პარლამენტის წევრების ქუთაისში ჩასაყვანად, შესაძლოა, ჩარტერული რეისები დაინიშნოს. მგზავრობის ხარჯები კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარება.
დეპუტატები ქუთაისში ავტომობილებით ჩავლენ თუ თვითმფრინავით ჩაფრინდებიან, ამის შესახებ გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა უახლოეს საათებში მიიღებს, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე უკვე აცხადებს, რომ დეპუტატები ქუთაისამდე „როგორმე ჩააღწევენ“.
დავით უსუფაშვილის ცნობით, მეტეოროლოგიური პირობები არ უმჯობესდება, თუმცა პარლამენტი ცალკეულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების ვადებში შეზღუდულია, მათ შორის - ბიუჯეტის განხილვის მიმართულებით.
„თბილისში კომიტეტების სხდომების ჩატარების შესაძლებობა განვიხილეთ, თუმცა, ამ საკითხს, თავისი მინუსები აქვს, რადგან მასალები და შესაბამისი პერსონალი ქუთაისშია. გარდა ამისა, იუსტიციის სახლში ფლიგელი გვაქვს, თუმცა იქ არსებული პრობლემების შესახებაც მოგეხსენებათ. ამას გარდა, ზეგ, ქუთაისში პლენარული სხდომა მაინც უნდა ჩატარდეს, შესაბამისად, გადაწყდა, რომ ყველაფერი ისე დარჩება როგორც არის და კომიტეტების სხდომები დანიშნულ დროს და ადგილზე ჩატარდება. პარლამენტის წევრები ქუთაისამდე როგორმე ჩააღწევენ“, - აღნიშნა უსუფაშვილმა, რომელმაც ამ განცხადების გაკეთებამდე ორი საათით ადრე თქვა, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შესაძლოა, დეპუტატებმა ქუთაისში გამგზავრება ვერ შეძლონ.
გამომდინარე იქიდან, რომ თბილისი-ქუთაისის გზაზე მოძრაობა შეფერხებულია და გადაადგილება შეზღუდულია, თუ როგორ ჩაიყვანენ დეპუტატებს ქუთაისში, ეს ამ დრომდე არ კონკრეტდება, მაგრამ 200-კილომეტრიანი გზის გავლა, დღეს, აპარატის 800-კაციან შემადგენლობასაც მოუწია. აპარატის თანამშრომელთა ნაწილი ამ დროისთვის უკვე ქუთაისშია და საქმიანობასაც შეუდგა, მეორე ნაწილი კი, ჯერ კიდევ გზაშია.
for.ge-მ აპარატის თანამშრომელთა ნაწილი გამოკითხა, რომლებიც უამინდობის გამო, გზაში შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ქუთაისი-თბილისის მონაკვეთზე, ექვსი საათი იყვნენ.
მათი ცნობით, იყვნენ ისეთები, რომელთაც ავტომობილები გაუფუჭდათ და ისეთებიც, რომლებიც გზაზე მოცურდნენ კიდეც.
პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი, ზურაბ მარაქველიძე შემნილი პრობლემების გამო, აპარატის თანამშრომლებს ერთის მხრივ თანაუგრძნობს, მეორეს მხრივ კი, ამბობს, რომ მათი პასუხისმგებლობის გრძნობის გამო, ამაყობს.
„ვითარება საკმაოდ რთულია, მაგრამ სტიქია ისეთი რამ არის, რომლის გათვლაც შეუძლებელია. აპარატის თანამშრომლები გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოდიან. გზაზე შეფერხებებია. ამინდიზე ბევრია დამოკიდებული. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აპარატი მუშაობას გააგრძელებს, რადგან საქმიანობის შეჩერება შეუძლებელია. აპარატის წევრთა ნაწილი ჩამოსულია, მეორე ნაწილი კი იმედია, მშვიდობიანად იმგზავრებს“, - განუცხადა for.ge-ს მარაქველიძემ.
რაც შეეხება დეპუტატების ქუთაისში ჩაყვანის გზებს, აპარატის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თვითვმფრინავის რეისის დანიშვნის ვერსიაც განიხილება.
„ეს დამატებითი ხარჯებია, ზამთარი კი მხოლოდ ახლა დაიწყო. კონსტიტუციით, პლენარული სხდომა მხოლოდ ქუთაისში ტარდება და როგორმე უნდა მოხერდეს როგორც დეპუტატების, ასევე პარლამენტის აპარატის ჩამოყვანა. შეიძლება, ქუთაისში ჩარტერული რეისები დაინიშნოს“, - აღნიშნავს მარაქველიძე, რომელიც აცხადებს, რომ პარლამენტის თბილისში დაბრუნებისთვის, რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა თებერვალში იქნება მზად, მაგრამ კონსტიტუციური ცვლილებების მიღების პროცედურებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ამ ვადამ მარტის ბოლომდე გადაიწიოს.
სანამ, პარლამენტი თბილისში დაბრუნდება, ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტს დეპუტატების ქუთაისში „შენახვა“ კიდევ რამდენიმე მილიონი დაუჯდება.
ზურაბ მარაქველიძის ინფორმაციით, დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების ბინებით უზრუნველყოფისთვის ყოველთვიურად, დაახლოებით 400 ათასი ლარი გაიცემა, რაც წელიწადში დაახლოებით 5 მლნ ლარია. ამას გარდა, პარლამენტის 360 მლნ. ლარიანი შენობის შენახვა ყოველთვიურად, დაახლოებით 90-100 ათასი ჯდება, უწყების ბალანსზე რიცხული დაახლოებით 80 ავტომობილისთვის კი, სათითაოდ, ყოველთვიურად, დაახლოებით 300-600 ლიტრი საწვავი გაიცემა, რაც რამდენიმე ათეულ ათას ლარს მოითხოვს, მხოლოდ ოქტომბრის თვეში კი 66618 ლარი დაიხარჯა.
ამ კოლოსალური თანხების მიუხედავად, ფაქტია, რომ ქუთაისში პარლამენტის არსებობა შედეგის მომცემი არ არის, რადგან დეპუტატები ქუთაისში თვეში დაახლოებით 9-10 დღეს ატარებენ, ამის სანაცვლოდ კი, ისინი ანაზღაურების სახით 2865 ლარიდან 4400 ლარამდე იღებენ.