[ეკა ბაქრაძე]
სადაზღვევო სფეროში ყველაფერი საბოლოოდ აირია. სახელმწფიო პროგრამებით დაზღვეულები უფრო და უფრო უნდობლად ეკიდებიან სადაზღვევო კომპანიებს. მთავრობამაც უკვე აჩვენა კბილები მზღვეველებს. თავის მხრივ კი სადაზღვევო კომპანიებს უკვე აღარ ხიბლავთ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა. ზოგიერთი მათგანი მზადაა, პროგრამის განხორციელების უფლებამოსილება სხვა კომპანიებს მიყიდოს.
სადაზღვევო სექტორზე კონტროლის პალატის დასკვნის განხილვა პარლამენტის თავმჯდომარემ ჯანდაცვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს გუშინდელ პლენარულ სხდომაზე დაავალა. უმცირესობის წევრი გურამ ჩახვაძე პალატის მასალაზე სპეციალურ საპარლამენტო მოსმენასაც მოითხოვს.
ბოლო დროს წარმოქმნილი უამრავი პრობლემის გამო, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ჯანდაცვის პროგრამებზე კონტროლის მექანიზმის გამკაცრება მიზანშეწონილად მიაჩნია. ოთარ თოიძის თქმით, სისტემა სულ სამი წლისაა და მას გამყარება და ხელის მიშველება სჭირდება.
ამიტომაც შესაძლებელია კონტროლის მექანიზმები გამკაცრდეს. საბოლოო გადაწყვეტილება კი კომიტეტის სხდომაზე, დაახლოებით, ერთ კვირაში იქნება მიღებული.
კონტროლის პალატის დასკვნით, სადაზღვევო სექტორი ზემოგებაზე მუშაობს. კომპანიებმა 2008-10 წლებში სახელმწიფო დაზღვეულთათვის გამოყოფილი 284 მილიონი ლარიდან მოსახლეობაზე მხოლოდ 40% დახარჯეს, ხოლო მათი მოგების მარჟამ 60%-ს გადააჭარბა. კონტროლის პალატა სამედიცინო დაზღვევის მართვაზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებს.
საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტში მიაჩნიათ, რომ კონტროლის პალატის მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების აუდიტი მკვეთრ ბიძგს მისცემს საქართველოს სადაზღვევო სისტემის ხარისხობრივ გაუმჯობესებას.
„კერძოდ, საკანონმდებლო დონეზე მკაცრად დარეგულირდება დაზღვევისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების ხარჯვის მექანიზმები, დაზღვეულთა უფლებების დაცვის სისტემა და მოქალაქეთა პოლისის გამოყენების უნარების ამაღლებისათვის აუცილებელი ღონისძიებები. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობის ზრდას, სადაზღვევო ინდუსტრიის წევრთა და დაზღვეულთა გაძლიერება უნდა გამოიწვიოს. ეს კი მთლიანად სისტემის დახვეწისთვის ძალიან კარგი იქნება“, - აცხადებს სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი.
სანამ ყველაფერი დაიხვეწება, სისტემაში მართლაც უამრავი პრობლემაა. დაზღვეულები ყველაზე ხშირად პრეტენზიას გამოთქვამდნენ სამედიცინო პროვაიდერის არჩევის შეზღუდულობის და სამედიცინო დაწესებულებებში რიგების გამო.
საქართველოში ასევე მუდმივი პრობლემაა ისიც, რომ კერძო დაზღვეულებისგან განსხვავებით, სახელმწიფო პროგრამებში დაზღვეულებს არ აქვთ უფლება ექიმი საკუთარი სურვილით აირჩიონ. სადაზღვევო კომპანიის მიერ შერჩეულ ექიმს კი ხშირად უნდობლად უყურებენ.
პრობლემაა სამედიცინო სერვისის ხარისხი. გიორგი გიგოლაშვილის თქმით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ 1700 სამედიცინო ისტორია შეისწავლა, საიდანაც ჩატარებული მკურნალობის 80% დიაგნოზს ზუსტად არ პასუხობდა. „მკურნალობა ან გადამეტებული იყო, ან დაუსრულებელი“, - ამბობს გიგოლაშვილი.
მოკლედ, მომძლავრებული პრობლემების გამო, გაჩნდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სადაზღვევო კომპანიების ნაწილი მზადაა, პროგრამის განხორციელების უფლებამოსილება სხვა კომპანიებს მიყიდოს. არც ისაა გამორიცხული, სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა სახელმწიფო პროგრამების შესრულება სხვა ორგანიზაციებთან ერთად იტვირთონ.
სადაზღვევო ექსპერტის ლევან კალანდაძის განცხადებით, საკუთარი ვალდებულებების გაყიდვა ან გადაბარება სადაზღვევო ბიზნესში დაშვებული პრაქტიკაა და თეორიულად ეს შესაძლებელია. თუმცა, იმისთვის, რომ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში კომპანიებმა საკუთარი ვალდებულებები გაყიდონ, ჯერ ტენდერის პირობები უნდა შეიცვალოს.
მისი განმარტებით, იმ ტენდერით, რომლის საფუძველზეც ამა თუ იმ კომპანიამ პროექტის განხორციელება ითავა, არ იყო მითითებული ვალდებულებების შესაძლო გაყიდვის საკითხი.