დავით კეზერაშვილისა და არჩილ კბილაშვილის ფარული კავშირები

დავით კეზერაშვილისა და არჩილ კბილაშვილის ფარული კავშირები

ვინ არის და ვისი რეკომენდაციით დაინიშნა კოტე ყიფიანი თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსად 

,,27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია დასრულდება!’‘ _ ეს განცხადება საქართველოს აწუკვე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო კამპანიისას გააკეთა და ნაციონალებისგან დატანჯულმა ხალხმაც ამოისუნთქა _ ათასობით ადამიანმა, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი მხოლოდ ფიზიკურ-მორალურად კი არ გაუსწორდა, არამედ ქონებაც წაართვა, ჩათვალა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სამართლიანობის აღდგენა დაიწყებოდა, მაგრამ ქართული ანდაზაა _ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო...  

ჰოდა, ნაციონალებიც იცინიან _ საქართველოს ხელისუფლებამ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექნაზე უარი განაცხადა. არადა, თავის დროზე ანუ მაშინ, როცა ოპოზიციაში იყო და სააკაშვილს ებრძოდა, კოალიცია ,,ქართული ოცნება’‘ მოსახლეობას პირდებოდა, როგორც კი ხელისუფლებას გადავიბარებ, სამართლიანობის აღდგენას დავიწყებო... რატომ ჭიანურდება სამართლიანობის აღდგენა? _ ეს, ერთი შეხედვით, რიტორიკული კითხვაა, კულუარებში კი, ამ თემის ირგვლივ ათასი ვერსია არსებობს. ასე, მაგალითად, ამბობენ, გარკვეულ ,,ოცნებელებს’‘ ყბადაღებული კოჰაბიტაცია ისე მოეწონათ, რომ ნაციონალებთან ბიზნესგარიგებაშიც კი შევიდნენო. ეშმაკმა უწყის, მართლა ასეა თუ არა, მაგრამ ფაქტია: ძველი პროკურორები თუ გამომძიებლები, რომელთაც უამრავი ადამიანი წამებაში, ფსიქოლოგიურ ზეწოლასა თუ ქონების გამოძალვაში ამხელს, თანამდებობას კვლავ ინარჩუნებენ; მეტიც _ ზოგიერთი მხილებული ძალოვანი ,,ოცნებამ’‘ დააწინაურა კიდეც.

ამის თვალსაჩინო მაგალითი კოტე (კონსტანტინე) ყიფიანია, რომელიც ნაციონალების ,,გულაობის’‘ დროს ჯერ, თურმე, ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა, შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროში. კულუარებში მოარული ხმით, 34 წლის ყიფიანი, არც მეტი, არც ნაკლები, დავით კეზერაშვილის მარჯვენა ხელი ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ,,კეზერა’‘ (ნაციონალი და-ძმები თავდაცვის მინისტრყოფილს შინაურულად სწორედ ასე ეძახიან) ,,არასასურველ’‘ ბიზნესმენებს სწორედ კოტე (კონსტანტინე) ყიფიანის დახმარებით ატერორებდა და აკოტრებდა. ,,ფინანსურ პოლიციაში, კოტე ყიფიანის კაბინეტში შემიყვანეს... ამ ახალგაზრდა კაცმა ჯერ ბიუჯეტში კოლოსალური თანხის გადახდა შემომთავაზა, მაგრამ რომ ვერ დამიყოლია, მერე მითხრა, თუ ვინმეს ,,ჩაუშვებ’‘, თავსაც გადაირჩენ და ოჯახსაც გადაარჩენო, მაგრამ ვინმეს ,,ჩაშვებას’‘ და უსამართლოდ გაუბედურებას, ციხეში წასვლა ვამჯობინე’‘, _ აღნიშნა ,,ვერსიასთან’‘ პრივატული საუბრისას ერთ-ერთმა დატერორებულმა ბიზნესმენმა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, იმდროინდელი ნაციონალური პრაქტიკის მიხედვით, საკუთარი ქონება სახელმწიფოს თითქოს ნებაყოფლობით ,,აჩუქა’‘... ,,კეზერასა’‘ და ყიფიანისგან დაპატიმრებული ბიზნესმენები, თავი რომ გადაერჩინათ, შუამავლის მოძებნას თურმე ზურაბ ადეიშვილთან ცდილობდნენ. მართალია, ადეიშვილი სააკაშვილის რეჟიმის მთავარ იდეოლოგად მიიჩნეოდა, მაგრამ ,,ადე’‘ (ეს ადეიშვილის ნაციონალური თიკუნია) ყველა შუამავალს, როგორც ამბობენ, ერთი და იგივე პასუხით ისტუმრებდა _ ეგ ,,კეზერას’‘ სფეროა და არ ჩავერევიო... 

ისე, დატერორებულ ბიზნესმენებს ილუზია არ აქვთ, რომ კეზერაშვილ-ყიფიანის ტანდემი დამოუკიდებლად მოქმედებდა ანუ ქონებაწართმეულთა გონივრული ეჭვით, კეზერაშვილ-ყიფიანსა და მათ სხვა ამფსონებს მწვანე შუქი სააკაშვილისგან ჰქონდათ ანთებული... როგორ გახდა კოტე (კონსტანტინე) ყიფიანი დავით კეზერაშვილის მარჯვენა ხელი? _ ამის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობს ვერსია, რომ პოსტნაციონალური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ყოფილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა. ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს და აი, რატომ:  ყიფიანმა, რომელიც ფინანსური პოლიციიდან თავდაცვის სამინისტროში გადასულმა კეზერაშვილმა თან წაიყვანა, 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის ანუ მას შემდეგ, რაც ,,კეზერამ’‘ თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა, კარიერა თურმე კერძო სექტორში გააგრძელა. ეს ,,კერძო სექტორი’‘ კი, შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ როგორც ამბობენ, არჩილ კბილაშვილის საადვოკატო ბიურო იყო. ესე იგი, რა გამოდის? _ არჩილ კბილაშვილმა, რომელიც იმხანად, უკვე ცნობილი ადვოკატი გახლდათ და, ალბათ, ბევრ კულუარულ ინფორმაციასაც ფლობდა, ყიფიანის კეზერაშვილისეული წარსულის შესახებ ან არაფერი იცოდა, ან იცოდა და თვალი დახუჭა?! თუ ,,თვალის დახუჭვის’‘ ვერსიას დავეყრდნობით, გამოდის, კბილაშვილს ,,თვალის გახელა’‘ მთავარი პროკურორობის დროსაც არ უცდია. ყოველ შემთხვევაში, თვითმხილველთა თქმით, კბილაშვილის პროკურორობისას ყიფიანს მთავარ პროკურატურაში ხშირად ხედავდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურორის პოსტის დატოვება გადაწყვიტა, არჩილ კბილაშვილმა, როგორც ამბობენ, კოტე ყიფიანს რეკომენდაცია თავდაცვის მინისტრთან გაუწია... 

ძნელი სათქმელია, ყიფიანის ,,ოცნებურ კარიერაში’‘ კბილაშვილის ხელი მართლა ურევია თუ არა, მაგრამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ,,შავით თეთრზე’‘ წერია, რომ სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონსტანტინე ყიფიანია. ამასთან, ქონებაწართმეული ბიზნესმენები ამბობენ, რომ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროს კოტე ყიფიანში დავით კეზერაშვილის მარჯვენა ხელი კოტე ყიფიანი ანუ ის ადამიანი ამოიცნეს, რომლის ზეწოლითაც საკუთარი ქონება სახელმწიფოს ,,ნებაყოფლობით’‘ აჩუქეს... ერთი სიტყვით, ,,ოცნებაში’‘ ნაციონალთა პორტირება გრძელდება. ქონებაწართმეული ბიზნესმენები, რომელთაც სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადებები რამდენიმე თვის წინ, არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობის დროს შეიტანეს, იმედოვნებენ, რომ კბილაშვილის შემცვლელი ოთარ ფარცხალაძე ,,ოცნებაში’‘ პორტირებულ ისეთ ნაციონალთა საქმიანობით დაინტერესდება, როგორიც მაგალითად კონსტანტინე ყიფიანია და მხოლოდ მათ ,,საგმირო საქმეებს’‘ კი არ გამოააშკარავებს, არამედ პასუხს მათაც მოსთხოვს, ვინც ბიზნესმენთა დატერორებაში ეჭვმიტანილებს დღემდე არათუ მფარველობს, არამედ, დაწინაურებაშიც ეხმარება...