„ვაი მაგათ პატრონს, როგორ შეიძლება ნაძირალა ბარამიძეს, ბოდიში მოვუხადო?“, - ამ რეპლიკით მიმართა for.ge-ს დეპუტატმა, სოსო ჯაჭვლიანმა, რომლის მიმართაც ოპოზიცია მოთხოვნას აყენებს, რომ მან ბოდიში მოიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უმცირესობა საპარლამენტო ბოიკოტით იმუქრება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბოიკოტის რეჟიმში უკვე გადავიდნენ და ისინი პლენარულ სხდომას არ ესწრებიან, თუმცა, რამდენ ხანს გასტანს მათი პროტესტი ეს გაურკვეველია, რადგან სოსო ჯაჭვლიანი გიორგი ბარამიძისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს და პირიქით, თანაგუნდელებს ნაციონალების „გაბლატავებაში“ ადანაშაულებს.
ჯაჭვლიანი ირწმუნება, რომ მას პარლამენტში „მუშტი-კრივის“ გამართვა გამიზნული არ ჰქონდა და დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სხვა განცხადების გაკეთებას გეგმავდა, მაგრამ ის გიორგი ბარამიძის იმ განცხადებამ გააღიზიანა, რომელიც ვიცე-სპიკერმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გააკეთა.
დეპუტატი ამბობს, რომ მას უკრაინის მხარდაჭერის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა, მას ცალმხრივი დემოკრატიის არ ესმის.
„ეს არაკაცი და ნაძირალა ბარამიძე, დემოკრატიაზე ლაპარაკობს? რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, მაგრამ ამას ვინ ლაპარაკობს ბარამიძე? ცალმხრივი დემოკრატია არ ვიცი, რადგან მაშინ, 7 ნოემბერი და 26 მაისი დავგმოთ. ყველას კარგად ახსოვს, რაც მოხდა და როგორ გაუსწორდნენ ხალხს. ქართულ საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, თორემ ბარამიძე უარესის ღირსია. რისი ღირსიცაა, ეს საზოგადოებამ იცის და ამას თქვენ არ გაკადრებთ! რა ნაციონალურ შუღლზეა ლაპარაკი? ხომ არ დაავიწყდათ, რომ სვანეთი მათ ააწიოკეს?! მართლა ჩმორი და არაკაცი გამოდის და რაზე ლაპარაკობს?! ბარამიძემ ტელევიზიით თქვა, - იმიტომ ჩაატარეს სპეცოპერაცია, რომ სვანები უნდა დაეშინებინათ. საზოგადოებაში ნიჰილიზმია დასადგურებული და ამბობენ, როგორ „გააბლატავეს“ ნაციონალებიო! ამაში წილი ჩვენც მიგვიძღვის, რადგან მკვლელი ვიცე-სპიკერად რომ წარმოადგინეს და ის ჟივილ-ხივილით დავამტკიცეთ, კარგი იყო?! ვაი მაგათ პატრონს, როგორ შეიძლება, ნაძირალა ბარამიძეს, ბოდიში მოვუხადო?!“, - განუცხადა for.ge-ს ჯაჭვლიანმა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გიორგი ბარამიძის მიმართ ანტიკამპანიის წარმართვასა და კუთხური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ.
for.ge-სთან საუბარში აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ უკრაინის პროცესების პარალელურად, სერიოზული პროცესები საქართველოშიც იწყება.
მისი თქმით, ბარამიძეს არასოდეს უთქვამს, რომ წინა ხელისუფლება სვანების „დაჩმორებას“ ცდილობდა.
„როცა, დაპირისპირების მიზეზი ის დეპუტატი გახდა, რომელიც იმ პოლიტიკური ძალის წარმოადგენელი იყო, რომელიც თავის დროზე, პრორუსული ინტერესების გატარებაში იყო შემჩნეული, ეს შემთხვევითი არ არის. როცა საუბარია სამეგრელოში, სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში პრობლემების შექმნაზე და ასეთ დროს მსგავს განცხადებას აკეთებ, ეს მცდელობაა ეთნოკუთხური შუღლის გაჩაღებისა. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომელთაც არ აწყობთ, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღონ. მანამ, სანამ კუთხური ნიშნის გამღვივებლები დარბაზში იქნებიან, მუშაობას აზრი არ აქვს“, - აცხადებს ბობოხიძე, რომლის პათოსსაც მისი თანაგუნდელები სერგო რატიანი და გოკა გაბაშვილიც იზიარებენ.
სერგო რატიანის შეფასებით, პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება განზრახული პროვოკაცია იყო.
დეპუტატის მოსაზრებით, ერთი კვირის განმავლობაში, ბარამიძე უკრაინაში საქართველოს ინტერესებს იცავდა და მის მიმართ ანტიკამპანია აგორდა.
„გამოვრიცხავ, რომ ეს პიროვნული დაპირისპირება ყოფილიყო. ერთი წელია აქ ვართ და არანაირი პიროვნული მომენტი არ ყოფილა. ეს იყო გია ბარამიძის მიმართ დაწყებული აქცია, რომელიც უკრაინაში საქართველოს ღირსებას იცავდა. ეს იყო მცდელობა კუთხური შუღლის გაღვივებისთვის და ვინ არის სვანი და ვინ არა, ამას ვნახავთ! ეს არის ის, რაც რუსებს უნდათ“, - განუცხადა for.ge-ს რატიანმა, რომლის მსგავსადაც გაბაშვილიც პროვოკაციაზე აპელირებს.
დეპუტატის თქმით, თავხედური პროვოკაცია იყო, რომელიც ერთ-ერთმა ყველაზე აგრესიულმა დეპუტატმა, ჯაჭვლაინმა განახორციელა.
„სასაუბრო იყო ბიუჯეტზე, სადაც ორი მილიარდით გააღარიბეს ბიუჯეტი და საუბარი გვსურდა უკრაინაზეც, მაგრამ ამ ვითარებაში, როცა ძალიან საშიშ და უზნეო პროვოკაციაზე მოდის უმრავლესობა, არ ვიმუშავებთ“, - აცხადებს გაბაშვილი.
რაც შეეხება ბარამიძეს, მას უმცირესობამ პარლამენტის შენობა დაატოვებინა, მაგრამ მისი ჩაწერა მაინც შევძელით.
თანაგუნდელების მსგავსად, ბარამიძეც დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ჯაჭვლიანის გამოსვლისას, მისი ჟესტიკულაცია აბსოლუტურად ადეკვატური იყო.
ვიცე-სპიკერის განცხადებით, ჯაჭვლიანთან სვანეთის გაიგივება, სრული უზნეობა და აბსოლუტური შეშლილობაა.
„თუ ამ ადამიანს მიაჩნდა, რომ ასეთი საშინელება ჩაგვიდენია, ამ პარლამენტში ერთად ვართ და ხმა რატომ არ ამოუღია?! ამასთან, თუ სამართალდამცავ ორგანოებს რაიმე დეტალების გარკვევა აინტერესებთ - თუ როგორ მოხდა სპეცოპერაციის წარმატებით ჩატარება, მზად ვარ, ყველა დეტალზე ვისაუბრო. ხოლო, ის სისულელეები, რაც ჯაჭვლიანმა მოყვა, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. ამიტომ, ეს ინსინუაციები და ცილისმწამებლური განცხადებები უნდა დასრულდეს. როცა გადაწყვეტილება მივიღე, რომ შს მინისტრი ვყოფილიყავი და კრიმინალების წინააღმდეგ მებრძოლა, კარგად ვიცოდი, რომ ეს დიდ ხიფათს შეიცავდა, მაგრამ უკან არასოდეს დამიხევია და არც მომავალში ვაპირებ უკან დახევას ამგვარ ხულიგნურ გამოხტომებსა თუ მუქარებზე“, - აღნიშნა ბარამიძემ, რომელსაც მმართველი გუნდის ლიდერები ჟესტიკულაციის გამო აკრიტიკებენ.
უმრავლესობა დღეს მომხდარ დაპირისპირებაში გასაოცარს ვერაფერს ამჩნევს, თუმცა, ამბობს, რომ დღევანდელი ინციდენტი იმ სიძულვილის შედეგია, რომელსაც ნაციონალები აღვივებდნენ.
გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ უსიამოვნო ფაქტი მოხდა, მაგრამ მსგავსი ფაქტები, სხვა ქვეყნებშიც ხდება.
„როცა, ადამიანი ასეთ სენსიტიურ თემაზე საუბრობს, დამამცირებელი ჟესტით არ უნდა უპასუხო. ასეთ დროს, კატეგორიულად მიღებელია, რომ ოპონენტს დამამცირებელი ჟესტი აჩვენო. ამასთან, ბარამიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ სიტყვას, რის გამოც, ჯაჭვლიანმა საკუთარი გამოსვლაც ვერ დაასრულა“, - აცხადებს ვოლსკი, რომლის ფრაქციის წევრიც არის სოსო ჯაჭვლიანი.
ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე კი აღნიშნავს, რომ დეპუტატები ემოციებს ვერ იკავებენ, მაგრამ სასურველია, რომ კანონმდებლები ერთმანეთს სიტყვით დაუპირისპირდნენ.
„მსგავსი ფაქტი, არც ჩვენს პარლამენტშია პირველი შემთხვევა და არც სხვა ქვეყნების. გასაკვირი არაფერია, მაგრამ არსებობს ემოციები და არსებობს დამოკიდებულება, რაც უმცირესობას ჰქონდა. სამწუხაროდ, ის ყველაფერი რაც მოხდა, იმ სიძულვილის შედეგია, რომელსაც ნაციონალები აღვივებდნენ“, - დასძენს დეპუტატი.
ამ დროისთვის, პარლამენტში ინციდენტი ამოწურულია. თუმცა, ჯაჭვლიანსა და ბარამიძეს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას გაგრძელებაც ჰქონდა. პოლიტიკურ „გარჩევებს“ ადგილი როგორც უმრავლესობაში, ასევე უმცირესობაშიც ჰქონდა. ჯაჭვლიანს ვოლსკი „გაესაუბრა“, ხოლო დეპუტატებისთვის განკუთვილი ოთახიდან ნაციონალების ხმამაღალი საუბარი გამოდიოდა. ოპოზიცონერებმა „პროვოკაციის“ დამკვეთად ნორა კვიციანიც დაასახელეს. თუმცა, ჯაჭვლიანის გაღიზიანება ბარამიძის იმ ჟესტმაც გამოიწვია, სადაც მან ხელი საფეთქელთან მიიდო და იგულისხმა „ვერ არისო“.