საქართველოს პარლამენტს ცაში გაფრენა - 9000 ლარი დაუჯდა

საქართველოს პარლამენტს ცაში გაფრენა - 9000 ლარი დაუჯდა

სამდღიანი მუშაობის მიზნით, საქართველოს პარლამენტს 50 დეპუტატის ქუთაისში ჩაყვანა 9 000 ათასი ლარი დაუჯდა. კერძოდ, გუშინ, 50 კანონმდებელი ქუთაისში ჩარტერული რეისით ჩააფრინეს, რის გამოც, საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი ბიუჯეტიდან სოლიდური თანხის გაღება მოუწევს.

მართალია, მერვე მოწვევის პარლამენტში კვორუმის საკითხი ტრადიციული პრობლემაა, მაგრამ იმისათვის, რომ მიმდინარე კვირას, პლენარული სხდომების ჩატარება საფრთხის ქვეშ არ დამდგარიყო, საკანონმდელო ორგანოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ დეპუტატები ქუთაისში თვითმფრინავით ჩაეყვანათ.

ქუთაისში დეპუტატების ჩაფრენაში ახალი არაფერია, რადგან რიგი კანონმდებლები აქამდეც დაფრინავდნენ, თუმცა, საკუთარი სახსრებით. გუშინ კი, პარლამენტს 9 000 ლარის გადახდა საკუთარი ბიუჯეტიდან მოუწია.

დეპუტატების ფრენაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს მმართველი ძალა და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. უმცირესობა კი აცხადებს, რომ „ოცნება“ დაფრინავს, ხოლო ნაციონალები „დაღოღავენ“.

ნოდარ ხადურის განმარტებით, პარლამენტს თავისი ბიუჯეტი აქვს გამოყოფილი და უწყება დამატებით ხარჯებს არ ითხოვს.

„საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში, პარლამენტს ხარჯების გაწევა შეუძლია“, - განუცხადა for.ge-ს ხადურმა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლისას აცხადებდა, რომ ყველაზე „ძუნწი“ ფინანსთა მინისტრი იქნებოდა.

იქედან გამომდინარე, რომ ზამთარი ახლა დაიწყო და წინ გრძელი პერიოდია, დეპუტატები გაარძელებენ თუ არა ფრენებს, ამ საკითხის დაზუსტების მიზნით, for.ge პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელს, ზურაბ მარაქველიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ 9 ათასი ლარი პატარა ფული არ არის, მაგრამ ადგილსამყოფელი გასათვალისწინებელია.

მარაქველიძის ინფორმაციით, გუშინ, ჩარტერული რეისი ყველა დეპუტატისთვის იყო გათვალისწინებული, მაგრამ უმცირესობის წევრებს არ უფრენიათ.

„ჩარტერული რეისი შესრულდა და ამისთვის 9 ათას ლარამდე გადავიხადეთ. თუმცა, წინ გრძელი ზამთარია და გასათვალისწნებელია, რომ 9 ათასი ლარი პატარა ფული არ არის, მაგრამ ადგილსამყოფელიც უნდა მივიღოთ მხედველობაში. ეს ფრენები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ პარლამენტის ქუთაისში არსებობა არ არის მარტივი საკითხი“, - აცხადებს მარაქველიძე.

თუ ვინ ჩაფრინდა ქუთაისში, ამის გარკვევა ძნელი აღმოჩნდა, რადგან გუშინ, კანონმდებლებმა ე.წ. კოპიტნარის აეროპორტი VIP გასასვლელიდან დატოვეს. მოქალაქეთა გასავლელით მხოლოდ ანი მიროტაძემ და დავით ბერძენიშვილმა ისარგებლეს.

აღსანიშნავია, რომ უმცირესობის წევრები ქუთაისში ავტომობილებით ჩავიდნენ და დავით ნარმანიას უწყებას მოუწოდებენ გზები გაწმინდოს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ „ოცნება“ დაფრინავს, ნაციონალები „დაღოღავენ“.

„დავით ნარმანიას თბილისის მერობას უპირებენ და თუ მისი უწყება ასეთი მაგარია და მთავრობაც ასეთი მაგარია, გზებს ვერ გაწმენდენ?! ბოლო ათი წლის მანძილზე, საქართველოში, რიკოთის უღელტეხილი ოც წუთზე მეტ ხანს არ ყოფილა ჩაკეტილი და გზებს რატომ არ წმენდენ?! ფაქტია, რომ „ოცნება“ დაფრინავს, ხოლო ნაციონალები დავღოღავთ“, - განუცხადა for.ge-ს ბარამიძემ.

მეორე ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ქუთაისში ავტომობილით ჩავიდა, თუმცა, ამბობს, რომ ეს პირველი პრეცედენტია, როცა დეპუტატების ფრენის ხარჯი უწყებამ დაფარა.

„გვიკიჟინებენ, რომ ქუთაისში პარლამენტი დატოვეთო, მაგრამ ისიც არ უნდათ, რომ ზოგჯერ, ვიფრინოთ კიდეც?! ვერ ვიქნებით - „ჭრელი პეპელა“ - ნურც მოვფრინდებით და ნურც გაფრინდებით. 9 ათას ლარზე ლაპარაკობთ, მაგრამ გავიწყდებათ, 150 დეპუტატისა და 800 კაციანი აპარატის ბინების უზრუნველყოფისთვის, რა თანხა იხარჯება? ამას გარდა, განუზომელ ხარჯებთან არის დაკავშირებული საწვავის ხარჯებიც. ამას თუ დაინგარიშებთ, ნახავთ, რომ 9 ათასზე ცხრაჯერ მეტი თანხები იხარჯება“, - განუცხადა for.ge-ს ძიძიგურმა, რომელსაც კითხვით მივმართეთ - „რატომ არ ჩავიდნენ ქუთაისში დეპუტატები კვირას, რომ ორშაბათს, პარლამენტში გამოცხადებულიყვნენ?“, რაზეც ძიძიგურმა გვიპასუხა, რომ უამინდობის გამო, გზა კვირასაც ჩაკეტილი იყო.

ძიძიგურის პასუხზეა ნათქვამი „ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო“, რადგან კვირას გზებზე არსებული ვითარება საკუთარი თვალით ვიხილეთ. ამ შემთხვევაში, კვირას პრობლემას გზა კი არ წარმოადგენდა, არამედ ამ პარლამენტში დამკვიდრებული მანკიერი ტრადიცია, რომ დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში ცხადდებიან სასეიო კვირის ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში, ან სამშაბათ დილით.

რაც შეეხება ხარჯებს, ჩარტერულ რეისში გადახდილი 9 ათასი ლარის გარდა, უწყებას თბილისში დაბრუნებამდე, დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომელთა ბინების უზრუნველყოფის მიზნით, ყოველთვიურად, დაახლოებით 400 ათასი ლარის დაფარვა მოუწევს, შენობის შენახვა 90-100 ათასი ლარი დაუჯდება, ხოლო 80 ავტომობილზე საწვავის გაცემისთვის დაახლოებით 70 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.