული, ქვეყნისა და ერის მოჭირნახულე ადამიანისთვის.
მკვლევარები განასხვავებენ მოსახლეობის დაბერების ბიოლოგიურ, სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს, რომლებიც მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ცნობილი ამერიკელი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე რობერტ ბატლერი იყო პირველი, ვინც იხმარა ტერმინი ეიჯიზმი, როგორც უარყოფითი ან დამამცირებელი დამოკიდებულება სხვა ადამიანის მიმართ ასაკის გამო. მან ეიჯიზმი განსაზღვრა, როგორც ზოგიერთი ახალგაზრდისა და ზრდასრული ადამიანის ღრმად დამალული შფოთვის გამოვლინება მოხუცი ადამიანებისადმი, დაავადებებისადმი, ინვალიდობისადმი. მათი პიროვნული ზიზღი, დაუცველობის, უსარგებლობისა და სიკვდილის შიში. მოგვიანებით, ეიჯიზმი მან აღწერა, როგორც პროცესი, რომელიც ეფუძნება მუდმივ სტერეოტიპიზაციას და დისკრიმინაციას დაბერების, ასაკის მომატების გამო. ასეთი ტიპის დისკრიმინაცია შეიძლება მოიცავდეს ყველა ასაკობრივ ჯგუფს, თუმცა ყველაზე ხშირად ხანშიშესულ ადამიანებთან დამოკიდებულებას ეხება და ჩვენ ამ ასპექტით განვიხილავთ მას. ამაგვარ დისკრიმინაციას გამორიცხავს მაგალითად, ის, რომ ანგელა მერკელის მთავრობაში უკვე 8 წელია მინისტრის პოსტი უკავია ვოლფგან შოიბლეს, რომელიც 1990 წლიდან პარალიზებულია და ინვალიდის ეტლით გადაადგილდება.
სხვათა შორის, მან ახლახანს (71 წლის ასაკში) განაცხადა, რომ მზად არის მომდევნო 4 წელი კვლავ განაგრძოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობა. ალბათ გერმანიაში არ გაძნელდებოდა ვინმე ახალგაზრდის მოძებნა, რომელიც კიდეც იმინისტრებდა და ზოგჯერ მაგიდაზეც იცეკვებდა, მაგრამ იქ, ეტყობა, სხვა კრიტერიუმებით ხდება შერჩევა. აღსანიშნავია, რომ თავად ა.მერკელი 36 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი იყო ჰელმუტ კოლის მთავრობაში (მას ქალებისა და ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრის თანამდებობა ეკავა). ასეთი მაგალითების მოყვანა კიდევ მრავლად შეიძლება განვითარებული ქვეყნების სინამდვილიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ფრიად იშვიათია ჩვენში, რაც მთლიანად სოციალურ-ეკონომიკურ მიღწევებზეც აისახება.
თანამედროვე პირობებში ქვეყნის ადგილის განსაზღვრისას შედარებით უკანა პლანზე გადადის ნედლეულის მარაგებისა და იაფი მუშახელის ფაქტორები, ხოლო ადამიანისეული კაპიტალის ხარისხი და მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების დონე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ლინგვისტური გამოკვლევების თანახმად თანამედროვე ევროპულ კულტურაში მყარად დამკვიდრდა შეფასებითი კონტინუუმი “ახალგაზრდობა-სიბერე”. ამასთან, პირველი პოლუსი პოზიტიური მახასიათებლების (სილამაზე, ჯანმრთელობა, ენერგიულობა, პერსპექტიულობა და ა.შ.), ხოლო მეორე – ნეგატიურის (ავადმყოფობა, უძლურობა, გონებასუსტობა და ა.შ.) შემცველია. თუმცა აღსანიშნავია, ისიც, რომ ევროპულ ენებში სიტყვა “სიბერის” ეტიმოლოგია სულაც არ არის მხოლოდ ნეგატიურთან დაკავშირებული. ინგლისურში სიტყვით “აგეინგ” აღინიშნება ერთდროულად როგორც “დაბერება”, ასევე “ზრდა”. გერანული “ალტერ” (სიბერე) მჭიდრო კავშირშია სიტყვასთან “ელტერნ” – “მშობლები”. რუსული “старый” ასოცირებს “მაგართან” (крепкий).
ქართულ კულტურაში ისეთი მნიშვნელოვანი ფენომენი, როგორიცაა სადღეგრძელო სწორედ ასაკთან ასოცირდება. მოხუცებულობის მიღწევაა ყველაზე სასურველი საახალწლო სურვილიც - “ტკბილად დაბერება”, მთლიანდ ქართული მენტალიტეტი, ცალკეული გამონაკლისების მიუხედავად, ასაკოვანი ადამიანისადმი პატივისცემითაა გამსჭვალული. საბჭოთა რეჟიმის დამყარებიდან თითქმის 50-იან წლებამდე პარტიისა და სახელმწიფოს ხელმძღვანელობაში ახალგაზრდები ჭარბობდნენ, რომლებიც ბუნებრივია არ წყალობდნენ ძველი დროის სპეციალისტებს, გაუთავებელი წმენდებისა და მასობრივი რეპრესიების გზით უსწორდებოდნენ, როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ისე თავის თანამებრძოლებს, რაც საბოლოოდ მასობრივ რეპრესიებში გადაიზარდა და თავის კულმინაციას 1937 წელს მიაღწია.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში კომუნისტი ბელადების დაბერებისა და უძრაობის პირობებში ასაკობრივ დისკრიმინაციაზე უფრო ახალგაზრდების მიმართ შეიძლებოდა საუბარი. მაგრამ დადგა სანატრელი დამოუკიდებლოვბის ხანა და ხელისუფლებაში, ცენტრში თუ ადგილებზე, სრულიად შეუფერებელი, არაკომპეტენტური ადამიანები - მედოლეები, მხატვრები და ზოგჯერ აშკარა კრიმინალები მოხვდენენ. საყოველთაო კორუფციის დასაძლევად “ვარდების რევოლუციის” მესვეურებმა ხელაღებით “ჩარეცხეს” თაობები და ქვეყნის მართვა სრულიად უსწავლელ ყმაწვილებს დააკისრეს, რომლებიც ხანმოკლე მინისტრობის შემდეგ, ხანგრძლივად სასწავლებლად წავიდნენ და ზოგი ჯერაც არ დაბრუნებულა. დასანანია, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვან წილად კვლავ უსწავლელ ახალგაზრდებს ეყრდნობა და გახედვაც არ უნდა ასაკოვანი პროფესიონალებისკენ, რაც წინა წლებში დამკვიდრებული “ეიჯისტური გენოციდის” გაგრძელებას ნიშნავს.
ამრიგად, თანამედროვე საქართველოში ასაკობრივი დისკრიმინაცია – ეიჯიზმი სერიოზულ პრობლემად გვევლინება და მისი გადაჭრისათვის თეორიული კვლევა და კონკრეტული პრაქტიკული ღონისძიებებია საჭირო, რათა არ მოხდეს თაობათა დაპირისპირება და წყვეტა მემკვიდრეობითობაში, აქედან გამომდინარე ნეგატიური შედეგებით მთელი საზოგადოებისთვის.