ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიები ღვინის გაძვირებას ახალი წლიდან ვარაუდობენ. თუკი საბაზრო პრინციპებს გავითვალისწინებთ, ეს სავსებით ლოგიკურია. როდესაც პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია და სახელმწიფო სუბსიდიაც მაღალია, ფასიც მუდმივად მაღლა იწევს.
კომპანიების ინფორმაციით, წითელი ღვინის ფასი, საშუალოდ, 25%-ით, ხოლო თეთრის 5%-ით გაიზრდება. ფასის მატების მთავარ მიზეზად ქართველი მწარმოებლები რთველის პერიოდში ყურძნის ჩაბარების მაღალ მაზანდას ასახელებენ.
ცნობილია, რომ წლევანდელ რთველზე 1 კგ რქაწითელის ჩასაბარებელი მინიმალური ფასი 1,1 ლარი იყო, საფერავის - 1,3 (ზოგ შემთხვევაში 1,8 ლარიც), ხოლო ალექსანდროულ-მუჯურეთულის ფასმა საერთოდაც 10 ლარს მიაღწია.
“თბილღვინოში” ამბობენ, რომ წელს ყურძენზე არსებული ფასები საკმაოდ მაღალი იყო, რაც ღვინოზე ფასის მატებაში აისახება. კომპანიის ცნობით, გაძვირება, ძირითადად, საექსპორტო ბაზრებს შეეხება, თუმცა ეს ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობაზეც იმოქმედებს.
ამასათან დაკავშირებით, ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ღვინის მწარმოებლების და ყურძნის მომყვანების ინტერესი არასდროს დაემთხვევა, რადგან ერთს სურს პროდუქცია ძვირად გაყიდოს, ხოლო მეორეს - იაფად შეიძინოს.
„თბილღვინოს“ მსგავსად ღვინის სხვა მწარმოებლებიც იანვარ-თებერვლიდან ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის გაძვირებაზე საუბრობენ. როგორც „ქართული ღვინის სახლის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, მათი პროდუქცია მომავალი წლიდან 30-40%-ით ძვირად გაიყიდება. ზურაბ შავიშვილის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება წლეულს ყურძნის მაღალი თვითღირებულებიდან გამომდინარე მიიღეს.
შარშან კომპანიებმა ნედლეული 30 და 40 თეთრად იყიდეს, წელს კი ყურძენზე მაღალი ფასი დაფიქსირდა და ღვინის გაძვირებაც სახელმწიფოს მაღალმა სუბსიდიამ განსაზღვრა. შავიშვილი ღვინოზე ფასის ზრდით მომხმარებელთა შემცირებას გამორიცხავს. მისივე თქმით, ქართული ღვინო საექსპორტო ბაზრებზე წარმოდგენილ სხვა ქვეყნის ღვინოებს ხარისხით გაუწევს კონკურენციას.
მომავალი წლიდან ფასი გაიზრდება „შუხმან ვაინის“ ღვინოზეც. როგორც კომპანიის დირექტორი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, გასულ წელთან შედარებით წელს ყურძნის ფასი 30-40%-ით გაიზარდა, რაც შემდგომ პროდუქციის ფასზეც აისახა. ნუცა აბრამიშვილის თქმით, მათი კომპანია პროდუქციის 20-25%-ით გაძვირებას როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზეც გეგმავს და ამის მიზეზად „შუხმან ვაინი“ ქართულ ღვინოზე მაღალ მოთხოვნას ასახელებს. აბრამიშვილის განცხადებით, მათი ღვინო შეიძლება ძვირი იყოს, თუმცა ხარისხით კონკურენციას ვერც იტალიური და ვერც ფრანგული ღვინოები ვერ უწევენ.
ქართული ღვინის ექსპორტი რომ ერთბაშად იზრდება, ამას სტატისტიკური მონაცემებიც ცხადყოფს. შესაბამისად, როდესაც პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა, ფასიც მაღლა იწევს. ასე რომ, მეღვინეების პოზიციაც საბაზრო კანონებს სრულად შეესაბამება.
„ივნისიდან სექტემბრამდე საქართველომ რუსეთში რეალიზაციისთვის 8 მილიონ 917 ათასი ბოთლი ღვინო გაიტანა, რაც 9 თვის განმავლობაში განხორციელებული ექსპორტის 33,7%-ს შეადგენს. შესაბამისად, შვიდწლიანი შესვენების შემდეგ, რუსეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი იმპორტიორი გახდა“, - აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
სულ იანვარ-სექტემბერში საქართველომ უცხოეთში 26 მილიონ 458 ათასი ბოთლი გაიტანა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 71%-ით აღემატება.
ქართული ღვინის ექსპორტი 49 ქვეყანაში ხორციელდება. მსხვილ იმპორტიორებს შორის მეორე პოზიცია უკრაინას უჭირავს, სადაც 8 მილიონ 523 ათასი ბოთლი ალოკოჰოლური სასმელი გაიყიდა (შარშანდელთან შედარებით 13%-ით მეტი).
იმპორტიორთა ხუთეულში შედიან ყაზახეთი, ბელორუსი და პოლონეთი, რომელთა წილი მთლიან ექსპორტში 20,7%-ია.