"ციხეების მონიტორინგი აუცილებელია!"

"პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ციხეებში არსებული მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა ორი მიმართულებით. პირველი - პატიმართა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, სადაც მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ პრობლემა ბოლომდე მოგვარდა, - ზოგადად, რთული სფეროა და სამოქალაქო სექტორშიც რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა. თუმცა გადადგმული ნაბიჯები იგრძნობა და ამან გარკვეული ასახვა ჰპოვა პატიმართა უფლებრივ მდგომარეობაზეც. მეორე გაუმჯობესება ისაა, რომ პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ციხეებში უკვე აღარ ხდება - ვგულისხმობ ადმინისტრაციის ძალადობას პატიმრებზე. კერძო შემთხვევების გარდა, მსგავსი რამ წლის განმავლობაში არ დაგვიფიქსირებია. თუმცა, საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ რჩება სასჯელაღსრულების სისტემაში", - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა ფოფხაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ეკა ფოფხაძე: "ციხეების მონიტორინგი აუცილებელია".

"ერთ-ერთი გამოწვევა ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტია, რომლის შესახებაც ძალიან ბევრი საუბარია, მაგრამ ამის საბოლოო დადასტურება ან უარყოფა ჩვენს ორგანიზაციას არ შეუძლია, რადგან ჩვენ ციხეებზე წვდომა არ გვაქვს. არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომ ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შეწყვეტის შემდეგ, პატიმართა გარკვეულმა ნაწილმა სცადა, სასჯელაღსრულების სისტემაში გავლენები დაებრუნებინა თუ მოეპოვებინა. კორტავას შემთხვევა ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო ხელისუფლებისთვის. ამას სჭირდება ადეკვატური გამოძიება და ყველა პირის უმკაცრესად დასჯა - ვგულისხმობ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც, რომლებმაც ციხეში ეს დაუშვეს. იყო შეტყობინებები სხვადასხვა პატიმრების მხრიდან, რომ არიან პატიმრები, რომლებიც სხვა პატიმრების დაჩაგვრას ცდილობენ. პატიმრებს შორის ძალადობამ, ვფიქრობ, უფრო წამოიწია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა ფოფხაძე.

"საჭიროა განსაკუთრებული მართვის სისტემის შემოღება. ადრე თუ პატიმრები რამეს გაბედავდნენ, არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარებოდნენ. ახლა ეს მოიხსნა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ციხეების მართვის სწორი მენეჯმენტის შემოღება. ამის გამოცდილება არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაში. უნდა მოხდეს სისტემის თანამშრომლების სერიოზული და ახალი ტექნოლოგიების შემოღება კონტროლის მექანიზმების გასაძლიერებლად. ძალიან ბევრი დონორი ორგანიზაციაა, რომლებიც სახელმწიფოს ამ კუთხით დაეხმარებიან. მთავარია, სახელმწიფომ სწორი ანალიზი გააკეთოს და თქვას - დიახ, არის ასეთი პრობლემები და ერთად გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს. მომისმენია რაღაც კუთხით აღიარება მინისტრისგან, რომ ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტი ადრეც იყო და ახლაც არის. ამის გამორიცხვა რთულია, მაგრამ სამინისტრო არ აღიარებს, რომ ამ პრობლემამ ახლა უფრო მძლავრად იჩინა თავი", - განაგრძობს საიას აღმასრულებელი დირექტორი.

"ციხეებზე წვდომა ბევრად უფრო უკეთ ხდება, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ საზოგადოებრივი მონიტორინგი რომ არსებობდეს, იმავე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კუთხით ბევრად უფრო ეფექტური იქნება. ასევე, თუ ხდება ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტის გაძლიერება, თუ პატიმრებს შორის დაძაბული ურთიერთობაა, ამის პრევენციის კუთხითაც მნიშვნელოვანია. რაც უფრო საჯარო გახდება ინფორმაცია, მით უფრო მეტად მოხდება ამ პრობლემისადმი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. უფრო მეტი დაინტერესებაც იქნება და უფრო მეტად გამოიძებნება გადაწყვეტის მექანიზმები. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ დაშვება - ჩვენ ვერ ვახორციელებთ მონიტორინგს. შესაბამისად, ვერ დავადასტურებთ და ვერ უარვყოფთ თუნდაც წარმატებულ ნაბიჯებს, რომელზეც სახელმწიფო საუბრობს. არაერთი შეხვედრა ჩატარდა მონიტორინგის დაშვების მოთხოვნით. სახალხო დამცველსაც ვთხოვე, რომ ამ საკითხში ჩვენი მოკავშირე იყოს. ნანუაშვილის განცხადებით, ის ეცდება ჩვენთან ერთად ლობირება გაუწიოს ამ საკითხს", - განმარტავს რესპონდენტი.

"სამინისტრო არაკვალიფიციურობაზე აკეთებს აქცენტს, რაც მართლაც არ არის გამორიცხული. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, თუ როგორ მოხდება მონიტორების ორგანიზაციების შერჩევა. მართალია, საიას წარმოვადგენ, მაგრამ არ მგონია, ამ კუთხით საიასთან ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს. არის კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია, რომელთა კვალიფიციურობაში ეჭვის შეტანა რთულია. დავიწყოთ იმ რამდენიმე ავტორიტეტული ორგანიზაციით. ჩვენ წარმოგვიდგენია სამინისტროსთან ერთად ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე მუშაობა. სუბარს ერთ-ერთ შეხვედრაზე ვუთხარი - შეგვიშვით ციხეებში არა როგორც თქვენი მტერი, არამედ თქვენი მოკავშირე. ჩვენ ვითხოვთ შესვლას არა ჩასაფრებულის პოზიციიდან, არამედ როგორც ობიექტური, მიუკერძოებელი სურათის დამდებნი", - დასძენს ეკატერინე ფოფხაძე და შეკითხვას - "მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დიდი ვნებათაღელვაა..." - პასუხობს: 

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ხელისუფლებამ უნდა შექმნას მექანიზმი, რომლის მიხედვითაც გადაისინჯება წლების მანძილზე უსამართლოდ გამოტანილი უკანონო განაჩენები. რა ფორმით მოხდება, ეს მეორე საკითხია - უმთავრესია ასეთი მექანიზმის შექმნა. ის, რომ კომისიის შექმნა ფინანსური მოტივებით გადაიდო, არ არის არგუმენტი - მეტიც, გარკვეულწილად უპასუხისმგებლობაც კი არის! წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ კანონპროექტზე მუშაობა, ეს იყო "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებაც. კომისია შეიქმნება თუ სხვა რამ, ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია, მაგრამ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვის მექანიზმი ნამდვილად უნდა შემუშავდეს. ფინანსური მოტივაციით ამის გადადება არასწორია. საკმაოდ დიდი დრო იყო, რომ გაანგარიშება მომხდარიყო. ფინანსური ვალდებულება შეიძლება მეორე პლანზე გადავიდეს - ეს წლების მანძილზე გასასტუმრებელ ვალად აღიაროს სახელმწიფომ, მაგრამ უკანონო მსჯავრდებული პირის უფლება რომ უნდა აღდგეს, ამის გადადება სახელმწიფოს არ შეუძლია! ეს პრობლემა დროზეა მოსაგვარებელი. საჯარო განცხადებებიც გაკეთდა, სადაც დაზარალებული ადამიანები ამბობენ, რომ მათთვის ფინანსური ვალდებულება მთავარი არ არის, მთავარი აღიარებაა, რომ ისინი უკანონო პატიმრები იყვნენ".