მაჟორიტარული არჩევნები უქმდება?

მაჟორიტარული არჩევნები უქმდება?

"პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ თვითმმართელობის რეფორმა არ არის ერთჯერადი პროცესი და მოკლევადიანი პრობლემა. ამ რეფორმას ექნება თანმიმდევრული განვითარება, არის ევროპის ქვეყნები, სადაც თვითმმართველობის განვითარებას წლები დასჭირდა. მთავარი ის არის, რომ ხელოვნურად არ უნდა იყოს პროცესები გადმოღებული. ჩვენთვის დღეს მთავარია, რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრება გავუმარტივოთ. როგორც ლაპარაკობენ, აქ სეპარატიზმი არაფერ შუაშია, შეიძლება ადამიანი თბილისში ცხოვრობდე და შენი სეპარატისტული იდეებით ზიანს აყენებდე ქვეყანას. თითქოს ეს საფრთხეები დანახული იყო და დიდი აჟიოტაჟიც ატყდა, მაგრამ ეს საფრთხეები მთლიანად გამორიცხულია. რეფორმა საჭიროა იმისთვისაც, რომ ბიოროკრატიული თვალსაზრისით ყველა რეგიონი არ უნდა იყოს ცენტრის ხელის შემყურე, მე მგონი, დიდი ასახსნელი არ არის ის ამბავი, რომ, გორს, თუნდაც ზუგდიდს უნდა ჰქონდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი", - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურითმაჟორიტარული არჩევნები უქმდება?

"ჩვენ ამ რეფორმაზე დავიწყეთ ფიქრი მაშინვე, როგორც კი ხელისუფლებაში მოვედით. ამ კანონპროექტზე დიდი ხანია მუშაობა მიდის, მხოლოდ მის მომზადებას დაახლოებით 6 თვე დასჭირდა. სხვათა შორის, საპარლამენტო ოპოზიციაც ჩართული იყო და, საბოლოო ჯამში, ისინი მიესალმნენ ამ გადაწყვეტილებას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მანანა კობახიძე.

"რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით არაფერი თქმულა, ამ საკითხზე განხილვები იქნება ინტერფრაქციულ ჯგუფში, ეს ნამდვილად არ არის რომელიმე პარტიის გადასაწყვეტი, აქ არა მხოლოდ საპარლამენტო, არამედ არასაპარლამენტო პარტიებიც უნდა იყვნენ ჩართულნი და სწორედ ამით შეიქმნება ინტერფრაქციული ჯგუფი. ამ თემაზე ამჟამად მე ვერაფერს გეტყვით, შესაძლებელია რაღაც ცვლილებები განხორციელდეს, მაგრამ კონკრეტულად რა და როგორ იქნება სამი წლის შემდეგ, ამაზე მიჭირს საუბარი. თუმცა გარწმუნებთ, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ არც პოლიტსაბჭოზე ყოფილა საუბარი და არც კოალიციაში. მაჟორიტარი წარმოადგენს რაღაც შუამავალ რგოლს ადგილობრივ თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. როცა საკითხი რთულად მოსაგვარებელია, მაჟორიტარი ერევა და პრობლემა მიაქვს მთავრობამდე. მოდით, გულახდილად ვთქვათ, როცა სისტემა გამართულად მუშაობს, ეს შუამავალი რაღა საჭიროა?" - განაგრძობს რესპონდენტი.

"არსებობს სახელმწიფოს სუვერენული უფლებები, რომელშიც არ შეიძლება მეორე ქვეყნის პარლამენტი ერეოდეს. რა თქმა უნდა, მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს, ასევე სახელმწიფოს, როგორც ჩვენს პარტნიორს, ასევე ვგმობთ ძალადობას, მაგრამ არ შეიძლება ჩვენ პარლამენტიდან გავაკეთოთ ისეთი განცხადება, რომელიც იქნება სხვა ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევა, ამის უფლება ნამდვილად არ გვაქვს. ახლა სააკაშვილი რომ ჩავიდა კიევში და მიტინგენბში მონაწილეობს, ეს არის სრული მარაზმი, ასე კეტრინ ეშტონიც ჩავიდა კიევში, მაგრამ ის ჯერ პრეზიდენტს შეხვდა, შემდეგ - ოპოზიციას. ამიტომ გავიდა ქუჩაშიც, რომ ოპოზიცია იქ არის. როდესაც შენ სხვა ქვეყნის მოქალაქე ხარ და სხვა ქვეყანაში მართავ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებს, ეს არის დამნაშაული", - დასძენს მანანა კობახიძე.