"გარკვეულ ძალებს კოალიციაში შემოძრომა სურთ"

"იყო ასეთი არგუმენტიც, რომ კოდექსი ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობას ცვლის და ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან კონსტიტუციაში წერია, რომ ქვეყნის მთლიანობის აღდგენამდე ტერიტორიული მოწყობა არ შეიცვლება. მსგავსი არაფერი ხდება, ეს კოდექსი არანაირად არ ეხება ტერიტორიულ მოწყობას, რაც არის, ზუსტად იგივე რჩება. სამხარეო ადმინისტრაციები კარგა ხანია არსებობს, ეს ჩვენ არ მოგვიგონია, ხომ არსებობს სამხარეო პოლიცია, მაგალითად, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და ა.შ ასევე არსებობენ ამ მხარეების გუბერნატორები. მოკლედ, ეს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები არსებობენ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული", - აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნებისა" და "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის"მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "გარკვეულ ძალებს კოალიციაში შემოძრომა სურთ~ / "ეს არის სისულელე, რა შუაშიარეგიონული ენების ქარტია თვითმმართველობასთან?!" / "რიგ პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ თუ "რესპუბლიკელებზე" იტყვიან იმას, რასაც ივანიშვილზე ვერ ბედავენ, ამით მიზანს მიაღწევენ".

"ეს გუბერნატორთა უფლებამოსილების გაზრდა კი არ არის, არამედ ამ უფლებამოსილების განსაზღვრა. აქამდე გუბერნატორი იყო პრეზიდენტის წარმომადგენელი და მისი როლი ძირითადად შემოიფარგლებოდა იმით, თუ როგორი ტიპი იყო და რამდენად მაგრად იყო შეკრული ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ახალი კოდექსის მიხედვითაც, სამხარეო რწმუნებულს დავარქმევთ თუ გუბერნატორს, ის ისევ იქნება ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი და არა რეგიონის არჩეული პირი. მას დანიშნავს მთავრობა. თუ მთავრობაც სეპარატიზმშია ეჭვმიტანილი, არ ყოფილა ჩვენი საშველი. ბუნებრივია, რომ ამ თანამდებობის პირს უნდა ჰქონდეს კონკრეტული უფლებამოსილებები, სახელმწიფო ბოლოს და ბოლოს უნდა დაემსგავსოს სახელმწიფოს, ნებისმიერ სახელმწიფო პირს უნდა ჰქონდეს მკვეთრად განსაზღვრული უფლებამოსილება. მისი გადაწყვეტილებები ერთპიროვნული რომ არ იყოს, ამისთვის იქმნება ეს საკონსულტაციო საბჭოები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი. 

"გარდა ამისა, კანონი მკვეთრად განსაზღვრავს გადაწყვეტილებების არეალს, რაც შეიძლება იყოს განხილვის საგანი, ანუ ვიღაცამ შეიძლება მიიჩნიოს, რომ გუბერნატორს უფრო მეტი უფლებები უნდა ჰქონდეს, ვიღაცამ კი თქვას, რომ - ნაკლები. ამიტომაც არის წინ საპარლამენტო განხილვები. რაც შეეხება ამ საბჭოებს, ეს ასევე ცალკე არჩეული კი არ იქნება, არამედ იმ მხარეში არსებული თვითმმართველობების მიერ იქნება დელეგირებული ერთი ან ორი წარმომადგენელი. საბჭოს ექნება მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქცია. ვიმეორებ, გუბერნატორის გადაწყვეტილება ერთპიროვნული რომ არ იყოს, ეს უნდა დაამტკიცოს ამ საბჭომ, თუ არ დაამტკიცა, მაშინ ეს საკითხი მიდის მთავრობაში და ცენტრალური მთავრობა დაამტკიცებს. აი, ეს არის სულ. იმაზე ლაპარაკი, რომ ეს არის სეპარატიზმის საფრთხე, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. კიდევ ვიმეორებ, არავითარი ცვლილება ადმინისტრაციულ მოწყობაში არ ხდება. ვინც ამას ამბობს, ის აბსურდს ლაპარაკობს.", - განაგრძობს რესპონდენტი.

"როგორც ვიცი, შემცირდა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა - 13-დან 7-მდე, რაც მე არასწორად მიმაჩნია. თავდაპირველად ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ყველა ქალაქს, სადაც 15 000-ზე მეტი მცხოვრებია, მინიჭებოდა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ახლა კი გადაწყდა, რომ ეს სტატუსი მიენიჭება მხოლოდ სამხარეო ადმინისტრაციის ცენტრებს. ხოლო ამ საბჭოებს, რეგიონის საბჭოების ნაცვლად, საკონსულტაციო საბჭოები დაერქმევა. ექსპერტების განცხადებებეი, რომ სეპარატიზმის საფრთხეს, ამ კოდექსთან ერთად, გაზრდის რეგიონული ენების ქარტია, რომლის შესრულების ვალდებულებაც აღებული გვაქვს არის სისულელე - რა შუაშია რეგიონული ენების ქარტია თვითმმართველობასთან?! ამ ვალდებულების შესრულებას ევროპის საბჭო ჩვენგან იმის მიუხედავად ითხოვს, გავატარებთ თვითმმართველობის რეფორმას თუ არა", - განმარტავს დავით ზურაბიშვილი და შეკითხვას - "ბოლო დღეების განმავლობაში "რესპუბლიკური პარტია" ძალიან მწვავე კრიტიკის ობიექტად იქცა" - პასუხობს:

"ეს აგრესია ჩვენთვის არახალია. ადრეც ხშირად ვყოფილვართ ამგვარი აგრესიის სამიზნე. ამის მიზეზი არაერთია: ჩვენ ვართ ყველაზე ორგანიზებული პოლიტიკური ძალა საქართველოს პარლამენტში. "ქართულ ოცნებას" პირდაპირ ვერ არტყამენ, რადგან კოალიცია მთლიანად ასოცირებულია ბიძინა ივანიშვილთან, მისი პოპულარობა კი ძალიან დიდია. მას პირდაპირ ვერ ურტყამენ, მით უფრო, ძნელია მასზე ვინმემ თქვას, რომ ის ანტიეროვნულ და ანტიქართულ პოზიციას უჭერს მხარს და საქართველოს დაშლის გეგმა აქვს, ამას არავინ დაიჯერებს, ამიტომ რიგ პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ თუ "რესპუბლიკურ პარტიაზე" იტყვიან იმას, რასაც ივანიშვილზე ვერ ბედავენ, ამით რაღაც მიზანს მიაღწევენ. გარდა ამისა, "რესპუბლიკური პარტია" აქტიურად ჩანს, განსაკუთრებით საპარლამენტო საქმიანობასა და მედიასთან ურთიერთობაში, კოალიციაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და, ბუნებრივია, ბევრს ეს ძალიან აღიზიანებს, მით უფრო, რომ არიან ძალები, რომელთაც სურთ, კოალიციაში თვითონ შემოძვრნენ, რაღაც ადგილი დაიკავონ, ამიტომ "რესპუბლიკურ პარტიას" აღიქვამენ ბარიერად".