მიშა ისევ მაგარია ანუ შესაძლოა „კმარა“ აღდგეს?!

მიშა ისევ მაგარია ანუ შესაძლოა „კმარა“ აღდგეს?!

ვიცი, დრო მოვა, როდესაც ისტორია იტყვის, რომ რუსეთის იმპერია, აქ ევრომაიდანზე დამთავრდა“, – მიხეილ სააკაშვილი რუსეთის იმპერიის აღსასრულს მაიდანზე აანონსებს. ევროპის მთავარი საჭადრაკო დაფა მაიდანზე დგას. როგორც კიევში ჩასული სააკაშვილი იტყვის, სწორედ აქ მიმდინარეობს ევროპის დიდი გეოპოლიტიკური დრამა. ევრომაიდანზე წყდება უკრაინის ბედი, ჩვენი და საერთოდ, ევროპის ბედი – რუსეთმა თუ ამხელა ლუკმა გადაყლაპა თავის იმპერიულ მუცელში, არც დანარჩენ ევროპას დაადგება კარგი დღე. ეს იცის ევროპამ, ეს იცის უკრაინის დროშის ფერებში აელვარებულმა ეიფელის კოშკმა.

რუსეთი რომ ახალი იმპერიის შექმნას ცდილობს და საამისოდ ყველა ხერხსა და ღონეს ხმარობს, ამას მგონი, მხოლოდ ჩვენ ხელისუფლებაში „არ ხვდებიან“. ამ დუნიაზე, მხოლოდ ეს ჩვენი ხელისუფლება და მისი „პრიმადიპლომატი“ მაია ფანჯიკიძე თუ მოიწადინებდა, გამიჯვნოდა სააკაშვილის გამოსვლას უკრაინელი ხალხის წინაშე. ვითომ ჩვენ გვითხრა, რეალურად კი, როგორც მათე ბიჭმა მეფე ერეკლეს, ისე შეჰღაღადა პუტინს – სააკაშვილის განცხადებები ჩვენი მთავრობის პოზიციას არ გამოხატავსო.  ჯერ ერთი, ვერ გავიგე, ვინმეს ეგონა, რომ სააკაშვილის განცხადებები ამ მთავრობის პოზიციებს გამოხატავდა, თუ ამათ სააკაშვილი თავისი რუპორი ჰგონიათ? ან სააკაშვილმა სადმე თქვა, რომ მთავრობის პოზიციას გამოხატავს? სააკაშვილმა ბრიფინგზეც თქვა, მაიდანზეც, ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარებშიც, რომ ჩავიდა, როგორც დამოუკიდებელი მოქალაქე – უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, უთხრა, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს მათ, რომ საქართველო მათთან ერთად დგას.

ჩვენმა მთავრობამ „საქართველო“ დაირქვა? „უჟე“? ლუიმ მოგიკითხათ, მეთოთხმეტემ. ახლა, ქალბატონ ფანჯიკიძეს თუ იმაზე ეწყება გულყრა, რომ უკრაინელი ხალხი ქართველი ერის აზრის გამომხატველად მიშას მიიჩნევს და კიდევ იმაზე, რომ ქართველი ხალხი (მისი ნაწილი, ყოველ შემთხვევაში) მხარს უჭერს უკრაინელ ერს რუსეთის იმპერიული ზრახვების წინააღმდეგ, რა უნდა შევთავაზოთ ქალბატონ მინისტრს? რა ვიცი, ამ დროს ნიშადურის სპირტს აქებენ... ევრომაიდანზე მიშა გამოვიდა – უკრაინელ ხალხს, უკრაინულად მიმართა – მაიდანი სკანდირებდა ,,მიშა, მიშა!’‘  ოპოზიციის შტაბში გამოსვლის შემდეგ „მიშა მაგარია“ ისმოდა. რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, რას ნიშნავს ეს რამდენიმეწუთიანი ეპიზოდი? დავიწყოთ იმით, რომ მას შეუძლია, უკრაინელებს მიმართოს უკრაინულად და ყველამ ყველაფერი გაიგოს – არ სჭირდება განმმარტებლები, „იოანე ოქროპირების“ არმია ზოგიერთებივით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სააკაშვილი სულ რამდენიმე წელი ცხოვრობდა უკრაინაში, შეეძლო, რუსულით გასულიყო იოლად, მაგრამ მაინც ისწავლა უკრაინული ენა... მაიდანზე სააკაშვილის გამოსვლა და „მიშა, მიშა“ ნიშნავს, მინიმუმ იმას, რომ ძალიან ბევრმა საქართველოში  – პოლიტიკოსმა, ექსპერტმა, მესამე სექტორის ღვიძლმა თუ თირკმელმა შვილმა და ბევრმაც გარეთ, მაგალითად კრემლში ვოვამ, ნაადრევად ჩათვალეს მიშა ჩამოწერილად, მეტისმეტად ადრე ჩამოისვეს ხელი ტუჩის კუთხეებთან. არადა, ფაქტია, სააკაშვილს კვლავაც შესწევს მასების აყოლიება, მისი ქარიზმა არსად გამქრალა და სწორედ ამიტომაცაა კრემლისთვისაც და თუნდაც უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებისთვის საშიში.

თუმცა თავად მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, რომ უცხოელების საქმე არაა, ვინ როგორ უნდა წავიდეს თანამდებობიდან. „ჩვენ არ გვაქვს უფლება, მივუთითოთ უკრაინელებს, რა გააკეთონ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვინმეს ვუთხრათ, რომ გადადგეს ან ვინმემ გადაიბაროს მთავრობა, ვინმემ რაიმე ნაბიჯი გადადგას. ეს ჩვენ არ გვეხება და მხოლოდ უკრაინელი ხალხის საქმეა“, – აღნიშნავდა მიშა ოპოზიციის შტაბში გამართულ მიტინგზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, კიევში მიშას გამოჩენისთანავე, რევოლუციის სურნელი იყნოსეს. საერთოდ, კიევში პროცესების დაძაბვისთანავე გაჩნდა მოლოდინი – მიშას მოლოდინი ანუ ჩავიდოდა თუ არა სააკაშვილი კიევში, ევრომაიდანზე. ეს კითხვა ბევრს აწვალებდა, ბევრს ეგონა, რომ მიშა ამას მოერიდებოდა, ბევრს – რომ აუცილებლად ჩავიდოდა – სხვაგვარად გული არ მოუთმენდა, ვიღაცები – გაუმართლებლადაც კი მიიჩნევდნენ, არ უნდა ჩავერიოთო. მაგათ მიშა, მგონი, ისევ თავისი პრეზიდენტი ჰგონიათ, ისე სთხოვენ პასუხს რაღაც-რაღაცებზე. დამთავრდა, ვინც აირჩიეთ, იმის მარშრუტი აკონტროლეთ, გინდა „პეშკომ“ ატარეთ და მერე გაცვეთილი „ტუფლების“ საკომპენსაციოდ ხელფასი გაუორმაგეთ, გინდაც სულ შვეულმფრენით აფრინეთ – მისი ხელდამსხმელი რომ ,,ვერტალიოტს’‘ ეძახის, იმით. სააკაშვილი კიევში ჩავიდა. ჩავიდა და უკრაინულ მედიაში გაჩნდა ცნობები ერთობ საინტერესო სოუსით – რომ სააკაშვილი კიევში „კმარას“ აქტივისტებთან ერთად ჩავიდა, რომლებმაც თბილისში ,,ვარდების რევოლუცია’‘ მოაწყვეს, რომ მათთან ერთად არიან „ნარინჯისფერი რევოლუციის იდეოლოგები, კერძოდ _ ცნობილი სერბი მარკო ივკოვიჩი, რომელიც სერბეთში, საქართველოსა და უკრაინაში ,,საბრძოლო ქვედანაყოფებების’‘ შექმნით იყო დაკავებული. ,,რევოლუციების ორგანიზების სფეროში სპეციალისტების მუშაობის შედეგი უახლოეს მომავალში უნდა გამოჩნდეს’‘, – წერდა უკრაინული მედია. თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ სააკაშვილის კიევში ჩასვლის შემდეგ, ოპოზიციის მოთხოვნების კორქეცია მოხდა, მიიღო უფრო მკაფიო, საქმიანი და თანმიმდევრული სახე, უნდა ვივარაუდოთ, რომ პირველი ნიშნები უკვე არის კიდეც.  მოკლედ, კიევი ახალი რევოლუციის მოლოდინშია.

კიევში ჩასული სააკაშვილი უკრაინის შიდაპოლიტიკაში ჩარევას არ გეგმავს, მაგრამ თვითონ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს არ განიხილავს შიდაუკრაინულად – სააკაშვილის განცხადებით, ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, პუტინის მიერ სუვერენული ევროპული ქვეყნის რეიდერული დაპყრობაა. „ეს კი მთელი ევროპის, მთელი მსოფლიოსა და ჩვენი საქმეა იმიტომ, რომ ეს უკვე ჩვენ ყველას გვეხება’‘, – დასძენს სააკაშვილი. ,,ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აქ მიმდინარეობს ევროპის დიდი გეოპოლიტიკური დრამა. ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბანდიტური მიტაცება უკრაინის. იპყრობენ დიდ ევროპულ ქვეყანას ყველაზე საზიზღარი მეთოდებით და ამას არა მხოლოდ უკრაინისთვის ექნება ცუდი შედეგი, არამედ ევროპისთვის... პუტინისთვის უკრაინა არის ტერიტორია, მან ნატო-ს სამიტზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, 2008 წელს ბუქარესტში პირველად თქვა, რომ უკრაინა არ არის ქვეყანა, ეს არის ტერიტორია. მას შემდეგ ამას იმეორებს ყველა შეხვედრაზე და არა მხოლოდ იმეორებს, ახორციელებს კიდეც. ახლა გაჩნდა ახალი რუკა, სადაც უკრაინა გახლეჩილია ორ ნაწილად _ აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინად. ეს არის ბლეფი, რუსეთი ცდილობს, თავზე მოახვიოს ეს ბლეფი დასავლეთს. თან ეს არის მზადება უკრაინის შემდგომი გახლეჩისთვის. საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი ტყუილად არაფერს ამბობს, თუ მუქარას აგზავნის, ახორციელებს კიდეც. ერთხელ მან მითხრა, თქვენი მეგობრები ევროპაში ბევრ კარგ რამეს გპირდებიან, მაგრამ ვერაფერს შეასრულებენ, მე კი კარგს არაფერს გპირდებით, მაგრამ ყოველთვის ვასრულებ. ის ძალიან ბევრ ცუდ რამეს დაჰპირდა უკრაინას“, – განაცხადა სააკაშვილმა უკრაინაში, მაგრამ ეს, მგონი, უკრაინელებს ძალიან კარგადაც ესმით, ესმის მათ პატრიარქს ფილაერტის, მე რატომღაც მგონია, რომ კიევში ჩასული მიშა ისევ ჩვენი და ევროპის გასაგონად ლაპარაკობს. ასე მაგალითად: მაიდანზე სააკაშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ის იმყოფებოდა არა უბრალოდ ევროპაში, არამედ ევროპის გულში, „თქვენ ევროპული იდეალების ცენტრს წარმოადგენთ“, – უთხრა სააკაშვილმა მაიდანზე შეკრებილებს და თან ბებერ ევროპას შეახსენა, რომ ევროპული ღირებულებები ახალ ევროპაშია, იმ ახალგაზრდა ევროპაში, რომელიც აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორია და არ ელოლიავება რუსეთს. 

კიევი ახალი – ევრორევოლუციის მოლოდინშია, ამიტომაც მიიღო სააკაშვილი უკრაინელმა ხალხმა არა როგორც გოგოლის რევიზორი, არამედ როგორც არქიტექტორი. საქართველოდან ერთხელ უკვე გადაედო რევოლუციური ტალღა უკრაინას. ახლა ფაქტია, რომ ჩვენგან დამოუკიდებლად იქ იწყება რევოლუციური პროცესები და გამორიცხული არაა, აქაც აგორდეს – პრეცედენტს დიდი ძალა აქვს. ,,ვარდების რევოლუციის’‘ პრეცედენტმა ბიძგი მისცა ნარინჯისფერ რევოლუციას, ევრორევოლუცია ბიძგს მისცემს რას? იმას, რისიც ეშინია დღევანდელ მეოცნებე ხელისუფლებას. დიახ, თუ უკრაინელმა ხალხმა თავისი ხელისუფლება გადმოაყირავა ევროპული ღირებულებების ღალატისთვის, გამორიცხული არაა, აქაც იგივე მოხდეს, ყოველ შემთხვევაში, ხალხი კიდევ ერთხელ ირწმუნებს, რომ გაერთიანების შემთხვევაში, მარტო ხელისუფლების შეცვლა კი არა, კრემლის მზაკვრული, მტაცებლური გადაწყვეტილებების შეცვლაც შეუძლიათ. მართლაც და, რას უნდა მოასწავებდეს კიევში ერთად ჩასული მიშა, ,,კმარელები’‘ და სერბი მარკო ივკოვიჩი, თუ არა ახალ რევოლუციას? ისე, ცნობისთვის, ,,კმარას’‘ საქართველოში აღდგენას, საჭიროების შემთხვევაში, არ გამორიცხავს არც თეა თუთბერიძე... რა ვიცი, მაინც რომ იცოდეთ...