სახალხო დამცველს მაისაიას საქმის გაცნობის უფლება არ მისცეს

სახალხო დამცველს მაისაიას საქმის გაცნობის უფლება არ მისცეს

სახალხო დამცველის შეფასებით, 2013 წელმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, წინა წელთან შედარებით, ნაკლებად დრამატულად ჩაიარა, თუმცა რიგი გამოწვევა და პრობლემები კვლავ რჩება. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან საჯარო მოსამსახურეთა მასობრივ გათავისუფლებას ჰქონდა ადგილი, რაც სახალხო დამცველის მიერ უარყოფითად შეფასდა.

სახლხო დამცველი ყურადღებას ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ უკანონო ვიდეომასალების განადგურებაზე ამახვილებს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ერთჯერადი აქცია ადამიანის პირადი სივრცის ხელშეუხებლობას მყარი საკანონმდებლო გარანტიების შექმნის გარეშე ვერ უზრუნველყოფს.

for.ge. სახალხო დამცველს უჩა ნანუშვილს ესაუბრა.

თქვენ ამბობთ, რომ 2013 წელმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, წინა წელთან შედარებით, ნაკლებად დრამატულად ჩაიარა, დრამატულობაში რას გულისხმობთ?

უჩა ნანუაშვილი: 2013 წელი ნაკლები დრამატულობით გამოირჩეოდა 2012 წლის მღელვარე მოვლენების შემდეგ. მართალია, მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოება ორი ძირითადი პოლიტიკური ძალის მტკივნეული პოლიტიკური თანაარსებობის მომსწრე იყო და ხედავდა, თუ როგორი დაძაბულობა არსებობდა ხელისუფლებასა და ოპოზოციას შორის, ამ დაძაბულობას ფუნდამენტური გავლენა არ მოუხდენია ზოგადად, ადამიანის უფლებების გავლენაზე ქვეყანაში.

წლის განმავლობაში გამოიკვეთა, როგორც დადებითი ტენდენციები, ისე - პრობლემები. 
დადებით ტენდენციებს შორის ერთ-ერთი პირველი არის ის, რომ ამ წელს პირველად პარლამენტმა გაიზიარა სახალხო დამცველის ანგარიშში არსებული რეკომედაციები და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს კონკრეტული ღონისძიებების გატარება დაავალა, ანუ პრაქტიკა, როცა პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშს ცნობად იღებდა, წარსულს ჩაბარდა.

თუმცა, ალბათ, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არის...

- რა თქმა უნდა, გეთანხმებით, საკმაოდ დეტალური ჩამონათვალია იმ პრობლემების, რომელიც წარმოჩინდა. პრობლემაა ის, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სფეროში სახელმწიფოს არამართლზომიერი ჩარევის შესაძლებლობა კვლავ არსებობს; ჯერაც პრობლემად რჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა, წამების ფაქტების არასათანადო გამოძიება; სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება; ჭიანურდება მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა.

დადებით ტენდენციად შეიძლება აღინიშნოს სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციაც, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება შეფასდეს. მიღწევაა სასჯელაღსრულების სისტემაში რეფორმები - აღმოიფხვრა ციხეებში გადატვირთულობის პრობლემა და გაუმჯობესდა პატიმართა მდგომარეობა. 2013 წლის განმავლობაში პენიტენციურ სისტემაში არ დაფიქისრებულა წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი ფაქტები. ამავე დროს მნიშვნელოვნად შემცირდა სისტემაში პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებელი. თუმცა, პრობლემად რჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებში ე.წ. მაყურებლების როლის გაზრდა.

მაყურებლის როლის გაზრდაში რას გულისხმობთ?

- გაიზარდა მაყურებლის როლი, რომლებიც ჩართული არიან რაღაცა საკითხების გადაწვეტაში. წესით, ეს საკითხები ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საგანი უნდა იყოს და არა პატიმრების. ასეთი ფაქტები იყო დაფისირებული და ეს არის პრობლემატური. იგივე ორი პატიმრის გარდაცვალება, ესეც არის პრობლემა, როდესაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ შეიცვალა, სამედიცინო მდგომარეობის კუთხით ისევ არის პრობლემები. ეს თემა იმდენად პრობლემური და სერიოზულია, რომ საკმაოდ ბევრი განცხადება შემოდის ჩვენთან ამ კუთხით. ძალიან ბევრი პატიმარი უჩივის იმას, რომ არაა დამაკმაყოფილებელი სამედიცინო მომსახურეობა.

როდესაც საუბრობთ პრობლემებზე, როგორ ფიქრობთ, პრბლემური არაა ის ფაქტი, რომ არც ერთი გახამურებული საქმე არაა გამოძიებული, მათ შორის პატიმრების წამების საკითხი. სახალხო დამცველს არ გიჩნდებათ კითხვა რა ხდება?

- ჩვენ ამ საქმეზეც ვამახვილებთ ყურადღებას, რომ არ ხდება გამოძიების ბოლომდე მიყვანა. სამწუხაროდ, გამოძიება გაჩერებულია. ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ დასრულდეს ეს გამოძიებები და რაღაცა ფორმით მივიდეს შედეგამდე.

რა უშლის ხელს გამოძიებას ამ საქმეების გამოძიებაში და დამნაშავეთა დასჯაში?

- ვერ გეტვით რა უშლის ხელს, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ბევრი საქმის გამოძიება გაჭიანურებულია, რაც დაუშვებელია. გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე და უნდა დაისაჯოს დამნაშავე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული. როცა არ ახდება დამნაშავის დასჯა, შეიძლება ითქვას, რომ ახალი დანაშაულის წახალისება ხდება და ამიტომ, მნიშვნელოვანია მოხდეს რეაგირება და ბოლომდე იქნას გამოძიება მიყვანილი თითოეულ ამ საქმეზე.

რაც შეეხება იმ სისხლის სამართლის საქმეებს რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს. თუ დაინტერესდით ამ საქმეებით?

- იცით, რომ სახალხო დამცველს კანონი ანიჭებს უფლებას, რომ ხელწვდომა ჰქონდეს ასეთ საქმეებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთ-ერთ საქმეზე მოხდა ხელშეშლა. მხედველობაში მაქვს ვახტანგ მაისაიას საქმე, როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ საქალაქო სასამართლოსგან მასალები, სამწუხაროდ, არ გაგვაცნეს ეს მასალები. ჩემს წარმომადგენელს არ მისცეს იმის უფლება, რომ გაცნობოდა ამ საქმეს, მაგრამ ვაპირებ მივიდე პირადად და მე გავეცნო ამ საქმეს, მე ამის უფლებას მაძლევს კანონი. ეს საქმე არის მნიშვნელოვანი და აუცილებია, რომ გამოძიებამ ამ საქმეებში შეიტანოს სინათლე. ვეცდები, რომ მაქსიმალურად მალე მქონდეს წვდომა ამ კატეგორიის საქმეებზე.

შესაბამის უწყებებს გრიფის მოხსნის უფლებამოსილება აქვთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ სხვა საკითხია. ამ საქმებს ჩვენ ვსწავლობთ და უახლოეს მომავალში განცხადებასაც გავაკეთებთ. დადგა დრო, რომ ამ საქმეებს მოეხსნას გრიფი. როგორც მინიმუმ, მასზე წვდომა სახალხო დამცველს მაინც უნდა ჰქონდეს.

საინტერესოა რა გახდა მიზეზი, რატომაც არ გაგაცნეს ეს საქმე?

- ის, რომ საქმეს ადევს გრიფი. ამ დროს კი სახალხო დამცველს აქვს უფლება წვდომა ჰქონდეს გრიფით „საიდუმლო“ მასალებზე.

რაც შეეხება ლაფანყურის საქმეს, როდის ასრულებს სახალხო დამცველთან არსებული საბჭო მუშაობას და როდის გამოიკვეთება ახალი დეტალები?

- ჩვენ ვახდენთ ძალიან ბევრი ფაქტის დოკუმენტირებას და შესწავლას. ამ მასალებს გამოვაქვეყნებთ მას შემდეგ, რაც კომისია დაასრულებს მუშაობას, მანამდე მე გამიჭირდება რაიმე კომენტარის გაკეთება, რადგან მიმდინარეობს ეს პროცესი და არ მინდა, რომ ამით ხელი შევუშალო ამ საბჭოს მუშაობას. თუმცა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ საქმეში ძალიან ბევრი სერიოზული და საინტერესო დეტალები იკვეთება.