ნეპოტიზმის მოჯადოებული წრე - არაკვალიფიციური ჩინოსნების არმია სტიქიაზე უარესია

ნეპოტიზმის მოჯადოებული წრე - არაკვალიფიციური ჩინოსნების არმია სტიქიაზე უარესია

"ჩვენს ქვეყანაში ნაცნობ-მეგობრობით სამსახურის შოვნას, ალბათ, ვერასოდეს გადავეჩვევით. რა თქმა უნდა, კერძო სექტორში ბიზნესმენს ვერავინ აუკრძალავს ნათესავი ან მეგობარი დაასაქმოს, თუმცა ის საქმეს კარგად უნდა უძღვებოდეს - ხათრისა და ძმაკაცობისთვის ანგარიშის გაწევის გამო თავის კომპანიას არავინ დააქცევინებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო სექტორში ქვედა და საშუალო რგოლებში უფრო მეტი ხელფასია, ვიდრე იმავე პოზიციაზე კერძო სექტორში...", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "ნეპოტიზმის მოჯადოებული წრე / არაკვალიფიციური ჩინოსნების არმია სტიქიაზე უარესია / საჯარო სექტორში 7.800 ახალი თანამშრომლიდან მხოლოდ 257 დაინიშნა კონკურსის წესით.

"მაგალითად, "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" აცხადებს დამლაგებლის ვაკანსიას, ანაზღაურება 400 ლარი - კერძო სექტორში ამ ტიპის სამსახურში საშუალო ანაზღაურება უფრო დაბალია. აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ ერთ-ერთი სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ჯერჯერობით ვაკანტურ თანამდებობაზე სახელფასო სარგო 2 350 ლარია, ერთ-ერთი უწყების ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის ხელფასი კი 2 930 ლარს შეადგენს. 9 დეკემბერს ამოიწურა განცხადებების შეტანის ვადა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე. ის, ვინც ამ თანამდებობაზე დაინიშნება, ხელფასის სახით 4 000-5 000 ლარს მიიღებს. საინტერესოა, რომ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება კიდევ უფრო იზრდება. მართალია, იზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც, თუმცა სულ რაღაც 1,8%ით, ხოლო შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა 2012 წელთან შედარებით თითქმის 25%ით მეტია, რაც, ექსპერტების თქმით, შთამბეჭდავი ზრდაა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სამსახურში ანაზღაურება ისედაც მაღალია", - აღნიშნავს გამოცემა.

"სხვათა შორის, თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობა" საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების ზრდას კორუფციული გარიგებების რისკის შემცირებით ხსნიდა და ეს სერიოზული არგუმენტი იყო, თუმცა, მეორე მხრივ, მაღალი ანაზღაურება და, ზოგჯერ არცთუ რთული სამუშაო, მნიშვნელოვნად ზრდის ნეპოტიზმის საფრთხეს. კერძოდ, შესაძლოა, ამოქმედდეს პრინციპი - "სჯობს, ეს ხელფასი ჩემიანმა აიღოს, ვიდრე სხვამ". არის საბიუჯეტო ფული, ნაკლები კონტროლი, თავის მართლების მეტი საშუალება. თუმცა ასეთი მიდგომით, ერთი მხრივ, საქმე ფუჭდება, მეორე მხრივ კი, იმ ადამიანებს, რომელთაც კონკრეტულ სამინისტროში, დეპარტამენტში თუ სხვა სახელმწიფო უწყებაში მეგობრები არ ჰყავთ, გზა ეკეტებათ წინსვლისკენ. "ნაციონალური მოძრაობა" რომ საკადრო საკითხს კლანურ-პარტიული ნიშნით წყვეტდა, ძველი ამბავია. საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და ალბათ, დროა, საბოლოოდ მოგვარდეს ნეპოტიზმის პრობლემაც სახელმწიფო უწყებებში", - დასძენს გამოცემა.

"არადა, ეს კვლავ პრობლემად რჩება. ამას კვლევებიც ადასტურებს. კერძოდ, 2013 წლის ზაფხულში საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოაქვეყნა 2013 წლის გლობალური კორუფციის ბარომეტრი. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში რესპონდენტებისთვის პრობლემას წარმოადგენს ნეპოტიზმი საჯარო სექტორში. კითხვაზე, - რამდენად საჭიროა პირადი კონტაქტები სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობისას - გამოკითხულთა 38%-მა უპასუხა, რომ ასეთი კონტაქტები მნიშვნელოვანია, ხოლო კიდევ 15%ს მიაჩნია, რომ ასეთი კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე ორგანიზაციის ზაფხულის ბოლოს გამოაქვეყნებული კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მოქმედი საჯარო დაწესებულებიდან, მთლიანობაში, სულ ცოტა, 5 638 თანამშრომელი დაითხოვეს და 7 800 ახალი თანამშრომელი მიიღეს, რომელთაგან მხოლოდ 4%, ანუ 257 დაინიშნა კონკურსის მიხედვით. დანარჩენ შემთხვევაში კონკურსი არ გამოცხადებულა", - წერს სტატიის ავტორი.

"გამიჭირდება გამოყოფა, რომელ სახელმწიფო უწყებებში დაასაქმეს უკონკურსოდ ადამიანები, რადგან თითქმის ყველგან ერთი და იგივე ხდებოდა. სამწუხაროდ, კანონი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ამა თუ იმ თანამდებობაზე არ გამოეცხადებინათ კონკურსი და მოვალეობის შემსრულებელი დაენიშნათ. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, 2013 წლის ივლისიდან უკვე უნდა გამოცხადებულიყო კონკურსები, მაგრამ კანონში ცვლილება შეიტანეს და ეს ვადა გადასწიეს საშუალო და ქვედა დონეზე 2014 წლის 1 იანვრამდე და ზედა დონეზე - ზაფხულამდე. ეს ახსნეს იმით, რომ თითქოს ამ კონკურსების მომზადებას ვერ ასწრებდნენ. ეჭვი მაქვს, რომ ვადა შეიძლება კიდევ გადასწიონ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტების ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი.

"ამის გარდა, სერიოზული პრობლემები იყო იქაც, სადაც კონკურსი ჩატარდა, რამდენიმე დაწესებულებაში მოგვიწია ამ პროცესზე დაკვირვებამ. მაგალითად, რიგ შემთხვევაში საკონკურსო კომისიები არ იყო შესაბამისად დაკომპლექტებული, ბევრი კითხვა ჩნდებოდა კომისიის წევრების კვალიფიკაციაზე. მაგალითად, ხაშურში, საჯარო სამსახურის ერთერთ კონკურსზე, კომისიის წევრი სკოლის მასწავლებლები სვამდნენ კითხვებს, რომლებიც საქმესთან სულ არ იყო კავშირში. გარდა ამისა, კონკურსებზე, უმეტეს შემთხვევაში, წერითი კომპონენტი არ იყო გამოყენებული, ძირითადად ზეპირი გასაუბრებები ტარდებოდა. წერითი კომპონენტისას უფრო ადვილია შედეგების ნახვა და გასაჩივრებაც. საბოლოოდ ამგვარი მიდგომები არა მხოლოდ ნეპოტიზმის საფრთხეს, არამედ პოლიტიკური ნიშნით შერჩევის და ათასი სხვა დისკრიმინაციის საშუალებას იძლევა", - მიიჩნევს ლევან ნატროშვილი.

"სხვათა შორის, ხშირად საჯარო სექტორში კონკურსის გამოცხადებაც მხოლოდ შირმაა - როგორც წესი, ჩინოსანს წინასწარ ჰყავს შერჩეული კონკრეტულ ვაკანსიაზე კონკრეტული ადამიანი, რომელიც გამოცხადებულ კონკურსში მხოლოდ ფიქტიურად მონაწილეობს და ბევრად კვალიფიციური კადრი სამსახურს მიღმა რჩება. შეგახსენებთ, რა ვნებათაღელვა მოჰყვა საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელ პირთა კონკურსის შედეგებს. კონკურსის მიმდინარეობისას მხარეები საუბრობდნენ კანდიდატების მიმართ ამა თუ იმ პოლიტიკოსის, თანამდებობის პირისა თუ მაჟორიტარი დეპუტატის ღია მხარდაჭერაზე. საუბარი იყო, ასევე, ხელმძღვანელ პირთა შერჩევაზე ნათესაური და მეგობრული ნიშნით, რაც სამწუხაროდ, ორგანიზაციების - "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დაკვირვებით, საფუძველს მოკლებული არ იყო: "შემაშფოთებელია, რომ შერჩეულ კანდიდატთა შორის, ცალკეულ შემთხვევებში, მართლაც იკვეთება ნეპოტიზმის ნიშნები" - ნათქვამია წერილში, რომლითაც ორგანიზაციებმა მოუწოდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რესურსცენტრების კონკურსები სამართლიან, თანასწორ და გამჭვირვალე გარემოში გამართოს", - დასძენს სტატიის ავტორი. 

"ამგვარი პრობლემები რეგიონებშიც იჩენს თავს. მაგალითად, როდესაც პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძეს ტელეკომპანია "25ე არხის" ეთერში ნეპოტიზმის თაობაზე ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ მისი ახლობლები აჭარაში მნიშვნელოვან თანამდებობებზე ნამდვილად ინიშნებიან - "უცნობს არავითარ შემთხვევაში არ მივცემ რეკომენდაციას, მე რეკომენდაციას ვაძლევ მხოლოდ ახლობლებს", - ბრძანა მურმან დუმბაძემ. გამოსავალი ალბათ, მეტი გამჭვირვალობა და საჯარო სამსახურების საშუალო და ქვედა რგოლების ვაკანტურ თანამდებობებზე ობიექტური კონკურსების ჩატარებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად ვიტრიალებთ ნეპოტიზმის მოჯადოებულ წრეზე. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ თუ მივიღეთ არაკვალიფიციური საჯარო მოსამსახურეების არმია, ამან ქვეყანას შესაძლოა, იმაზე მეტი უბედურება მოუტანოს, ვიდრე რომელიმე მძლავრმა სტიქიამ", - დაასკვნის სტატიის ავტორი.