„რაც არ უნდა მკითხოთ ამ კომისიის შესახებ, ხომ იცით, რომ მაინც არ დავეთანხმები მის შექმნას?!“

„რაც არ უნდა მკითხოთ ამ კომისიის შესახებ, ხომ იცით, რომ მაინც არ დავეთანხმები მის შექმნას?!“

მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადავადება ჩვენმა საზოგადოებამ საგანგაშოდ აღიქვა. უმრავლესობის წევრებიც დაბნეულნი არიან, ზოგიერთი მათგანი არ მალავს, რომ თეა წელუკიანის ნათქვამმა გააოცა. ერთადერთი, ალბათ, კმაყოფილნი არიან ნაციონალები. ისინი აპელირებენ, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისია ობიექტური ვერ იქნებოდა და პოლიტიკურ მოტივირებულობას და მიკერძოებას გამოამჟღავნებდა, რაც ოპონენტებზე ზეწოლის იარაღად გადაიქცეოდა.

გაკეთდა შეფასებაც, რომ თავის დროზე, „ამ კომისიის შექმნის სურვილით გაჟღენთილ ქალბატონ წულუკიანს, სავარაუდოდ, სურდა, რომ განვლილი 2003-2012 წლები რომელიმე ლათინური ამერიკის დიქტატურის შემთხვევისთვის შეედარებინა, როცა გენერლები მართავდნენ ქვეყანას და ათასობით ადამიანს პირდაპირ ხვრეტდნენ“.

როგორც ირკვევა, ნაციონალებს ყველაზე მეტად აფრიკის ისტორია, ე.წ. ანტიაპარტეიდის ხანა ხიბლავთ და ამ კონტექსტში ნელსონ მანდელას როლიც ახსენდებათ. კერძოდ, სამხრეთ აფრიკის ყოფილმა პრეზიდენტმა - ნელსონ მანდელამ 27 წელი კატორღაში გაატარა. მას, როგორც სამხრეთ აფრიკის აპარტეიდული რეჟიმის პოლიტიკურ პატიმარს, მისჯილი ჰქონდა მძიმე შრომა, მათ შორის, მარილის საბადოებში, რამაც ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შეურყია.

აპარტეიდის დაშლისა და პირველი დემოკრატიული არჩევნების შემდეგ სამოქალაქო ომის დაწყების საშიშროება არსებობდა. საფრთხე იყო, რომ გამარჯვებული შავკანიანები თეთრკანიან უმცირესობაზე შურს იმავე მეთოდით იძიებდნენ, რასაც თეთრკანიანებისგან განიცდიდნენ, ანუ ხალხის ამოხოცვა, სახლების აფეთქება, მასობრივი მკვლელობა. თავად მანდელას თანამებრძოლებიც შურისძიებით იყვნენ გამსჭვალულნი. თუმცა მანდელამ შერიგების გზა ამჯობინა და ვენდეტის ნაცვლად, სამხრეთ აფრიკის სიმართლისა და შერიგების კომისია შექმნა. ვინც ნებაყოფლობით მოყვებოდა დანაშაულს და პატიებას ითხოვდა, მათ აპატიებდნენ.

სხვათა შორის, სიმართლის კომისიის შექმნას ქართველებს კარნეგის მშვიდობის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორი, 90-იან წლებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი საგანგებო მრჩეველი ჯეიმს კოლინსიც ურჩევს.

ხოლო „თანასწორობის ინსტიტუტი“ ანალოგიური სიმართლისა და შერიგების კომისიის შექმნას ითხოვს და მის თავმჯდომარედ პატრიარქს ასახელებს, როგორც ეს სამხრეთ აფრიკაში მოხდა, სასულიერო პირის-დესმონდ ტუტუს მეშვეობით.

თუმცა ამგვარი „ჰუმანური გაკვეთილები“ არ არის ნუგეშის მიმცემი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 2003-2012 წლებში დაზარალდნენ. ისინი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას დღემდე ელიან და ფიქრობენ, რომ არავის აქვს უფლება, მათ ნაცვლად შეუნდოს დამნაშავეებს.

სხვათა შორის, ცნობილია, რომ თავის დროზე ესპანეთში ამნისტია გამოცხადდა, როგორც ფრანკოს რეჟიმის წევრთა, ასევე, მის მიერ დაპატიმრებულ მსხვერპლთა მიმართ. თუმცა ამდენი ხნის გასვლის შემდეგაც, დღემდე ესპანურ საზოგადოებაში აქტიურად კამათობენ იმ ათასობით ადამიანის შესახებ, რომლებიც ფრანკოს მმართველობამ შეიწირა და, რომელთა ბედიც მხოლოდ ისტორიას ჩაბარდა. რაც შეეხება სამხრეთ აფრიკას, საქართველო ამ ქვეყნისგან იმით განსხვავდება, რომ იქ, როგორც თეთრკანიანებს, ისე შავკანიანებს უდანაშაულო ხალხის სისხლი საკმაოდ ჰქონდათ დაღვრილი, საქართველოში კი „ნულოვანი ტოლერანტობა“ მხოლოდ ერთი პარტიის პრეროგატივა იყო.

ვიცოდით რა ნაციონალების ნეგატიური განწყობის შესახებ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის ირგვლივ, დავინტერესდით, რა არსებითი არგუმენტები ჰქონდათ ნაციონალებს ამ კომისიის წინააღმდეგ. ამ მიზნით საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ვესაუბრეთ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ თავიდანვე კარგად არ იყო ჩამოყალიბებული, თუ რა ფუნქციები ექნებოდა ამ კომისიას და როგორ მოხდებოდა ინტერაქცია სასამართლო ხელისუფლებასთან, იქნებოდა თუ არა ის დირექტივების მიმცემი სტრუქტურა და დააკნინებდა თუ არა სასამართლოს დამოუკიდებლობას. მისი აზრით, ამ კომისიას ეფექტური მექანიზმი არ ექნებოდა და სამართლიანობის აღდგენა მის გარეშეც შეიძლებოდა.

„ბოლო დროს ჩვენმა მოქალაქეებმა უამრავი საჩივარი შეიტანეს სასამართლოსა თუ პროკურატურაში. თუმცა წარსულზე როცა არის საუბარი, გავიხსენოთ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს პრობლემები შეექმნა არა ამ ცხრა წლის განმავლობაში, არამედ უფრო ადრეც. პირობითად რომ ვთქვათ, 1990 წლიდან 2003 წლამდე არაჩვეულებრივი სამართლიანობა იყო ქვეყანაში?! თუ ასეა, მაშინ იმ პერიოდზეც ვილაპარაკოთ და ის საქმეებიც გადაისინჯოს. ეს კოლოსალური სამუშაო იქნება. ამიტომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა, ალბათ, ამიტომაც გადადეს, რომ გაითვალისწინეს ეს რთული სამუშაო, რაც სერიოზული დაპირისპირების მუხტს გააჩენდა საზოგადოებაში. მე მგონი, ჩვენ კონსოლიდაციაზე უნდა ვიმუშაოთ და არა იმაზე, რომ დაპირისპირების ბევრი კერა გაჩნდეს“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა For.ge-სთან საუბარში.

ამასთან, დაადასტურა, რომ ვინმეს ქონების ხელყოფა ჩვეულებრივი კრიმინალია და, თუ ქონების წართმევა, ბიზნესის დატერორება და სხვა უსამართლობა მართლაც მოხდა, ამას უნდა ახლდეს შესაბამისი მტკიცებულებები, ახალი გარემოებები და ამ საკითხებზე პროკურატურამ უნდა წარმართოს გამოძიება. მით უმეტეს, თუ მხარეებს შორის მორიგება ვერ ხერხდება.

ჩვენ დავინტერესდით, როგორ უნდა მოხდეს სამართლიანობის აღდგენა, თუკი სასამართლოს ამის სურვილიც არ გააჩნია, რაზეც გიგი წერეთელმა განმარტა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში პოზიტიურია, რომ პროკურატურა ნაკლებად ერევა სასამართლოს საქმიანობაში. თუმცა, სასამართლო ისეთი ინსტანციაა, რომლის გადაწყვეტილებითაც რომელიმე მხარე მაინც უკმაყოფილო დარჩება. ამიტომ სასამართლოს დამოუკიდებლობას უნდა შევუწყოთ ხელი და სულაც არ უნდა შევქმნათ რაღაც კომისიები და ახალი ინსტრუმენტები, რომელიც მართლმსაჯულების გადაწყვეტილებაში ჩაერევა.

„არსად გამიგია, რომ სადმე სასამართლოს ზემდგომი სტრუქტურა არსებობდეს, რომელიც სასამართლოს დირექტივებს მისცემდეს. ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიმართონ“, -აღნიშნა გიგი წერეთელმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის იდეას უმცირესობის მხარდაჭერა არ ჰქონია და ეს უმრავლესობის იდეა იყო. თუმცა მათაც მალე დაინახეს, რომ ამ იდეას ვერ განახორციელებდნენ, ამიტომ გადაიფიქრეს. ეს კი, დავით დარჩიაშვილის აზრით, აჩვენებს, რომ უმრავლესობის წევრები პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებში ჩამოუყალიბებელნი არიან.

„თქვენ იცნობთ რაიმე ტიპის კვლევას, რომ საზოგადოება ასეთი ტიპის კომისიის შექმნას ითხოვდეს? საზოგადოების დამოკიდებულება კვლევებით უნდა დადასტურდეს, უნდა გაირკვას, მოსახლეობის რა პროცენტი, რა წრეები ითხოვენ ამ კომისიის შექმნას. უბრალოდ, ეს იმ ფორმით იყო გაჟღერებული, როგორც „ქართული ოცნების“ წევრებს აწყობდათ. ეტყობა, ამის შემდეგ ვიღაც ჭკვიანმა ხალხმა მათ ჭკუა დაარიგა, რომ ეს არ გამოვიდოდა და სამართლებრივ პრინციპებს ასცდებოდა“, -აცხადებს დავით დარჩიაშვილი.

ჩვენს არგუმენტზე, თუნდაც ერთმა ადამიანმაც რომ მოითხოვოს სამართლიანობის აღსრულება, ეს იქნება იმის საფუძველი, რომ მისი საქმე გადაისინჯოს, რომ არაფერი ვთქვათ პოლიპატიმრებზე, შვილმკვდარ და ქონებაწართმეულ ადამიანებზე, დავით დარჩიაშვილმა განმარტა, რომ ეს არ არის მთელი საზოგადოება. უფრო მეტიც, ერთმა ადამიანმა შეიძლება, მოითხოვოს მთვარეზე გაფრენა და ეს შეუძლებელი აღმოჩნდეს. ამიტომ განზოგადებულად საუბარი დაუშვებელია.

„თუ ადამიანი უსამართლოდ დაისაჯა და დაიჩაგრა, ბუნებრივია, ამას პასუხი სასამართლო პროცედურებით უნდა გაეცეს, სხვას ახალს ვერაფერს მოვიგონებთ. კანონის უზენაესობა ამას ჰქვია და არა იმას, ჯაჭვლიანი თუ ბესელია რას მოისურვებს და რა პირადი შეხედულებები ექნებათ“, - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა და შეკითხვაზე, დღევანდელი სასამართლო სამართლიანობას ემსახურება თუ უსამართლობას, განმარტა, „არ არსებობს რომელიმე ქვეყნის სამართლებრივი სისტემა, რომელიც სრულიად უზადო იყოს, მაგრამ ამას სიმართლის გვერდის ავლით და პოლიტიკური სურვილებით კი არ უნდა ვუპასუხოთ, არამედ ისევ სასამართლო სისტემაში მოვნახოთ ძალები, რომ უსამართლობა გამოსწორდეს. ამ მხრივ პარლამენტს შეუძლია კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და შეუტანია კიდეც ამ სახის ცვლილებები. მათ შორის, საერთო სასამართლოების შესახებ. გარდა ამისა, თუკი ყველა ინსტანცია ამოწურულია, საქმე შეიძლება გაიგზავნოს სტრასბურგში“.

რაც შეეხება მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის მსგავსი ორგანოს შექმნას, იგი აცხადებს, რომ ეთნიკური თუ რასობრივი დაპირისპირების, ან ომის შემდეგ მსგავსი ინსტიტუტები მართლაც შექმნილა მსოფლიოში. მაგალითად, თუნდაც სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ იქ სულ სხვა ვითარება და სხვა გარემოება იყო, ვიდრე საქართველოში. კერძოდ, იქ კონფლიქტიდან, ომის ჩიხიდან გამოდიოდა საზოგადოება, ხოლო საქართველოში 90-იან წლებში ცალკეულმა ბიზნესმენებმა, კაცმა არ იცის, როგორი გზით იშოვეს დიდძალი ქონება, შემდეგ თურმე ზარალი განიცადეს და ამ უსამართლობის გასარკვევად ახლა აუცილებელი არაა სასამართლოს გარეთ დამატებითი ჯგუფები შეიქმნას.

„თუ ამ სასამართლოში არ მოხდება სიმართლის აღდგენა, მაშინ უნდა არსებობდეს რომელიმე მოსამართლის შესახებ კონკრეტული სამხილები. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი გამოსავალი. თორემ მე რაღაცაზე ნაწყენი ვიყო და ვიძახო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რომ ჩემს მიმართ უსამართლობა მოხდა, ჩემი სურვილების დაკმაყოფილება არცერთ სამართლებრივ სისტემას არ შეუძლია. საჭიროა არგუმენტები და კონკრეტულ მოსამართლესთან მიმართებით ჩივილი“, - მიიჩნევს დავით დარჩიაშვილი.

ნაციონალი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების დამდგენი კომისიის შესახებ ძალიან ბევრ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას უარყოფითი პოზიცია აქვს. მისი თქმით, თუ ვინმე თვლის, რომ დაზარალდა, ამისთვის არსებობს პროკურატურა, სადაც არაერთი განცხადებაა შესული და ამ ფორმატით უნდა მოხდეს საქმეების გამოძიება.

„რატომ არ იძიებს ამ საქმეებს პროკურატურა, ამის შესახებ არაფერი ვიცი. უბრალოდ, ვიცი ის, რომ ამ ხელისუფლებამ შექმნა ძალიან დიდი მოლოდინი. ხშირ შემთხვევაში, შექმნა არასწორი მოლოდინი, ამიტომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს პროკურატურის გამოძიების ფარგლებში და არა ზედმეტი დამატებითი სტრუქტურების შექმნით“, - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა ჩვენთან კომენტირებისას და საუბარი ამ სიტყვებით დაასრულა: „რაც არ უნდა მკითხოთ ამ კომისიის შესახებ, ხომ იცით, რომ მაინც არ დავეთანხმები მის შექმნას?!“