საქართველოსა და ნორვეგიას შორის თავდაცვის სფეროში მომავალი წლის ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განისაზღვრა. 2014 წლის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ნარდაიამ და ნორვეგიის თავდაცვის ატაშემ პოლკოვნიკმა როი გროთჰეიმმა დღეს, თავდაცვის სამინისტროში ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა საქართველოსა და ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2014 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.
დღესვე ნორვეგიის თავდაცვის ატაშეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა. გენერალური შტაბის უფროსმა პოლკოვნიკ როი გროთჰეიმს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა 2013 წლის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამხედრო სფეროში მომავალი წლის გეგმებზე შეთანხმდნენ. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის განვითარება.
საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა 2010 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს. ნორვეგიული მხარის დახმარებით საქართველოს ეროვნული გვარდიის პერსონალისთვის პერიოდულად იმართება ტრენინგები, მიმდინარეობს გამოცდილების გაზიარება სამხედრო დაზვერვის კუთხით. ასევე, პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში იმართება სემინარები. ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მიერ ორგანიზებულ სამთო კურსებში.