საზოგადოებისთვის უკვე გამაღიზიანებელია, როცა ხელისუფლების წევრები დღენიადაგ იმაზე ზრუნავენ, საკუთარი ხელფასი როგორ გაიზარდონ. ასე იყო წინა ხელისუფლების პირობებში, ასეა ახლაც. იმ დროს, როდესაც დასაქმების მაჩვენებელი არ იზრდება, ეკონომიკა სტაგნაციაშია, ლარი უფასურდება და ფასები მაღლა იწევს, მძიმეწონიანი მოხელეების გადაწყვეტილება ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.
რამდენიმე დღის წინა ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, თავისი წინამორბედისგან განსხვავებით, გაზრდილ ხელფასს მიიღებს. უმრავლესობის წევრ დავით საგანელიძის საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, გიორგი მარგველაშვილი 4720 ლარის ნაცვლად, ხელფასის სახით ყოველთვიურად 7200 ლარს მიიღებს. პრეზიდენტის ხელფასის ზრდამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მათვის მიუღებელი აღმოჩნდა ახალი პრეზიდენტის გაზრდილი მადა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტისთვის ხელფასის გაზრდას ლოგიკურად მიიჩნევენ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, ქვეყნის პირველ პირს ექნება შესაბამისი ხელფასი და პრეზიდენტის ფონდიდან თანხები უკონტროლოდ აღარ გაიფლანგება. ამიტომაც იგი მიიჩნევს, რომ ეს ადეკვატური გადაწყვეტილება იყო.
„ის ახსნა-განმარტება, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით მე მოვისმინე, ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები და ადეკვატურია. გეტყვით რატომაც - სააკაშვილის დროს პრეზიდენტის ფონდიდან მილიონობით ლარი კაცმა არ იცოდა, სად მიდიოდა. იყო ჩანაწერი „სხვა ხარჯები“, რომელიც არავინ იცის, რაში იხარჯებოდა.
ის, რომ პრეზიდენტს ექნება მაგალითად, 7200 ლარი და გვეცოდინება, რომ ამის იქით არავითარი გადამეტებული ხარჯი აღარ იქნება, აბსოლუტურად ადეკვატურია. ამავე დროს, მე ვინატრებდი, რომ თითოეულ ჩვენ თანამოქალაქეზეც აისახოს ხელფასის ზრდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ“, - განაცხადა დოლიძემ.
თავად საქართველოს პრეზიდენტი ხელფასის ზრდას სახელმწიფოში არსებული სახელფასო ნუსხით ხსნის. როგორც გიორგი მარგველშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ხელფასი იზრდება, რათა იგი იყოს „ადეკვატური იმ სახელფასო ნუსხისა, რომელიც სახელმწიფოში არსებობს“.
სახელფასო ზრდის თემა ამით არ ამოიწურება. უფრო სწორად, მარგველაშვილისთვის ანაზღაურების მომატება მხოლოდ დასაწყისია. საქმე ისაა, რომ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც იზრდება და შრომითი ანაზღაურებაც. გაისად საჯარო სექტორში დასაქმებული იქნება 104 878 ადამიანი, რაც ნაცმოძრაობის მმართველობის ბოლო წელთან შედარებით 1,8%-ით მეტია.
რაც შეეხება შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილ თანხას, 2012 წლის ბიუჯეტთან შედარებით, ზრდა დაახლოებით 25%-ია და 1,318 მლრდ ლარს შეადგენს. აშკარაა, რომ „ოცნების“ ბიუჯეტში მაღალი ხელფასების საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია.
კიდევ უფრო გაზრდილი მადა აქვთ სახელმწიფო სტრუქტურებთან არსებულ სსიპ-ებში, სადაც არავითარი სახელფასო ნორმა არ არის დაწესებული. აქ ჩვეულებრივ მოხელესაც (მაგალითად, საზოგადოებბასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ან რომელიმე დეპარტამენტის უფროსს), შესაძლოა, მინისტრის ტოლ-სწორი ანაზღაურება ჰქონდეს.
რადგანაც საზოგადოებაში ხელისუფლების წევრთა გაზრდილმა მადამ უკმაყოფილება გამოიწვია, ფინანსთა მინისტრმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ 2014 წელს მენეჯმენტის ხელფასები არ იზრდება. როგორც ნოდარ ხადურმა განმარტა, პირიქით, შარშანდელთან შედარებით, სამინისტროს თანამდებობის პირებს ხელფასები შეუმცირდათ.
„მენეჯმენტს ხელფასები არ ეზრდება. მინდა გითხრათ, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირებს ხელფასები, შარშანდელთან შედარებით შეუმცირდათ, ისე როგორც მათი რაოდენობა შემცირდა. მაგალითად, თუ ადრე მინისტრს ჰყავდა 8 მოადგილე, ახლა არის 3. ფინანსთა მინისტრი დღეს იღებს 17-18 000 ლარით ნაკლებ ხელფასს, ვიდრე იღებდა ადრე. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის ძალიან გამჭვირვალე, ნოდარ ხადური კი იყო პირველი საჯარო მოხელე, რომელმაც თავისი დეკლარაცია ატვირთვა პირველივე დღეს“, - განაცხადა ხადურმა.
მისივე განმარტებით, მომავალ წელს ძირითადად იზრდება სასამართლოს და პროკურორების შრომის ანაზღაურება. „გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესში ვალდებულება ავიღეთ რამდენიმე ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეგვექმნა, რომლებიც მუშაობენ, თავის მხრივ, კორპორატივების განვითარებაზე, ხარისხის სრულყოფასა და ა.შ. თავისთავად ცხადია, ამიტომ შემოღებულია მათი შრომითი ანაზღაურება. გარდა ამისა, იქმნება ახალი გეზ-ები, ახალი საბაჟოები. მაგალითად, კარწახში და ლაგოდეხში გაიხსნება ახალი საბაჟო, ლარსში უკვე გაიხსნა. ეს, ბუნებრივია, აჩენს ახალ თანამშრომელთა საჭიროებას“, - აღნიშნა ხადურმა.