მთელი საქართველოს მასშტაბით ნაადრევად მოსულმა თოვლმა უამრავი პრობლემა შექმნა, მაგრამ თეთრი ტურიზმის მიმდევრები კი ძალიან გაახარა. ქვეყნის მაღალმთიან კურორტებზე უკვე გაცხარებული მიმოსვლაა. მოთხოვნა დიდია, შესაბამისად, ფასებიც გაზრდილია.
შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის ინფორმაციით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ზამთრის კურორტებთან დაკავშირებით მარკეტინგული კამპანია შესუსტებულია. მათი ვარაუდით, უცხოელები დეკემბრის ბოლოდან გააქტიურდებიან. მათი თქმით, დასავლეთ ევროპა ყველაზე სტაბილური ბაზარია ქართული ტურიზმისთვის. სამაგიეროდ, წლეულს რუსეთიდან ძალიან გაზრდილია ინტერესი და გუდაურსა და ბაკურიანში ჯავშნები უკვე გაკეთებულია.
ასოციაცია ზამთრის კურორტებზე არსებულ ინფრასტრუტურაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ბაკურიანი ბევრი კუთხით მისახედია, დასახვეწია კვების ობიექტების, საბაგირომდე მისასვლელი გზების, შიდა ტრანსპორტის საკითხები. ასოციაციის განცხადებითვე ამ კუთხით გუდაურში უკეთესი მდგომარეობაა.
გუდაურის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე მამუკა ბურდული კი აცხადებს, რომ ბოლო ორი წელია, სამთო-სათხილამურო კურორტზე ტურისტების ნაკადის უჩვეულო ზრდა შეიმჩნევა, წელს კი მათმა რაოდენობამ პიკს მიაღწია, ძირითადად, რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე.
„სოჭში, ზამთრის ოლიმპიადის გამო, როგორც ჩანს, დასვენების შესაძლებლობა შეზღუდულია ამიტომ რუსი ტურისტები საქართველოში გადმოდიან, ბევრი სტუმარია ჩრდილოეთ კავკასიიდან, ოსეთიდან, ჩეჩნეთიდან, კრასნოდარისა და როსტოვის მხარეებიდან. 15 იანვრამდე ერთ თავისუფალ ადგილს ვერ ნახავთ გუდაურში. სასტუმროების დიდ ნაწილს მარტამდეც აქვს ჯავშნები“, - განაცხადა მამუკა ბურდულმა.
მისი თქმით, ტურისტების სიმრავლესთან ერთად საკურორტო სეზონის გახანგრძლივების ტენდენციაც შეიმჩნევა. „წელს დამსვენებლები აპრილშიც კი ამოვიდნენ. ამ დროს გუდაურში თოვლი ყოველთვის მოდის, მაგრამ არავინ გვსტუმრობდა ხოლმე“, - აღნიშნა ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება ფასებს, გუდაურსა და ბაკურიანში დასვენება 15-20%-ით გაძვირდა.
შარშანდელთან შედარებით ფასებს შორის სხვაობა, დაახლოებით, 80 ლარია. წლეულს ბაკურიანსა და გუდაურში ამ სზონზე დასვენება ბევრად უფრო მეტი ღირს, ვიდრე შარშან, სხვაობა საკმაოდ თვალშისაცემია. როგორც ტურისტული კომპანიები და სასტუმროს წარმომადგენლები აცხადებენ, ამჟამად გუდაურსა და ბაკურიანში 2-ადგილიანი ნომრის ღირებულება 60 ლარიდან იწყება და 500 ლარამდე აღწევს. ფასი მომსახურების პირობებისა და ადგილმდებარეობის მიხედვით განისაზღვრება.
ტარიფების ზრდაზე საუბრობენ ტურისტულ კომპანიებშიც და პარალელურად გამომწვევ მიზეზებსაც ასახელებენ.
„შარშანდელთან შედარებით, წლეულს დასვენება გუდაურსა და ბაკურიანში გაძვირდა. მიზეზად პროდუქტზე, საწვავზე ხარჯების ზრდა სახელდება. გარდა ამისა, ფასებს მოუმატეს სასტუმროებმაც. სხვაობა 15-20%-ია. მაგალითად, სასწაულ თანხებს ითხოვენ გუდაურში მდებარე „მარკო პოლოში“ და „კარპე დიემაში“. შარშან ასეთი გაბერილი ფასები არ იყო, რაც წელს არის. თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ წლევანდელ სეზონზე დამსვენებელთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია“, - აცხადებენ ტურისტულ კომპანია „კალიფსო თრეველში“.
ფასების ზრდას ადასტურებენ გუდაურში მდებარე სასტუმრო „მარკო პოლოშიც“. როგორც ირკვევა, სხვაობა, წინა წელთან შედარებით, საკმაოდ დიდია.
„ჩვენთან 2-ადგილიანი ნომრის ღირებულება 413 ლარს შეადგენს, შარშან მისი ფასი კი 350 ლარამდე იყო დასული. ნახევრად ლუქსი ფასი ორ ადამიანზე 450-ის ნაცვლად, წელს 521 ლარამდეა გაზრდილი. რაც შეეხება საოჯახო ნომერს, იგი 4 პირზეა გათვლილი და ფასი 696 ლარს აღწევს. 2012 წელს მისი ღირებულება 550 ლარი იყო. რაც შეეხება დამსვენებლებს, მათი აქტივობა ამ თვეში საკმაოდ დიდია“, - განაცხადეს გუდაურში მდებარე სასტუმრო „მარკო პოლოში“.
ასეთი ფასების ფონზე, ნათელია, რომ ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელებზეა გათვლილი. ქართველები ვერც ბაკურიანში და მით უფრო ვერც გუდაურში დასვენებას ვერაფრით მოახერხებენ.