თქმისა, ართქმისა და სასაზე დაყენებული „ცენზორ-სენსორებისა“

თქმისა, ართქმისა და სასაზე დაყენებული „ცენზორ-სენსორებისა“

ვილნიუსის სამიტის შედეგები კიდევ დიდხანს იქნება პოლიტოლოგების, პოლიტიკოსების, პოლიტიკანებისა და, უბრალოდ,  ქვეყნის მომავალზე დაფიქრებული მოქალაქეების სამსჯელო თემა. დღეს, მკაფიოდ გამოკვეთილი ეიფორიისა (დასავლური ორიენტაციის მომხრეთათვის) და სკეპტიციზმის (ეს უკვე ჩრდილოეთისკენ მომზირალთ ეხება) პირობებში, ჯერ კიდევ, ძნელია იმაში სრულფასოვნად გარკვევა, _ რა მივიღეთ კარგა ხნის წინ გაპიარებული დოკუმენტის ხელმოწერით? რა არის ეს, ნაბიჯი წინ, ევროპული ოჯახისკენ თუ კიდევ უფრო დაშორება ქვეყნის წინაშე მდგარი უმწვავესი პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის სწორი გზიდან? სჯობია, დასკვნების გამოტანის დროს ნუ ვიჩქარებთ (თუ გარემოებაც არ დაგვაჩქარებს), ყურადღებით დავაკვირდეთ პროცესებს და დაველოდოთ დიდი ქვის ჩაგდების შემდეგ ამღვრეული მორევის დაწმენდას. უდისტანციოდ გაკეთებული შეფასება, უმეტესწილად, მცდარია ხოლმე. ჩვენ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას, რომელსაც ტერიტორიის 20% აქვს დაკარგული და დეზინტეგრაციის ახალი ტალღის წინაშე იმყოფება, შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს.

ილიას თუ დავუჯერებთ (როცა არ დავუჯერეთ, რა მოვიგეთ?), რიტორიკაში წერია, _ ყველაფერი შესავლით იწყებაო. მე მჯერა ილიასი, თუმცა შესავალსაც გააჩნია. იმ ანდაზისაც მჯერა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო, რომ გვასწავლის. არის ხოლმე მომენტი, როცა სიტყვა სულაც არაა საქმე და, საქმე იქით იყოს, ჭკვიანური სიტყვაც კი არაა. მე კი მჯერა, მაგრამ რად გინდა? _ ამირან გულში მღეროდაო, ისეა საქმე. ვისაც უნდა სჯეროდეს და არა მხოლოდ სჯეროდეს, დასკვნებიც გამოჰქონდეს, ისინი გვყავს მოსამწყემსი. ბარე ორს, სახეზე საკერებელივით რომ ადევს მენტორული გამომეტყველება, ან საინფორმაციო ღრუ უნდა დაუხშოს კაცმა, ან სასაზე ცენზორ-სენსორი დაუყენოს, რომელიც საიმედოდ გაფილტრავს დიდი პოლიტიკოსების გონების წიაღში აღძრულ, ფართო აუდიტორიისთვის გამიზნულ სიბრძნეს.

მეც კაიხელა შესავალი გამომივიდა, თანაც _  ყოველგვარი რიტორიკის გარეშე და სჯობია „პირველსავე სიტყუასა ზედა აღვიდე“, რათა მკითხველისთვის გასაგები იყოს ამ მცირე ოპუსის მიზანდასახულობა.

ვილნიუსის დოკუმენტზე ხელმოწერა ხეირიანად გამშრალი არ იყო, რეინტეგრაციის მინისტრმა ერთგვარი რიხითა და ნიშნის მოგებით განაცხადა: ახლა ჯერი აფხაზებსა და ოსებზეა, მათ უნდა გადაწყვიტონ, რას აპირებენ, ჩვენთან ერთად მოდიან ევროპულ ოჯახში თუ რუსეთთან რჩებიანო?

ისიც მახსენდება, რამდენიმე დღით ადრე ბ-ნი ზაქარეიშვილი კიდევ ერთხელ შეეხო ტერიტორიების საკითხს და ასეთი რამ ბრძანა: დროა, აფხაზები და ოსები საკუთარ თავთან მარტო დავტოვოთ, რათა სერიოზულად დაფიქრდნენ და არჩევანი გააკეთონო.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ბ-ნი მინისტრი საქართველოს იურისდიქციიდან გასულ ტერიტორიებზე რუსეთის იმპერიული მიზნების გარდა სხვა პრობლემას ვერ ხედავს, ან არაფრად აგდებს. არ ვიცი, როგორ წარმოუდგენია მას კავშირის გაწყვეტიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ გასაგრძელებელი დიალოგი. შეიძლება ისე, როგორც „ერისიონის“ ცნობილი ფრანგული სარეკლამო კლიპის ფინალშია, ფაფახიანი ტიპი რომ ამბობს, _ აბა, ბავშვებო, გეყოფათ თამაში, დაძინების დროა და მარშ საწოლისკენ!

შემთხვევითი არაა, რომ მინისტრის ამ მოუფიქრებელ-გაუაზრებელმა (შესაძლოა, პირიქით, ძალიან კარგად მოფიქრებულმაც) განცხადებამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ნაირემოციური, მაგრამ ცალსახად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. ზოგს გაუკვირდა, ზოგიც გაღიზიანდა, ზოგმა, არცთუ უსაფუძვლოდ, ჩათვალა, რომ ბ-ნი ზაქარეიშვილი შენიღბულად რაღაცისთვის ამზადებს საზოგადოებრივ აზრს და ამ „რაღაცაში“ ვანდეურად განწყობილი რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება იგულისხმება. დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ისიც ხომ ვიცით, რაც 2001 წელს, სოჭში რუსეთის ეგიდით გამართულ ქართული და აფხაზური არასამთავრობოების შეხვედრაზე განაცხადა მომავალმა მინისტრმა (მისი პარტიული დოსტების გამონათქვამებზე ამჯერად არაფერს ვიტყვი). ჰოდა, „უჩინმაჩინის ქუდის“ მანჯგალაძისეული პერსონაჟის არ იყოს, ეჭვი საშინელი რამაა. ეჭვიანობის გამო ოტელომ დეზდემონა მიახრჩო და სოჭური პრეცედენტის შემდეგ ჩვენ რომ ლუპით დავუწყოთ ჩხრეკა ზაქარეიშვილის აზრებს, არ დაგვეძრახება.

ყველაზე მოკლედ და კომბინირებულად სათქმელი ვასილ მაღლაფერიძემ გამოხატა. მან დასვა ერთადერთი და მარტივი კითხვა, რომელიც რეინტეგრაციის მინისტრის განცხადების შემდეგ  უნდა გაუჩნდეს ყველა ადამიანს, თუ მას ელემენტარულ გონიერებაზე აქვს პრეტენზია _ რას ნიშნავს ეს სიტყვები? როგორ ვიქცევით იმ შემთხვევაში, თუ ერგნეთს და ენგურსგაღმიდან ასეთ პასუხს მივიღებთ (რომ მივიღებთ, ვინმეს ეჭვი გეპარებათ?): „ეი, ვი ტამ, გრუზინი! მი უჟე ვიბრალი როსსიუ, ა ვამ სკატერტიუ დაროგა ვ ევროპუ. ბაი-ბაი, ხლოპცი“!

რაო, დავიხუროთ ქუდი და უკან გამოვიძურწოთ? _ ვაჰ, ამათ მართლა არ სდომებიათ ჩვენთან ყოფნა და რატომ შევეტენოთ სახედარზე მიძალებული პიტნასავითო?

აბსოლუტურად მართებული შენიშვნაა და სხვებთან ერთად მეც მაინტერესებს პასუხი აქ დასმულ კითხვაზე.

ბ-ნი ზაქარეიშვილი ვარსკვლავებს პოლიტიკაში არასოდეს წყვეტდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, საინტერესოობის თვალსაზრისით, ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში უფრო სოლიდურად გამოიყურებოდა, ვიდრე აწ უკვე სახელგამოცვლილი რეინტეგრაციის სამინისტროს შეფის სავარძელში. ხელისუფლება ის ლაკმუსი აღმოჩნდა, რომელმაც სწრაფად გამოავლინა ბარე ორი ცნობადის, როგორც საჯარო მოხელის, ნამდვილი სახე. ამ „ბარე ორს“  შორის ზაქარეიშვილი ერთ-ერთი „ბარე პირველია“.

თავად ის განცხადება, რისთვისაც ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში მსუბუქად გაკენწლა მაღლაფერიძემ, გაცილებით მწვავე შეფასებას იმსახურებს. ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს, _ ან ბ-ნ მინისტრს არ ესმის რეალური მდგომარეობა, ვერ აღიქვამს პერსონაჟებისა და სტატისტების განლაგებას პოლიტიკურ სიბრტყეზე და იმ ფაქტორებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ზემოქმედებას ახდენენ საერთო სურათზე, ან პანქართული გულუბრყვილობის მორიგ აფეთქებასთან გვაქვს საქმე და ვერაფერს ვხვდებით. ამ ვითომ შემთხვევით, სასხვათაშორისოდ წამოსროლილი აზრების მიღმა ძალიან საშიში ვაკუუმი იგრძნობა. უკეთეს შემთხვევაში, ეს სიბრიყვეა, უარეს შემთხვევაში… შეფასება თავად გააკეთეთ!

ამირან გულში მღეროდაო, ასეა ჩემი საქმე, მაგრამ გამჩენი არ მასვენებს და მინდა, ახალ პრემიერს რჩევა მივცე, _ თუ ხმები თებერვალში მოსალოდნელ სამთავრობო კარუსელზე რეალურია, ერთ-ერთი პირველი, ვფიქრობ, სწორედ ბ-ნი ზაქარეიშვილი უნდა გაუშვათ პენსიაზე. ძალიან წვეტიანი და ქვეყნისთვის საშიში აზრები აწუხებს მაგას!

გადაიღალა კაცი, ეკუთვნის!