„21 000 ადამიანი ისმინება და სმარტფონის მქონე მოქალაქეები კონტროლდებიან“, - ასეთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური. მისი თქმით, მობილური ოპერატორების ოფისებში ე.წ. შავი ყუთებია დამონტაჟებული, რომლის მეშვეობითაც შსს-ს ორგანოებს საშუალება აქვთ, მოუსმინონ 21 ათას აბონენტს და მოსმენის პარალელურად, სმარტფონის მქონე მოქალაქეები აკონტროლონ.
თუ საიდან ფლობს აღნიშნულ ინფორმაციას, ამის შესახებ ეკა გიგაური აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ მათ დაუკავშირდნენ მობილური ოპერატორები, რომლებიც ღიად საუბრობდნენ იმაზე, რომ მათ ოფისებში მოსმენების მიზნით არსებობს სპეციალური საშუალებები, ე.წ. შავი ყუთები. უფრო მეტიც, არა მხოლოდ უსმენენ ადამიანებს, არამედ იღებენ ინფორმაციას ამ პიროვნებების სმს-თან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს გააჩნია სმარტფონი და იგი ინტერნეტშია ჩართული. ეს ნიშნავს, რომ შესაბამის ორგანოებს საშუალება აქვთ, გაიგონ, რომელ ინტერნეტსაიტებზე შედის ადამიანი, ასევე, მისი ელექტრონული ფოსტის გაკონტროლების საშუალება ეძლევათ და, გარდა ამისა, მათთვის ცნობილია, ტერიტორიულად სად იმყოფება ადამიანი.
ეკა გიგაურის თქმით, არჩევნების შემდეგ მობილური ოპერატორები სთხოვდნენ სამართლამდამცავ ორგანოებს, მათი ურთიერთობა სამართლებრივ ჩარჩოებში ჩაესვათ, თუმცა ამაზე თანხმობა არ მიიღეს. ამიტომაც საქმეში „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები ჩაერთვნენ.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ მოსმენები აუცილებელია და ის ნებისმიერი ქვეყნის არსენალში შედის კრიმინალთან ბრძოლის, ანტიტერორისტული და სადაზვერვო ღონისძიებებისთვის. უბრალოდ, მოსმენების იურიუდიულ ფორმას გააჩნია, რამდენად კანონიერების ფარგლებშია და პროცედურები რამდენად არის დაცული. ამიტომ უნდა დაზუსტდეს, მოსმენები სადაზვერვო მიზნით ხორციელდება, თუ პოლიტიკური მიზნით. მხოლოდ ამ უკანასკნელის შემთხვევაში, შეიძლება პროტესტის გამოხატვა ან საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელიც გაარკვევს, თუ რა ხდება ამ სფეროში.
„არა მარტო სმარტფონები, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, საინფორმაციო ბაზები შეიქმნას და გამოთხოვილ იქნას ის ინფორმაცია იმ პირის საუბრების შესახებ, რომელიც საინტერესო გახდება. რაც შეეხება „შავ ყუთებს“, არ მესმის, „შავი ყუთი“ რას ნიშნავს, უბრალოდ, ხდება ინფორმაციის დიგიტალიზება და დიგიტალიზირებული ინფორმაცია ინახება ბაზებში. 21 ათასი ადამიანის ერთდროულად მოსმენა ცოტა ძნელია, თუ არ არის პროგრამულ მოსმენაზე საუბარი, სადაც რაიმე ტიპის სიტყვა ან სიტყვათა წყობა იწვევს დაინტერესებას და ხდება ამ კონკრეტული საუბრის მოგვიანებით გაშიფვრა. თორემ 21 ათასი ძალიან დიდი ციფრია. ამდენი არც პოლიტიკოსი გვყავს, არც საზოგადო მოღვაწე და არც კრიმინალი. საერთოდ, ციფრი 21 ათასიც მაეჭვებს, ვინ რა იცის, რეალურად 21 ათასი ადამიანის მოსმენა ხდება, თუ 57 ათასის ან უფრო ნაკლების?! ამიტომ გამოსავალი ერთადერთია, ნდობის ხარისხი უნდა გაიზარდოს შს სამინისტროს მიმართ“, -აცხადებს გიორგი თავდგირიძე For.ge-სთან საუბარში.
მისი თქმით, ნაციონალების დროს მოსმენები გამოყენებული იყო ბევრი საქმის „ასაწყობად“ და პოლიტიკურ ოპონენტებზე სათვალთვალოდ. ეს იყო პოლიტიკური შეკვეთა. ახლა კი მოსმენებს დამნაშავეების წინააღმდეგ მთავარ საფუძვლად არ იყენებენ. ამიტომ აჟიოტაჟის მიზეზი არ არსებობს.
რაც შეეხება ამერიკას, იქ უსმენენ ყველას და ყველაფერს, ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე და ეს ხორციელდება ანტიტერორისტული კამპანიის ფარგლებში, რადგან, ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ინფორმაციები იპარება პირად საუბრებში, პირად მიმოწერაში. ნაკლები ტერორისტული საფრთხეების მქონე ქვეყნებში კი მოსმენები ხორციელდება მხოლოდ სასამართლოს ნებართვით.
„თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, ისეთი ბაზები შეიქმნას, რომ, საერთოდ, შეუმჩნეველი დარჩეს ადამიანის მოსმენა. ამას წინ ვერაფერი აღუდგება. ინტერნეტსივრცე, რომელიც ძალზე პოპულარული გახდა, საშუალებას იძლევა, კვალის გარეშე მოხდეს ადამიანების მიყურადება. თუმცა ახლა მაინც ღია საზოგადოებაა და, პირად ცხოვრებას თუ არ ჩავთვლით, მიმოწერაში იმდენად თავისუფალია დღევანდელი ადამიანი, რომ საიდუმლო და დასამალი არაფერი აქვს, თუ არ აპირებს კრიმინალის ჩადენას. ამიტომ არა მგონია, ეს დიდი ტვირთი იყოს საზოგადოებისთვის. სულ სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ და ჩვენ თვითონ ავირჩიეთ ცხოვრების ეს წესი. ვისაც ფეისბუკის გვერდი აქვს, ის ისედაც საჯაროს ხდის თავის ცხოვრებას. ამიტომ ერთით მეტს წაიკითხავენ მის შესახებ, თუ ერთით ნაკლებს, ამაში პრობლემა არ უნდა იყოს“, - აღნიშნა გიორგი თავდგირიძემ.
„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი -საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე ბესიკ ალადაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სპეცსამსახურების საქმიანობა მხოლოდ ადამიანების უფლებების დარღვევაში ან დაცვაში არ გამოიხატება. უპირველესად, ეს არის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინსტრუმენტი და ამ კუთხით არავინ აშუქებს სპეცსამსახურების საქმიანობას. უბრალოდ, პრობლემაა ის, რომ საზოგადოებას არ აქვს რეალური კონტროლის მექანიზმი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ სპეცსამსახურების მოქმედებების და გაკონტროლებისთვის. კანონის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების უფლება დღეს ცხრა სამინისტროს თუ უწყებას ეძლევა, ამ ცხრა უწყებაში კი ძალიან ბევრი ქვეუწყებაა გაერთიანებული. ამდენად, ტექნიკურად მოსმენები შესაძლებელია. თუმცა ვანგა უნდა იყოს ადამიანი, რომ ზუსტად გათვალოს, 21 ათასს უსმენენ თუ 25 ათასს.
ბესიკ ალადაშვილის განმარტებით, ნაციონალებმა უკანასკნელი 5-6 წლის მანძილზე (განსაკუთრებით 2007 წლიდან) საკმაოდ დიდი მოცულობის, ძირითადად, ჩინური მოსასმენი ტექნიკა შემოიტანეს, რომლითაც გაიოლდა ფარული მოსმენები მობილური ტელეფონებიდან, ფიჭური კავშირგაბმულობიდან.
„დღემდე არსებობს საფრთხე, რომ ვიღაცამ, პირადი თუ სხვა მიზნების გამო მოახდინოს ადამიანების მოსმენა, ჩაწერა და სხვა. კონტროლის მექანიზმის უქონლობის გამო, ჩვენ დამოკიდებულნი ვართ სამართალდამცავების და სპეცსამსახურების თანამშრომელთა კეთილსინდისიერებაზე. ამიტომ, ერთი თვის წინ ჩამოყალიბებული ჩვენი ცენტრის მიზანია, საჯარო და გამჭვირვალე გახადოს სპეცსამსახურებისა და რიგითი მოქალაქეების ურთიერთობა. ადამიანის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, მაგრამ აქვე უნდა გავაანალიზოთ, ასრულებენ კი საქართველოს სპეცსამსახურები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს?! სად მიდის გადასახადის გადამხდელების ფული, როგორ იხარჯება სპეცსამსახურების ბიუჯეტი?! სამწუხაროდ, ფიქცია იყო ფარულ ჩანაწერთა ვითომ განადგურება, რადგან მათი ასლები შანტაჟის საშიშროებას კვლავაც იძლევა,“ - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.
მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები რამდენიმე მილიონ და შეიძლება, რამდენიმე მილიარდ მობილურ ტელეფონს და ადამიანების ადგილსამყოფელს აკონტროლებდნენ. ანუ ტექნიკურად ეს შესაძლებელია და მხოლოდ ფინანსებზე და ძლიერ კომპიუტერულ უზრუნველყოფაზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება საქართველოს, ბესიკ ალადაშვილის თქმით, პრობლემაა, რომ არავინ აგო პასუხი ფარული თუ გახმაურებული სატელეფონო მოსმენების, ელექტრონულ ფოსტაში (მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის კომპიუტერში) შეღწევის გამო. რეალურად, ჩვენ ვიმყოფებით ბნელ ოთახში და არ ვიცით, იქ რა ხდება. ეს კი გაგრძელდება მანამ, სანამ საზოგადოებას არ ექნება რეალური კონტროლი სამართალდამცავ სტრუქტურებსა და სპეცსამსახურებზე.
„საქართველოს, ევროპის, რუსეთის, ამერიკის და სხვა ქვეყნების კანონმდებლობა მობილურ ოპერატორებს ავალდებულებს, სპეცსამსახურების დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდონ მობილური ტელეფონის მფლობელების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია. მათ შეუძლიათ, გახსნან მესიჯები. თუმცა საინტერესოა, ოპერატიულ სამძებრო საქმიანობაზე რამდენად ხორციელდება საპროკურორო და სასამართლო ზედამხედველობა. ფაქტობრივად, დღეს დაუსჯელობის სინდრომია. ამიტომ, შესაძლებელია, არაკეთილსინდისიერი ხელმძღვანელის სიტყვიერი ბრძანებითაც კი, ხელქვეითებმა ფარული მოსმენები აწარმოონ, როგორც ეს ნაციონალების დროს ხდებოდა. ამის აღმოსაფხვრელად კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა. ინსტიტუციონალურად, ისე უნდა იყვნენ სპეცსამსახურები მოწყობილნი, რომ ოპერატიული მოსმენების დროს არ დაიმალოს კანონდარღვევა“, -აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.