რამდენჯერმე მსახიობების გარემოცვაში მოვხვდი და აღმოვაჩინე, რომ ამ პროფესიის ადამიანებს მრავალი გასახსენებელი გააჩნიათ. რასაკვირველია “სახალისო ისტორიების” მოყოლა სხვა დარგებში მოღვაწე პიროვნებებსაც ახასიათებთ, მაგრამ აქტიორები მაინც ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ. მაგალითად პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან, მსახიობების მიერ ნათამაშევი როლები კი დროის ყველა გამოცდას უძლებს და მაყურებლის გულებშიც ადგილს მუდმივად იკავებს.
ზემოთ ავღნიშნე რომ პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან. გაგიკვირდებათ და დღევანდელ „მოგონებებს“ ყოფილი პოლიტიკოსის, კობა ამირხანაშვილის ორი „ისტორიით“ დავიწყებ.
„ქართული სუფრისა და ჩვენი ტრადიციების შესახებ კარგად მოგეხსენებათ, ამიტომ ზედმეტი განმარტება აღარ იქნება საჭირო. ერთ მშვენიერ დღეს დაბადების დღე აქვს „დიდ კაცს“ – კობა დავითაშვილს. ყველანი ვემზადებით ღონისძიების ჩასატარებლად და გვინდა, კარგად აღვნიშნოთ ეს ღირსშესანიშნავი თარიღი.
წავედით ერთ-ერთ რესტორანში. ჩატარდა კონკურსი თამადის დანიშვნაზე და კახა კუკავამ გაიმარჯვა. გაუბრწყინდა კახას სახე და ემზადება, კარგი სიტყვაკაზმულობით რომ გაგვაოცოს. მას სიტყვა-პასუხი კი აქვს, როგორიც საჭიროა, მაგრამ „გაბარიტებით“ ვერაა ისეთი, რომ სვავებივით კაცები დაათროს. ვამჩნევთ, კახა, შეძლებისდაგვარად, ისხამს ღვინოს მუცელში, რომ თანამესუფრეების დაცინვის ობიექტი არ გახდეს. თანდათან ვხედავთ, რომ კახას მუცელი ებერება და ისეა უკვე, სადაცაა გასკდება, ეს შენიშნა იუბილარმაც და ხმამაღლა შესძახა – ე, მანდ, მაგ ოქროსავით კაცს რამე არ მოუვიდეს, მიმიხედეთო. ამასობაში აიღო ყანწი ჩვენი პარტიის წევრმა ქალბატონმა, რომელსაც „მათე ბიჭს“ ვეძახით, მე და კუკავას დაგვიწყო შეგულიანება – ესაა თქვენი დალევა, მიდით, შეუბერეთ, ბიჭებოო... კახა დგას წრუწუნასავით გაბერილი მუცლით და წონასწორობას კარგავს. მე კი ვზივარ, მაგრამ ვაი, იმ ყოფას. მაინც არ ვჩერდებოდი და კუკავას დავცინოდი, ნეტავი, რამდენი ლიტრი ჩაისხი მაგ საოხრე მუცელში-მეთქი. ამასობაში, მე მოვიყუდე ფიალით ღვინო და მომენტალურად გავითიშე. ცხვირი ჩავყავი შიგ და ფშვინვაც ამომხდა. როგორც იქნა, თანაპარტიელებმა და მათ შორის „მათე ბიჭმა“ მომიკიდეს მხარზე და სახლამდე მიმათრიეს, ხოლო წრუწუნასავით მუცელგაბერილი კუკავა მარტო „მათე ბიჭის“ გაცილებას დასჯერდა და თავის ფეხით გაეცალა იქაურობას. რომ არა ყოჩაღი „მათე ბიჭი“, ჩვენი მომხედავი კაციშვილი არ იყო – ქართული სუფრისა და კარგი ღვინის გადამკიდე, ისე ვიყავით ყველანი უკლებლივ გათიშულები“.
ბატონი კობა კიდევ ერთ ქალბატონს გაიხსენებს. ეს პიროვნება ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტობაზე პრეტენზიას აცხადებდა. სამწუხაროდ არჩევნებში დამარცხდა და საკუთარი სურვილის ასრულებას რამდენიმე წელიწადში ალბათ კვლავ შეეცდება. გამიგრძელდა ამ ქალბატონზე საუბარი და სიტყვას კვლავ ბატონ კობას გადავცემ.
„მოგეხსენებათ, კარგა ხანს მომიწია პარლამენტში ყოფნამ და სწორედ იმ პერიოდში პარლამენტის წევრები იყვნენ – გივი შუღაროვი, ჯანსუღ ჩარკვიანი და ნესტან კირთაძე. იცით, ალბათ, რომ ბატონი ჯანსუღი საოცარი იუმორის პატრონია და ამ მხრივ, კოლეგებს სხვადასხვა სიურპრიზებით გვანებივრებდა. იმ პერიოდში ნესტან კირთაძეზე მთელი პარლამენტი იყო „აკრეფილი“, რადგან ძაან გამომწვევად იქცეოდა. ეს ჯანსუღს არ გამოპარვია და დაწერა ასეთი ლექსი:
„ნესტან, ნესტან, ბარაქ მზეს, შენ ძუძუდან მოვწოვ რძეს“. ქვემოთ კი მოაწერა ხელი – გივი შუღაროვი და გაუგზავნა ნესტანს. მაშინ დეპუტატებს მაგიდაზე გვქონდა კანონების მთელი წყება და ისე იყო ახუნძლული ერთმანეთზე, ჩვენ ძლივს ვჩანდით. ნესტანი გაეცნო რამდენიმე კანონს, ბოლოს კი ეს ლექსი რომ წაიკითხა, გაავებული გაქანდა დიდი დავთრით ხელში და მთელი კანონთა შეკვრა თავში „დღლიზა“ საწყალ გივი შუღაროვს. გივი გაოგნებული და შეშინებული კითხულობს, რა გინდა ჩემგან, რას მერჩიო. როცა ნესტანმა ლექსი გაუწოდა, ეს რა დაგიწერია, შე გათახსირებულოო, გაგიჟდა კაცი, – ნესტან-ჯან, ამას მე როგორ დავწერდიო, – თან მოჯღანული სახით თავზე ისვამდა ხელებს, ისე ტკივილს ვერ იყუჩებდა. მერე კი გაირკვა ყველაფერი და იუმორმა თავისი ქნა, ვიცინეთ გულიანად და ნესტანიც შემოვირიგეთ“.
პოლიტიკოსის „მოგონებიდან“ თეატრალურ სამყაროში გადავინაცვლოთ და სიტყვა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ გურამ ჯაშს მივცეთ. ბატონმა გურამმა გივი ბერიკაშვილს ერთხელ განსაკუთრებული ოინი მოუწყო.
„ხაშურში ვართ დაპატიჟებულები, გივი ბერიკაშვილისთვის უნდოდათ საღამოს მოწყობა. მარტო ხომ არ წავალო, იფიქრა და ახლობლები წაგვიყოლა. სანამ დავიძვრებოდით, მანამდე ზარი იყო ხაშურიდან, მაგრამ მერე გაწყდა და ვეღარ დარეკეს. გივი საფიქრალში ჩავარდა, ნეტავი, რატომ მირეკავდნენო. ორი მანქანით წავედით, წინ გივი ზის თავის ბიჭთან, ზურასთან ერთად და უკან მივყვებით ჩვენ. მგზავრობისას შემიჩნდა რაღაცა და ვერ ვისვენებ, მინდა, გივი გავაშაყირო. ამ დროს ბედად ის ზარი გამახსენდა, დილას რომ დაურეკეს გივის ხაშურიდან და ვეღარ დაელაპარაკნენ. ჩემი ნომრიდან კი დავრეკე გივისთან, მაგრამ, გამოვრთე ის მომსახურება, ჩემი ნომერი რომ არ დაფიქსირებულიყო და ფარული ნომრით ვურეკავ გივის. მიპასუხა, გისმენო. ხაშური-მეთქი, – ვუყვირე. დიახ, დიახო – გამომეხმაურა და გავუთიშე ტელეფონი, რომ ნელ-ნელა მომემზადებინა გასაგიჟებელი ნიადაგი.
ჩვენი მანქანა ფეხდაფეხ მისდევს მას და უკნიდან ვხედავ გივის რეაქციებს, როგორ ცმუკავს, ნელ-ნელა მოუსვენრობა ეწყება. გავიდა ცოტა ხანი და კიდევ ვურეკავ ფარული ნომრით. ხაშური, ბატონო გივი, ხაშური! – ვუყვირი ტელეფონიდან. ჰო, გისმენ, შე დალოცვილო, ამოიღე ხმაო, – უკვე ხვეწნა დამიწყო. ამ დროს ისევ გავთიშე ტელეფონი. ერთი ზარიც იყო საჭირო და საქმეც მოთავებული იქნებოდა გივის გასაგიჟებლად. ამასობაში გავჩერდით გორის ბაზრობასთან და ვსვამთ ცივ სასმელებს. ისევ ჩავსხედით მანქანებში და დავურეკე გივის, ზარის გასვლა და მისი წყობიდან გამოყვანა ერთი იყო, ილაპარაკე, შე დალოცვილო, გამაგებინე ორი სიტყვაო. მეც ვუთხარი, გადაიდო-მეთქი და გავუთიშე კვლავ ტელეფონი.
ამის გაგონება იყო და ზურიკოს მოატრიალებინა მანქანა და იქიდან გადმოვიდა, მაგრამ, რად გინდა, გივი გივის არ ჰგავს – კაცი მხეცადაა ქცეული და ბოლთას სცემს, თან ისეთი გამომეტყველება აქვს, დანა პირს არ უხსნის. ვინც ჩემს მანქანაში იჯდა, კი ვიცით, რაშიცაა საქმე, ვიხევით შუაზე, ისე ვიცინით, მაგრამ, გვიახლოვდება ნირწამხდარი გივი და გვინდა, თავი შევიკავოთ, რომ არ შეგვატყოს რამე. იყვირა – წავედით ახლავეო, ახლა მირეკავენ, რომ გადაიდო კონცერტიო – და იგინება სართულებიანად.
მოიცა, ზახარიჩ, დაწყნარდი. მოდი, ლუდი დალიე, გული გაგიგრილდება-მეთქი, – ვამშვიდებდით და თავს ძლივს ვიკავებდით, რომ არ გავშიფრულიყავით. მოდი, ჩავიდეთ ხაშურამდე, რაღა დარჩა-მეთქი.
მართლა დამიჯერა და წავედით სიტუაციის გასარკვევად. ჩავედით, როგორც იქნა და დაგვხვდა იქ ორგანიზატორი თავისი ჯგუფით. გივიმ რომ დაინახა იმათი გაბადრული სახეები, ამაზე უფრო აფეთქდა. ალბათ, იფიქრა, დამცინიანო და გალომებული მივარდა იმ კაცს – რა გადაიდო, ახლა მითხარი, შე ასეთოო და მიაკურთხა კიდეც. კაცს გაუკვირდა – ვინ გითხრა, რომ კონცერტი გადაიდო, ხალხი თაიგულებითა და ორკესტრებით გხვდება, ყველა ბილეთი გაიყიდა, ფეხზე დასადგომი ადგილიც კი არააო. აბა, რა გადაიდოო, – შეჰყვირა გივიმ. მაშინ ვიფიქრე, რომ ჩემი საქმე ცუდად იყო და შორიახლოს მდგარ ხეს ამოვეფარე. ამასობაში ირკვევა სიტუაცია. როცა ორგანიზატორმა ამოიწყვიტა ყველაფერი, მე არ დამირეკავს და ყველაფერი რიგზეაო, ცოტა პაუზა კი გააკეთა გივიმ და ძებნა დამიწყო – სადაა ჯაში, მე მაგისიო და მაგინა გემოზე. როგორც იქნა, დავაშოშმინეთ გივი, მაგრამ, მაინც გაბრაზებული იყო – ამ თახსირმა კაცმა როგორ წამომაგო ანკესზეო. მერე ეს ამბავი მოყვა სცენაზე, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ამ ავაზაკმა კაცმა კინაღამ ჩამიშალა თქვენთან შეხვედრაო“.
ბატონ გურამს სიტყვა კიდევ ერთხელ გადავცეთ. მსახიობი ბატონ ოთარ მეღვინეთუხუცესს გაიხსენებს.
„ბატონმა თემურ ჩხეიძემ დადგა სპექტაკლი „ბახტრიონი“, სადაც ოთარ მეღვინეთუხუცესი ქადაგის როლს თამაშობდა. ერთ-ერთ სცენაში ის ლოცავს ლელას და ანდრიას, რომლებმაც მტერს უნდა შესწირონ თავი სამშობლოს გადასარჩენად.
ლექსად უნდა ეთქვა ბატონ ოთარს: „მთანი მაღალნი თქვენს სადიდებელსა მღერიანო და ტექსტი გრძელდებოდა. ეს უნდა ყოფილიყო“ – ქადაგის დალოცვა. რატომღაც, იმ დღეს ოთარმა გადაწყვიტა, რომ ფეხშიშველს ეთამაშა როლი, გავიდა სცენაზე და დაიწყო თამაში. ერთი სიტყვა თქვა მხოლოდ და – ვაიო, შესძახა, მერე კი – თქვენი დედაო – შეიგინა. გამიკვირდა, ვიფიქრე, ეტყობა, მომეჩვენა-მეთქი, როცა გინება გავიგე. გადადგა მეორე ნაბიჯი და ამბობს: „თქვენს სადიდებელსა მღერიანო – და, კიდევ დედები შეუკურთხა ყველას. უკვე გამიკვირდა, მივხვდი, აღარ მეჩვენებოდა მისი სიტყვები. დანამდვილებით ვიცოდი, რომ პიესის მიხედვით გინება არ უნდა დაეწყო, მაგრამ, სულ ასე, გინებ-გინებით ჩაამთავრა ეს დალოცვა. თურმე, ნუ იტყვით და, მუშებს სცენის იატაკზე გადაუჭიმიათ ნაჭერი და ზედ პატარ-პატარა ლურსმნები დარჩენიათ. დადის ოთარი და ფეხებში ერჭობა, თურმე, ეს ლურსმნები. სისხლი სდის კაცს, ამიტომაც დაავიწყდა ყველაფერი... სიმწრისგან შეიკურთხებოდა, საწყალი, აბა, რას იზამდა!“