“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, სოსო მანჯავიძე ყბადაღებულ თვითმმართველობის კოდექსის განხილვის მხოლოდ შეჩერებას კი არა კანონპროექტის დახურვას ითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ კოდექსი ქვეყნის დაშლისა და სეპარატიზმის საფრთხეებს შეიცავს:
- საქართველო ისეთ ადგილზე მდებარეობს, რომ ერთის მხრივ, რუსულ-სომხური ინტერესების გზაჯვარედინია, რომელთა ბუნებრივ მოკავშირედ ირანი ითვლება და, მეორეს მხრივ, - თურქულ-აზერბაიჯანული ინტერესების, რომელსაც ძლიერი ევროპული და, ამავდროულად, ამერიკული მხარდაჭერაც აქვს. ამიტომ, თუ საქართველოს ამ ძალების ბრძოლის არეალად განვიხილავთ, ამ პოლიტიკური პასეანსის მთელი სირთულე გასაგები გახდება.
- ბატონო სოსო, ეს სირთულე მაინც, რაში მდგომარეობს?
- რუსულ-სომხური ალიანსის ოცნება, გნებავთ, მიზანი საქართველოს შავიზღვისპირეთის მითვისება-მისაკუთრებაა, სამხრეთ საქართველოს, ანუ სამცხე-ჯავახეთის ჩათვლით. რუსეთის ეს ინტერესი სრულ თანხვედრაშია სომხური დიასპორის ერთი ნაწილის ამბიციასთან, რომელიც ე.წ. დიდი სომხეთის შექმნას უკავშირდება. ისე, ეს ამბიცია პრობლემა მხოლოდ საქართველოსთვის კი არა, სომხეთის პრობლემაცაა, ვინაიდან ამ იდეის განხორციელების მცდელობას ტრაგიკული და კატასტროფული შედეგები, პირველ რიგში, თავად სომეხი ხალხისთვის მოჰქონდა და მოაქვს.
“წარმატებული რუსულ-სომხური პროექტის” პირველი “შედეგი” აფხაზეთში ეთნიკურ-რელიგიური სურათის მიზანმიმართული შეცვლაა. აფხაზეთში, რუსული აგენტურის მიერ პროვოცირებული ომის შემდეგ, ეთნიკური ბალანსი რადიკალურად შეიცვალა და დღეს იქ ეთნიკურ უმრავლესობას სომხები წარმოადგენენ - მათი პროცენტული შეფარდება 13-დან 50%-მდე გაიზარდა, რაც რუსულ ინტერესებთან სრულ თანხვედრაშია.
- რუსეთს აფხაზეთში სომხური მოსახლეობის გაზრდა ხელს რატომ აძლევს?
- ეს თურქული გავლენის წინააღმდეგ ფარია. ამავე დროს, მიმდინარეობს აფხაზური ეთნოსის ინტენსიური განადგურება. აღნიშნული ბალანსის შეცვლა, პოლიტიკურად 2018 წელს, “დემოკრატიული” საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გზით გაფორმდება.
- ასეთ საგანგაშო პროგნოზს რის საფუძველზე აკეთებთ, ბატონო სოსო?
- საქართველოში რამდნიმე ავტონომიური ოლქია, მათ შორის, - აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის. ამიტომ, გარკვეული ძალები მოლოდინის რეჟიმში არიან და თავიანთ ინტერესებს მაშინ წარმოაჩენენ, როცა აქტიური მოქმედების შანსი მიეცემათ. ამ ძალების მიზანი უცხოეთში, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით, სამცხე-ჯავახეთის “სომხეთის ისტორიის ნაწილად” წარმოჩენაა.
რაც შეეხება აჭარას, შავიზღვისპირეთის ეს უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული მხარე თურქეთისა და რუსეთის დაპირისპირების არეალია, სადაც, როგორც რუსეთს, ასევე, თურქეთს, თავისი საყრდენი სჭირდება. ეს საყრდენი კი, სამწუხაროდ, ეთნიკური სომხები არიან. სწორედ ამ კუთხით უნდა განვიხილოთ აჭარაში უძრავი ქონების შესყიდვის ინტენსიური მცდელობა. რუსულ-სომხური ალიანსი ცდილობს, თურქეთს საპირწონე შეუქმნას, რომ ეთნიკურ-რელიგიური ბალანსი თავის სასარგებლოდ შეცვალოს.
- ამ საფრთხის შესახებ, როგორც ჩანს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისთვის ცნობილია და მოსალოდნელ სეპარატიზმზე აქცენტი, ალბათ, ამიტომაც გააკეთა, არა?
- ილია II ბრძენია და თვითმმართველობის კოდექსის მთელი რიგი საფრთხეები, რასაკვირველია, გათვალა. ამ კოდექსით, უნდა შეიქმნასA რეგიონალური თვითმმართველი რეგიონები, ანუ საქართველოს რეგიონალიზაცია მოხდება. კანონპროექტის მიხედვითვე, ამ რეგიონებს საკუთარი გერბი და დროშა ექნებათ. ეს ცვლილებები ჩვენს ქვეყანას კარგს რას მოუტანს, მით უმეტეს, მაშინ, როცა გვაქვს ისეთი პრობლემური რეგიონები, როგორიც, მაგალითად, აჭარაა. გარდა ამისა, ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები საქართველოს ბევრ რაიონსა თუ რეგიონში ცხოვრობენ და ამ ფონზე ეს კანონპროექტი, პრაქტიკულად, სეპარატიზმის წახალისება არაა? იმედია, ხელისუფლება გონს მოეგება და უწმინდესის რჩევას ყურად იღებს, თან გასათვალისწინებელია, რომ რუსულ-სომხური ალიანსი მხოლოდ ქვეყნის გარედან არ მოქმედებს და მისი ერთადერთი ინსტრუმენტი რუსული დაზვერვა არაა. სომხური დიასპორა თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად დიდ ფინანსურ რესურსს იყენებს - სომხური დიასპორა იმ პოლიტიკურ და არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს, რომლებიც აშკარად ანტიეროვნულ პროექტებს ლობირებენ. ეს ორგანიზაციები პირდაპირ თანხვედრაში არიან “დიდი სომხეთის” შექმნის პროექტთან და ამის დასტურად საქართველოს სინგაპურიზაციის მცდელობა, სახელმწიფო რეგულაციების სისტემისა და საშუალო ფენის მიზანმიმართული განადგურება, საემიგრაციო პოლიტიკა თუ ეროვნული აქტივების გასხვისებაც გამოდგება. ამ პროცესმა განსაკუთრებით საშიში სახე ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიიღო.
- ადრე ყველაფერზე პასუხისმგებლები “ნაციონალები” იყვნენ. ახლა პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?
- მართალია, “ნაციონალები” წავიდნენ, მაგრამ ხელისუფლების სათავეში მათზე საშიში ძალა - “რესპუბლიკელები” მოვიდნენ, რომელთა პროგრამაშიც დაუფარავადაა მოცემული საქართველოს სამ სახელმწიფოდ დაშლა. “რესპუბლიკელებმა” შექმნილი სიტუაციით ისარგებლეს, ანუ სწორედ მაშინ, როცა სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების გამო საზოგადოებრივი აზრი მოდუნებული იყო, “ნაციონალებსა” და სხვა ფარულ მეკავშირეებთან ერთად, სხვადასხვა პოლიტტექნოლოგიის გამოყენებით, მთავრობას ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის კანონი მიაღებინეს, რომელიც ითვალისწინებს: საქართველოში 250-300 თვითმმართველი ერთეულის შექმნასა და მათ ბაზაზე რეგიონული წარმომადგენლობითი ორგანოების ჩამოყალიბებას. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ამ კანონპროექტის განხორციელება ცუდ შედეგებს მოტანს. მაგალითად, ჯავახეთში იგივე სურათი დადგება, რაც აფხაზეთში მივიღეთ. კერძოდ, ჩამოყალიბდება რეგიონული ორგანო, რომელიც 70%-ით ეთნიკური სომხებით იქნება დაკომპლექტებული.
ისე, როგორც ვიცი, ამ პროექტის განხორციელება თურქულ-აზერბაიჯანული ალიანსის ინტერესებშიცაა, რადგან ეს საშუალებას მისცემს, ანალოგიური მოქმედებები ქვემო ქართლშიც განახორციელოს, ანუ მოწინააღმდეგე მხარეების ინტერესები თანხვედრაშია. გამონაკლისი არც სამეგრელო და სვანეთი იქნება..
მოკლედ, აღარც ენა გვექნება და აღარც - მიწა, რომელიც უცხოელებზე იაფად განზრახ იყიდება! საქართველო რეგიონული ენების ევროპულ ქარტიასაა მიერთებული და, როგორც კი ადგილობრივი თვითმმართველობის კანონი ძალაში შევა, რეგიონული ენების შემოღება აუცილებელი გახდება. უცხოელებსა და უცხოეთის იურიდიულ პირებზე მიწის გაყიდვის დაკანონება კი, რეგიონალიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ რეალობას საკუთრებით ბაზას შეუქმნის და განამტკიცებს.
- თუ არ ვცდები, ხელისუფლებამ კანონში ცვლილება შეიტანა, რითიც უცხოელებზე მიწის გაყიდვა იზღუდება...
- შეზღუდვა სად ჩანს? 2012 წლის 26 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა დანიის მოქალაქე, ვინმე ჰაიკე ჰორნკვისტის სარჩელი, რითიც უცხოელ ფიზიკურ პირებს ქართული მიწების შესყიდვის შეუზღუდავი უფლება მიენიჭათ. სხვათა შორის, ზემოხსენებულ პერსონას იურიდიული მომსახურება კახა ბენდუქიძის მფლობელობაში არსებულმა “თავისუფალმა უნივერსიტეტმა” გაუწია. ამის შედეგად, 6 თვის განმავლობაში, 40 ათასამდე უცხოელმა გაურკვეველი რაოდენობის მიწები აბსოლუტურად გაურკვეველი მიზნებით შეიძინა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მეტწილად საზოგადოების ზეწოლის შედეგად, პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა ცვლილებები, რომლის თანახმადაც, უცხოელებზე მიწების მიყიდვაზე 2017 წლის 31 დეკემბრამდე მორატორიუმი უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა საბოლოოდ, “რესპუბლიკელებისა” და “ნაციონალების” ინიციატივით, აღნიშნული ვადა 2014 წლის 31 დეკემბრით განისაზღვრა. მიწების ფართომასშტაბიანი შესყიდვა სამცხე-ჯავახეთის, აჭარის, სამეგრელოს და ქვემო ქართლის ტერიტორიებზეა მოსალოდნელი, რითიც ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის მიღების შედეგად ჩამოყალიბებული რეგიონული სეპარატიზმის უფლებრივი განმტკიცებისთვის საფუძველი მომზადდება.
- ბატონო სოსო, პრობლემის გადაჭრას როგორ და რა გზით აპირებთ?
- “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, რომლის მთავარი ამოცანაც ამ საერთო ეროვნული პრობლემების გადაწყვეტა და ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, აქტიურად მოქმედებს და საზოგადოებას შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას სთავაზობს: 1) უცხოეთის მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებზე მიწის გასხვისების შესახებ კანონის მიღება, რომელიც ჩვენს მიერაა შემუშავებული. ეს კანონპროექტი საკონსტიტუციო ცვლილებას გულისხმობს, რისთვისაც, მინიმუმ, 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო. 2) ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის ბლოკირება და ამისათვის სხვადასხვა პოლიტიკური და საპროტესტო მოქმედების განხორციელება; 3) საქართველოს საემიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრება; 4) აქტიური მუშაობა აშშ-სა და ევროპაში თურქული ექსპანსიონიზმისა და მის წინააღმდეგ ქართული მხარის მიერ განხორციელებული მოქმედებების სწორად ინფორმირებისთვის; 5) აქტიური და ეფექტური პოლიტიკის გატარება კონფესიათა მშვიდობიანი თანაარსებობის მისაღწევად; 6) ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისათვის მიმართული მოქმედებები; 7) ადგილობრივ არჩევნებში პატრიოტული ძალების გამარჯვება; 8) რუსეთის მმართველ ელიტასთან მუშაობა, რელიგიური და კულტურული კავშირების მაქსიმალური ამოქმედება და ამ საფრთხეების ადექვატური უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავება; 9) ანტიეროვნული პოლიტიკური, საზოგადოებრივი და საინფორმაციო ორგანიზაციების ნეიტრალიზაცია მათი მხილების გზით...