შარანგიებს ,,ოცნებაშიც’‘ მფარველობენ? ვინ შეაჩერა გამოძიება და რას ითხოვს მამია სანადირაძე ხელისუფლებისგან

შარანგიებს ,,ოცნებაშიც’‘ მფარველობენ? ვინ შეაჩერა გამოძიება და რას ითხოვს მამია სანადირაძე ხელისუფლებისგან

,კავკასუს ონლაინის’‘ დამფუძნებელს, მამია სანადირაძეს თავისუფალი სასამართლოს იმედი აქვს. წინა ხელისუფლების პირობებში, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა, ძმებმა შარანგიებმა მამია სანადირაძეს ინტერნეტპროვაიდერი კომპანია ,,კავკასუს ონლაინი’‘ წაართვეს. დაზარალებულმა ბიზნესმენმა კომპანიასთან ერთად ის მედიასაშუალებებიც დაკარგა, რომლებსაც ,,კავკასუს ონლაინი’‘ აფინანსებდა. ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას, მამია სანადირაძე სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. ბიზნესმენს მიაჩნია, რომ უშუალოდ სააკაშვილის მსხვერპლია, შარანგიებს კი მფარველები ახალ ხელისუფლებაშიც ჰყავთ. გამოძიება კი, რომელიც ერთი წელია ჭიანურდება, მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა შეაჩერა.  

- ჩემს გარდა, 200-მდე დაზარალებულმა ბიზნესმენმა მოძრაობა ,,დააბრუნე" შევქმენით. პარლამენტის წევრებს, მინისტრებს შევხვდით, მაგრამ უშედეგოდ. ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრის დროს თქვა, არ ღირს ამ საქმეების გამოძიება, რადგან ამ ქონების დაბრუნება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვებაო.  პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ეს საქმეები შეჩერებულიყო. გამოძიების შეჩერების უფლება არავის აქვს, არ ვიცი, ივანიშვილს ეს გამოუცდელობის გამო მოუვიდა თუ არა. ბიზნესმენები სერიოზულად დაზარალდნენ და ვინ აანაზღაურებს ამ ზარალს? ერთი წლის განმავლობაში, ჩემი ქონება გადაიყიდა - დამნაშავეთა დაჯგუფება, რომელიც ახლა მართავს ,,კავკასუს ონლაინს’‘, ცდილობს, ქონება გაანიავოს, მაგალითად, შავი ზღვის კაბელი, რომელიც ევროპას უკავშირდება, წინასწარი, 15-წლიანი იჯარით გაყიდეს. ძმები შარანგიები, ხვიჩა მაქაცარია, ლევან ყარამანაშვილი - მიხეილ სააკაშვილის ჯიბის ბიზნესმენები არიან, რომლებიც აფინანსებდნენ და დღესაც აფინანსებენ სააკაშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას; დღესაც, ამ კომპანიაში ნაციონალების აქტივისტები, ზონდერები მუშაობენ. ერთ წელში, ,,კავკასუს ონლაინის’‘ საკრედიტო ვალდებულებები 25 000 000 აშშ დოლარით გაიზარდა. 

- წართმეული ქონების დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტს ტვირთად რატომ დააწვება, ორ კერძო სუბიექტს შორის არსებული დავა ისევ მათ შორის არ მოგვარდება?

- სახელმწიფო ბიუჯეტი არაფერ შუაშია. მიხეილ სააკაშვილი ბოლო დღემდე 1 ლარად ურიგებდა ქონებას საკუთარ ახლობლებსა და გარემოცვას. ორი დღის წინ ვნახე ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ სააკაშვილმა ,,სილქ როუდის’‘ ხელმძღვანელს, გიორგი რამიშვილს, იგივე ,,ზარალას’‘, ვარდების რევოლუციის მოედანზე, უდიდესი მიწის ნაკვეთი 1 ლარად აჩუქა, არადა, აქ 1 კვ/მეტრი ძალიან ძვირი ღირს. სააკაშვილმა 1 ლარად გაჩუქების კანონი თავისთვის შექმნა, ძალაუფლების უზურპაცია განახორციელა და დიდი რაოდენობით სახელმწიფო ქონება დაიტაცა. დაახლოებით, 27 000 ჰექტარი 1 ლარად აქვს გაჩუქებული. ეს კი, უხეში გათვლებით, 27 მილიარდი ლარია. გამოიძიოს ახალმა ხელისუფლებამ ეს საქმეები და სააკაშვილის დატაცებული 27 მილიარდიდან, დაზარალებულ ბიზნესმენებს ზარალი აუნაზღაუროს. სახელმწიფო ბიუჯეტი რა შუაშია? სხვათა შორის, თუ ბიუჯეტს უჭირს და წართმეულ ქონებას ვერ აბრუნებ, ახალი ხელისუფლების ჩინოვნიკებმა 100 000 000 აშშ დოლარის ღირებულების ჯიპები როგორღა იყიდეს? 

- ანუ ქონების დაბრუნებას თქვენც შარანგიებისა და სააკაშვილისგან ითხოვთ?

- დიახ და მაქვს მტკიცებულებები - ჩანაწერები, სადაც მათი მუქარისა და ზეწოლის ფაქტებია ასახული. ერთი წლის წინ, პროკურატურაში მივიტანე ეს მტკიცებულება, სულ 11-საათიანი ჩანაწერია, მაგრამ არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. პრაქტიკულად, ეს დანაშაულის თანამონაწილეობაა. ეჭვი მაქვს, გამოძიება მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა შეაჩერა. 

- ფიქრობთ, შარანგიებმა ლაშა ნაცვლიშვილთან გამონახეს საერთო ენა?

- ადვილი შესაძლებელია, დატაცებული თანხის ნაწილით, შარანგიებს გარკვეული პირები მოესყიდათ. სხვაგვარად, ეს საქმე რატომ უნდა შეჩერებულიყო? როგორ შეიძლება, დამნაშავეს ხელი დააფარო? შესაბამისმა სტრუქტურებმა ნებისმიერი სახის დანაშაული უნდა გამოიძიონ. იმ ფარულ ჩანაწერში, რასაც გამოძიებამ ყურადღება არ მიაქცია, თვითონვე აღიარებენ, რომ ,,კავკასუს ონლაინი’‘ სააკაშვილისაა. არ ვიცი, ასეთი გულგრილობა კოჰაბიტაციის ბრალი იყო, თუ უბრალოდ, ფული გაიყვეს, ფაქტია, დანაშაული მოხდა და არც გამოიძიეს. ისიც გავიგეთ, რომ შარანგიები ახალ ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვას ცდილობენ, მეტიც - ახალ ხელისუფლებაშიც არიან პირები, რომლებიც მათ ლობირებენ. ვვარაუდობ, რომ რადგანაც წინა ხელისუფლების პირობებში ბიზნესმენებს უდიდესი ქონება წაართვეს, ახლა არის ცდუნება, ეს თანხა ახალი ხელისუფლების ჩინოვნიკებს შორის გადანაწილდეს. ამ ფონზე, აუცილებელია, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მკაცრად იმოქმედოს; მეტიც - ვფიქრობ, ძმები შარანგიების დაჯგუფება ,,კავკასუს ონლაინს’‘ ხალხისა და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს. ამ უდიდესი ქსელითა და მასში დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურით, უკონტროლოდ უსმენენ ყველას, მათ შორის ,,ქართულ ოცნებასაც’‘. ვიმეორებ, ,,კავკასუს ონლაინში’‘ ნაციონალების ზონდერები და შსს-ს ძველი თანამშრომლები მუშაობენ. ჩემი ინფორმაციით, გამქრალია მოსასმენი აპარატურა, რომლითაც მობილურ ტელეფონებს უსმენდნენ. ვეჭვობ, ,,კავკასუს ონლაინის’‘ ქსელის გამოყენებით მოსმენები ისევ გრძელდება და ნაციონალები პოლიტიკური რევანშისთვის ემზადებიან. ეს ქსელი საკმაოდ რთული გასაკონტროლებელია, თუ მას არ ხელმძღვანელობს პატიოსანი, კეთილსინდისიერი ადამიანი. წინა ხელისუფლებასთან კონფლიქტი იმის გამო მქონდა, რომ არ დავემორჩილე ვანო მერაბიშვილის ბრძანებას, საზოგადოება მეკონტროლებინა. ამ ბრძოლას შეეწირა ჩემი ქონება...

- შარანგიების ქმედება თავისუფალ მედიაზე ზეწოლა არ არის?

- დიახ, ასეა. მაშინ ერთადერთი ვიყავი, ვინც თავისუფალ მედიას აფინანსებდა. ,,აი ტი ვი გე’‘, ,,პრესა გე’‘, ,,ინტერნეტ გე’‘ ამხელდნენ წინა ხელისუფლების არაადამიანურ ქმედებებს და ცხადია, ეს არ მოსწონდათ. ,,კავკასუს ონლაინის’‘ ხელში ჩაგდებით, ამ მედიასაშუალებებსაც დაეპატრონნენ და დღესაც ხელისუფლების წინააღმდეგ ამუშავებენ. ზოგი ჩინოვნიკის დაუდევრობის გამო, კანონიერ მფლობელს არ დამიბრუნეს ქონება, სამაგიეროდ, ,,კავკასუს ონლაინი’‘ და იქ არსებული მედიასაშუალებები ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს. გეკითხებით, რაციონალურად მოაზროვნე რომელი ადამიანი თუ პოლიტიკური პარტია დაუშვებდა ამას? ეს არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. 16 დეკემბერს სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს და სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი მაქვს. 

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძმები შარანგიები აპირებენ, ლონდონის სასამართლოს მიმართონ. დროის გაყვანას ცდილობენ?

- მათი სტრატეგიაა, პროცესი დროში გაწელონ. ჩემს სიმართლეს ყველგან დავამტკიცებ, მათ შორის, ლონდონშიც. ვვარაუდობ, რომ შარანგიები სასამართლო პროცესის გადავადებაში გარკვეულ თანხას იხდიდნენ, რათა გამოძიება არ დაწყებულიყო. ხელისუფლებამ ხალხის წინაშე აღებული ვალდებულება უნდა შეასრულოს და წართმეულ ქონებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყოს. თუ კერძო საკუთრებას არ დაიცავენ, არ მესმის, საერთოდ რისთვის მოვიდნენ ხელისუფლებაში.