ვლადიმერ პუტინმა ბოლო 10 დღის განმავლობაში მეორედ ეჭვქვეშ დააყენა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის ლეგიტიმაცია. უკრაინის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ბრალდებები არ შეესაბამება სიმართლეს და მას საინფორმაციო ომს უწოდებს, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს ლეგიტიმური ლიდერის წინააღმდეგ.
უზბეკეთიდან მოსკოვში გაფრენამდე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას პუტინმა თქვა, რომ „წინასწარი შეფასებით, უკრაინის ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობად რჩება პარლამენტი და რადას სპიკერი“.
„თუ მათ სურდათ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, მაშინ საომარი მდგომარეობა უნდა გაეუქმებინათ და ჩაეტარებინათ არჩევნები. მაგრამ, სხვადასხვა მიზეზების გამო მათ არ სურდათ ამის გაკეთება“, - დასძინა პუტინმა.
პუტინის განცხადებებს უკვე გამოეხმაურა უზენაესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი, რომელმაც თავის ფეისბუქზე დაწერა: „პუტინის მხრიდან გაკეთებული განცადებები უაზროა“.
რატომ არ შეიძლება უკრაინაში საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება
BBC-ის ინფორმაციით, 100-ზე მეტი უკრაინული საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ომის დროს არჩევნების ჩატარება არ სურს. ექსპერტები ასახელებენ ოთხ მიზეზს, რის გამოც ვერ ჩატარდება არჩევნები. 1. მუდმივი საომარი მოქმედებებისა და სარაკეტო თავდასხმების პირობებში უკრაინის ზოგიერთ რეგიონებში შეუძლებელია საარჩევნო კამპანიის უსაფრთხოდ ჩატარება.
- ომის დროს ჩატარებული არჩევნების გამო ასიათასობით უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეს მოუწევს ფრონტის ხაზის დატოვება.
- გაურკვეველია, როგორ შეუძლიათ უკრაინელ ლტოლვილებს ხმის მიცემა.
- უკრაინის მაცხოვრებლებმა მხარი არ დაუჭირეს რამდენიმე მილიარდი გრივნის გამოყოფას არჩევნების ორგანიზებისთვის.
რას ამბობს უკრაინის კანონები პრეზიდენტისა და რადას ლეგიტიმურობაზე?
უკრაინის კონსტიტუციის 103-ე მუხლში ნათქვამია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ირჩევა ხუთი წლით, მაგრამ ამ ვადის გასვლის შემდეგ მისი უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტის დებულება არ არის გათვალისწინებული. კანონის 108-ე მუხლის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი ასრულებს თავის მოვალეობებს მანამ, სანამ უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი არ დაიკავებს თანამდებობას.
სამშაბათს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის კონსტიტუციის 111-ე მუხლის თანახმად, „მთელი ძალაუფლება გადადის პარლამენტის თავმჯდომარეზე“. თუმცა, ამ განცხადებას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. სინამდვილეში, უკრაინის კონსტიტუციის 111-ე მუხლი მხოლოდ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესაძლებლობაზე საუბრობს „თუ ის სახელმწიფო ღალატს ან სხვა დანაშაულს ჩაიდენს“.
მაგრამ უკრაინის კონსტიტუციას აქვს 112-ე მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ რადას სპიკერს შეუძლია მიიღოს შეზღუდული საპრეზიდენტო უფლებამოსილება მხოლოდ სამ შემთხვევაში: სახელმწიფოს მეთაურის ნებაყოფლობით გადადგომის, ჯანმრთელობის მიზეზების გამო, მას მუშაობის გაგრძელება არ შეუძლია, იმპიჩმენტი და სიკვდილი. აქ საუბარი არ არის ხუთწლიანი ვადის შემდეგ მოვალეობის შეწყვეტაზე.
უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთი ყველა შესაძლო გზით ცდილობს „ეჭვქვეშ დააყენოს 20 მაისის შემდეგ უკრაინაში მიღებული მთავრობის გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობა“.
როგორც BBC-სთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, ასეთი თეორიების გავრცელებით, რუსეთი უპირველეს ყოვლისა, ცდილობს ეჭვი დათესოს უკრაინის ხელმძღვანელობის ლეგიტიმურობის შესახებ კიევის დასავლელ პარტნიორებშიც. უკრაინელებს უქმნის განცდას, რომ ისინი „გამოუვალ მდგომარეობაში არიან“.