რატომ მომრავლდნენ თბილისსა და დიდ ქალაქებში უსახლკაროები, მაშინ, როცა თავის დროზე ამერიკისა და დასავლეთის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში უსახლკაროებსა და ე.წ. ბომჟებს იშვიათად ნახავდით?! უსახლკაროთა ზუსტი რაოდენობა დაუდგენელია, მაგრამ ეს პრობლემა უფრო დიდ ქალაქებს ახასიათებს. როგორც ამბობენ, მარტო თბილისში შვიდი ათასამდე ადამიანი ქუჩაში დარჩა. მათი უმეტესობა თბილისელია, რომელთაც ბინა ბანკებმა გაუყიდეს, ან სამკურნალოდ თავადვე გაყიდეს სახლი და უსახლკაროთა არმიას შეუერთდნენ.
არც სხვა დიდ ქალაქებში ცხოვრობენ დალხინებულად. ზოგიერთი უსახკარო ავტოფარეხებში ათენებს ღამეს. მედიაში კონკრეტული საგანგაშო ციფრიც სახელდება, რომ მათი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ათი ათასს აღწევს.
გასულ ზამთარს თბილისში, ვაგზლის მოედანთან ორი ადამიანი გაიყინა. ერთ-ერთი მათგანი ბორდიურზე იწვა და ვეღარ გაუძლო უამინდობას. იყო შემთხვევა, როცა 15 წლის გოგონა ქუჩაში გაიყინა ახალშობილთან ერთად. ზოგიერთ უსახლკაროებს კი კიდურები მოეყინათ და მათი ამპუტაცია გახდა საჭირო.
წელსაც თბილისში ტრაგიკული შემთხვევა დაფიქსირდა. ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამვლელებისა და გარემოვაჭრეების თვალწინ უსახლკარო მამაკაცი გაიყინა. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარს კარგა ხანს არავინ მიაქცია ყურადღება, რადგან მიიჩნიეს, რომ მას ეძინა. მოვაჭრეებმა თვითმხილველს ისიც კი უთხრეს, თავი დაანებე, მთვრალია და სძინავსო. თუმცა მას პულსი არ ესინჯებოდა და უკვე გარდაცვლილი იყო.
შარშანდელი ტრაგიკული შემთხვების შემდეგ ყველას ახსოვს, რომ ქაშუეთის ეზოსთან უსახლკაროთათვის უზარმაზარი კარავი დაიდგა. იმ პერიოდში კარვის დადგმის ინიციატორები ვარაუდობდნენ, რომ ეს კარავი დროებითი იქნებოდა და ამ ადამიანებისთვის საცხოვრებლები ან დროებითი გამოსაძინებელი ადგილები აშენდებოდა. თუმცა ერთი წელი ისე გავიდა, რომ უსახლკაროების კარვიდან გამოყვანა და უკეთესი პირობების შეთავაზება ვერ მოხერხდა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ უსახლკაროთათვის მოსკოვის პროსპექტზე სპეციალური კარვები დაიდგა, რომლებიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ მოინახულეს. კარვები შეიარაღებული ძალების სამხედროებმა დადგეს და, როგორც ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო მზად არის, კარვებში მყოფი პირები უზრუნველყონ ცხელი საკვებითაც.
ამ დროისათვის კარვები 100 ადამიანზეა გაშლილი. პარალელურად, მატულობს იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც თავშესაფარში სურთ გაჩერება.
უსახლკაროთა რიცხვის მომრავლებას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე იმ დაუკვირვებელ და ბოლო ცხრა წელიწადში უკვე შეგნებულად წარმართულ პოლიტიკას უკავშირებს, რომელიც საკუთარი მოქალაქეების გაღატაკებისკენ იყო მიმართული. ცხადია, ადამიანებს არსებობა სჭირდებათ, ამიტომ მიდიან გარკვეულ რისკზე და ჩვენისთანა ღატაკ ქვეყანაში ვალებს იღებენ. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ვალს ვეღარ ისტუმრებენ და წინასწარ გათვლილი გეგმით, უსახლკაროებად იქცევიან.
დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ, ადრე თუ გვიან, ეს სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემად გადაიქცევა. ჯერჯერობით კი, ეს ადამიანები ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ძალიან არაორგანიზებულნი და მიამიტები არიან, რომ საკუთარი ინტერესები დაიცვან.
„ეს საკითხი უფრო გამწვავდება და დიდ პრობლემად გადაიქცევა. თუ საბანკო სექტორმა თავის გეგმებს რეალიზება გაუკეთა, უამრავი ოჯახი უსახლკაროდ დარჩება. დაახლოებით 75 ათას ოჯახს ემუქრებოდა ბინიდან გამოსახლება ყველა ტიპის დავალიანების გამო. თბილისს გარდა, სერიოზული პრობლემებია ქუთაისსა და სხვა ქალაქებში. ასე რომ, პრობლემა პოლიტიკურისკენ მიდის და არ ვიცი, მოგვიანებით რა ფორმას მიიღებს. შესაძლოა, ფონი უფრო დამძიმდეს“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ For.ge-სთან საუბარში.
მისივე თქმით, ეს თავშესაფრები არის მხოლოდ და მხოლოდ სცენარი, რადგან ქვეყანას, რომელსაც უსახლკარობის პრობლემა არ ჰქონდა და საქართველოში უსახლკარო ადამიანი არ არსებობდა, დღეს უკვე ათი ათასობით უსახლკარო ადამიანი შეემატა. თანაც, ეს პრობლემა მზარდი ტენდენციით ხასიათდება.
დემოგრაფი ანზორ თოთაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ყველა სფეროში უმძიმესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მათ შორის, ფინანსების და ადამიანთა ეკონომიკური ცხოვრების მხრივაც. ეს მძიმე მდგომარეობა ინერციით დღესაც გრძელდება, რადგან მისი უცბად აღკვეთა შეუძლებელია. თუმცა ექსპერტის თქმით, ლტოლვილთა სამინისტრო და პირადად მინისტრი დავით დარახველიძე ცდილობენ, ლტოლვილები მაინც დააკმაყოფილონ ბინით და ისინი ქუჩაში არ აღმოჩნდნენ.
რაც შეეხება ქუჩებში მომრავლებულ ე.წ. ბომჟებს, ექსპერტის აზრით, ამ ადამიანთა რაოდენობა უნდა აღირიცხოს და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათი თავშესაფრისთვის.
„არ შეიძლება, ზამთარში საქართველოში ადამიანი გაიყინოს და სიცოცხლეს გამოესალმოს. საშინელებაა, რომ ქართველ კაცს საქართველოში ღამის გასათევი ადგილი არ ჰქონდეს. კიდევ კარგი, პატარა ქალაქებში ეს პრობლემა არ არის, მაგრამ რაღაც არა მგონია, ათი ათასი უსახლკარო გვყავდეს. ამიტომ ეს ურთულესი პრობლემა მთავრობის მხრიდან გადაწყვეტას მოითხოვს“, - აღნიშნა ანზორ თოთაძემ.