გარემოს დაცვის სამინისტროში დაგეგმილი „რეორგანიზაციის“ შედეგად უწყების გარკვეული ფუნქციები ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროების კონპეტენციაში შევა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სამინისტროს უფლებამოსილებების მიტაცება ძალიან ბევრ უწყებას სურდა. მთავრობის გადაწყვეტილებას „მწვანეებიც“ აპროტესტებენ.
პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა „გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ“ მთავრობის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა. გილაურის თქმით, გარემოს დაცვის სამინისტრო სახელმწიფო მინისტრის აპარატად ჩამოყალიბდება, ენერგეტიკის სამინისტრო კი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდ გადაკეთდება.
როგორც ნიკა გილაურმა განმარტა, გარემოს დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ასევე, ენერგეტიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან ერთობლივად იმუშავა და შეიმუშავა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის პროექტი.
„გავნიხილეთ სხვადასხვა ვარიანტები. შევაჯამებთ ამ ვარიანტებს. შევეცდებით, დღესვე ან უახლოეს დღეებში წარვუდგინოთ ეს ცვლილებები საქართველოს პარლამენტს“, - განაცხადა ნიკა გილაურმა.
მისივე განმარტებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციები გაიყოფა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გარემოს დაცვითი და ეკოლოგიური საკითხები სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქციაში დარჩება, ბუნებრივი რესურსებისა და ლიცენზირების საკითხები ენერგეტიკის სამინისტროს შეუერთდება. რაც შეეხება მთლიანად ლიცენზირებას, ბუნებრივი რესურსების ათვისებას და გამოყენებას, ენერგეტიკის სამინისტროში შევა.
მისივე თქმით, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება ისეთივე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, როგორიც არის ტურიზმის დეპარტამენტი. ენერგეტიკის სამინისტროსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაეცემა ლიცენზირების აუქციონების მოწყობა, რომელიც ამჟამად ეკონომიკის სამინისტროშია.
გილაურის თქმით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხს პარლამენტი უახლოეს სხდომაზე განიხილავს.
ამასთან, შეინარჩუნებს თუ არა თანამდებობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ამჟამინდელი მინისტრი გოგა ხაჩიძე, ჯერჯერობით უცნობია. როგორც სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე თავად ხაჩიძემ განაცხადა, „ეს საკითხი მისთვის მნიშვნელოვანი არ არის“.
რაც შეეხება თავად სამინისტროს ბედს, როგორც ხაჩიძემ განაცხადა, „სამინისტრო არ გაუქმდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სახელმწიფო მინისტრის აპარატად ჩამოყალიბდება უწყება, თუ არა“.
„გარემოს დაცვის სამინისტრო არ უქმდება. საუბარია მხოლოდ სხვადასხვა სამინისტროებისთვის ფუნქციების გადანაწილებაზე, რაც ვფიქრობ, შინაარსობრივად და შედეგის თვალსაზრისით, სასარგებლო იქნება, რადგან წმინდა გარემოს დაცვის თემატიკაზე უფრო მეტი ფოკუსირება მოხდება. ეს დიდი უწყებაა, რომელშიც 2 000-მდე ადამიანი მუშაობს“, - განაცხადა ხაჩიძემ.
პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის გია ცაგარეიშვილის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილებების მიტაცება ძალიან ბევრ უწყებას სურდა. დეპუტატის ინფორმაციით, „თავად მინისტრის საქმიანობა და სამინისტროს უფლებები მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მათ შორის - სახელისუფლებო კულუარებში“.
„თურმე, ნუ იტყვით და, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეფორმირებაზე ბატონ გილაურს სხვა მინისტრებთან ერთად ამდენი ხანია, უფიქრია, შედეგად კი ფუნქციების სრული აღრევა მივიღეთ.
ამ უწყებაში მდგომარეობის რეალურად გაჯანსაღების ნაცვლად, მოხდა პირიქით: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მარტივ მამრავლებად დაიშალა და ის პრობლემები, რომელიც ამ უწყებას ჰქონდა, ახლა მთელს მთავრობას მოედო“ - თქვა ცაგარეიშვილმა, რომლის შეფასებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან მიმართებაში დაგეგმილი ცვლილებები „მიხეილ სააკაშვილის სტილში განხორციელებული ახალი აბრა-კადაბრაა“.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მოსალოდნელ გაუქმებას „საქართველოს მწვანეთა პარტია“ აპროტესტებს. ამ თემასთან დაკავშირებით „მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე სპეციალურ პრეს-კონფერენციის გამართვას გეგმავს.
„პრეს-კონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური, საერთაშორისო სამართლის ნორმების დამრღვევი საქმიანობის შესახებ მასალები გამოქვეყნდება, ასევე სისტემის გადასარჩენად „მწვანეთა პარტიის“ მიერ დაგეგმილი ნაბიჯები გახმოვანდება“, - აცხადებენ „მწვანეთა პარტიაში“.