აჭარელი მეციტრუსეები ზარალს ვერ აუდიან

აჭარელი მეციტრუსეები ზარალს ვერ აუდიან

აჭარელი ფერმერები ჯერ ექსპორტის შეფერხებამ, ახლა კი მკვეთრმა უამინდობამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. შეიძლება ითქვას, ნარინჯისფერი მოსავლის დაბინავება ძალიან ცუდად მიმდინარეობს. დიდთოვლობამ და ყინვებმა ისედაც რთული ვითარება, გამოუვალი გახადა. მეციტრუსეები აცხადებენ, რომ მოსავლის უმეტესი ნაწილი ხეზე დარჩათ. ადგილობრივების თქმით, დათოვლილი ნაყოფი უკვე გაფუჭებული და გასაყიდად გამოუსადეგარია.

„ციტრუსი მალეფუჭებადია და რომ დათბება, ყინვის „დანარტყამი“ მალევე დაეტყობა. ის ნაყოფი კი არავის უნდა, ფაქტობრივად, გადასაყრელია“, - აცხადებს აჭარის მკვიდრი თენგიზ შაქარიშვილი.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის არჩილ ხაბაძის განცხადებით, აჭარის მთავრობა თოვლისგან დაზიანებული ციტრუსის სუბსიდირებისთის თანხას არ გამოყოფს. ადგილობრივ ბიუჯეტს

ამის სახსრები არ აქვს. არადა მეციტრუსეებისთვის რამდენიმე დღის წინ დახმარების საკითხი დადებითად გადაიჭრა.

საქართველოს მთავრობის ბიუჯეტიდან გამოიყოფა 12 000 000 ლარი სტანდარტული მანდარინის დასაფინანსებლად, ხოლო აჭარის მთავრობა გამოყოფს 1 800 000 ლარს არასტანდარტული

მანდარინის რეალიზაციის თანადაფინანსებისთვის. ფერმერები დაფინანსდებიან 15 თეთრით 1 კგ სტანდარტულ მანდარინზე, თუ მანდარინის შესყიდვა მოხდება არანაკლებ 35 თეთრად. აღნიშნული პრინციპით დაფინანსდებიან აჭარაში, გურიასა და სამეგრელოს რეგიონების მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მეციტრუსე ფერმერები.

ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მოხდება თუკი ფერმერები ნაყოფის დაკრეფას და ჩაბარებას მოახერხებენ. ხეზე დატოვებული ციტრუსისთვის, ცხადია, სუბსიდირებას არავინ გასცემს. გლეხებიკი სწორედ ნარინჯის რთველის სრულფასოვნად ჩატარებას ვერ ახერხებენ, რადგან ადგლობრივი ბაზარი გაჯერებულია, ხოლო ექსპორტზე ქართული პროდუქტი დიდი შეფერხებით გადის. ჯერ ერთი რომ უკრაინისკენ ქართული ციტრუსის გატანა შეიზღუდა, ხოლო რუსეთისკენ გზის საბოლოოდ გაკვალვა ჯერ კიდევ ვერ მოხრეხდა. ამას ისიც დაერთო, რომ რამდენიმე დღეა ბათუმის პორტში შტორმის გამო

გემები ვერ შედიან, შესაბამისად, ციტრუსის გადატვირთვა ვერ ხერხდება.

„აჭარა PS“-ის ინფორმაციით, გლეხებს აჭარაში ათეულობით ტონა მანდარინი ან უკვე სარდაფში აქვთ გამოკეტილი ან ხეზე ულპებათ და ხელისუფლებისაგან დაპირებულ დახმარებას ელოდებიან.

მარტო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 13-მდე ციტრუსის შემფუთავი ქარხანა გაიხსნა, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მტკიცების მიუხედავად, რომ რეგიონში ციტრუსის მიღება წარმატებით მიმდინარეობს, არც ერთი მათგანი ან არ მუშაობს, ან გლეხს ხელსაყრელ პირობებს

ვერ სთავაზობს.

აჭარელი მეწარმეების ინფორმაციით, ციტრუსის რეალიზაციის შეჩერება მარტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრალი არ არის, შემფუთავმა ქარხნებმაც ვერ უზრუნველყვეს აღებული ვალდებულებების პირნათლად შესრულება. მათ დაბალი შრომითი დისციპლინის გამო, კლიენტები დაკარგეს, ვინაიდან ქარხნებმა დაბალი ხარისხის პროდუქცია დაუმზადეს.

აჭარის ანალოგიური პრობლემაა გურიასა და სამეგრელოშიც. აქ ციტრუსის ნაწილი ჯერ კიდევ დასაკრეფია, ხოლო უკვე დაკრეფილის გასაღება ვერ ხერხდება.