უკვე მესამე კვირაა, ლარის გაუფასურება გრძელდება. ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, აშშ დოლართან მიმართებაში, ლარი 1,70-იან ნიშნულს გასცდა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთგვარი რეკორდული მაჩვენებელია. რას უკავშირდება ლარის კურსის დაცემა და როგორ აისახება ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება ქვეყნის ეკონომიკაზე? - ამ კითხვაზე სპეციალისტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
ეკონომიკის საკითხთა ექსპერტი ემზარ ჯგერენაია განმარტავს, რომ ლარის კურსის ცვლილება საგანგაშო არ არის და ეს პროცესი სეზონური ფაქტორითაც არის გამოწვეული. მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ფსიქოლოგიური ფაქტორია.
„უცხოურ ვალუტასთან მიმართებით ლარის ამგვარი რყევა 2008 წლის შემდეგ არ ყოფილა. ბუნებრივია, ეს პროცესი მოსახლეობაში პანიკას იწვევს და ამ რთულ სიტუაციაში ხალხს ლარის წინააღმდეგ განაწყობს. საგანგაშო არაფერია, რადგან, ოფიციალური მონაცემებით, დოლარზე დეპოზიტები საკმაოდ სწრაფად იზრდება და საერთო დეპოზიტების 60%-ს შეადგენს, ლარში დეპოზიტების მოცულობა კი 40%-ია. მოსახლეობა თუ დოლარის მასობრივად შესყიდვას დაიწყებს, ამ პროცესს ეროვნული ბანკი გაანეიტრალებს“, - განუცხადა For.ge-ს ემზარ ჯგერენაიამ.
მისივე თქმით, ლარის კურსის ცვლილება ამ ეტაპზე სამომხმარებლო ფასებზე გავლენას არ მოახდენს და უახლოეს დღეებში კურსიც დასტაბილურდება.
„ლარის კურსის ზრდა, სავარაუდოდ, თვის ბოლოს დასრულდება და კლებაც დაიწყება, საახალწლო დღესასწაულების შემდეგ კი კურსი სტაბილური გახდება“, - განმარტავს ჯგერენაია.
ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე საუბრისას გაცილებით პესიმისტური შეფასებები აქვს ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტს ლევან კალანდაძეს. ექსპერტი განმარტავს, რომ არსებულ ვითარებაში, როდესაც 2013 წლის ბიუჯეტი, პრაქტიკულად, ჩავარდნილია, დეფიციტის გადაფარვა ხელისუფლების ნომერი პირველი პრიორიტეტია და, გამორიცხული არ არის, რომ მთავრობამ საბიუჯეტო პრობლემის მოგვარება ლარის გაუფასურებით სცადოს.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლებამ მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობა ვერ გამოავლინა და ლარის კურსი ვერ დაიჭირა, ქვეყანაში ცხოვრება გაძვირდება. კალანდაძე შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის აქტიურ თანამშრომლობასა და ოპტიმალურ და გონივრულ ხარჯვით პოლიტიკაში ხედავს.
ლარის კურის შემცირების მთავარ მიზეზად საქართველოში კაპიტალის შემოსვლის შემცირებას და გასვლის ზრდას ასახელებს ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე. მისი თქმით, დღეს არსებული ვითარება საგანაგაშო არ არის და კურსის დასტაბილურება ეროვნულ ბანკს იოლად შეუძლია.
„მესამე კვარტლის მონაცემების თანახმად, ინვესტიციები დაახლოებით 220 მილიონი ლარით განისაზღვრა, ქვეყნიდან გასული კაპიტალის ოდენობამ კი 312 მილიონი შეადგინა. სწორედ, ამ ფაქტორს ვუკავშირებ ლარის კურსის შემცირებას. დღემდე ლარი 4%-ით გაუფასურდა, რაც ვფიქრობ, არ არის ისეთი კატასტროფული ნიშნული, რამაც შეიძლება პანიკის საფუძველი შექმნას. ეროვნულ ბანკს აქვს აბსოლუტურად ყველა რესურსი, ეს კურსი აკონტროლოს ისე, რომ პრობლემა არ შეიქმნას“, - განმარტავს For.ge-სთან ირაკლი ლექვინაძე.
მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში საზოგადოებაში ერთგვარი დაძაბულობა და ლარის შემდგომი გაუფასურების მოლოდინი იგრძნობა, რის გამოც, აუცილებელია, ეროვნულმა ბანკმა უფრო ცხადი განცხადებები გააკეთოს და ამით ბიზნესი და მომხმარებელი დაამშვიდოს.
ლექვინაძე მიიჩნევს, რომ ლარის 4%-ით გაუფასურება, საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ იმპორტიორებმა პროდუქციის ფასებს გადახედონ, თუმცა ფასების ზრდა ჯერ არ შეინიშნება.
„ძირითადი პროდუქტები - საწვავი, ხორბალი, შაქარი, ტექნიკა საქართველოში უცხოეთიდან შემოდის და ბუნებრივია, ევროსთან და დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურება ფასების ცვლილებას გამოიწვევს. თუმცა, ჯერჯერობით, ამის საფუძველი არ არსებობს, რადგან ვფიქრობ, ლარის გაუფასურების პროცესი არ გაგრძელდება და ეროვნული ბანკი ვალუტის კურსის მკვეთრ მერყეობებს არ დაუშვებს“,- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
ექსპერტი ვარაუდობს, რომ საახალწლოდ ლარზე მოთხოვნა გაიზრდება, რაც ეროვნული ვალუტის და გაუფასურების პროცესს შეაჩერებს.
ლარის კურსის ცვალებადობა ამ ეტაპზე არც ფინანსთა მინისტრს აღელვებს. ნოდარ ხადური განმარტავს, რომ დღეს ვალუტის კურსის რყევა მეზობელ ქვეყნებშიც შეინიშნება და მსგავსი პროცესები ეკონომიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა.