მამა პეტრე (კოლხი): “მე ჯიპიანი მღვდელი ვარ!”

მამა პეტრე (კოლხი): “მე ჯიპიანი მღვდელი ვარ!”

უნდა ერეოდეს თუ არა სამღვდელოება პოლიტიკაში, როგორ უნდა იცხოვროს მართლმადიდებელმა და არის თუ არა ლიბერალიზმი დამღუპველი? - ამ და სხვა აქტუალური შეკითხვებით “ქართულმა სიტყვამ” სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზს, მამა პეტრე კოლხს მიმართა.

- მამა პეტრე, ბოლო დროს სასულიერო პირები პოლიტიკაში აქტიურად ერევიან და პოლიტიკოსებს რჩევა-დარიგებას აძლევენ, რაც საზოგადოების ნაწილს არ მოსწონს...

- ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც მუდმივად სჭირდება განახლება, მათ შორის, პოლიტიკაში ჩარევა, მაგრამ ამას უხეში სახე არ უნდა ჰქონდეს. ძალიან დიდი სახელმწიფოები დიდი იდეოლოგიის ფონზე იქმნებოდნენ. ჩვენთან მართლმადიდებლობა ყოველთვის იდეოლოგია იყო და ქართული სახელმწიფოც სწორედ მასზე აღმოცენდა. მართლმადიდებლობის გარეშე ქართველი ერი მკვდარია. შეუძლებელია, ქართულ კულტურასა და ტრადიციებზე ვისაუბროთ და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი არ გავიხსენოთ...

დავით აღმაშენებლის დროს, სახელმწიფოებრივი საქმეების მოგვარებაში, 4 სასულიერო პირი მონაწილეობდა ხოლმე... არ ვამბობ, რომ სახელმწიფო თეოკრატიული უნდა იყოს, მაგრამ სულიერი მწყემსმთავრის აზრი, ცხადია, გათვალისწინებული უნდა იყოს. პატრიარქს ყოველთვის უნდა დაეკითხონ, თუ რა მოდელი, ან როგორი სახელმწიფოს ფორმაა საქართველოსთვის მიუღებელი და, ხელისუფლებამ კონკრეტული გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით უნდა მიიღოს. როცა ილია მეორე ხელისუფლების წარმომადგენლებს ამა თუ იმ საკითხზე რჩევას აძლევს, ეს სრულიად ბუნებრივია და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ...

- რამდენიმე დღის წინ, ტრაგედია დატრიალდა - მამა აკაკი კუპრაშვილმა ფეხით მოსიარულე ახალგაზრდა კაცი გაიტანა და, როგორც გაირკვა, მამაო მანქანას ნასვამი მართავდა. არსებული ინფორმაციით, მამაომ გარდაცვლილის ოჯახს 15 000 ლარი შესთავაზა...

- სახარება ბრძანებს: „არ არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არ შესცოდოს”,  ანუ ცოდვებისგან, სასულიერო პირი იქნება თუ საერო, დაზღვეული არავინაა. გარდა ამისა, სასულიერო პირობა ცხონების გარანტია სულაც არაა. შეიძლება, საერო პირი უფალთან უფრო ახლოს იდგეს, ვიდრე - სასულიერო. ეს ტრაგედია ყველაზე მეტად კონკრეტულ სასულიერო პირს აწუხებს. ის, რაც ამ შემთხვევის უფრო დრამატიზირებას ახდენს, ფულის შეთავაზებაა, რაც მათგანაა მოგონილი, ვინც ცდილობს, რომ ეკლესიას ტალახი ესროლოს. ისე, კანონი ყველასთვის ერთია - თუ დააშავა, პასუხიც უნდა აგოს, მაგრამ თუ განსაცდელი მოევლინა, მით უმეტეს, მარხვის პერიოდში, ამაზე თვითონ დაფიქრდება. მისი კრიტიკა და განსჯა, არ მგონია, იმაზე ნაკლები დანაშაული იყოს, ვიდრე ავტომობილით ადამიანის გატანაა.

- სიტყვამ მოიტანა და, “შავჯიპიანი” მამაოები ერთობ მომრავლდნენ, რაც ზოგს აღიზიანებს. ჩემი აზრით, უმჯობესია, რომ სასულიერო პირმა შედარებით იაფფასიანი ავტომანქანით იაროს და დანაზოგი გაჭირვებულებს დაურიგოს...

- რაღა შორს წავიდეთ, მეც “ჯიპიანი” მღვდელი ვარ! ბოლო დროს “ჯიპებით” ,,გულნატკენ” ადამიანებს ყველგან წააწყდებით - მეტროში, სამარშრუტო ტაქსიში, სუფრასთან, თვით “ჯიპშიც”... კრიტიკა ხშირად სამართლიანია, მაგრამ უმეტესად - გადაჭარბებულიც, როგორც უსაქმურ არამკითხეებს სჩვევიათ. ღმერთთან მორკინალი იაკობის ძალისხმევაა საჭირო, რომ მშიერი კუჭის ფონზე, სხვისი მაძღარი სტომაქი არ განიკითხო, ან უკეთეს შემთხვევაში, არ ინატრო...

მართლმადიდებლობა უბრალოების, სხვაზე ზრუნვის, უპოვრებისა და მცირედით დაკმაყოფილების რელიგიაა, მაგრამ ფეოდალიზმი მეტად შეინიშნება, ვიდრე - სულიერი გრადაციები. არც “უჯიპობა” ვარგა. მთავრობის მიერ ,,კეთილშობილურ” გადაწყვეტილებას იმთავითვე პროტესტით შევხვდი, რადგან ჩავთვალე, რომ საახალწლო  საჩუქრებად ჩამორიგებული ავტომობილების კოლონა ეკლესიას ბუმერანგივით მოუბრუნდებოდა, შედეგმაც არ დააყოვნა და ყველაფრამდე დაკარგული ერის აქტუალურ თემად იქცა. პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა. მიუვალ გზებზე “ჯიპი”, რაც უნდა ძვირფასი იყოს, ადვილად ფუჭდება და შეკეთება ავტომანქანის ღირებულების მეოთხედი მაინც ჯდება. ,,კეთილმორწმუნე” ძველ მთავრობას გზების მოწესრიგებაზეც რომ ეზრუნა, ,,საჩუქარი” უფრო მეტ დროს წაიღებდა - მართალია, სალაპარაკო თემას ვერ ასცდებოდა, მაგრამ კიდევ ერთ საპრეზიდენტო არჩევნებს მოილევდა. ძალიან გასაბრაზებელია, შეცდომების ოკეანის ფონზე, “ჯიპებით” რომ შემოვიფარგლებით. პრობლემის სწორად დანახვასაც, ალბათ, ნიჭი უნდა. კომპლექსებით დატვირთული საზოგადოება ამ საკითხს ვერ გასცდა!..

მესმის, რომ სასულიერო პირს ავტომობილი ფუფუნებად არ უნდა ექცეს და მანქანას წლებისა და მოდელების მიხედვით არ უნდა იცვლიდეს. იერარქებს არ უნდა ეჯიბრებოდეს. პირადად მე, ვიდრე ქუჩაში არ დამტოვა და არ გავიყინე, მანამდე ვერ მოვიფიქრე, რომ მანქანა უნდა შემეცვალა. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ სახმართმოყვარეობისაგან თავისუფალი ვარ, პირიქით, შეიძლება, ავტომობილებზე არ ვგიჟდები, მაგრამ მობილური ტელეფონებით ვარ დაინტერესებული. მოკლედ, როგორც ვხედავთ, პრობლემა მხოლოდ “ჯიპები” არაა. საერთოდ, ტრაგედია ნივთისადმი ფანატიზმში გადასული დამოკიდებულებაა და არა - “ჯიპებით” ,,გრიალი”... სასულიერო პირი, რომელსაც “ჯიპი” არ ჰყავს, მაგრამ სხვა საშუალებებით დედამიწას გარს უვლის, ნაკლებად სალაპარაკოა? ისე, ვფიქრობ, რომ არც ესაა ვინმეს განსახილველი. ყველა შემთხვევიდან გამომდინარე კი, ეკლესიას უამრავი ნაკლი აქვს გამოსასწორებელი.

- მამა პეტრე, რას გულისხმობთ?

- ტაძარი ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივ ,,პროფილაქტიკას” საჭიროებს. ადამიანის ნაწილია გულიც, კუჭიც, თირკმელიც და რა მნიშვნელობა აქვს, რომელი აგვტკივდება? ავადმყოფი შეიძლება, ქირურგიულ ჩარევამდეც განიკურნოს. მთავარი კეთილი ნება და სწორი მიდგომაა. ეკლესიაში დაგროვილ მანკიერებებზე რომ დავფიქრდეთ, “ჯიპები” არც გაგვახსენდება, თუმცა ეს უარყოფითი მხარეები ეკლესიის, როგორც ქრისტეს მისტიური სხეულის კი არა, არამედ, კონკრეტული ადამიანების სისუსტეა, რომელიც ადვილად მოსაგვარებელია.

ჩემთვის ადამიანთა შორის უპირატეს მეუფე ეფრემს ხშირად ვეუბნები, რომ ავტომობილი გამოიცვალოს და უკეთესი იყიდოს, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, სხვაც იგივე დღეში ჩავარდება. ვინც, თუნდაც ერთხელ არის ნამყოფი ფიტარეთის მონასტერში, დამერწმუნეთ, სასულიერო პირებს “ჯიპების” გამო არასოდეს განიკითხავს. ეს, უბრალოდ, ჰეროსტრატეს სინდრომია... არ ჰყავდა პადრეს ჯიპი ,,აბე მურეს შეცოდებაში”... არც ოხროხინე მღვდელი დასეირნობდა ,,ტოიოტით”... გოდერძი ჩოხელის მიერ დანახული სასულიერო პირიც არ ყოფილა იდეალური და დუღდა ,,მღვდლის ცოდვა”, თუმცა - უტრანსპორტოდ... დიახ, მე “ჯიპიანი” მღვდელი ვარ. გავყიდი და ნახევრად “ჯიპი” რომ ვიყიდო, ოღონდ უფრო ძვირადღირებული, გამატარებთ?!

- ვიდრე “ჯიპს” გაყიდით, მამა პეტრე, თბილისში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა: 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე ებრაული ხანუქას ბოლო დღე კონცერტით აღინიშნებოდა, თუმცა მოქალაქეთა ჯგუფმა, სასულიერო პირების თანხლებით, ებრაელებს ზეიმის უფლება არ მისცეს...

- ჩვენს ქვეყანაში თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, თავს სხვადასხვა ეროვნების ხალხი იყრის. ამიტომ, ვალდებულები ვართ, ამ ხალხების ტრადიციას პატივი ვცეთ. შეიძლება, სხვისი რელიგია ჩემთვის სავსებით მიუღებელია, მაგრამ ამ სხვას ხომ უნდა დავუტოვოთ უფლება, ის ირწმუნოს, რაც სურს, თუმცა ეს ჩემი რელიგიის დაკნინების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

- ამ შემთხვევაში, მართლმადიდებლობის დაკნინებას ადგილი არ ჰქონია, თან ქართველებისა და ებრაელების 26-საუკუნოვანი ურთიერთობაც არ უნდა დაგვავიწყდეს...

- ვთვლი, რომ ორივე მხარე დამნაშავე იყო... ქრისტე გვასწავლის, სხვის რელიგიას პატივი ეციო... ქართული და ებრაული ურთიერთობა განუყოფელია. მართლმადიდებლობა მიტევების, სიყვარულისა და თანადგომის რელიგიაა. იძულებით სწორ გზაზე გავლას ვერავის ვასწავლით და მაგალითი სიყვარულით, დაყვავებითა და ცხოვრების წესით უნდა მივცეთ. რომ ცხონდე, მართლმადიდებლური ცხოვრების წესით უნდა ცხოვრობდე... წირვა-ლოცვაზე სისტემატურად რომ ვიარო, მერე კი, სხვა რელიგიის წარმომადგენელს ქვები დავუშინო, რაღა მართლმადიდებელი ვიქნები? მართალია, ზედმეტი ლიბერალიზმით ჩვენი სარწმუნოება არ უნდა დავაკნინოთ, მაგრამ რელიგიის სახელით არც მუშტი-კრივზე უნდა გადავიდეთ. ამით მართლმადიდებლობასაც ვაყენებთ შეურაცხყოფას და იმ ადამიანებსაც, ვისაც ვდევნით!

- ამ კონტექსტში, ალბათ, 17 მაისიც უნდა გავიხსენოთ...

- მესმის, რომ ცოდვა მხილებული უნდა იყოს, მაგრამ უპრიანი იქნება, კონკრეტულ ადამიანებს კი არა, ცოდვებს ვებრძოლოთ. მაშინ, მართლაც, ზედმეტი მოუვიდათ სასულიერო პირებს და ეკლესიას, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები რომ ავადმყოფურ მდგომარეობაში არიან, გასაგებია, მაგრამ მათ სხვა მეთოდებით უნდა მივუდგეთ - უფრო შემწყნარებელნი უნდა ვიყოთ, რადგან საკუთარ თავში იმას, რასაც აკეთებენ, შეიძლება, თვითონაც გმობენ...

- მამა პეტრე, აღსარებას “ფეისბუქით” მართლა იბარებთ?

- მწერალი ვარ და დავწერე წიგნი - „აღსარება ფეისბუქით“, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღსარებას “ფეისბუქით” ვიბარებ. ეს საზოგადოებამ არასწორად გაიგო, ანუ საზოგადოება ყველაფერს ისე იგებს, როგორც სურს. ისე, თუ სოციალური ქსელი ჩემთვის ნუგეშის მომცემია (ჩემს სულიერ მოძღვარს, სიშორის გამო, ხშირად ვერ ვხედავ), რა დაშავდება, რომ სოციალური ქსელი მასთან საურთიერთობოდ გამოვიყენო? მართალია, საზოგადოებამ ანტირეკლამა გამიწია, მაგრამ ამან უკეთ იმოქმედა და წიგნი გამოქვეყნებამდე უკვე გაყიდულია.

- ახლა შობის მარხვაა და, მამაო, როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი, რომ უფალი არ განარისხოს?

- მორწმუნე ადამიანისთვის მარხვა მთელი ცხოვრება გრძელდება... საერთოდ, მარხვას უძველესი ისტორია აქვს და უფალმა ჯერ კიდევ სამოთხეში დააწესა - ადამს მხოლოდ ხის ნაყოფი არ უნდა ეჭამა, თუმცა მან მარხვა დაარღვია და ამის გამო სამოთხეც დაკარგა. გარშემო ძალიან ბევრი აკრძალული ხილია და  ადამიანს ის სიამოვნებს, რაც აკრძალულია. “აკრძალული ნაყოფის” სინდრომი ყველა ჩვენთაგანს ისე დასდევს, როგორც - აჩრდილი. კითხულობენ ხოლმე, მარხვის პერიოდში ცოლ-ქმრული კავშირი შეიძლება თუ არაო. ცოლ-ქმრული ურთიერთობა ღმერთისგან ნაკურთხია და თუ მასზე თავშეკავება ვერ მოხდება, ეს ცოდვად არ გვეთვლება. ზოგი ეკლესიაში დადის, ლოცულობს, მარხვასაც იცავს, მაგრამ რწმენა მაინც არ აქვს და ყველაფერს მოჩვენებით აკეთებს. ავაზაკს არასოდეს უმარხულია, მაგრამ ცათა სასუფეველში პირველი სწორედ ის შევიდა. ამიტომ, მარხვის პერიოდში ღმერთს უნდა ვთხოვოთ, რომ გვქონდეს ავაზაკის რწმენა, პეტრეს - სინანული და მაგდალინელის - ცრემლები. ეს ის პირობებია, რითიც შეიძლება, ადამიანი გადარჩეს!