ბოლო დროს მშენებლებსა და მთავრობას შორის კავშირი პრაქტიკულად გაწყდა. ხელისუფლების წარმომადგენლები რიგი საკანონმდებლო ინიციატივებით გამოდიან, მაგრამ დარგის სპეციალისტებისთვის ამის თაობაზე არაფერია ცნობილი. ამიტომაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა ახალი სამშენებლო კოდექსის შემუშავების პროცესში უშუალოდ თვითონ მიიღოს მონაწილეობა.
ეს გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრის დროს მიიღო. პრემიერი მშენებლობის ხარისხით დაინტერესდა და მისი კონტროლის ინსტიტუციონალური მექანიზმების მოწესრიგების სურვილი გამოთქვა. პრემიერთან არსებული ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი სამშენებლო კოდექსის შემუშავების პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სპეციალისტები და შესაბამის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მათ კი პრემიერიც დაემატება, რადგან ახალი კანონმდებლობის ამოქმედება ერთ ადგილზე გაყინული დარგის გასალღობად მეტად მნიშვნელოვანია.
ეკონომიკურმა საბჭომ ასევე იმსჯელა მიმდინარე ეკონომიკურთემებზე, განიხილა ახალი საინვესტიციო წინადადებები. მათი ნაწილი გარკვეულწილად სამშენებლო სფეროსაც მოიცავდა.
ამჟამად ახალი სამშენებლო კოდექსის შემუშავებაში საქართველოს გერმანელი ექსპერტები, ქართული პროფესიული საზოგადოებები და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები არიან ჩართულნი. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სამშენებლო და სივრცითი დაგეგმარების საკანონმდელო დოკუმენტები რამდენიმე კანონსა და კანონქვემდებარე აქტშია მიმოფანტული, რომლებიც უკვე მოძველდა და პრაქტიკაში აღარ გამოიყენება.
ახალი კოდექსი ხელს კონსოლიდაციას და „ძირითადი პრინციპების კოდიფიკაციას“ შეუწყობს. ამასთან, შემოვა ახალი ინსტრუმენტები, მათ შორის, ლანდშაფტური დაგეგმარება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ინტეგრირება პროექტის დაგეგმარების პროცესში.
დარგის სპეციალისტები მთავრობასთან კოორდინაციით მეტად უკმაყოფილონი არიან. მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კოდექსზე მუშაობის ფორმატში მათთვის არავის მიუმართავს.
„ვიცი მხოლოდ ის, რომ სამშენებლო კოდექსის განხილვა მიდის, მაგრამ მენაშენეთა ასოციაციასთან და დარგის სხვა სპეციალისტებთან, რომელსაც ვიცნობ, დაკავშირებას არავინ ცდილა. ჩემთვის ისიც უცნობია, კოდექსზე მუშაობისას რაზე გამახვილდება ყურადღება. ალბათ, კოდექსზე მუშაობს ჩაკეტილი ჯგუფი, რომელსაც განსხვავებული აზრის მოსმენა არ აინტერესებს.
სამშენებლო სფეროში დღეს არსებული ნორმიდან ზოგი რამ დასახვეწია, ზოგიც შესაცვლელი და მისაღებია ახალიც. კოდექსი კოდექსისთვის ხომ არ იწერება, შედეგი უნდა მივიღოთ“, - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.
დეველოპერებს მხოლოდ კანონმდებლებთან არ აქვთ პრეტენზია. მათ ბოლო დროს უამრავი პრობლემა აწუხებთ, რომელთა შორის უმთავრესი დაკრედიტების საკითხია.
როგორც „კიდ არქიტექტურის“ წარმომადგენელი აცხადებს, სამშენებლო ბიზნესი კრიზისშია, რადგან კომპანიები კრედიტებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო პროექტების გაგრძელებას ვეღარ ახერხებენ და მთავრობის მხრიდან გადასახადების შემცირებისან გადავადების ხელშეწყობაც არ არსებობს. „კიდ არქიტექტურაში“ საცხოვრებელ ფართებს მომხმარებელს 600-750 დოლარის ფარგლებში სთავაზობენ, თუმცა კომპანია, ფინანსური კრიზისის გამო, დაწყებული პროექტების გაგრძელებას ვერ ახერხებს.
მის მსგავსად ბანკებთან არ თანამშრომლობს დეველოპერული კომპანია „მაგი სტილიც“. კომპანიაში ამის ერთ-ერთ მიზეზად სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები სახელდება, თუმცა დეტალურ ინფორმაციას კომპანიაში არ ახმაურებენ.