გიგი უგულავა კმაყოფილია. იგი მიიჩნევს, რომ რკინიგზის პროექტზე „ჩიჩინი ჭრის“. ამიტომაც თბილისის შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდება.
„კარგია, რომ მთავრობამ საბოლოოდ გადაწყვიტა ამ პროექტის დასრულება. ამით ჩვენ დავინახეთ, რომ ჩიჩინი ჭრის. აუცილებელია, როდესაც მთავრობა საზოგადოების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებს, თითოეულმა მოქალაქემ ამოიღოს ხმა. მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ბოლომდე მივიყვანოთ ეს გადაწყვეტილება და მონიტორინგი გავუწიოთ მას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
მართლაც, საინტერესოა, პრემიერ-მინისტრთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ რატომ მიიღო სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილება და თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის კონტრაქტორს ხელშეკრულება რატომ გაუგრძელა?! ეს მაშინ, როცა კარგა ხნით ადრე ცნობილი იყო, რომ მთავრობა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დაკონსერვებას აპირებდა. იმასაც ამბობდნენ, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ნაცვლად, შესაძლოა, შემოვლითი საავტომობილო გზის პროექტი განხორციელებულიყო, რაც დედაქალაქის ცენტრში საავტომობილო მოძრაობას განტვირთავდა.
უფრო მეტიც - ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ ეს პროექტი დაკონსერვდებოდა, სანამ არ იქნებოდა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, თუ როგორ უნდა გაგრძელებულიყო დედაქალაქის ცენტრიდან სარკინიგზო ხაზის გადატანის გეგმა. პრობლემებს ქმნიდა ტექნიკური საკითხები, მათ შორის, გზის დახრილობა და სხვა, რომლის შესწავლაც, სამწუხაროდ, წინასწარ არ მომხდარა.
პროექტი, რომლის განხორციელებაც 2010 წელს დაიწყო, ითვალისწინებდა სარკინიგზო ხაზის გადატანას თბილისის ცენტრიდან ქალაქის ჩრდილოეთით, 10 კილომეტრის მოშორებით. რკინიგზის გადატანის შედეგად ქალაქის ცენტრში 70 ჰექტარზე მეტი მიწა გამოთავისუფლდებოდა ურბანული განვითარების პროექტებისთვის.
იმ პერიოდში თბილისის მერმა, გიგი უგულავამ ახალი მთავრობის მიერ ამ პროექტის დაბლოკვა გააკრიტიკა. მისი ლოგიკით, ერთი კომპანიის ინტერესებს ეწირებოდა მთელი დედაქალაქის ინტერესები. ეს მაშინ, როცა შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება თბილისის ურბანულ განვითარებას ხელს შეუწყობდა. მეტიც, მერის თქმით, სასწორზე იდო ძალიან არათანაზომადი განზომილებები - ქალაქის ინტერესები და ერთი კომპანიის, ანუ „საქართველოს რკინიგზის“ ინტერესები.
უგულავა მაშინ არ მალავდა, რომ, შესაძლოა, შემოვლითი პროექტი ძალიან მომგებიანი არ ყოფილიყო „საქართველოს რკინიგზისთვის“, მაგრამ მისი შეჩერება მიზანშეწონილი არ იქნებოდა. მით უმეტეს მაშინ, როცა საქმის 80% უკვე გაკეთებული იყო. ამდენად, დარჩენილი 20%-ის დაფინანსება უთუოდ ღირდა.
ამის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებდა, რომ ეს იყო მასშტაბური პროექტი, რომლის განხორციელებით, ნაციონალები ორ კურდღელს დაიჭერდნენ, ერთი - პროექტიდან ფულს იშოვიდნენ, რადგან ასეთ ძვირადღირებულ პროექტებზე ხელის მოთბობა კარგად შეიძლებოდა და მეორე - მიწის ფართობების გამოთავისუფლებითა და მათი რეალიზებითაც სარგებელს ნახავდნენ. მეტიც - გია ხუხაშვილი მიიჩნევდა, რომ ყველა ნორმალურ ქალაქში ცენტრალური სადგური ცენტრში მდებარეობდა, რათა ადამიანებისთვის მოსახერხებელი ყოფილიყო რკინიგზაზე გადაადგილება. გარკვეულწილად, ეს ეკოლოგიას აზიანებდა, მაგრამ ზიანი მცირე იყო იმ ნეგატივთან შედარებით, რასაც მისი გადატანა მოიტანდა - შემოვლითი რკინიგზა ხომ საკმაოდ ძვირი ჯდებოდა და ექსპლოატაციაში შესვლისას მგზავრობა საგრძნობლად გაძვირდებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2010 წლის მარტში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა („იბიარდმა“) თანხმობა განაცხადა, „საქართველოს რკინიგზისთვის“ 100 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის თაობაზე შემოვლითი სარკინიგზო ხაზის პროექტის დასაფინანსებლად. თუმცა 2011 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „საქართველოს რკინიგზა“ შემოვლითი ხაზის მშენებლობას „იბიარდის“ სესხის გარეშეც განახორციელებდა.
ჩვენ დავინტერესდით, რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში და რატომ გაუგრძელეს თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის კონტრაქტორს ხელშეკრულება?! ამ მიზნით რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავუკავშირდით, თუმცა გვითხრეს, რომ სამინისტროში ამ თემაზე კომენტარს არავინ გააკეთებდა, რადგან ეს მათი პროექტი არ იყო. ისე კი, შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის საკითხს ჟურნალისტებთან საუბარში შეეხო მინისტრი დავით ნარმანია და აღნიშნა, რომ პროექტი გაგრძელდება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ის ვადებში ვერ ეტეოდა წინა ხელისუფლების პირობებში არსებული მშენებლობის ტემპიდან გამომდინარე, პროექტის ვადა გადაწეულ იქნებოდა. როგორც აღმოჩნდა, არც ეკონომიკის სამინისტროში სურდათ ამ თემაზე საუბარი. ამიტომ, ჩვენ ვესაუბრეთ „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს - კოკა გუნცაძეს.
სხვათა შორის, თავის დროზე შემოვლითი სარკინიგზო ხაზების შედარებით გაანგარიშებაზე დაყრდნობით, კოკა გუნცაძე აცხადებდა, რომ შემოვლითი რკინიგზა კომპანიის ყოველწლიური მოვლა-შენახვისა და საოპერაციო ხარჯებს გაზრდიდა. ამასთან, გაართულებდა ტექნიკურად მოძრაობის ორგანიზებას. გარდა ამისა, კიდევ უფრო შემცირდებოდა „საქართველოს რკინიგზის“ გამტარუნარიანობა.
დღეს კოკა გუნცაძე For.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ მათ მიიღეს ტაიმ-აუტის გადაწყვეტილება, ანუ სამი წლის განმავლობაში დროებით შეჩერდება მშენებლობა და ეს სამი წელი გამოყენებულ იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ვეძებოთ ამ პროექტის ოპტიმალური კორექციის შესაძლებლობა.
„რამდენადაც სრულიად არარენტაბელურ, უსარგებლო პროექტში 214 მილიონი უკვე დახარჯულია, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ისეთი ტექნიკურ-ეკონომიკური, საინჟინრო და კომერციული გადაწყვეტა, რომ ეს პროექტი გავაკეთილშობილოთ, შევასწოროთ და საინტერესო და მომგებიანი გავხადოთ რკინიგზისთვის. თუ ეს მოხერხდა, მაშინ უკვე ახალი პროექტით, 18 თვეში დასრულდება მშენებლობის პროცესი. ხოლო, თუ ეს ვერ მოხერხდება, ცხადია, დამატებით 140 მილიონის წყალში გადაყრას არ ვაპირებთ“, - გვითხრა კოკა გუნცაძემ.
ჩვენს შეკითხვაზე, უარეს შემთხვევაში, ხელახლა დაკონსერვდება თუ არა ეს პროექტი, მან განმარტა: შევიკრიბებით და, ბუნებრივია, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ქვეყნის მთავრობა. დღეს კი არსებობს ნება, რომ მოიძებნოს შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტილება, რათა მოხდეს ამ პროექტის გასწორება. მეტიც, რკინიგზა წამგებიანი არ უნდა იყოს და ჩვენ უნდა მივიღოთ უკეთესი და არა უარესი რკინიგზა.
შეიცვლება თუ არა შემოვლითი რკინიგზის ტექნიკური მასშტაბები, ამ შეკითხვის საპასუხოდ კოკა გუნცაძე აცხადებს, რომ, ცხადია, ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრები, რომელსაც აუარესებს ეს შემოვლითი სარკინიგზო ხაზი, უნდა გაუმჯობესდეს. ამისთვის კი საჭიროა სერიოზული კვლევა და სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება სოლიდური და ავტორიტეტული საინჟინრო კომპანიების მხრიდან, რომლებიც ამ მსხვილ პროექტზე იმუშავებენ.
„ის, რომ ქალაქის ცენტრში 70 ჰექტარზე მეტი მიწა ურბანული განვითარებისთვის გამოთავისუფლდება, ამასაც ურბანული დასაბუთება სჭირდება. უნდა გავარკვიოთ, რამდენად არის ეს იმ დანახარჯის ალტერნატიული ღირებულება, რასაც „რკინიგზა“ ჩადებს ამ პროექტში. ამას მე ვერ გეტყვით, ეს ჩემს კომპეტენციას აღემატება. ეს ურბანისტების და სპეციალისტების შესაფასებელია“, - აღნიშნა კოკა გუნცაძემ.
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზა, დღეს თუ არა, ხვალ მაინც უნდა გაკეთდეს, ამას ალერნატივა არ აქვს, მაგრამ აქ პრობლემა ის კი არ არის, უნდა იყოს თუ არა რკინიგზა, არამედ მთავარია, როგორი უნდა იყოს შემოვლითი რკინიგზა. კერძოდ, საინტერესოა, სად უნდა გაიაროს შემოვლითმა რკინიგზამ, რათა არ დააზარალოს მომავლის თბილისი და როგორი გამტარუნარიანობა უნდა ჰქონდეს მას, რომ ღირდეს ამ პროექტზე ფულის დახარჯვა.
„არცერთი ეს საკითხი შესწავლილი არ არის და, როგორც თავის დროზე პირდაპირ მიიღეს მშენებლობის გადაწყვეტილება, ისევ პირდაპირ არის მისი გაგრძელების გადაწყვეტილება მიღებული. კი ბატონო, გაგრძელდეს ამ რკინიგზის მშენებლობა, მაგრამ სად და როგორ გაგრძელდეს, რანაირად გაგრძელდეს, ეს ყოველმხრივ პროფესიონალურ დონეზეა შესასწავლი. ამ საქმეში უნდა ჩაერთვნენ არა მარტო გზის სპეციალისტები და რკინიგზელები, არამედ ქალაქდაგეგმარების სპეციალისტები, ეკოლოგები. ამის შემდეგ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, - აღნიშნა გიგა ბათიაშვილმა For.ge-სთან საუბარში.
მისი თქმით, აქ გასათვალისწინებელია თბილისის ზღვის აკვატორიის პრობლემებიც, რომელიც დასვენების, ტურიზმის საუკეთესო ზონაა. ამდენად, რკინიგზის გაყვანის გამო მოსალოდნელი საფრთხეები უნდა ასცდეს ამ ზონას.
რაც შეეხება რკინიგზის გადატანის შემთხვევაში, ქალაქის ცენტრიდან 70 ჰექტარი მიწის გამოთავისუფლებას, გიგა ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს საკითხიც შესასწავლია. კერძოდ, რკინიგზის გადატანა ნიშნავს თუ არა თბილისში რკინიგზის აყრის აუცილებლობას, თუ თბილისის ცენტრიდან უნდა გავიდეს მხოლოდ სატვირთო გადაზიდვები, ხოლო თბილისის გავლით დასაშვები უნდა იყოს სამგზავრო მატარებლების მოძრაობა, რომლებიც ერთდროულად მეტროპოლიტენის ფუნქციასაც შეასრულებენ.
***
ცნობისთვის, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მთავარი მიზანია, სახიფათო ტვირთის (ნავთობისა და ნავთობპროდუქტების) სატრანზიტო გადაზიდვები მჭიდროდ დასახლებული დედაქალაქის ცენტრიდან ქალაქის ფარგლებს გარეთ გავიდეს. პროექტით გათვალისწინებულია თბილისის ცენტრალური ნაწილის შემოვლითი, ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა და „დიდუბისა“ და „ნავთლუღის“ არსებული სარკინიგზო სადგურების მოდერნიზება.