ლაშა ნაცვლიშვილისა და გია ხუხაშვილის გარშემო სკანდალი არ წყდება. მთავრობის კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მისივე მთავრობის საკმაოდ გავლენიან პირებთან, ნაცვლიშვილსა და ხუხაშვილს შორის მწვავე საუბარი შედგა. როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილმა თავად გასცა ბრძანება, გამოძიებული იქნას ყველა ის საქმე, რომელიც ნაცვლიშვილის და ხუხაშვილის მთავრობაში ერთწლიან საქმიანობას უკავშირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ამის შემდეგ ლაშა ნაცვლიშვილმა ქვეყნის ატოვება გადაწყვიტა და აშშ-ის საელჩოს მიმართა ვიზის მისაღებად, თუმცა, საელჩომ ვიზის გაცემაზე უარი უთხრა. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად for.ge აშშ-ს საელჩოს დაუკავშირდა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს. სატელეფონო ზარებს არ პასუხობს ლაშა ნაცვლიშვილიც.
საინტერესო განცხადებას აკეთებენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში. როგორც for.ge-ს ოთარ ფარცხალაძის უწყებაში განუცხადეს, ყოფილი მთავარი პროკურორის, ყოფილი პირველი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში შეტანილი განცხადების შესწავლა დაიწყო, თუმცა რა დასკვნამდე მივა გამოძიება, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.
როგორც ცნობილია, ლაშა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოღვაწეობა შსს-ში დაიწყო, მას მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, თუმცა ყოფილი შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ნაცვლიშვილი შსს-დან გენერალურ პროკურატურაში გადაიყვანეს. მიზეზებზე ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ არსებობს, თუმცა არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნაცვლიშვილი კონკრეტული საქმეების ლობირებას შეეცადა, რაც მინისტრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, რომ ხშირად წყვეტდა ისეთ საკითხებს, რომლებიც არჩილ კბილაშვილის გადასაწყვეტი იყო, ამის შესახებ განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა.
„არჩილ კბილაშვილი ამერიკელებსაც მოსწონთ და ევროპელებსაც. ლაშა უფრო პრაქტიკულია და მეტი გამოცდილება აქვს. ხშირად წყვეტს ის იმას, რაც არის კბილაშვილის გადასაწყვეტი, ასეთი კაზუსები შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ არის დიდი პრობლემა“, - განაცხადა მაშინ ბიძინა ივანიშვილმა.
ლაშა ნაცვლიშვილი პროკურატურაში გამოძიებას კურირებდა, ის უშუალოდ კურირებდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეს და როგორც ამბობენ, მის საქმეზე გამამართლებელი განაჩენიც ნაცვლიშვილის დამსახურებაა. ის, რომ პროკურატურა ახალაიას მიმართ ლოიალური იყო, ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ ერთი და იგივე დანაშაულზე სასამართლომ ახალაია გაამართლა, ხოლო მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი დააყენა.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ნაცვლიშვილი და გელა ხვედელიძე უშუალოდ გავიდნენ კავშირში კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანთან, დათა ახალაიასთან და გარკვეული ინფორმაციის სანაცვლოდ, მას ხელშეუხებლობის გარანტია მისცეს. ერთ დროს საკმაოდ გავლენიანი ფიგურის მოღვაწეობის შესახებ კომენტარის გაკეთება არ სურს უმრავლესობის წევრებს. ლაშა ნაცვლიშვილს ბიზნესის წართმევის მცდელობაში „რუსმეტალის“ ხელმძღვანელები ადანაშაულებენ. აღსანიშნავია, რომ „რუსმეტალის“ ერთ-ერთი მსხვილი აქციონერის, ზაზა მამულაშვილის განცხადების საფუძველზე, კომპანიის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. კომპანიის ფინანსურ დირექტორს, გერონტი ცვარიანსა და ბუღალტერს, თამარ ჯავაშვილს პროკურატურამ 202-ე მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც დოკუმენტების გაყალბებას ითვალისწინებს.
კომპანიის გენერალური დირექტორის, თემურ მიმინოშვილის განცხადებით, პროკურატურაში შეტანილია ორი სარჩელი თაღლითობის სქემაზე, რომლის მეშვეობითაც მამულაშვილმა მილიონ ლარზე მეტი მიითვისა. თუმცა, ეს საკითხი წინ არ წაწეულა, მაშინ როდესაც მამულაშვილის განცხადების საფუძველზე, საქმის წარმოება 3 დღეში დაიწყო. მიმინოშვილის განცხადებით, მამულაშვილი ლაშა ნაცვლიშვილის უახლოესი მეგობარია.
ლაშა ნაცვლიშვილის სახელი ფიგურირებს, ბიზნესმენ გელა მიქაძის დაკავების საქმეში. არსებობს ინფორმაცია, რომ დაკავებამდე მას მოსთხოვეს ბიზნესის დათმობა და როგორც ამბობენ, მასთან ამ საკითხზე მოლაპარაკებას გენერალური პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი აწარმოებდა და სწორედ უარის შემდეგ მოხდა მისი დაკავება. რასაც ასევე მოჰყვა მისი ქონებისა და საბანკო ანგარიშების დაყადაღება.
„მე არ ვფლობ ინფორმაციას კონკრეტულად თქვენს მიერ დასახელებული პირი იყო თუ არა ამ წილის მომთხოვნი, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ასეთი მოთხოვნა ნამდვილად იყო და ეს ჩემთვის ცნობილია. ფაქტიც იმის შესახებ, რომ არც ერთ კითხვას არ უსვამენ ადამიანს, ვისაც სულ უფრო მეტ ბრალს უყენებენ, მიმანიშნებს იმაზე, რომ მხოლოდ ბრალდება არის გამოძიების ინტერესი და არა სიმართლის დადგენა“, - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.
ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს, კორტებთან მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, რომლის განცხადებით მისი შვილის მკვლელებს უშუალოდ ლაშა ნაცვლიშვილი მფარველობდა.
„ვთხოვდი, მარტო ერთ კითხვაზე გამეცით პასუხი, განზრახ მკვლელობით მიდიხართ თუ არა-თქო. მე ვითხოვ, ნაცვლიშვილის და კბილაშვილის პასუხისგებაში მიცემას და იცით რატომ? როცა წინ ედოთ, თითქმის, გამოძიებული საქმე, არ გამოიძიეს. პროკურატურაში იყო დაინტერესებული პიროვნება, რომელიც ხელს უშლიდა ამ გახმაურებული საქმეების გამოძიებებს. მინდა გითხრათ, რომ ყვლენაირად მტკიცდება, რომ ეს კვალი მიდის ლაშა ნაცვლიშვილისკენ.
შევხვდი ბატონ კბილაშვილის, ვუთხარი, რომ ეს საქმე გამოძიებული მაქვს და მოდი ვითანამშრომლოთ-თქო. კბილაშვილს ბევრი რამე დავუმტკიცე, დაუძახა ნაცვლიშვილს და ჩემი თანდასწრებით დაავალა, რომ ამ საქმეშე ხვალიდან სამი ახალი გამომძიებელი დაამატეო. 6 თვის განმავლობაში არც ერთი გამომძიებელი არ დაამატა ნაცვლიშვილმა, ისე წაიღეს ეს საქმე ქალაქის პროკურატურაში“, - ამბობს იური ვაზაგაშვილი.
მისივე თქმით, ნაცვლიშვილი უშუალოდ მფარველობდა შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს ლევან გვაზავას, რომლის უშალო ხელმოწერით მოხდა სპეცდანიშნულების რაზმის გაყვანა.
„ლაშა ნაცვლიშვილს წარსულს რომ გადავხედოთ, სულ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან იყო ჩახუტებული. ის უშუალოდ მეგობრობს იმ ხალხთან, ვინც ამ მკვლელობებში, ქონების წართმევაში და ბიზნესმენების ტერორით იყვნენ დაკავებულები. მისი საძმაკაცოა ეს ხალხი.
მეტსაც გეტყვით, მინისტრის მოადგილე ლევან გვაზავა, რომელიც ძალიან ბევრ ბინძურ საქმეებშია გასვრილი, დღემდე ვინმეს უხსენებია? ის ნაცვლიშვილის უახლოესი მეგობარია და ყოველ საღამოს რესტორნებში ქეიფობდნენ ერთად და, ალბათ, გაიგებდით კიდევ რა ბინძურ საქმიანობას ეწევიან ერთად. ნაცვლიშვილი მფარველობდა მათ. დიახ ბატონო, ჩემი შვილის მკვლელებს მფარველობდა ლაშა ნაცვლიშვილი.
ლევან გვაზავამ დაგეგმა ფირცხალავასთან ერთად საბურთალოს სასაფლაოზე ბიჭების ჩაცხრილვის ოპერაცია. ეს კაცი არის ნაცვლიშვილის ძმაკაცი და არა მარტო ზურას საქმეს, სხვა საქმეებსაც მფარველობდა ლაშა ნაცვლიშვილი. ყველა ძველ კადრებს, უშუალოდ ის მფარველობდა. როგორ შეიძლება შაქრო ზაალიშვილი, თენგიზ ხარებავა და სხვები მუშაობდნენ პროკურატურაში?! რა ბრალიც ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილს წაუყენეს, ესეც ნაცვლიშვილის დამსახურებაა. ქვეყანა დააქციეს, ხალხი დახოცეს და ხედავთ რაზე ჰყავთ დაჭერილი, ეს ამ ხელისუფლების სირცხვილია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას იური ვაზაგაშვილმა.