გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და პარლამენტის შესაბამის - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძვანელ რგოლს შორის ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობის საფუძვლები იკვეთება.
საქმე ის არის, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატი გოგლა ჟვანიაა, ხოლო მის მეუღლეს, ნინო შარაშიძეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი უკავია.
ქართულ რეალობაში სიახლეს აღარ წარმოადგენს, როცა პოლიტიკასა და საჯარო სამსახურში ოჯახებით ერთვებიან. ეს ტენდენცია "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებშიც გაგრძელდა და განსაკუთრებით, ცოლებისა და ქმრების დონეზე განვითარდა. თუმცა ამ თვალსაზრისით, ხათუნა გოგალაძის სამინისტრო და პარლამენტის შესაბამისი პროფილის კომიტეტი განსაკუთრებულია, რადგან საერთო სფეროს ამ ორი სახელისუფლებო განშტოების მმართველ რგოლში, ცოლი და ქმარი რანგობრივადაც ტოლ პოზიციაზე დგანან.
საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის საკითხებს "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონი აწესრიგებს. აღნიშნული კანონი ამბობს, რომ თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე საჯარო მოხელედ არ შეიძლება დაინიშნოს ამ პირის ახლო ნათესავი, ხოლო თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი ვალდებულია, თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დაკავებიდან ათი დღის ვადაში შეუთავსებელი თანამდებობიდან გადადგეს და საქმიანობა შეწყვიტოს.
კანონის ეს მოთხოვნა თავისი პირდაპირი არსითა და მნიშვნელობით ისეთ აკრძალვაზე მიუთითებს, როცა საქმე ვერტიკალურ დაქვემდებარებას ეხება. მაგალითად, არ შეიძლება სამინისტროს რომელიმე დეპარტამენტს, ან საქვეუწყებო დაწესებულებას მინისტრის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი ხელმძღვანელობდეს, რადგან ზემდგომს შეუძლია ქვემდგომის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს, გაათავისუფლოს ის სამსახურიდან და ასე შემდეგ. თავის მხრივ პარლამენტი ვერ ცვლის და ვერც აიძულებს აღმასრულებელი სტრუქტურის წარმომადგენელს გადაწყვეტილების შეცვლას და საერთოდაც არ მონაწილეობს თანამდებობებზე მოხსნა-დანიშვნების პროცესში, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საინტერესო ისაა, რასაც აღმსარულებელი ხელისუფლების საქმიანობის საპარლამენტო კონტროლი ქვია.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო კომიტეტს შეუძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მწვავე საკითხზე დაიბაროს მინისტრი, მინისტრის მოადგილე, ჩაიბაროს ანგარიში შესაბამისი სამინისტროსგან და თავის მხრივ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტიც პირდაპირ ვალდებულია შესაბამის სამინისტროს საკანონმდებლო და სხვა ტიპის კონტროლი გაუწიოს.
ჟვანია-შარაშიძის შემთხვევაში გამოდის, რომ კონკრეტულ საკითხებზე პასუხის მისაღებად ქმარმა ცოლი უნდა დაიბაროს და მოუსმინოს. მართალია, საპარლამენტო კომიტეტი ერთი კონკრეტული დეპუტატი არ არის და ის კოლექტიურ ორგანოს წარმოადგენს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ყურადღებას ის გარემოება იწვევს, რომ კომიტეტში მმართველი რგოლის წარმომადგენლად - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის რანგში, მთავრობის წევრის ქმარი გვევლინება, რომელიც ანგარიშს ცოლისგან მოისმენს.
"ამბები.გე" დაინტერესდა, რამდენად ჩაიბ
არებს ქმარი ცოლისგან ანგარიშს, რამდენად იქნება ეს ობიექტური და მოცემული შემთხვევა იწვევს თუ არა ინტერესების დაპირისპირებას. კითხვაზე პასუხის მისაღებად, პირველ რიგში, თავად გოგლა ჟვანიასთან გასაუბრება ვცადეთ, თუმცა მასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა, რის შემდეგაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძღვანელს გიორგი ცაგარეიშვილს მივმართეთ.
აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ კანონი არ ირღვევა, თუმცა მიაჩნიათ, რომ კარგი პრაქტიკის დამკვიდრებისთვის, უმჯობესი იქნება, თუკი ასეთი ტიპის ინტერესთა გადაკვეთას ოჯახის წევრებს შორის ადგილი არ ექნება.
"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მიხედვით, ასეთი ტიპის ურთიერთობა - როცა ოჯახის ერთი წევრი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, ხოლო ოჯახის მეორე წევრი - იმავე დარგში არსებულ სამინისტროში, მინისტრის მოადგილე, ეს სამსახურეობრივი ზედამხედველობის შემთხვევას არ წარმოადგენს. კანონმდებლობით აკრძალულია, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთთან სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ამავე კანონით, სამსახურეობრივ ზედამხედველობად ითვლება შემთხვევა, როდესაც ოჯახის ერთ წევრს აქვს შესაძლებლობა გააუქმოს ოჯახის მეორე წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მისცეს მას პირდაპირი წერილობითი მითითება და ასე შემდეგ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ვფიქრობთ, ადგილი არ აქვს, თუმცა საკითხის დელიკატურობა გვესმის. იმის მიუხედავად, რომ ადგილი არა აქვს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, ვფიქრობთ, რომ ეს გარკვეულ უხერხულობას ქმნის და შეიძლება წარმოშობდეს გარკვეულ შეკითხვებსა და ეჭვებს. ამიტომ კარგი პრაქტიკის დამკვიდრებისთვის, უმჯობესი იქნება, თუკი ასეთი ტიპის ინტერესთა გადაკვეთას ოჯახის წევრებს შორის ადგილი არ ექნება", - განაცხადა "საიას" საპარლამენტო მდივანმა თათული თოდუამ.
ამასთან, მასალის მომზადებისას "ამბები.გე"-ს გიორგი ცაგარეიშვილმა აცნობა, რომ აპირებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტისთვის მიმართვას და მისგან ოფიციალური განმარტების მიღებას, აქვს თუ არა მოცემულ შემთხვევაში ადგილი ინტერესთა შეუთავსებლობას.