საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებამ, თვითმმართველობის ახალი კანონპროექტი საქართველოს დაშლის საფრთხეს შეიცავსო, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ უწმინდესი და უნეტარესი ხელისუფლების საქმეებში უხეშ ჩარევაში დაადანაშაულა და მასზე ცინიკურად თქვა, ბარემ პატრიარქს ერთი საპარლამენტო მანდატი მივცეთო, ხოლო ჟურნალისტმა და ე.წ. მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი საქართველოს პროგრესისა და ევროპული არჩევანის მოწინააღმდეგედ გამოაცხადა. სწორედ ამ თემით დავიწყეთ ინტერვიუ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრთან, კინორეჟისორ გოგა ხაინდრავასთან, რომელიც ასევე უკრაინაში მიმდინარე ცხელ პოლიტიკურ პროცესებსა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გამოძიებაზე გვესაუბრება.
- ბატონო გოგა, უმრავლესობის წევრ თამარ კორძაიასა და ე.წ. მედიაექსპერტ ზვიად ქორიძის მიერ პატრიარქის უდიერად ხსენებას როგორ აფასებთ?
- უწმინდესსა და უნეტარესზე ასე უდიერად საუბარი ამ ადამიანების ზნეობრივ და მორალურ სახეს არჩვენებს. საერთოდ, მათ უდიერი დამოკიდებულება აქვთ ქართველი ერისათვის მნიშვნელოვანი ფასეაულობებისა და ტრადიციების მიმართ, მაგრამ, როგორც ჩანს, ზრდილობასთანაც მწყრალად არიან... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პატრიარქი მათზე ასაკით ბევრად უფროსია და ამას მაინც უნდა სცენ პატივი.
ისევ ამ ადამიანების სინდისზე იყოს ასეთი საქციელი, თორემ პატრიარქსა და მის სიბრძნეს მსგავსი გამონათქვამები ვერანაირად ვერ დააკნინებს.
- უკრაინაში მიმდინარე პროცესები მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. როგორ ფიქრობთ, ეს რაიმე გავლენას მოახდენს საქართველოზე?
- უკრაინაში მიმდინარე პროცესები, პირველ რიგში, ძალიან კარგად აჩვენებს მსოფლიო პოლიტიკურ კონიუნქტურას. დიახ, ევროპა იანუკოვიჩს არ პატიობს იმას, რაზეც სააკაშვილს ტაშს უკრავდა!
- რას გულისხმობთ?
- საკუთარი მოქალაქეების დარბევას და მშვიდობიანი მანიფესტანტებისათვის ცემით სულის ამოხდას ვგულისხმობ. როცა ეს სააკაშვილმა გააკეთა თბილისში 2011 წლის 26 მაისს, მსოფლიომ ამაზე თვალი დახუჭა, მაგრამ დღეს, როცა იანუკოვიჩმა კიევში იგივე ჩაიდინა, მთელი მსოფლიო ამაზე ყვირის!
თუმცა, იანუკოვიჩის მიერ მომიტინგეების დარბევა ყვავილების დაკრეფას ჰგავს იმ მხეცობასთან შედარებით, რაც 26 მაისს სააკაშვილმა და მერაბიშვილმა გააკეთეს!
„რაც ეპატიება იუპიტერს, ის არ ეპატიება ხარს" - აი, ეს არის დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა! აი, ეს არის ევროპული დემოკრატია!
- სხვათაშორის, მერაბიშვილმა განაცხადა, მე და იულია ტიმოშენკო ერთ ბედს ქვეშა ვართო...
- მერაბიშვილი მკვლელია, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სისხლით აქვს ხელები გასვრილი, ტიმოშენკო კი შედარებით მსუბუქი დამნაშავეა! იგი არის კორუფციაში ღრმად ჩაფლული პოლიტიკოსი, რომელიც სერიოზულ ავანტიურებზე მიდიოდა... ევროპამ უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა ერთმანეთის საპირწონედ დააყენა ტიმოშენკო და უკრაინის მომავალი. მოთხოვნა, რომ გინდათ თუ არა, გამოუშვით ტიმოშენკო, აბსოლუტურად სასამართლომ დაუმტკიცა ძალიან მძიმე ბრალდება და რას ნიშნავს, გამოუშვით? არავინ ამბობს, რომ ტიმოშენკოს განაჩენი უსამართლო იყო და რატომ უნდა გამოუშვან, იმიტომ, რომ კარლ ბილდს, შტეფან ფულეს თუ კვასნევსკის ასე უნდათ?!
ზუსტად ეს პიროვნებები ასეთივე ინტენსივობით მოითხოვენ საქართველოში მერაბიშვილის გათავისუფლებას, აპროტესტებენ ამ კრიმინალების, ამ სისხლისმსმელების სასამართლო პროცესებს და ქართველ ხალხს სამართლიანობის აღდგენას უკრძალავენ, ამ ყველაფერს კი ევროპული დემოკრატიის სახელით აკეთებენ, რაც, პირველ რიგში, სწორედ ევროპული დემოკრატიისათვის არის დამღუპველი.
- ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე პირდაპირ თქვა კიდეც, დაჭერები რომ გაგვეგრძელებინა, ევროკავშირი უკან დაგვრჩებოდაო...
- მე პირდაპირ ვაცხადებ, თუ საქართველო არ იქნება ევროპის სრულუფლებიანი წევრი, მაშინ თავად ევროპა არ იქნება სრულყოფილი, იმიტომ, რომ საქართველო ისტორიულად არის ევროპის ნაწილი, საქართველო არის ევროპის ერთ-ერთი აღმშენებელი.
ამიტომაც დიდი უგუნურებაა, როცა ევროპელი პოლიტიკოსები მერაბიშვილის, ახალაიას და სხვა კრიმინალების ბედ-იღბალს უკავშირებენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ევროპელი პოლიტიკოსების სწორედ ამ უგუნურებამ განაპირობა ის, რომ ამ ეტაპზე პუტინის რუსეთი დასახულ მიზნებს წარმატებით აღწევს.
- სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები რომ კიევში არიან და მომიტინგეებს მხარდაჭერას უცხადებენ, ამაზე რას იტყვით?
- ამაზე სერიოზულად ლაპარაკი არც ღირს... ისე კი, სააკაშვილი, ბარამიძე და მთელი ეს ბანდა თავიანთი არსით იანუკოვიჩთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე იმ უკრაინელებთან, რომლებიც ევროპულ გზას ითხოვენ.
- ბატონო გოგა, დღეს, 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდებოდა, მისი გარდაცვალების საქმე კი დღემდე გამოუძიებელია და როგორ ფიქრობთ, რაიმე სუბიექტური მიზეზები უშლის ხელს ჭეშმარიტების დადგენას?
- როგორც ვიცი, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გამოძიებას დღეს აღარაფერი უშლის ხელს. ზურას ძმასთან გოგლასთან ვმეგობრობ, ზურას მეუღლეს ნინოსაც ვხედავ ხოლმე, ზურას დედას, ქალბატონ რემას ხანდახან ვნახულობ და ამ საქმის პულსზე მიდევს ხელი, თუმცა, ზურას ოჯახთან კარგი ურთიერთობა რომც არ მქონდეს, ეს საქმე უამისოდაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის...
ჟვანიას მკვლელობის გახსნა მხოლოდ დროის საკითხია. გამოძიებაში სერიოზული წინსვლაა, იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილის ბოროტმოქმედთა ბანდა 7 წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა კვალის წასაშლელად.
ზურაბ ჟვანიას მკვლელობა არის უმძიმესი სახელმწიფო დანაშაული, რომელიც სააკავშილისა და მისი რეჟიმისათვის განაჩენად იქცევა!
დიახ, ზურაბ ჟვანიას საქმის გახსნით მთელი მსოფლიოსთვის დადასტურდება, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა იყვნენ კაცისმკვლელები!
- ე.ი. თქვენ იმას გულისხმობთ, რომ ჟვანიას მკვლელობის კვალი სააკაშვილთან მიდის?
- კი არ ვგულისხმობ, არამედ ზუსტად ვიცი, რომ ეს ასეა! არასოდეს მეპარებოდა ეჭვი, რომ ჟვანია სააკაშვილმა და მისმა ბანდამ მოკლა!
საბურთალოს ქუჩაზე იმ ღამით გაზი არ იყო. ეს არის დადასტურებული ფაქტი. მაშ, ბინაში, სადაც გაზი არ იყო, ადამიანები გაზით როგორ უნდა გაგუდულიყვნენ? მორჩა და გათავდა, მარტო ეს ფაქტია საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ ჟვანია და უსუპოვი მოკლეს!
როგორც ვიცი, ჟვანიას საქმის გამოძიება მაქსიმუმ ორ თვეში დასრულდება და საზოგადოებისათვის ყველაფერი ნათელი გახდება!
- მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, ზურაბ ჟვანიას 50 წლის იუბილემ ჩაიაროს და ყველაფერს ვიტყვიო. როგორ ფიქრობთ, რა აქვს მას სათქმელი?
- მიხეილ მაჭავარიანს რა უნდა ჰქონდეს სათქმელი ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე?! მაგას შუბლის ძარღვი რომ ჰქონდეს, სირცხვილით ხალხში არ გამოჩნდებოდა!
მაჭავარიანი, ბარამიძე და მსგავსი სუბიექტები რას ლაპარაკობენ, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა და დარწმუნებული ვარ, საზოგადოებისთვისაც არ არის საინტერესო.
- პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, თანამდებობა არავისთვის არის იმუნიტეტი და თუ გამოძიებას სააკაშვილთან კითხვები ექნება, იგი აუცილებლად დაიკითხებაო. თქვენ ზემოთ საუბრობდით მსოფლიო კონიუნქტურაზე, რომელმაც სააკაშვილის დანაშაულებს წაუყრუა და როგორ ფიქრობთ, მისცემენ ქართულ სახელმწიფოს სააკაშვილის გასამართლების საშუალებას?
- ვეღარანაირი კონიუნქტურა სააკაშვილს ვეღარ უშველის!.. იგი არის ბოროტმოქმედი, რომლის დანგაშაულები ზედაპირზე დევს და აუცილებლად მოუწევს განსასჯელის სკამზე დაჯდომა! არცერთი წუთით არ მეპარება ეჭვი, რომ სააკაშვილი ძალიან მძიმე პასუხისგების ქვეშ აღმოჩნდება!
დღევანდელი ხელისუფლება არ გააკეთებს ამას? ამას გააკეთებს მომდევნო ხელისუფლება!