სააკაშვილმა შეიძლება საქართველოში მოქმედებები მარტ-აპრილიდან დაიწყოს

სააკაშვილმა შეიძლება საქართველოში მოქმედებები მარტ-აპრილიდან დაიწყოს

"მიხეილ სააკაშვილმა უკრაინა სასწრაფოდ დატოვა და მოლდოვაში გაემგზავრა. ექსპრეზიდენტის პოსტსაბჭოთა სივრცეში ტურნეს მიზანი არის ის, რომ კიდევ ერთხელ შეახსენოს დასავლეთს მისი არსებობა. თუმცა მან უკრაინა იმიტომ კი არ დატოვა, რომ მოლდოვაში ეჩქარებოდა, იგი გარკვეული გეგმით ჩავიდა კიევში რევოლუციის იდეოლოგებთან ერთად, მაგრამ არის ინფორმაცია, რომ, თუკი კიდევ რამდენიმე დღით დარჩებოდა უკრაინაში მის უსაფრთხოებაზე ქვეყნის სპეცსამსახურები პასუხს აღარ აგებდნენ. რისთვის ემზადება სააკაშვილი და რას საუბრობენ სააკაშვილზე ევროსტრუქტურების კულუარებში? "ალიას" კითხვებს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე პასუხობს", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურითსააკაშვილმა შეიძლება საქართველოში მოქმედებები მარტ-აპრილიდან დაიწყოს / რას საუბრობენ სააკაშვილზე ევროსტრუქტურების კულუარებში?

"სააკაშვილი უკრაინაში თვითინიციატივით არ ჩასულა, კაჩინსკი, კარლ ბილდტი, ესენი არიან ადამიანები, ვისაც "მაკკეინის ბავშვებს" ეძახიან, სწორედ მათი დავალებით ჩადის მიშა სააკაშვილიც. ჩვენმა მთავრობამ იმის პრევენციაც კი არ გააკეთა, რომ მიშა სააკაშვილის გამოთქმები ხვალ და ზეგ ცხვირში ცუდად არ მოგვხვდეს. იმის განცხადება, რომ სააკაშვილი თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეა, არაადეკვატურია და რბილად რომ ვთქვათ, სულელური გამონათქვამია. საქართველოს ხელისუფლებამ, ერთი მხრივ, გამოხატა შეშფოთება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი, მეორე მხრივ, ჩვენ შეგვეძლო გარანტიც გავმხდარიყავით მოლაპარაკებებისა უკრაინის ოპოზიციისა და იანუკოვიჩის მთავრობას შორის, ეს მომენტი ხელიდან გავუშვით", - აცხადებს გიორგი ფოფხაძე.

"მიხეილ სააკაშვილი ისევ ცდილობს, ევროპის თვალში გამოჩნდეს როგორც დემოკრატი ლიდერი. ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილი იმ ლიდერების სქემაში ჯდება, რომელთა დახმარებითაც ცდილობენ, უკრაინა გამოათრიონ რუსეთის მარწუხებიდან. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ სქემაში ახალი ხელისუფლება კი არ ჩაჯდა, არამედ მიხეილ სააკაშვილი, ვინც მას სცნობს, ყველა მიხვდება, რომ სააკაშვილი ამ სიტუაციას სათავისოდ გამოიყენებს. მას ექნება ხალხის მზარდაჭერა თუ არა, ეს სააკაშვილისთვის სულაც არ იქნება საინტერესო. სამაგიეროდ, მას ექნება ევროპის ლიდერების მხარდაჭერა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ფოფხაძე.

"სააკაშვილმა შეიძლება საქართველოში მოქმედებები მარტ-აპრილიდან დაიწყოს, არ გენიშნებათ, რომ მან 40 ათას უცხოელ მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა? აი, ზუსტად, ამ ხალხის დახმარებით აგვიგორებს მიტინგებს და მათ დაგვიყენებს მიტინგებზე, სააკაშვილი ასე უბრალოდ არაფერს არ აკეთებს, დამერწმუნეთ, 40 ათას უცხოელზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაც, მობრუნების გეგმის ერთ-ერთი ნაწილია. სააკაშვილმა უკრაინაში ჩასვლით შეიქმნა დამოუკიდებლობისთვის და ევროპული ინტერესებისთვის მებრძოლი ლიდერის იმიჯი, მან მისია შეასრულა, მეტი ამ მომენტისთვის არაფერი სჭირდებოდა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"რატიფიცირება, ეს არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ პარალელურად ახალ მთავრობას უნდა ემუშავა სხვა მიმართულებით, რასაც ჰქვია კოპენჰაგენის აქტი, რაც ჩვენ მიგვიყვანდა ევროკავშირთან დაახლოებასთან. კოპენჰაგენის აქტი არის ზუსტად ის ამოსავალი წერტილი, რასაც ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია და არა რაღაც გაურკვეველი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ასოცირების ხელშეკრულება. ასეთი ხელშეკრულება ევროკავშირს გაფორმებული აქვს ტუნისთან, ეგვიპტესთან, მაროკოსთან, ალჟირთან და თქვენ წარმოიდგინეთ, პალესტინის ავტონომიასთანაც კი. როგორ არიან ეს ქვეყნები დაახლოებული ევროკავშირთან, კარგად ვხედავთ. ჩვენ ვართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რადგან უკრაინის მოვლენები შეიძლება პირდაპირ გადმოვიდეს საქართველოში, რუსებს ჭკუა დაუშლით, გაშლილი დროშით თბილისში რომ შემოვიდნენ?!" - დასძენს გიორგი ფოფხაძე.