„ბორდის“ წევრობის 68-კაციანი სია და საზოგადოების ნაწილის პროტესტი

„ბორდის“ წევრობის 68-კაციანი სია და საზოგადოების ნაწილის პროტესტი

საზოგადოების ნაწილი საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსის შეჩერებას და საკონკურსო ვადის გახანგრძლივებას ითხოვს.

მომღერალი ლიზა ბაგრატიონი, რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, ლიტერატორი ქეთევან დუმბაძე, პოეტი დათო მაღრაძე და სხვები მიიჩნევენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაცია სათანადოდ არ გახმაურდა, რის გამოც, ბევრმა მსურველმა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კონკურსში მონაწილეობა ვერ შეძლო.

„იმდენად სწრაფად, დამალულად და ინფორმირების გარეშე დასრულდა ეს პროცესი, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელიც სიამოვნებით მიიღებდა შერჩევაში მონაწილეობას, კონკურსის მიღმა დარჩა. იმედს ვიტოვებ, ერთხელ მაინც მოგვაქცევენ საზოგადოებას ყურადღებას და საზოგადოებრივი არხის სამეურვეო საბჭოს დააკომპლექტებენ ღირსეული ადამიანებით, რომლებიც მართლა იზრუნებენ იმაზე, რომ არხმა საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს. ტელეარხი იყოს შემეცნებითი, გასართობი და ისეთი შინაარსის, როგორიც შეეფერება საზოგადოებრივ მაუწყებელს,“- განაცხადა For.ge-სთან ლიზა ბაგრატიონმა.

კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ვადის გაგრძელებას აუცილებლად მიიჩნევს რეჟისორი ბასა ფოცხიშვილიც. მისი თქმით, კონკურსში მონაწილეობის საშუალება რაც შეიძლება ბევრ ადამიანს უნდა მიეცეს და ღირსეულები ფართო კონკურენციის პირობებში უნდა გამოვლინდნენ.

„ნაჩქარევ დროში კონკურსის ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია. მოვითხოვთ გაგრძელდეს ვადა. სამეურვეო საბჭოში უნდა იყვნენ მაღალი რანგის პროფესიონალები, დახვეწილი გემოვნების ხალხი - სწორედ, მათ უნდა მივაწვდინოთ ხმა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გახდეს ქართული სატელევიზიო სივრცის სახე.

68 კაცი ძალიან ცოტაა. კიდევ ბევრმა უნდა შეიტანოს განაცხადი, რომ არჩევანი იყოს ფართო. ამისთვის საჭიროა მეტი ინფრომირება“, - აღნიშნა For.ge-სთან საუბრისას ბასა ფოცხიშვილმა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე , რომელმაც სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატობაზე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი დადგენილ ვადაში შეიტანა, კონკურსის ვადით უკმაყოფილოებს ერთგვარ სოლიდარობას უცხადებს და For.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ საზოგადოების ნაწილის მოთხოვნას თავადაც შეუერთდება.

კონკურსის კიდევ ერთი მონაწილე სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი კი აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული ორკვირიანი ვადა კანდიდატურების მიერ განაცხადების წარდგენისთვის საკმარისი იყო. თუმცა, მისი თქმით, პროცესის მეტი საჯაროობა და ინფორმაციის გავრცელება უკეთესი იქნებოდა.

„შესაძლოა, ეს პროცესი საკმარისად საჯარო არ იყო. არ ვიცი, მედიასაშუალებებმა გააშუქეს თუ არა ეს ამბავი. მე გავიგე სოციალური ქსელებიდან. „ფეისბუქში“ კი, ალბათ, ყველა არ არის. საკონკურსო ვადას უსამართლოს ვერ ვუწოდებ. თუმცა, სავსებით შესაძლებელი იყო, ყოფილიყო მეტი დრო. 68-კაციან შემადგენლობაში, ჩემთვის საპატივცემლო ადამიანების საკმარისი რაოდენობაა. არიან ისეთები, ვის პროფესიონალიზმასაც ვენდობი, ვისი ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის მჯერა. ვფიქრობ, საკმაოდ წარმომადგენლობითი სიაა“, - განუცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა For.ge-ს.

სოციოლოგი განმარტავს, რომ საკონკურსო ვადის გაგრძელების საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა პარლამენტის მიერ მსგავსი

გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგიც არ არის.

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს თქმით, პარლამენტი ვალდებული იყო, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირება უზრუნველეყო.

„ყველას გვახსოვს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არაერთხელ იყო აჟიოტაჟი ატეხილი და დღეს პარლამენტი ახალი აჟიოტაჟის საბაბი არ უნდა გამხდარიყო. თუ გადავხედავთ იმ ადამიანების სიას, რომელთაც კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი უკვე შეიტანეს, იქ ვნახავთ არაერთ პირს, რომლებიც მმართველ კოალიციაში შემავალ პარტიებთან არიან ასოცირებულები და წლების განმავლობაში საერთო აქტივობები აკავშირებთ. ეს კითხვის ნიშნები უნდა მოიხსნას. ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ მათ არ დაუკავშირონ კლიშე, თითქოს ახალი ბორდის მეშვეობით ცდილობენ საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას. იმისათვის, რომ საზოგადოებას არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება მაუწყებლის მართვას ბორდის მეშვეობით აპირებს, კონკურსის ვადა უნდა გახანგრძლივდეს“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

საზოგადოებრივ მაუწყებელში გამოცხადებული კონკურსის შესახებ საზოგადოების არასაკმარის ინფორმირებულობაზე საუბრობს კულტურის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძეც.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამურვეო საბჭოს წევრობისთვის გამოცხადებული კონკურსის შესახებ გვიან გავიგე. ასევე ვიცი, რომ ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელსაც ბევრი აქვს ნაფიქრი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციაზე, კონკურსს მიღმა დარჩა, რადგან ინფორმაცია არ ჰქონდათ. სასურველია, რომ კონკურსის ვადა გაიზარდოს, ასევე, მოეწყოს კანდიდატების მიერ წარმოდგენილი პროგრამების საჯარო განხილვა“, - განცხადა ქეთევან დუმბაძემ.

პოეტ დავით მაღრაძეს თქმით: „საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ეს ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება და საზოგადოების ინტერესებს უნდა გამოხატავდეს. არ ვამბობ, რომ პროცესი დახურული იყო, მაგრამ ინფორმაცია იყო არასაკმარისი. ჩემ გარშემო არის არაერთი ღირსეული ადამიანი, რომელმაც ამის გამო განაცხადის წარდგენა ვერ შეძლო. მივმართავ საქართველოს პარლამენტს, მის თავმჯდომარეს, რომ განაცხადის წარდგენის ვადა ერთი კვირით გახანგრძლივდეს“.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატურების შესარჩევი კონკურსი დავით უსუფაშვილმა 27 ნოემბერს გამოაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, კონკურსი 12 დეკემბრის 18:00 საათზე დასრულდა. კონკურსის მონაწილეებს საკუთარი მონაცემების შესახებ ინფორმაცია და საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების მისეული კონცეფცია ქუთაისის პარლამენტში უნდა წარედგინათ ან პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე ელექტრონული ფოსტით გადაეგზავნათ.

დავით უსუფაშვილს 12 დეკემბრამდე, ამ მიზნით, 68 პირმა მიმართა. მათ შესახებ ინფორმაცია პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია. 68-კაციან სიაში საზოგადოებისთვის ცნობილი და მეტნაკლებად ცნობილი პირები მოხვდნენ. მათ შორის არიან: კავკასიოლოგი მამაუკა არეშეძე, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჟურნალისტები: ირაკლი აბსანძე, ელისო ჯანაშია, პაატა ვეშაპიძე, დავით მჭედლიძე; მსახიობები: ნინელი ჭანკვეტაძე, ზაზა კოლელიშვილი და სხვები. მაუწყებლის წევრობის სურვილი გამოთქვა ასევე ბლოგერმა „სოლომონ თერნალელმა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ორგანიზაციის - „თავისუფალი ზონის“ გამგეობის თავმჯდომარემ გელა ვასაძემ.

პარლამენტის საიტზე ასევე გამოქვეყნებულია პროფესორ თამაზ ხომერიკის განაცხადიც, რომელსაც მაუწყებლის განვითარების კონცეფცია არ ახლავს, განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ მისი ავტორი დამსახურებული ჟურნალისტია და საქართველოში, ამიერკავკასიასა და საბჭოთა კავშირში პირველი სატელევიზიო საინფორმაციო პროგრამის - „მოამბის“ იდეა, სწორედ, მას ეკუთვნოდა.

თამაზ ხომერიკი აღნიშნავს, რომ უამრავი ეროვნული საქმე აქვს გაკეთებული, მათ განცხადებაში ვერ ჩამოთვლის და, საჭიროების შემთხვევაში, მზად არის შესაბამისი ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარეს ტელევიზიის რეფორმის პროექტთან ერთად პირადად მოახსენოს. მანამდე კი დავით უსუფაშვილისგან პასუხს დაელოდება.

თუ კანდიდატურების გამოსავლენი კონკურსის ვადა არ გაგრძელდება პარლამენტის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია 27 განაცხადს იმ 68-კაციანი სიიდან შეარჩევს, რომლებმაც პარლამენტის თავმჯდომარეს 12 დეკემბრამდე მიმართეს. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებიდან კი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 9 წევრს პარლამენტი დაამტკიცებს.