“ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება!”

“ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება!”

“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ირწმუნება, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება. ამასთან, მჟავანაძე პრემიერ-მინისტრს ურჩევს, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს დროზე გაემიჯნოს, თორემ მისი რეიტინგი დაეცემა:

 

- ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ შეთქმულების მომზადებაში “რესპუბლიკური პარტიის” როლი იკვეთება. კოჰაბიტაცია “ნაცმოძრაობასთან”, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენ კომისიაზე უარის თქმა, სააკაშვილის და მისი გუნდის არგასამართლება, „რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპულ ქარტიასთან“ მიერთების საკითხის დასმა, თვითმმართველობის კოდექსი - ყოველივე ამის უკან სწორედ “რესპუბლიკელები” დგანან, რომელთაც სურთ, ხელისუფლების წინააღმდეგ რაც შეიძლება მეტი უკმაყოფილება დაითესოს, ამით თავად ისარგებლებენ და ხელისუფლებაში მოვლენ... თვითმმართველობის კოდექსის ის ვარიანტი, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, სწორედ “რესპუბლიკური პარტიის” “შემოქმედებაა”. ასეთი ქმედებები ერის ღალატის ტოლფასია! ჩვენს ისტორიას თუ გადავხედავთ, ქართველი მეფეები ფეოდალების წინააღმდეგ იბრძოდნენ, ზემოხსენებული პროექტებით კი, ახალი საფეოდალოები იქმნება. მაქვს ინფორმაცია, რომ “ფორუმელები”, “მრეწველები” და “კონსერვატორები” ეწინააღმდეგებიან თვითმმართველობის კოდექსის იმ ვარიანტს, რომელზეც დისკუსია მიმდინარეობს.

ამასთან, ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ფარულ დინებებს აქვს ადგილი. კოჰაბიტაცია, სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა და თვითმმართველობის კოდექსი იმას ემსახურება, რომ ქვეყანაში უმართავი პროცესები დაიწყოს - განაწყენებული ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და ახალ პრემიერს დაუპირისპირდეს. ამიტომ, მოვუწოდებ ირაკლი ღარიბაშვილს - კოალიციაში შემავალ იმ პარტიებს, რომლებსაც 0,1%-იანი რეიტინგი აქვთ, გაემიჯნოს! წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი რეიტინგიც ამ ნიშნულამდე ჩამოვა.

მოკლედ, ფაქტია: „რესპუბლიკური პარტია“ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს - კოჰაბიტაციას ყველაზე მეტად “რესპუბლიკელები” ემხრობოდნენ. სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილის განცხადებაც გვახსოვს, რითიც, პრაქტიკულად, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის წინაღმდეგ გაილაშქრა. უსუფაშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ 2003-2012 წლების სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვა ქართველი ხალხის შეკვეთა იყო და ამ დროს, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, გამიჭირდება, მხარი დავუჭირო პროექტს, რომელიც 2003-2012 წლებში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვას ითვალისწინებს, რადგან მოქალაქეებს სხვა პერიოდებიც ახსოვთო.

მოკლედ, ასეთი განცხადებებით “რესპუბლიკელები” საფრთხეს უქმნიან როგორც პრემიერ ღარიბაშვილს, ასევე, - მთელ ქვეყანას, თან გასათვალისწინებელია, რომ ხელისუფლების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება დღითიდღე იზრდება.

ან ის რას ნიშნავს, პატრიარქს რომ აქილიკებენ, უფლება არ აქვს, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ მოვლენებშიო? რომის პაპი იოანე პავლე მეორე იმითაა ცნობილი, რომ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდა - სხვა თუ არაფერი, თავის დროზე კომუნისტების დაუძინებელი მტერი იყო, მაგრამ ამის გამო არავინ აკრიტიკებდა, პირიქით, მის აზრს ითვალისწინებდნენ. ვინ აუკრძალა ჩვენს პატრიარქს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება? - თამარ კორძაიამ? ისე, ხომ არ დაავიწყდა, როგორ მოიპოვა სადეპუტატო მანდატი -   რეიტინგი მას კი არა, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა, რომელსაც ჯოხი რომ დაეყენებინა, ხალხი ხმას მასაც მისცემდა. კორძაია იურისტია და ადამიანს საკუთარი აზრის გამოთქმას უზღუდავს, ლოგიკა სადაა? ერთი თეა თუთბერიძე, ალბათ, ყველა პარტიას უნდა ჰყავდეს და კორძაიაც “ქართული ოცნების” თუთბერიძეა! როცა ადამიანი პატრიარქის მისამართით სარკაზმულ და ცინიკურ განცხადებას აკეთებს, ეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა, რის გამოც პასუხი უნდა აგოს!..

აუცილებელია, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამით “ნაციონალების” ბოგინსაც წერტილი დაესმება და დანარჩენი პოლიტიკოსებიც თავიანთ რეიტინგებში გაერკვევიან. მერე, გადაწყვიტონ, ექნებათ თუ არა უფლება, თავისი აზრი სხვას მოახვიონ.

- „ქართული ოცნება“ რამდენიმე დეპუტატმა უკვე დატოვა. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ კოალიცია მალე დაიშლება?

- კოალიციის შემადგენლობა ძალიან არასაიმედოა. ნახეთ, ვინ არიან: მედროვეები, რომლებიც ყველა ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ, პარტიიდან პარტიაში გადადიოდნენ; ესენი პოლიტიკური “პროსტიტუტკები” არიან და პოლიტიკურ მეძავობას ეწევიან. ამიტომ, შეიძლება, ყველაფერი მოხდეს. თქვენ რა, გგონიათ, “ნაცმოძრაობას”, რომელსაც ისევ ძველი ბიზნესები აქვს და უზარმაზარ ფულს ატრიალებს, გაუჭირდება, ვინმეს მოსყიდვა, 20-30 მილიონის „გამაზვა“?!

რაც შეეხება მთავრობას, იქაც საქმე გვაქვს დიდ უმეცრებასა და არაადექვატურობასთან იმიტომ, რომ კადრების მნიშვნელოვანი ნაწილი აბსოლუტურად არასწორადაა შერჩეული.

- ნიკა, კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

- შეხედეთ თუნდაც სამინისტროების მუშაობას... სიმართლე გითხრათ, დიდ განსხვავებას ვერც გოგორიშვილსა და იმერლიშვილს შორის ვხედავ... ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული - თუკი სამოქალაქო საზოგადოება მოდუნდება, მმართველ ძალას, შესაძლოა, რაღაცებზე ხელი წაუცდეს.