კანონიერი ქურდები, ალბათ, მალე ნანა კაკაბაძეს წმინდანად შერაცხავენ, უფრო სწორად აკურთხებენ. როგორი იქნება კურთხევის ცერემონია ეს ჯერ საიდუმლოა, დეტალები, ალბათ, მას შემდეგ გაცხადდება, რაც კაკაბაძე ბოლომდე მიიყვანს იმას, რაც „დაავალეს“.
დავალებების ერთი ეტაპი როგორც იქნა აღასრულა - ფართომასშტაბიანი ამნისტიის შედეგად ციხეები ბევრმა პატიმარმა დატოვა. პროცესი შეფერხებით მიდიოდა და ყველას გვახსოვს როგორ იტირა პარლამენტში ნანა კაკაბაძემ. ბევრმა მაშინ ღიად ისიც თქვა, რომ კაკაბაძეს ფინანსური ინტერესები ამოძრავებდა, ანუ ქურდებმა მას გადაუხადეს.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კანონიერი ქურდები ერთი მხრივ და ფინანსებიც მეორე მხრივ, მჭიდროდ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან, მაშინ ისიც ცხადი გახდება, რომ ნანა კაკაბაძის ცრემლებიც არ იყო მხოლოდ ადამიანური...
კანონიერი ქურდების ინსტიტუტი საბჭოთა მმართველობის გადმონაშთია, მოსკოვი სწორედ მათი საშუალებით აკონტროლებდა ვითარებას პერიფერიებში, განკარგავდა ფინასნურ რესურსებს და ავრცელებდა მისთვის მისაღებ წესებს.
ამის კლასიკური მაგალითი (უკვე სბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ) ედუარდ შევარდნაძისა და ჯაბა იოსელიანის ურთიერთობაა. ყველას გვახსოვს, როგორ აუბუნტდა საქართველოში დაბრუნებულ შევარდნაძეს კანონიერი ქურდი ჯაბა იოსელიანი. აქციებიც წამოიწყო და ფართომასშტაბიანი ბუნტითაც იმუქრებოდა. შევარდნაძე გამოცდილი პოლიტიკოსი იყო. ის, არა მხოლოდ თბილისის კულუარებს იცნობდა საკუთარი ხუთი თითივით, არამედ კრემლსაც. ჯაბა იოსელიანი მაშინ კატეგორიულად უარყოფდა რუსეთთან რაიმე კავშირებს და ამბობდა, რომ ის სამართლიანობისთვის იბრძოდა, თუმცა, შევარდნაძემ მის დასაშოშმინებლად შიკრიკი მოსკოვში აფრინა. შიკრიკის როლი ვინ ითამაშა ძნელი სათქმელია, თუმცა, ფაქტია, რომ შევარდნაძემ გზავნილი გურამ მგელაძეს გაუგზავნა. „მხედრიონიც“ და მაშველთა კორპუსიც სწორედ მისი, ანუ მგელაძის ბრძანებით შეიქმნა; როცა ჯაბამ შევარდნაძის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქციები დაგეგმა გურამ მგელაძე რუსეთში მუშაობდა. შევარდნაძემ მაშინ მგელაძეს დაზავება ურჩია. რჩევა გათვალისწინებული, ალბათ, არ იყო, ასე რომ, საქართველოში ჯაბა იოსელიანთან ბრძოლის სხვა მეთოდებს მიმართეს. მისი განეიტრალებით კი საქართველოში არა მხოლოდ კანონიერი ქურდი ჯაბა იოსელიანი დასრულდა, არამედ გურამ მგელაძის გავლენებიც ამოიწურა.
და როგორც რუსები იტყვიან «святое место пусто не бывает».
როგორც ჩანს, ახლა ჯაბა იოსელიანი ნანა კაკაბაძემ ჩაანაცვლა. მგელაძე კი გულუამ და ხომერიკმა.
კაკაბაძეს იოსელიანთან შედარებით ერთი უპირატესობა აქვს - ის კანონიერი ქურდის რეგალიებით კი არ სარგებლობს, არამედ უფლებადამცველის სტატუსით.
თუმცა, თავგამოდებით იცავს იმ კანონიერ ქურდებს ვისი მეშვეობითაც კაგებე სხვების მართვას ცდილობდა. (კაგებესა და კანონიერი ქურდების კავშირებზე დღეს თავად რუსეთშიც ბევრს წერენ და ამ ისტორიებზე უახლოეს ნომერში მოგითხობთ...).
ნანა კაკაბაძე ისევ ბუნტს აანონსებს. საქართველოში, ბოლო წლებია, ყველა არეულობისა თუ ქაოსის უკან სწორედ ნანა კაკაბაძე იდგა. სკანდალური გახდა ის ჩანაწერიც, რომელიც „პრაიმტაიმმა“ შემთხვევით მოიპოვა და რომელიც 2009 წლის ქალთა კოლონიაში ბუნტს ეხებოდა.
„პრაიმტაიმი“ მაშინ წერდა:
„პრაიმტაიმს“ ხელში ჩაუვარდა ჩანაწერი, რომელიც ბუნტის დროს ქალთა კოლონიასთანაა ჩაწერილი. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციის („ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“) თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ტელეფონით ესაუბრება ერთ-ერთ პატიმარს, რომელიც, სავარაუდოდ, ბუნტის მოთავე უნდა ყოფილიყო. ჩანაწერში მხოლოდ კაკაბაძის ხმა ისმის, რადგან იგი მის შორიახლოს მდგომმა პიროვნებამ, სრულიად შემთხვევით, დიქტოფონით ჩაიწერა. ჩანაწერში გარკვევით ისმის კაკაბაძის სიტყვები, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: მიდით, კარებს მოაწექით, აბრახუნეთ... მე გარეთ გავწვები და არავის შემოვუშვებ...“
ნანა კაკაბაძემ, მაშინ, ჩვენთან საუბარში, ქალთა ბუნტის დროს პატიმრებთან სატელეფონო საუბრები დაადასტურა, წაქეზების ფაქტი კი უარყო. ამ თემაზე „პრაიმტაიმმა“ მაშინ ნანა კაკაბაძესთან მცირე ინტერვიუც ჩაწერა:
– არის მოსაზრება, რომ ამ ბუნტს გარედან ვიღაც მართავდა. გაიჟღერა რამდენიმე გვარმაც, მათ შორის თქვენი გვარიც ფიგურირებს...
– რა სისულელეა. მსგავსი არაფერი ყოფილა.
– საუბარია იმაზე, რომ პატიმრებს მითითებებს აძლევდით – მოაწექით, გამოანგრიეთ და ასე შემდეგ... ასე არ ყოფილა?
– რა სისულელეა. მსგავსი არაფერი ყოფილა. რომელი ჭკუათმყოფელი ეტყოდა ამას პატიმრებს?.. პირიქით, პატიმრებისგან შევიტყვეთ, რომ ადმინისტრაციამ კარები გაგვიღო და ღია დაგვიტოვაო, რომ იქიდან გამოქცევის მცდელობა ყოფილიყო. მათ არც კი უცდიათ, რომ კარი გამოენგრიათ.
– ბუნტის დროს ციხესთან მყოფმა ერთ-ერთმა პიროვნებამ შემთხვევით ყური მოჰკრა თქვენს სატელეფონო საუბარს და დიქტოფონზე ჩაიწერა. საუბარია იმაზე, თუ როგორ მოუწოდებდით პატიმრებს კარის გამონგრევისკენ...
– ასეთი ჩანაწერი რომ არსებობდეს, დარწმუნებული იყავით, რომ აქამდე გამოაქვეყნებდნენ. რეალურად არანაირი ჩანაწერი არ არსებობს. უნდათ, რომ რაღაც შექმნან. იქ ვინც იყო, თავში ასეთი სისულელი არავის მოსვლია, გამომდინარე პატიმრების უსაფრთხოებიდან“.
არეულობა ახლაც იგეგმება, მათ შორის ციხეშიც. ნანა კაკაბაძემ საკუთარ გეგმაზეც ისაუბრა: მიტინგები ციხის გარეთ და მასობრივი შიმშილობა ციხის შიგნით. ციხის „მაყურებლებთან“ და პატიმრებთან, ერთ-ერთი ინფორმაციით, მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი.
„პრაიმტაიმთან“ საუბარში ნანა აცხადებს, რომ შიმშილობა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნას უკაშირდება და ამასთან პოლიტიკას და მით უფრო რუსეთის ინტერესებს არავითარი კავშირი არა აქვს:
- რა კავშირშია რუსეთი? სამართლიანობის აღდგენაზე ვლაპარაკობთ, წართმეულ ქონებებზე ვლაპარაკობთ, ციხეებში უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანებზე ვლაპარაკობთ, რომლებსაც „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა და უთხრა, მერე რა, რომ უკანონოდ ხართ ციხეებში და კარგად იყავითო. რა რუსეთი, რის რუსეთი?
თუმცა, მისივე განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პატიმრები ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით იშიმშილებენ.
ნანა კაკაბაძე, კანონიერი ქურდების:
- შიმშილობა ყველგან დაიწყო, ჩვენთან, სხვადასხვა ციხეებიდან დღის განმავლობაში მოშიმშილეთა სიები შემოვა. გლდანის ციხიდან უკვე მივიღეთ სიები, სადაც სხვა პატიმრებთან ერთად, უვადო პატიმრობამისჯილი ყველა პატიმარი შიმშილობს. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. მიიჩნევენ, რომ მოქმედი პარლამენტის პირობებში, სამართლიანობის აღდგენა ვერ მოხერხდა...
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ეს მხოლოდ პოლიტიკური მოთხოვნაა და მას სამართლიანობასთან კავშირი არა აქვს. მით უფრო, რომ იგივე ციხეებში ისეთი პატიმრებიც „ეძებენ“ სამართალს, რომლებსაც უვადო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. მაგალითად, პროკურორის მკლელობის გამო უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ფართომასშტაბიანი ამნისტიის შემდეგ 25-წლიანი პატიმრობა შეეფარდა; ახლა კი, ეს პატიმარი სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვის და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს. პირდაპირ სატირაა.
ნანა კაკაბაძე მომავალ გეგმეზე საუბრისას ამბობს:
- დღეიდან მასობრივ შიმშილს დაიწყებენ მოქალაქეები, კანცელარიასთან, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით. ამას გარდა ჩვენ 15-ში ვგეგმავთ აქციას ძველი პარლამენტის შენობის წინ...
რა თქმა უნდა, იმ ფონზე, რაც უკრაინაში ხდება, ძნელი დასაჯერებელია, რომ ნანა კაკაბაძე პოლიტიკისგან და რუსული გეგმებისგან შორს დგას.
იანუკოვიჩმა გულწრფელად აღიარა ევროკავშირთან - რუსეთი ჩემზე ზეწოლას ახდენსო. ეს თბილისისთვისაც სიგნალი იყო (და არა მხოლოდ ჩვენთვის). საქართველოს ხელისუფლებაში იანუკოვიჩი არა ჰყავს. ახალმა ხელისუფლებამაც ჯერ ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ უკვე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადეს, რომ მათ საგარეო პოლიტიკური კურსი დასავლეთისკენ აქვთ მიმართული და რომ ევროკავშირი და ნატო ეს ქართველი ხალხის მთავარი მიზანია და ეს დაკვეთა ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს.
ასე რომ, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს იტიროს, რუსულ ზეწოლას ვერ ვუძლებ და ევროპასთან ინტეგრაციის მეშინიაო... შესაბამისად, რუსეთს აქ სხვა გეგმები ექნება. არეულობა ის ერთადერთი მექანიზმია, რომელიც საქართველოს ევროპასთან დაახლოებას ჩაშლიდა. ვადამდელი არჩევნებიც, შიმშილობაც, ციხის ბუნტიც - ყველაფერი ეს ემსახურება მხოლოდ დესტაბილიზაციის მცდელობას, ეს არის საბოტაჟი, მოსწონს ეს სიტყვა კაკაბაძეს თუ არა, ეს მაინც ასეა. რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები რომლებიც ღიად საუბრობენ საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე საქართველოს რუსეთთან „ჩახუტებას“ ურჩევენ. მათ რიცხვში არიან ხუბუტიაც და ხომერიკიც. ამ თემაზე „პრაიმტაიმი“ ბერვჯერ წერდა.
არა მგონია კაკაბაძე იმდენად მეამიტი იყოს, რომ ვერ ხვდებოდეს რა პოლიტიკური მოძრაობები იკვეთება მისი გეგმების უკან. ის, ან ამ რუსული გეგმის - საქართველოში არეულობის მოწყობის - ნაწილია შეგნებულად, ანდა... თუმცა, პირადად მე სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ.