არიან თუ არა “რესპუბლიკელები” “ნაცებზე” უარესნი

არიან თუ არა “რესპუბლიკელები” “ნაცებზე” უარესნი

პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე - ამ სამ პიროვნებას მხრებზე ყველაზე მძიმე მისია - საქართველოს ევროინტეგრაცია აწევს. მისია ძალიან რთულია, რადგან ევროკავშირში ასოცირებამდე თითქმის ერთი წელია და ამ ხნის განმავლობაში, შეიძლება, მოხდეს შემდეგი:

რუსეთი ცოცვა-ცოცვით (შეუძლია, პირდაპირაც შემოვარდეს, მაგრამ “ცოცვის სტრატეგია” შეარჩია) მოვიდეს თბილისამდე და შესაბამისი ნიადაგი მოამზადოს, რომ დედაქალაქში ტრიუმფალურად, როგორც განმათავისუფლებელი, შემოვიდეს.

ქართული “მეხუთე კოლონა”, რომელიც კრემლის ყურმოჭრილი მონაა და პუტინის საამებელ პოლიტიკას ატარებს საქართველოში, გააქტიურდება და ათასნაირ ცილს დასწამებს მმართველი ხელისუფლების ლიდერებს - პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. “მეხუთე კოლონას” აქვს თავისი მედიასივრცე, რომელიც უკვე “დაიძრა”, მომავალში უფრო მეტად გააქტიურდება და დაიწყებს “ტვინების გამორეცხვის” ინტენსიურ პროცესს.

და მესამე: ცალკეული მორწმუნეები დასავლეთის დემონიზაციას დაიწყებენ - გარყვნილი დასავლეთი, გლობალისტების დიდი შეთქმულება ღვთისმოშიში ადამიანების წინააღმდეგ, ე.წ. “აიდი პასპორტი” სატანის ნიშნით, ევროპა “ჯოჯოხეთის კარიბჭე” და ერთმორწმუნე რუსეთის საყოველთაო-საკაცობრიო მისია კეთილისა და ბოროტის ბრძოლაში.

სწორედ ამ სამი მთავარი მიმართულებით დაიწყებს კრემლი მოქმედებას და მაქსიმალური ძალისხმევით შეეცდება, 2014 წლის სექტემბრამდე (ევროკავშირში ასოცირებული წევრის სტატუსზე ხელის მოწერა) ისეთი გარემო შექმნას საქართველოში, რომ ევროკავშირის ნაცვლად, ევრაზიაში შევიდეთ. ეს რომ არ მოხდეს, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიუმვირატს, რომ იტყვიან, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მოუწევს “ბოროტების იმპერიის” ბელად პუტინთან.

 

ტრიუმვირატიდან რომელია დომინანტი

შეძლებს თუ არა - პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე იმ საფრთხეების თავიდან აცილებას, რომლებსაც კრემლი გვიმზადებს? ამ სამთაგან რომელს აქვს მთავარი როლი? რომელს აქვს პოლიტიკური გამოცდილება? რომელს აქვს გამორჩეული ინტელექტუალური რესურსი და, საერთოდაც, საჭიროების შემთხვევაში, არსებობს თუ არა ფინანსური რესურსი კრიტიკული სიტუაციის დასაძლევად?

შეკითხვები ბევრია, რომელთა პასუხები ერთი ფრაზით შეიძლება ამოვწუროთ: მთავარია, ხელისუფლებისა და ხალხის ერთობა, ერთიანი ნება და ნებისმიერი წინააღმდეგობის დაძლევა შესაძლებელია. ერთიანი ნება პრობლემის გადაჭრის იდეალური ვარიანტია და ამიტომაც, რეალობიდან შორსაა, მით უმეტეს მაშინ, როცა პოლიტიკასთან გვაქვს საქმე. საქართველოში კი, პოლიტიკური სპექტრი იმდენად ჭრელია, რომ ერთიანი ბრძოლის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება იოლი ნამდვილად არ იქნება...

რამდენიმე დღის წინ, ტრიუმვირატმა კონფერენცია გამართა - “აღმოსავლეთ პარტნიორობა - გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ”, რომლის მიზანი ვილნიუსის სამიტის შედეგების შეჯამება და ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე განსახორციელებელი ნაბიჯების დაგეგმვა იყო, აგრეთვე, ევროპული ინტეგრაციის იმ პრიორიტეტების გამოყოფა, როგორიცაა - უსაფრთხოება, მართლმსაჯულება, ვიზის ლიბერალიზაცია, ენერგეტიკა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.

 „ჩვენ ვიცით, რომ ამ პროცესს ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეები ჩვენს სამეზობლოში. ამიტომ საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, პოლიტიკური სპექტრი, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, უნდა ვიყოთ მობილიზებული, ვინაიდან ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან მოსალოდნელია ხელის შეშლა ამ პროცესში და ეს შეიძლება, სხვადასხვა გზითა და საშუალებით განხორციელდეს. ამიტომ, ამ კონფერენციით ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ყველას ჩვენს ერთობას, ჩვენს მზაობას, რომ ამ გზიდან ვერავინ გადაგვახვევინებს და ტყუილად ნუ ეცდებიან,” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.

ტრიუმვირატის მედროშეობა დავით უსუფაშვილს ხვდა, რადგან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის თავმჯდომარეა და თავის ქმედებებსა და საუბარში დიპლომატიური ნომენკლატურით ნაკლებად შეზღუდულია. სახალხო ენაზე რომ ვთქვათ, დავით უსუფაშვილს, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისაგან განსხვავებით, სათქმელი პირდაპირ და შეულამაზებლად შეუძლია თქვას, გააკრიტიკოს, ვინც უნდა და მუშტი-კრივიც გაუმართოს მათ, ვინც ნერვებს მოუშლის (ასეთი რაღაცები მსოფლიოს ყველა პარლამენტში ხდება), მაგრამ ბატონი უსუფაშვილი ცნობილია თავისი სიდინჯით. პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი კი, თანამდებობრივი ეტიკეტით არიან შეზღუდულნი და ემოციები დიპლომატიური ჩარჩოების შესაბამისად უნდა გამოავლინონ.

გარდა ამისა, დავით უსუფაშვილს პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ სერიოზული გამოცდილება აქვს მიღებული - ბოლოს და ბოლოს, მისი მეუღლე თინა ხიდაშელია. აქტიური, შემტევი, უმუხრუჭო თინა თავისი დინჯი მეუღლის სრული ანტიპოდია. ორივე ერთად კი, დაბალანსებული პოლიტიკური ოჯახია. P

დიდი პრაქტიკული პოლიტიკური გამოცდილება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს არ აქვს, თუმც ეს “ნაკლი” არაფერს ვნებს მის ფილოსოფიურ ქარიზმას, არც მეგობარი ქალის გაოფიციალურებული სტატუსი აკნინებს პრეზიდენტის უდიდებულესობას. ყველაფერი ეს პიკანტურადაც კი გამოიყურება და ამაზე უკვე იმდენი ითქვა, რომ ახალს ვერაფერს დაამატებ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, მის ხელში რეალური ძალაუფლების ბერკეტია და იგი ბიძინა ივანიშვილის მიერაა ხელდასხმული. ასე რომ, ტრიუმვირატის რეალური დომინანტი კადრს მიღმაა, მაგრამ ხალხს ლაპარაკს ვინ დაუშლის და სულ უფრო ხშირად გაიძახის: “ეს “რესპუბლიკელები” თავზე წამოგვაჯდნენ;”, “ესენი “ნაცისტებზე” (“ნაცმოძრაობა”) უარესები არიან;” “ამათ ისევ “ნაცისტები” მირჩევნია!” და სხვ.  

 

“დასავლეთი - ჯოჯოხეთის კარიბჭე”

არცთუ დიდი ხნის წინ, “რესპუბლიკელების” წინააღმდეგ დაწყებულ-აგორებულ კამპანიას დავით ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

“...ამგვარი კომენტარების ავტორები, როგორც წესი, “ნაცმოძრაობის” მიმართ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან, მაგრამ მათთვის “ნაცმოძრაობა” იმთავითვე მიუღებელი იყო, არა ავტორიტარიზმის, ან თუნდაც ადამიანის უფლებათა ხელყოფის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მისი დეკლარირებული პროდასავლურობისა და ლიბერალიზმის გამო. აქვე შევნიშნავ, რომ ლიბერალიზმი და პროდასავლურობა მათთვის ანტიქართულ, ან საუკეთესო შემთხვევაში, არაქართულ, ჩვენთვის უცხო ღირებულებებთან ასოცირდება, რომელთა მოძალებაც ეროვნული იდენტობის დაკარგვით, ანუ გადაგვარებით გვემუქრება. მეორეს მხრივ, სწორედ ახლა, როცა “ნაცისტებზე უარესები” ხელისუფლებაში არიან, არის სერიოზული შანსი, ქართული პოლიტიკა თვისობრივად ახალ ხარისხობრივ საფეხურზე ავიდეს და ისეთი ხალხის აზრი, რომელიც ამტკიცებს, რომ ევროპა გარყვნილების ბუდეა და კაცები ძირითადად ერთმანეთზე აღოღებით არიან დაკავებულნი, არ იქნეს სერიოზულად აღქმული არც პოლიტიკური სპექტრის, არც მასმედიის და არც საზოგადოების გავლენიან წრეებში, თუმცა ის, რომ განსხვავებული აზრი არ იდევნება და რეპრესიები არ მიდის, კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის. აუცილებელია ხელშესახები წარმატებები, რათა საქართველოს მოქალაქეებმა უშუალოდ იგრძნონ პროდასავლური ორიენტაციისა და დემოკრატიის სიკეთე. ეს არაა ადვილი, მაგრამ შესაძლებელია”, - წერს “ფეისბუქზე” ზურაბიშვილი და მის სიტყვებში ჭეშმარიტების მრავალი მარცვალია.

სამწუხაროდ, პროდასავლურად განწყობილი ადამიანები არა მარტო პრორუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის, არამედ, ფანატი მართლმადიდებლების აგრესიის სამიზნენიც არიან, რასაც ძალიან მზაკვრულად და მოხერხებულად იყენებს რუსული მხარე. “ფეისბუქზე” უხვად ყრიან რელიგიური შინაარსის ანტიდასავლურ ვიდეოებს: “დასავლეთი - ჯოჯოხეთის კარიბჭე”, “დასავლეთი სატანის ნიშნით”, “დასავლეთი ქვესკნელში იძირება”, “დასავლეთი აღიგვება მიწისაგან პირისა” და ა.შ.

ვიდეოები მაღალპროფესიონალურ დონეზეა შესრულებული და ძალიან დიდ გავლენას ახდენს მაყურებელზე. ყოველივე ამას ემატება შიზოიდთა ანტიდასავლური ქადაგებანი, რომლებიც უხვადაა ინტერნეტში. საზოგადოება ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა და, სამწუხაროდ, ყოველივე ამას პოლიტიკური სარჩული აქვს.

 

ქართული პოლიტიკის ფენომენი

არცთუ დიდი ხნის წინ, როცა “რესპუბლიკელები” აშკარად გააქტიურდნენ პარლამენტში და პოლიტიკურ კულუარებში, მათ წინააღმდეგ კამპანია აგორდა, რომელსაც კულუარებიდან, ალბათ, “ნაცმოძრაობა” ხელმძღვანელობდა. ყოველ შემთხვევაში, “ნაციონალებთან” ასოცირებულმა ერთ-ერთმა მედისაშუალებამ გამოაქვეყნა “რესპუბლიკელთა” მაკომპრომიტებელი მასალა. კერძოდ, 1984 წელს, ქართულ “კა-გე-ბე”-ში დაწერილი ლევან ბერძენიშვილის აღიარებითი ჩვენება (ამ ტექსტის სრული გამოქვეყნება საჭიროდ არ მიმაჩნია, ისედაც ყველამ წაიკითხა). ტექსტში ბატონი ლევანი ბოდიშს იხდიდა საბჭოთა საქართველოს ღალატისა და დასავლური ცრუ ღირებულებების - ადამიანის უფლებებისა და ეროვნული დამოუკიდებლობის აღიარებისთვის, სამშობლოს (საბჭოთა საქართველო) ძირგამომთხრელი საქმიანობისათვის და ა.შ. პირადად მე, ეჭვი არ მეპარება, რომ ასეთი ჩვენება დაწერილი აქვს ლევან ბერძენიშვილს, მაგრამ სხვა რა უნდა ექნა ბოროტების იმპერიაში?!

ერთი სიტყვით, “რესპუბლიკელების” “ჩაძირვა” რამდენიმე მხრიდან დაიწყო - როგორც ძველი ხელისუფლების (“ნაცმოძრაობა”), ასევე, კომუნისტებისდროინდელი რევანშისტული მაღალჩინოსნების მხრიდან. მიუხედავად ასეთი ზეწოლისა, “რესპუბლიკელთა” ფენომენი ქართულ პოლიტიკაში მაინც მყარია. მეორე საკითხია, რამდენად დადებითია “რესპუბლიკელთა” ასეთი ფენომენალური სიმყარე ქვეყნისთვის?!

 P.S. ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, მიზანმიმართულად თუ შემთხვევით, ისე გამოვიდა, რომ “რესპუბლიკელებმა” პარლამენტშიც მოწინავე პოზიცია დაიკავეს და ახლა უკვე საგარეო პოლიტიკის კურსის გატარებაც მათ ხელშია. ერთი სიტყვით, “რესპებს” (“რესპუბლიკური პარტია”) საშუალება მიეცათ, მთელი სიგრძე-სიგანით გამოიჩინონ თავი. ევროინტეგრაცია კი ის რუბიკონია, რომლის გადალახვაც ამ პარტიის 35-წლიან არსებობას უკვე ნამდვილად გაამართლებს და “რესპუბლიკელთა” ფენომენი ქართულ პოლიტიკაში, ბოლოს და ბოლოს, გაცხადდება.

გამახსენდა ჩერჩილის სიტყვები: “პოლიტიკური ტალანტი მდგომარეობს იმაში, რომ განჭვრიტო, რა მოხდება ხვალ, ერთი კვირის შემდეგ, ერთი თვის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ. მერე კი, ახსნა, რატომ არ მოხდა ეს”.

რა მოხდება ერთი წლის შემდეგ - გავხდებით ევროკავშირის ოჯახის წევრი თუ ვერა?