14 დეკემბრიდან, საქართველოს მასშტაბით, ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი

14 დეკემბრიდან, საქართველოს მასშტაბით, ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი

თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში გადაუღებლად თოვს. ინტენსიური ნალექის მიუხედავად, საავტომობილო მაგისტრალებზე მოძრაობა შეფერხებული არ არის და, ბოლო ინფორმაციით, გზებზე არც საცობები აღინიშნება. თუმცა, სპეციალისტები მძღოლებს უსაფრთხოების მიზნით, გამართული ავტოტრანსპორტით და ზამთრისთვის შესაფერისი საბურავებით გადაადგილებას ურჩევენ.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ინტენსიური ნალექი მთელი ღამის განმავლობაშია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში თოვა ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გაგრძელდება. 14 დეკემბრიდან კი საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი.

„ამ დროისთვის გორის გარდა მთელ აღმოსავლეთ საქართველოში თოვს. თოვლია ქართლში, კახეთში, მაღალ მთებში. ითოვებს ხვალ დილამდე, შემდეგ გამოიდარებს. დღის მეორე ნახევრიდან კი მთელ დასავლეთ საქართველოში დაიწყება თოვა. ასევე ითოვებს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. 15 დეკემბერს მთელი დღე ნალექია დასავლეთ საქართველოში და თოვა გაგრძელდება 16 დეკემბრის დილამდე. შემდეგ, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი,“ - განუცხადა for.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზების ცენტრის წარმომადგენელმა სვეტლანა ნიორაძემ.

უამინდობის გამო, საქართველოს მასშტაბით, ამ დროისთვის მცირედი შეზღუდვები მხოლოდ სამ მონაკვეთზე მოქმედებს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში For.ge-სთან საუბარში განმარტავენ, რომ მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის და თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ნატახტარი-ხუნევის მონაკვეთებზე. ხოლო, თბილისის შემოსავლელი გზის ზაჰესი-რუსთავის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზების დანარჩენ მონაკვეთებზე კი მოძრაობა თავისუფალია.

 „გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა ზვავდამცავი გვირაბების მეშვეობით ხორციელდება. მცირედით შენელებულია გადაადგილების სიჩქარე, მაგრამ შეფერხებები არ არის და არსად გზა ჩაკეტილი არ არის.

დღის განმავლობაში კახეთში, საგარეჯოს გზაზე იყო პრობლემა. რაც ავტოსატრანსპორტო შემთხვევამ გამოიწვია და იმავე მიზეზით შეიქმნა საცობი. ამ დროისთვის მოხსნილია პრობლემა და გადაადგილება ამ მიმართულებითაც თვისუფალია“, - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა რუსუდან ხუბულავამ.

მისივე განმარტებით, გზების დეპარტამენტს ტექნიკური მარილის საკმარისი მარაგი აქვს და გზებზე შეუფერხებლად მოძრაობისთვის ყველგან მობილიზებულია ტექნიკა და ადამიანური რესურსები.

„ტექნიკური მარილი ეფექტურია ლიპყინულის შემთხვევაში. როდესაც ინტენსიური თოვაა, გზა იწმინდება, მაგრამ შავი საფარის და გზის სიმშრალის შენარჩუნება ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი დაზღვევა გამართული ავტოტრანსპორტით მოძრაობაა, რომელსაც ზამთრისთვის შესაფერისი საბურავები ექნება,“- განმარტავს რუსუდან ხუბულავა.

ამ დროისთვის თავისუფალია გადაადგილება თბილისის მასშტაბით შიდა საავტომობილო გზებზეც. გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე უკვე დაყრილია ტექნიკური მარილი და შესაბამისი სამუშაოები კვლავ გრძელდება.

„საკმარისი ჯგუფები არის მობილიზებული და ამ ეტაპისთვის ქალაქში გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს. როგორც კი შემოდის ინფორმაცია საგზაო პრობლემასთან დაკავშირებით, ჯგუფები მყისიერად გადიან ობიექტზე და ყრიან მარილს,“ - განუცხადეს for.ge-ს თბილისის მერიის პრესსამსახურში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზების ცენტრის ინფორმაციით, თბილისში თოვლი მთელი ღამის განმავლობაშია ნავარაუდევი, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან დედაქალაქში უნალექო ამინდი, 15 დეკემბრიდან კი ქარია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსები 14 დეკემბრის ღამით, საქართველოს მასშტაბით, ძლიერ ყინვებს ელიან. თბილისში, ჰაერის ტემპერატურა, სავარაუდოდ, 6 გრადუსამდე, შიდა ქართლში კი 12 გრადუსამდე დაეცემა. 15 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი აგარასა და ხაშურში. მაღალ მთებში კი ჰაერის ტემპერატურა 20-22 გრადუსი იქნება. ტემპერატურა 7 გრადუსამდე დაეცემა დასავლეთ საქართველოს დაბლობშიც.

სვეტლანა ნიორაძის განმარტებით, მაღალმთიანი რაიონებისთვის 22 გრადუსი რეკორდული არ არის, რადგან დეკემბრის თვეში მაღალ მთაში ტემპერატურა 35 გრადუსამდეც ეცემა ხოლმე.