2014 წლის ბიუჯეტი მტკიცედ დაამტკიცეს

2014 წლის ბიუჯეტი მტკიცედ დაამტკიცეს

პარლამენტმა 2014 წლის 9-მილიარდიანი ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრის პროცესში საწინააღმდეგო აზრი არავის დაუფიქსირებია. ან კი ვინ დააფიქსირებდა, როცა ნაცმოძრაობიდან სხდომათა დარბაზში არავინ იყო, ხოლო უმრავლესობის დეპუტატებს შეკითხვა არ გასჩენიათ.

ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი პარლამენტს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარუდგინა. მისი თქმით, 2014 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ქვეყნის წინაშე არსებულ ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას ადეკვატურად პასუხობს.

„პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტი. როგორც აღინიშნა, ბიუჯეტი ორიენტირებულია იმ პრობლემების გადაწყვეტაზე, რომელთა წინაშეც საქართველოა. პრიორიტეტებია ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, განათლება და სოფლის მეურნეობა. გარდა ამისა, ბიუჯეტი გააგრძელებს სერიოზულ ინვესტირებას საქართველოს ინფრასტრუქტურაში“, - განაცხადა ხადურმა.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული საბიუჯეტო პროექტის მიხედვით, 2014 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 5.0%-ს, ხოლო მშპ-ს დეფლატორისა 3.5%-ს შეადგენს. ნომინალურ გამოხატულებაში მთლიანმა შიგა პროდუქტმა 29,3 მლრდ ლარს უნდა მიაღწიოს.

ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2014 წელს განსაზღვრულია 7 230.0 მლნ ლარით. საგადასახადო შემოსავლების გაანგარიშებისას გათვალისწინებულია, რომ მომდევნო წლის დასაწყისში განხორციელდება დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება დაახლოებით 180-200 მლნ ლარის ოდენობით, რაც გულისხმობს დაბალი ხელფასის მქონე პირების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილის დაბრუნებას. გარდა ამისა, გათვალისწინებულია დაახლოებით 150.0 მლნ ლარის ოდენობით წინა წლებში ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნებაც, რომელიც დღეის მდგომარეობით 1 მლრდ ლარზე მეტია.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 9 080.0 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც შემდეგი წყაროებიდან ფინანსდება: საგადასახადო შემოსავლები - 6 820.0 მლნ ლარი; გრანტები - 144,0 მლნ ლარი; სხვა შემოსავლები - 355.0 მლნ ლარი; სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან მისაღები სახსრები - 80.0 მლნ ლარი; გასულ წლებში გაცემული სესხების დაბრუნება - 70.0 მლნ ლარი; მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტი - 136.0 მლნ ლარი; საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები - 300,0 მლნ ლარი; ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი საინვესტიციო კრედიტები - 600.0 მლნ ლარი; სხვადასხვა ვადიანობის მქონე სახელმწიფო საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვება - 400.0 მლნ ლარი; სახელმწიფო ხაზინაში არსებული თავისუფალი ნაშთის გამოყენება - 175,0 მლნ ლარი.

ამასთან, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მისაღები სახსრების მთლიანი მოცულობა გათვალისწინებულია 600,0 მლნ ლარით, საიდანაც 400,0 მლნ ლარი მოხმარდება სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების დაფინანსებას, მათ შორის, სახელმწიფო ვალების დაფარვას, რომლის მოცულობაც, როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, 2014 წელს რეკორდულია. 2013-14 წლებში სახელმწიფო ვალების მომსახურებასა და დაფარვაზე ჯამში 1 685,0 მლნ ლარია გათვალისწინებული, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება 2009 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან აღებული კრედიტის და 2008 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების დარჩენილი ნაწილის დაფარვა.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრამ უმცირესობის წევრების მონაწილეობის გარეშე ჩაიარა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პლენარული სხდომის პირველ ნაწილში ბარამიძესა და ჯაჭვლიანს შორის მომხდარი ინციდენტის გამო, პროტესტის ნიშნად სასესიო დარბაზი დატოვეს. შესაბამისად, ბიუჯეტის თაობაზე სპარალამენტო უმცირესობიდან კომენტარიც არავის გაუკეთებია. სამაგიეროდ, ახალ ბიუჯეტს მსწრაფლ გამოეხმაურა არასაპარლამენტო ოპოზიცია. პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ 2014 წლის ბიუჯეტი „ბანანის რესპუბლიკის“ ბიუჯეტს შეადარა.

როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა თენგიზ ომანიძემ განაცხადა, მთავრობა არ ცდილობს საზოგადოების ყველაზე მეტად დასაფასებელი სეგმენტის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია მოსამართლეებისა და პროკურორებისთვის (რომელთა ანაზღაურება ისედაც საკმაოდ მაღალია) ხელფასების კიდევ უფრო მომატება. პედაგოგებისა და ექიმების შრომა კი კვლავ დაუფასებელია. მიუხედავად „ქართული ოცნების“ დაპირებისა, მომავალ წელს მათი ანაზღაურება არ გაიზრდება.

სამწუხაროა, რომ მთავრობა, ნაციონალების მსგავსად, ზრუნავს მხოლოდ მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის უფრო საჭირო პირების დაკმაყოფილებაზე და არ ცდილობს ჩვენი საზოგადოების ყველაზე მეტად დასაფასებელი სეგმენტის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

ამგვარი მიდგომები დამახასიათებელია სწორედ „ბანანის რესპუბლიკებისთვის“ და არა სახელმწიფოსთვის, რომელიც ევროპულობაზე აცხადებს პრეტენზიას“, - განაცხადა თენგიზ ომანიძემ.